in

„მუსიკის წერა მსახიობობას ჰგავს. სხვადასხვა პერსონაჟი უნდა შექმნა” – ნიკა ჩოხელი

“I’m so glad that we made it, 

I’m so glad that we are through”…

თუ ამ სიტყვების წაკითხვისას ავტომატურად წაიღიღინე, ესე იგი, შენც Mellow-ს მსმენელთა სიაში ხარ. 

თუ პოპულარული ქართული სერიალების ყურებისას, როგორებიცაა „ჩცდ”, „ხელოვნური სუნთქვა”, „ცვალებადი ნიშნები” და სხვა, ერთხელ მაინც გიკითხავს, ეს საუნდტრეკი ვისი დაწერილიაო, ესე იგი, ჩვენი დღევანდელი რესპონდენტის შესახებ სტატიის წაკითხვა ძალიან გაგიხარდება. არადა, რამდენჯერ მართლა შემხვედრია კომენტარები რილსების ქვეშ ან, თუნდაც, YouTube-ზე, სადაც ამა თუ იმ ტრეკის ბმულსა და შემსრულებელს კითხულობდნენ. 

რამდენიმე თვის წინ კი ეს სიმღერა შემხვდა, რომლის ქვეშაც წერია „მენანება, ყველამ რომ უსმინოს”, ამიტომ ბევრ შესავალს არ გავაკეთებთ და პირდაპირ წარმოგიდგენთ, რომ Marketer-ის ამ სტატიის სტუმარია ნიკა ჩოხელი – მუსიკოსი, კომპოზიტორი და შემსრულებელი.

ნიკა ჩოხელი:

მუსიკა ხელოვნების ის დარგია, რომელიც ადამიანზე იმხელა შთაბეჭდილებას ახდენს, არ არსებობს, არ გახსოვდეს, როგორი იყო შენი პირველი შეხება მასთან. თავიდან ძალიან მსუბუქად და მარტივად იწყება – დიდ გავლენას ახდენს შენზე პოპმუსიკა, გააჩნია შენს წრეს, ასევე, ასაკს, თუ რომელ თაობას მიეკუთვნები. მე მილენიალი ვარ და ჩემი პირველი შეხება მუსიკასთან იყო რეპი. თუმცა უფრო მძაფრი მუსიკალური გზავნილი, რომელმაც მაფიქრებინა, რომ მეც მინდა ამის კეთება, მოვიდა მაშინ, როცა ბიძამ მე და ჩემს ძმას როკი, კერძოდ, Led Zeppelin-ის სიმღერა მოგვასმენინა და დავიწყე მუსიკაში უფრო დიდი სიღრმეების ძიება. ამ დროს იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინც გასმენინებს, რას გეუბნება, როგორ აღგიწერს იმ მუსიკას, რასაც გთავაზობს, რა ემოციებით დაგიტოვებს მას. ბიძაჩემმაც ძალიან აკურატულად მოგვაწოდა ეს ყველაფერი, მოგვიყვა ლეგენდებს და მუსიკას შეგვახვედა ისე, თითქოს ის ცოცხალი ორგანიზმი ყოფილიყო. მარტო არტისტი კი არა, პირველი სიმღერაც მახსოვს ამ პერიოდიდან, ეს იყო Since I’ve Been Loving You. 

M: ნიკა, როგორი იყო თქვენი მუსიკალური გზა უკვე უშუალოდ შესრულებისა და შექმნის კუთხით პირველი პროექტიდან დღემდე?

დგება მომენტი, როცა მსმენელობიდან ყალიბდები შემოქმედად. მე და ჩემს ძმას ბევრი საერთო თანხვედრა გვქონდა, რომ აღმოგვეჩინა ახალი მუსიკა, ან თავად გაგვეკეთებინა რაღაც სიახლე. გადმოვწერეთ პროგრამა FL Studio, რომელიც მუსიკის კეთების საშუალებას იძლევა და ეს იყო გადამწყვეტი მომენტი, როცა დავსვი კითხვა: „მეც ხომ არ შემიძლია ისეთი ეფექტის მიღწევა, რასაც სხვისი გაკეთებული მუსიკის მოსმენის დროს განვიცდი? მეც ხომ არ შემიძლია, რაღაც ისეთი შევქმნა, სხვა რომ მოისმენს და მასში ემოციას გამოიწვევს?”

ეს აღმოჩნდა სუფთა სპორტული აზარტი. პირველი მცდელობაა არსებული სიმღერების ქავერის გაკეთება, რომელსაც შენი ინტერპრეტაციით ცვლი. ინტერპრეტაციას მოსდევს იმპროვიზაცია, რაც გეხმარება იმაში, რომ შემდეგ საკუთარ საავტორო შემოქმედებასაც აღარ შეუშინდე. 

ამ პროცესში მერე ნელ-ნელა სხვადასხვა მუსიკოსი გავიცანი, რომლებთანაც საერთო ინტერესები მქონდა. იმ დროისთვის ბევრი პოპულარული ბენდი იყო: Kung Fu Junkie, „ზურგი”, Loudspeakers და სხვები, ამიტომ მე და ჩემმა მეგობრებმა ვიფიქრეთ, რომ თუკი ამ ხალხმა ცადა და გამოუვიდა, ჩვენც ვცადოთ, რატომ არა?

ასე შეიქმნა ბენდი Mellow, რომლისგანაც ძალიან დიდი პრაქტიკა მივიღე და ყველაფერი, რაც დღეს ვიცი, ფაქტობრივად აქ ვისწავლე. ისეთ აზარტში ვიყავით, რომ ყოველღამე რაღაც ახალს ვწერდით, მერე ინტერნეტში ვანთავსებდით და ინტერესიც გაჩნდა, როგორც მსმენელისგან, ისე კომერციული კუთხით. 2012 წელს Newcomers-ზე ჟიურის რჩეული გავხდით და ბევრი კარგი ლაივიც ჩავატარეთ ამის მერე. ასევე, რეკლამაში გამოიყენეს ჩვენი ერთ-ერთი სიმღერა. 

ამის შემდეგ მე უკვე პარალელურად დავიწყე ჩემი სოლოკარიერის კეთება, რომელიც, ძირითადად, სერიალებისთვის მუსიკის შექმნას მოიცავდა. პირველი ასეთი პროექტი იყო „ჩემი ცოლის დაქალები”. 

ასევე, 2015 წელს მე და ჩემმა მეგობარმა გავაკეთეთ ანდერგრაუნდ მუსიკალური პროექტი „ნიკ მღვიმელი და ცუდი თესლი”, რომლის ერთ-ერთი სიმღერაც “Imagination” აირჩა ახალი სერიალის ქუდად და გახდა ერთ-ერთი პირველი ტრეკი, რომელიც მილიონ ნახვაზე ავიდა საკმაოდ მოკლე დროში, ფაქტობრივად, ერთი დღის შემდეგ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ემოცია იყო ჩემთვისაც და მივხვდი, რომ რაღაც განსაკუთრებული გავაკეთეთ. ამ სიმღერის ჩანაფიქრი არ იყო ის, რომ ჰიტად გადაიქცეოდა, თუმცა გვინდოდა, რაიმე მარტივი და ადვილად აღქმადი შეგვექმნა, რაც გამოგვივიდა და ყველამ მოიწონა. 

აქედან უკვე ნელ-ნელა მივედი იმ ეტაპზე, რომ მუსიკის წერის პროცესი ჩემთვის თვითთერაპიის საშუალება გახდა, რათა რაღაცები თან გამეზიარებინა და ნებისმიერი ცუდი თუ კარგი გამოცდილება ისე გამომეხატა, რომ ჩემში აღარ ეცხოვრა, არამედ შემენახა ერთგვარ კაფსულაში, რომელიც მე აღარ შემაწუხებდა, თუმცა, თუკი ოდესმე გახსენება მომინდებოდა, ახლოს მქონოდა. დღეს, როცა ძველ სიმღერებს ვუსმენ, ვხვდები, მთელი ეს გამოცდილება დამეხმარა, რომ ვიყო უფრო თავისუფალი და საკუთარ თავთან ჰარმონიაში.

M: როგორია თქვენთვის შემოქმედებითი პროცესი?

ინსპირაცია ნებისმიერი რაღაციდან შეიძლება წამოვიდეს. დასაწყისისთვის ძალიან კარგი საშუალებაა წიგნები და ფილმები, რომელთაგან პირდაპირ იღებ შთაგონებას. მოგვიანებით, როცა შენი ტვინი გავარჯიშდება, ის უკვე ინსპირაციებს აღარ ეძებს, არამედ იდეებს აგენერირებს ყოველდღიურად. 

ჩემი გამოცდილებით, არასოდეს უნდა იფიქრო იმაზე, რომ ახლა ადგები და საუკეთესო სიმღერას დაწერ. პირიქით, ჯერ ყველაზე ცუდი ვერსია უნდა გააკეთო, შეულამაზებლად დაწერო ის პირველი, რაც თავში მოგდის, დაახლოებით ისე, როგორც დადაიზმშია. სწორედ ეს გაძლევს საშუალებას, საბოლოოდ მიიღო, კარგი შედეგი.

M: რა არის ის გზავნილი, რაც გსურთ ხოლმე, რომ მიიტანოთ მსმენელამდე?

წინასწარ არასოდეს მაქვს მოფიქრებული, ეს გზავნილი რა იქნება. რადგანაც ჩემთვის მუსიკა მაინც თვითთერაპიაა, ძირითადი მესიჯიც ესაა ხოლმე – რისი მოყოლა, გაზიარება შემიძლია სხვებისთვის იმისთვის, რომ შემდეგ თავად ვიგრძნო თავი უკეთესად. ამის მიხედვით რომ შევაჯამო, მთავარი მესიჯია „იყავი ჰარმონიაში საკუთარ თავთან”. 

M: დღეს რომ გადახედოთ მუსიკას, რომელსაც 10 წლის წინ წერდით, თუ პოულობთ განსხვავებულ განწყობას იმ და ახლანდელ მდგომარეობას შორის?

უფრო იხვეწები იმ კუთხით, რომ მეტად თავისუფლდები, დელფინი ხდები ოკეანეში, რომელსაც ლავირება შეუძლია. 

სიმღერის წერის პროცესი ძალიან ჰგავს მსახიობობას. აქაც გარკვეული პერსონაჟი უნდა შექმნა და ემოციები გამოხატო. ძველ სიმღერებს რომ ვუყურებ, მე ვარ, მაგრამ სხვა ტიპაჟი მღერის, სხვა განწყობას გადმოსცემს. ერთადერთი სხვაობა ალბათ ესაა.

M: ნიკა, ამჟამად რაზე მუშაობთ და როგორია თქვენი მიმდინარე გეგმები?

ამჟამად AVARA-ს სიმღერებზე ვმუშაობ, რომლებიც მალე გამოვა. თვითონ ტრეკები მზად არის, უბრალოდ ვიზუალურ კონტენტზე მიმდინარეობს მუშაობა. 

გარდა ამისა, კიდევ მაქვს ერთი ახალი პროექტი, რომელიც, როგორც ზემოთ ვახსენე, შეიძლება ჩემი კიდევ ახალი პერსონაჟივით იყოს, უბრალოდ ჯერჯერობით დეტალებისგან თავს შევიკავებ. 

M: და ბოლო კითხვაც – რა სიმღერას დაუტოვებდით მკითხველს?

რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr

სასიამოვნო მოგზაურობისთვის, გამოგვყევით და მოუსმინეთ მარკეტერისა და Zeekr-ის Spotify-ს ერთობლივ ფლეილისტებს:

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 21-წლამდელთა ჩემპიონატზე — ნაკრების მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

KFC მოდის სამყაროში შეიჭრა — კოლექცია ოქროს წვეთებით