10
Jan
2018

ნიკა დვალიძე – #პირველისამსახური

10 Jan 2018

2004 წელს freelancer-ად დავიწყე წერა საიტისთვის liza.ge, ინტერნეტი მაშინ ახალი ხილი იყო. ვწერდი იმ პერიოდისთვის “სკანდალურ” ცხოვრებისეულ ისტორიებს. პირველი შემოსავალიც 15 წლისას მქონდა: რადიოში მოგებული ლეგენდარული კლუბის “აჭარა მიუზიკ ჰოლი” ბილეთები ჩემს მეგობრებს პირდაპირ კლუბის წინ გავაყიდინე და შემოსავალის 40% გავუნაწილე.

2005 წელს, 16 წლისამ პირველი ოფიციალური სამსახური ახალგახსნილ ტელეკომპანია Music Box-ში დავიწყე. აქ 5 წელი გავატარე: ჯერ VJ ვიყავი, მორბენალი სტრიქონით მაყურებლებთან ვკონტაქტობდი. კლავიატურაზე მუშაობას მალევე მიკროფონიც დაემატა.

ყველაზე დიდი სირთულე ჟურნალისტის/წამყვანის პოზიციაზე მიღებული უარი იყო: ჩემი ხმის ტემბრი, მეტყველება და თინეიჯერული ამბიციები შეუსაბამოდ ჩათვალეს. ავტორიტეტების უარმა ვერ გამაჩერა, ვიპრაქტიკე, ვივარჯიშე და ბევრჯერ დავამტკიცე, რომ შემეძლო.

მეორე სირთულე ლიმიტრებული ბიუჯეტი იყო: ხანდახან გადაღებაზე ტაქსით, კამერა-მიკროფონ-შტატივით მარტო მივდიოდი, ოპერატორიც მე ვიყავი, ჟურნალისტიც, ტექსტს და ხმას მარტო ვწერდი, ჩემით ვამონტაჟებდი და ეთერში ვუშვებდი.

17 წლის ასაკში პირველი ავტოგრაფის გაცემა ყველაზე ამაღელვებელი იყო, ახლაც მახსოვს სკოლის მოსწავლეების ყვირილის ხმა რუსთაველზე, როდესაც დამინახეს და ბლოკნოტები მომაწოდეს.

Music Box-ში ვისწავლე, რომ 24 საათში ყველაფრის მოსწრება შესაძლებელია და თუ საქმე გიყვარს, უძილობა, დაღლილობა, სიცივე, ანაზღაურება უმნიშვნელო ხდება, აქვე მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია გქონდეს მრავალფეროვანი საქმიანი და პირადი ცხოვრება. ალბათ ამის დამსახურებაა, რომ 13 წლის და უამრავი ექსპერიმენტის შემდეგ 28 ერთმანეთისგან განსხვავებულ ანაზღაურებად პოზიციაზე ვიმუშავე.

ნიკა დვალიძე – ჟურნალისტი, კომუნიკაციების მენეჯერი.

განხილვა