5
Aug
2019

სად არის ნიკა ელიას მთა?

5 Aug 2019

ეპისკოპოს ეპიფანე კვიპრელის ცნობით, როდესაც ელია დაიბადა, მისმა მამამ იდუმალი ჩვენება იხილა: კეთილსახიერი ჭაბუკები ცეცხლის ალში ხვევდნენ ახალშობილს და ცეცხლით კვებავდნენ.

ამბავი, რომლის მოყოლასაც ვაპირებ, ელიაზეა, ოღონდ არა წინასწარმეტყველზე, არამედ მუსიკოსზე – „უაზრო, ეკლექტიკური“ ჯგუფის ერთადერთ წევრზე – Sexy Bicycle-ის არტისტ ნიკა კვარაცხ(ელიაზე). ცეცხლით არა და მუსიკით რომ იკვებება, 14 წლიდან.

„ძალიან ნორმალური ადამიანი“, რომელიც ძალიან დიდი ხანია, ბარსელონაში ცხოვრობს, უკვე 27 წლისაა. ნორმალური იმიტომ, რომ სუპერვარსკვლავი ვერ გახდა… სწორედ ამიტომ, ავტობიოგრაფიის არსებობის შემთხვევაში სახელიც ნორმალური – „გაფუჭებული კვერცხი“ იქნება.

მე ვფიქრობ, მისი უბრალოება და გულწრფელობა, საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს ცდება და ჩემს კითხვებზე ნიკა ელიას მარტივი და ქვეტექსტებისგან დაცლილი უკუკავშირი ბევრად უფრო საინტერესო ხდება. აი, ძალიან ნაცნობი სიტყვის ბევრჯერ გამეორების შემთხვევაში, უცბად ძალიან ეგზოტიკურად რომ გვეჩვენება ხოლმე, დაახლოებით, ეგ ამბავია.

აუცილებელი შენიშვნა: ჩემი დაკვირვებით, ნიკა ელიას განწყობა ძალიან სწრაფად და რადიკალურად ცვალებადია. ამიტომ, შესაძლოა, ინტერვიუს ნებისმიერ სხვა დროს ჩაწერის შემთხვევაში, სრულიად განსხვავებული, თუმცა კი, მაინც გულწრფელი პასუხები მიგვეღო. საქმეშიც ასეა: „ერთ ჟანრში რომ ვაკეთო ალბომი, მაშინ ერთ ან ორ კვირაში უნდა ჩავიწერო… იმიტომ, რომ მეცვლება გემოვნება, იცვლება ის, თუ რა მინდა, გავაკეთო“.

ნიკას საყვარელი ფერი ოხრაა, კვერცხისგულისფერიც რომ არის და ჩემთვის ოხრასთან ცოტა უცნაურ პარალელს ავლებს: „ჩემი მუსიკაც, ალბათ, ეს ფერია… მომაკვდავი…“ თუმცა კი, მთავარი მიზანი მაინც ესაა – მუსიკალურად ცხოვრება. მუსიკალური იმიტომ, რომ „ერთადერთი, რისი გაკეთებაც ვიცი, მუსიკაა“.

მაგრამ მოგვიანებით, საუბარში ვარკვევთ, რომ თურმე, სხვა რამეებიც ეხერხება. ყველაფრის გაკეთება თვითონ უწევს: მუსიკას წერს, მღერის, საკუთარი თავის პროდიუსერიცაა, ალბომის დიზაინერიც“. მოკლედ, „ათას უაზრობას“ აკეთებს, რომ როგორც არტისტი, გაიყიდოს. ამ დროისთვის, Sexy Bicycle-ს 6 ალბომი აქვს გამოშვებული:

გიტარაზე უკრავს, ფორტეპიანოზე ისე რა, მღერის და ეგაა. მის მუსიკაში, როგორც საუბრისას ამბობს, ჟანრა (ასე ეძახის) სულ იცვლება. მუსიკას კი, „ჩემთვის, ჩემთვის ვაკეთებ მუსიკას“. ჩემს ოთახში“.

მოკლედ, სახლში რაც უნდა, იმას აკეთებს.

და დიახ, ტექსტებიც ნიკასია, დაახლოებით, ასეთი: „კინოსცენები რომ არის, ხომ იცი, ბანძი ფილმებიდან, ეგეთი სერიების მსგავსი“.

კინოსთვის მუსიკალური კომპოზიცია ნიკას დაწერილია. 

ხატვა მოსწონს ძალიან, თუმცა საერთოდ აღარ ხატავს, რადგან სახლში ძალიან მაგარი მხატვარი ძმა ჰყავს – ლევანჩიო ელია და „2 მხატვარი 1 სახლში არ შეიძლება“.

ყველაზე მეტად გაუმართლა, რომ კარგი ოჯახი ჰყავს, თუმცა კი: „არა, მიუხედავად იმისა, რომ მართლა კარგი ოჯახი მყავს, ყველაზე მეტად გამიმართლა, რომ კარგი კბილები მაქვს“.

და რამეს თუ შეცვლიდა განვლილი ცხოვრებიდან? – „არ ვიცი, ნაკლებს შევჭამდი, რომ გამხდარი ვიყო“.

მუსიკისთვის რა გაგიკეთებია, ნიკა? – „დამისრულებია ურთიერთობა იმისთვის, რომ მუსიკა მეკეთებინა“.მაგრამ მუსიკასთან ურთიერთობაც არაა მარტივი, ხომ?.. რაღაც ძალიან დიდის მოლოდინი ჰქონდა. „ძალიან მომწონდა ეს სიმღერები, ვფიქრობდი, ყველას მოეწონებოდა, ყველა აიტაცებდა და… არავის მოეწონა“.

და ის დროც ბუნებრივად დადგა.

შემოქმედებითი კრიზისი… „ეგ მომენტი, პირველად რომ მოგდის, ძალიან ცუდია და ცოტა ხანში ხვდები, რომ მარტო მუსიკა არაა ყველაფერი. სხვა რაღაცების გაკეთებაც შეგიძლია. მაგალითად, ბაღში რაღაც დათესო, იმას მოუარო დროებით და დაივიწყო, რომ მუსიკა არსებობს“.იქნებ, ისიც უნდა დაივიწყო, რომ შენ გარშემო სხვები არსებობენ, მით უფრო, თუ მუსიკას შენთვის, შენთვის ქმნი? – „რამდენიმე ადამიანია, რომლებისაც მჯერა: ერთია ჩემი ძმა, მეორე – ჩემი მეგობარი, ადრე ჩემთან ერთად რომ უკრავდა და მესამე – ჩემი შეყვარებული“. თუმცა, ბოლოს ასკვნის, რომ „შენ უნდა მოგწონდეს… თორემ, ამათ რომ მოვუსმინო, შეიძლება, ნახევარი დისკი არ გამოვუშვა“.

და მაინც, პირველი, ვინც დაუჯერა, მუსიკის კეთება რომ შეეძლო, მისი ძმა იყო. კომერციული თვალსაზრისით, პირველი დაინტერესება record level-ისგან მიიღო, 2012 წელს. „მაშინ მივხვდი, რომ მარტო ჩემი ოჯახი და მეგობრები კი არა, სულ უცხო მზად იყო, ჩემს ნამუშევარში ფული ჩაედო. ეს ძალიან დიდი ენერგიის მომცემი აღმოჩნდა“.

ახალი, ინსტრუმენტალური/Ambient პროექტი

ნიკა, როგორია შენი მუსიკა? – „დასარტყმელ ინსტრუმენტს ბას-გიტარას ვურევ და ვცდილობ, რაღაც უცნაური გავაკეთო“.

არის, თუ არა ეს ინოვაცია მუსიკაში? – ინოვაცია მუსიკაში, ალბათ, გულისხმობს სხვადასხვა ჟანრის მუსიკის ერთმანეთში შერწყმას. ჩემთვის ესაა: drum ‘n’ bass, 70-იანების მოტივები, მელოდიურობა… – ის, რაც აქამდე არასდროს მომისმენია“.

მსმენელთან ურთიერთობაზე რას იტყვი? – „ყველაზე მეტად დაკვრა საშუალო სცენაზე მომწონს. არ ვიცი, მანდ როგორ უწოდებთ, კლუბს? როცა სივრცის ზომა ძალიან დიდი არაა და ხალხთან ახლოს ხარ, უფრო მარტივია, მათ ზუსტად ის იგრძნონ, რასაც შენ განიცდი“.

სწორედ ამიტომ, ძალიან დიდი ფესტივალები არ მოსწონს, რადგან „ძალიან ზევით და შორს ხარ, ბევრი ხალხია და უცნაურია ეს ყველაფერი“. მიუხედავად ამისა, ბოლოდროინდელ, ყველაზე სასიამოვნო გამოსვლად, აშშ-ის ტური ახსენდება… ჰიუსტონში რომ დაუკრა, ძალიან, ძალიან… კარგი იყო, უშველებელი აუდიტორიის წინაშე და „ძალიან მოგვეწონა ერთმანეთი, მე – ხალხი და ხალხს – მე“.

რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ფიქრობს, რომ დღეს, ბევრად უფრო საინტერესო მუსიკას ქმნის, ვიდრე 5-6 წლის წინ. დღეს, უფრო მეტი იცის და შესაბამისად, უფრო მეტი რამ უკეთ გამოსდის.

ახლა რა გეგმები გაქვს? – „ახლა ჩემი სამომავლო გეგმა არის… დავჯდები, ალბათ, სერიალს ვუყურებ. არა, ფილმს ვუყურებ ჩემს შეყვარებულთან ერთად, მერე იოგას მუსიკა უნდა გავაკეთო, რაღაც მედიტაციისთვის“.

და ელიას მთა სად არის? ნიკა ელიას მთა. გამარჯვების პიკი. ტიან-შანი. ჟენიშ-ჩოქუსუ…

იქ, ნიკას ოთახში.

 

ავტორი: თიკა გეგენავა



განხილვა