16
Nov
2018

ნიკა გუჯეჯიანი: ბავშვური ცნობისმოყვარეობა, ანუ გზა ინოვაციისკენ

16 Nov 2018

საინტერესოა, როგორ აზროვნებენ ადამიანები, რომლებსაც გამბედაობა ჰყოფნით, რაღაც განსხვავებული შექმნან? რას ნიშნავს მათთვის ინოვაცია? და სად ხვდებიან ისინი ყველასგან განსხვავებულ იდეებს? – „ცნობისმოყვარეობაში“ – გვპასუხობს ნიკა გუჯეჯიანი, პროექტ Qvevri.xyz-ის – 3D პრინტერით დაბეჭდილი ქვევრის იდეის თანაავტორი. „თუ ბავშვური ცნობისმოყვარეობა არ გასვენებს და ყველაფერზე სვამ კითხვას „რატომ?“ – ეს აუცილებლად დაგაყენებს ინოვაციის გზაზე“. ინოვაცია კი, მისთვის www.qvevri.xyz-ია. „ანუ ქვევრის შექმნის ახალი გზა. ძველი მეთოდის ახლით შეცვლა. ან საერთოდაც, არაფრისგან, მეთოდის შექმნა“.

ნიკა გუჯეჯიანი POPXSpotlight-ის მონაწილეა და ღონისძიებაზე მოჰყვება, 8000 წლის შემდეგ, ქვევრის ახალი ცხოვრების შესახებ – როგორ შეიქმნა, რას ცვლის დღევანდელ რეალობაში და რისი შეცვლა შეუძლია მას მომავალში. ასევე, ინოვაციის აუცილებლობასა და მისთვის საჭირო ინგრედიენტებზე ისაუბრებს…ნიკა გუჯეჯიანს აქამდე, საზოგადოება იცნობდა, როგორც BOG-ის (მთელი საქართველოს ბანკი) კრეატიულ დირექტორს, Miami Ad Schoolის კურსდამთავრებულსა და Portfolio Night All-Starsის გამარჯვებულს. ფესტივალის, რომელიც 24 ქვეყანაში, ერთდროულად, იმართება და ტოკიოდან სან-ფრანცისკომდე, მონაწილეობას ყველა ქალაქიდან იღებენ. ჯერ ბუდაპეშტში, 100 პორტფოლიოდან ნიკას ნამუშევრებმა აჯობა ყველასას, შემდეგ კი, ნიუ-იორკშიც, ისევ ნიკას გუნდმა გაიმარჯვა. ნიკას აზრით, ჯილდოები კრეატიული ხალხისთვისაა, რადგან „ძალიან რთულია, ამ სფეროში, შენს თავში იყო დარწმუნებული და მოკლედ რომ ვთქვათ, სულ ეჭვი გეპარება – „კაია ეს?!“

თუმცა, მარცხისგან მიღებული გამოცდილება მისთვის უფრო ღირებულია: “Everytime you fail, you need to celebrate“ (ყოველთვის, როცა დამარცხდები, უნდა აღნიშნო“). აბსოლუტური კომფორტის ზონის ეშინია, რადგან თუ რამე კარგი ხდება, დისკომფორტის დროს ხდება. ნებისმიერ საქმეში პროცესი ხიბლავს და შესაძლო შედეგებზე მოლოდინებს არ იქმნის, რადგან ეს უკანასკნელი მის „აღმოჩენების რეჟიმს“ კლავს. ძალიან ბევრ ადამიანსა თუ გამოგონილ პერსონაჟს ემადლიერება იმის გამო, რომ მის ცხოვრებაში, ნებით თუ უნებლიეთ, საჭირო დროს შეიჭრნენ.

იმის გამო, რომ მშობლებმა ბავშვობიდანვე მიაჩვიეს თავისუფლებას, რაც შეიძლება მეტი რამ ეცადა ცხოვრებაში, საკუთარი თავის ძიების პროცესზე პასუხისმგებლობაც თავად აიღო და დიპლომატი კი არა, გრაფიკული დიზაინერი გახდა, სამხატვრო აკადემია არ დაამთავრა და Miami Ad School-ში გააგრძელა სწავლა, სააგენტო WIDFOR’S-იდან JWT Metro-ში, შემდეგ კი Betterfly-ში გადაბარგდა. სტაჟირება გაიარა Y&R Prague-ში, BBDO Proximity-ში, BETC-ში. თითქმის ყველგან, სადაც სწავლა თუ მუშაობა უწევდა, ასაკით ყველაზე პატარამ, საბოლოოდ, არჩევანი გერმანიაში დარჩენასა და საქართველოს ბანკის კრეატიულ დირექტორად ყოფნას შორის გააკეთა და დღემდე ანთებულია იმ საქმით, რომელსაც საქართველოს ბანკში, უკვე ორ წელიწად-ნახევარია, ემსახურება.ნიკას პროფესიული არჩევანი, საბოლოოდ, არაფრიდან რაღაცების შექმნის პროცესმა და მიღებული შედეგის მაღალმა ემოციურმა მნიშვნელობამ გადაწონა და სწორედ ამიტომ, სამხატვრო აკადემიაში დიზაინზე ჩააბარა, დედის საყვარელი ფრაზით„ფაკულტეტზე პირველია“.
მერე მიხვდა, რომ განვითარებისთვის აუცილებლად უნდა დაეწყო რაღაც ახალი და თიბისის დეპოზიტების კამპანიით მოხიბლული, დამარხულ 10 000-ს რომ ეძებდა მთელი საქართველო, დიმიტრი ვაჩნაძესთან შეხვედრის შემდეგ, WINDFOR’S-ის გუნდს შეუერთდა სტაჟიორად, არტ დირექტორის პოზიციაზე. მერე JWT Metro-დან შემოთავაზება მიიღო და მალევე, ჯუნიორ დიზაინერად დაიწყო მუშაობა. „ვცდილობდი, გამეგო, ვინ ვარ და რა მინდოდა, მეკეთებინა“.

ძალიან ადრე, როცა აკადემიაში აბარებდა და სარეკლამო სფეროში უნდოდა საქმიანობის გაგრძელება, ინტერნეტში ეძებდა, რა და როგორ უნდა ეკეთებინა. „მაშინ ვნახე Miami Ad School, ტოპსკოლა, რომელიც ჩემგან ძალიან შორს და არარეალურად მეჩვენებოდა“. თუმცა, 3 წლის შემდეგ, სიღნაღში, Summer Ad Camp 2013-ზე მოხვდა და მისმა Distant Relationship აპლიკაციის იდეამ გაიმარჯვა. შედეგად, Miami Ad School-ის დირექტორმა, ნიკლას ფრინგს-რუპმა სწავლის გადასახადის ნაწილი დაუფინანსა. „Miami Ad School-ში მივხვდი, ეს სკოლა იმისთვისაა, რომ რაც იცი, იმის გამომჟღავნების ნაცვლად, ისწავლო ის, რაც არ იცი და ნამუშევრების პორტფოლიო შექმნა“.დღეს, ნიკა საქართველოშია და ფიქრობს, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან ჰგავს Miami Ad School-ს, „რადგან აქ გარემოა, სადაც შეგიძლია, რაღაცები სცადო, გააკეთო. გერმანიაში შენ გაქვს One job and you have to do that! საქართველოში – Create job, that you want to doმე ვფიქრობ, ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა ინოვაცია და კრეატიულობა ყოველდღიური სამუშაოს შემადგენელია, გასცდა „სამსახურს“ და ცხოვრების ნაწილი გახდა, ეს ყველაფერი კი, ჩვენი თაობის ცხოვრებას ძალიან საინტერესოს ხდის“.

განხილვა