28
დეკ
2017

„წკაპ! რაღაცები უნდა გააჩერო, გაწყვიტო, რომ ახალს მისცე ბიძგი“ – ნიკა გუჯეჯიანი, BOG-ის კრეატიული დირექტორი

28 დეკ 2017

თხილამურებით სრიალი ზამთრის, ვესპა ზაფხულის, ხოლო The Killers ნიკა გუჯეჯიანის მარადიული სიყვარულია. Spotify, Tedx და Kurzgesagt მუსიკის, მომავლისა და ზოგადად, სამყაროს გაგებაში ეხმარება. საინტერესო თემა არასდროს ყოფნის და მუდმივად ძიებისა და სიახლეების აღმოჩენის რეჟიმზეა მომართული. ნებისმიერ საქმეში პროცესი ხიბლავს და არ იქმნის შესაძლო შედეგებზე მოლოდინებს, რადგან ეს უკანასკნელი მის Exploration Mode-ს კლავს. ეშინია აბსოლუტური კომფორტის ზონის, რადგან დისკომფორტის დროს ხდება, თუ რამე კარგი ხდება. ღიაა წარუმატებლობებისგან სარგებლის მიღებაში, ამიტომაც – Everytime you fail, you need to celebrate. ძალიან იღბლიანია და ბევრ ადამიანსა თუ გამოგონილ პერსონაჟს ემადლიერება იმის გამო, რომ მის ცხოვრებაში, ნებით თუ უნებლიეთ, საჭირო დროს შეიჭრნენ.

იმის გამო, რომ მშობლებმა ბავშვობიდანვე მიაჩვიეს თავისუფლებას, რაც შეიძლება მეტი რამ ეცადა ცხოვრებაში, საკუთარი თავის ძიების პროცესზე პასუხისმგებლობაც თავად აიღო და დიპლომატი კი არა, გრაფიკული დიზაინერი გახდა, სამხატვრო აკადემია არ დაამთავრა და Miami Ad School-ში გააგრძელა სწავლა, WIDFOR’S-იდან JWT Metro-ში, შემდეგ კი Betterfly-ში გადაბარგდა. სტაჟირება გაიარა Y&R Prague-ში, BBDO Proximity-ში, BETC-ში. თითქმის ყველგან, სადაც სწავლა თუ მუშაობა უწევდა, ასაკით ყველაზე პატარამ, საბოლოოდ, არჩევანი გერმანიაში დარჩენასა და საქართველოს ბანკის კრეატიულ დირექტორად ყოფნას შორის გააკეთა და დღემდე ანთებულია იმ საქმით, რომელსაც საქართველოს ბანკში, ბოლო წელიწად-ნახევარია, ემსახურება. სჯერა, რომ ბუნება არის უზენაესი ალგორითმი. ეშინია ზომბი აპოკალიფსის და ყოველთვის აქვს გეგმა ბ.

ვერასდროს გადახვალ, რაც გინდა, იმის კეთებაზე, თუ არ შეწყვეტ იმას, რასაც ახლა აკეთებ. მიდგომა მაქვს ასეთი, რომ წკაპ! რაღაცები უნდა გააჩერო, გაწყვიტო, რომ ახალს მისცე ბიძგი.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ქართული ენა და ლიტერატურა უყვარდა, ნიკას პროფესიული არჩევანი, საბოლოოდ, არაფრიდან რაღაცების შექმნის პროცესმა და მიღებული შედეგის მაღალმა ემოციურმა მნიშვნელობამ გადაწონა და სწორედ ამიტომ, სამხატვრო აკადემიაში დიზაინზე ჩააბარა, დედის საყვარელი ფრაზით: „ფაკულტეტზე პირველია“. მერე მიხვდა, რომ განვითარებისთვის აუცილებლად უნდა დაეწყო რაღაც ახალი და თიბისის დეპოზიტების კამპანიით მოხიბლული, დამარხულ 10 000-ს რომ ეძებდა მთელი საქართველო, დიმიტრი ვაჩნაძესთან შეხვედრის შემდეგ, WINDFOR’S-ის გუნდს შეუერთდა სტაჟიორად, არტ დირექტორის პოზიციაზე. „3 თვე ვიყავი აქ და ძალიან მომწონდა, რასაც ვაკეთებდი, უბრალოდ, არ მომწონდა, როგორც ვაკეთებდი“. მერე უცბად, შემოთავაზება მიიღო JWT Metro-დან და მალევე, ჯუნიორ დიზაინერად დაიწყო მუშაობა.

„ვცდილობდი, გამეგო, ვინ ვარ და რა მინდოდა, მეკეთებინა“.

ძალიან ადრე, როცა აკადემიაში ვაბარებდი და სარეკლამო სფეროში მინდოდა საქმიანობა, ინტერნეტში ვეძებდი, რა უნდა მეკეთებინა და როგორ. მაშინ, ვნახე Miami Ad School, ტოპსკოლა, რომელიც ჩემგან ძალიან შორს და არარეალურად მეჩვენებოდა და სულ მერე იყო, სადღაც. თუმცა, 3 წლის შემდეგ, მოვხვდი სიღნაღში, Summer Ad Camp 2013-ზე, სადაც შევხვდი Miami Ad School-ის დირექტორს, Niklas Frings-Rupp-ს. ეს ადამიანი რომ გავიცანი და მოგვიყვა, რას აკეთებდა სკოლაში, მივხვდი, რომ ეს იყო ის, რისი კეთებაც ძალიან მინდოდა! ვალდებულება ავიღე საკუთარ თავთან, რომ ამ სკოლაში აუცილებლად ვისწავლიდი. ნიკლასმა გვითხრა, რომ უნდა მოგვეფიქრებინა ისეთი იდეა, რომლის განხორციელებაც 5 წლის წინ შეუძლებელი იყო და ყველაზე მეტად ვისიც მოეწონებოდა, იმ გუნდს დაუფინანსებდა სკოლაში სწავლას.

2 დღის განმავლობაში, მე და ჩემი მეწყვილე, ტაბატა (გიორგი ტაბატაძე), არ გავჩერებულვართ, პოპიკას (გიორგი პოპიაშვილს) ვუყვებოდით ჩვენს იდეებს, მაგრამ სახეზე ვატყობდით, რომ არაფრად ვარგოდა და ამაზე კიდევ უფრო „ვიგრუზებოდით“. ბოლოს, ჩემს შეყვარებულთან დისტანციურმა ურთიერთობამ შთამაგონა Distant Relationship აპლიკაციის იდეა, რომელიც მარტო იმ შემთხვევაში ახორციელებდა ვიდეოზარს, თუ ტელეფონს იმ მიმართულებით დაიჭერდი, რომელ ქვეყანაშიც ურეკავდი ადრესატს. აპლიკაციას კომპასის ფუნქციაც ჰქონდა და მოკლედ, ერთმანეთისკენ მიბრუნებულები უნდა ყოფილიყვნენ ადამიანები, რომ საუბარი შემდგარიყო. საუბრის პროცესში, აპლიკაცია გიკეთებდა სამოგზაურო შეთავაზებებს, ბილეთს გიჯავშნიდა და ა.შ. საბოლოო ჯამში, გამოვიდა ისე, რომ მარტო მე არ მქონდა კარგი იდეა და 50%-იანი დაფინანსება მივიღეთ სამმა გუნდმა.მეორე დღესვე, სახლში ვთქვი, რომ ჰამბურგში მივდიოდი სასწავლებლად, თუმცა, რადგან ფული საერთოდ არ მქონდა დაგროვილი, ვიზრუნე იმაზე, რომ უკეთესი ანაზღაურება მქონოდა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული იყო „მეტროდან“ წამოსვლა, გადავედი Betterfly-ში. საბოლოოდ, ჰამბურგში წავედი ისე, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, სრულად შევძლებდი, თუ არა 2 წლიანი კურსის გავლას Art Direction-ის მიმართულებით. წასვლიდან 3 თვეში, კულტურის სამინისტროში, გრანტზე შევიტანე განცხადება და სრულად დამიფინანსეს სწავლა. მოკლედ, მოვაკოწიწე, „ნასკებიდან გამოვწოვე“ ეს ფული. 1-ლი სემესტრი „კიტრივით“ ვიყავი, რადგან აღმოჩნდა, რომ სარეკლამო სფეროში საქმიანობის ყველაზე დიდი გამოცდილება მე მქონდა, თუმცა დაბალ ნიშნებზე რომ აისახა ჩემი პროგრესი Miami Ad School-ში, მივხვდი, რომ ეს სკოლა იმისთვისაა, რომ რაც იცი, იმის გამომჟღავნების ნაცვლად, ისწავლო ის, რაც არ იცი და შექმნა ნამუშევრების პორტფოლიო.

მგონია, რომ ჯილდოები კრეატიული ხალხისთვისაა. ძალიან რთულია, ამ სფეროში, შენს თავში იყო დარწმუნებული და მოკლედ რომ ვთქვათ, სულ ეჭვი გეპარება – „კაია ეს?!“

თავში დასარწმუნებლად კი რაღაც პერიოდი ეყო Portfolio Night All-Stars-ის ჯილდო – ფესტივალი, რომელიც 24 ქვეყანაში, ერთდროულად, იმართებოდა და ტოკიოდან სან-ფრანცისკომდე, ყველა ქალაქიდან იყვნენ მონაწილეები, ჯერ ბუდაპეშტში, 100 პორტფოლიოდან ნიკას ნამუშევრებმა აჯობა ყველასას, შემდეგ კი ნიუ-იორკშიც ისევ ნიკას გუნდმა გაიმარჯვა – „იმ მომენტში, მეტი აღარაფერი მჭირდებოდა“.

საქართველო VS გერმანია
გერმანიაში ყოფნისას, დავდექი არჩევანის წინაშე, დავრჩენილიყავი იქ და რომელიმე სააგენტოში გამეგრძელებინა საქმიანობა, თუ საქართველოში დავბრუნებულიყავი და BOG-ში, საშა კაცმანთან ერთად, In-house agency ფორმატზე მემუშავა. მივხვდი, რომ ჩემს თავში რაღაც იდეები ტრიალებდა, რაც თავისუფლად შეიძლებოდა ვიღაცისთვის სასარგებლო ყოფილიყო, ჩამოვედი და სწორ დროს, სწორ ადგილას მოვხვდი. საქართველო ძალიან ჰგავს Miami Ad School-ს, რადგან აქ გარემოა, სადაც შეგიძლია, რაღაცები სცადო, გააკეთო. გერმანიაში შენ გაქვს One job and you have to do that! საქართველოში – Create job, that you want to do.

რასაც ახლა ვაკეთებ, ამაზე ძალიან ავენთე თავიდანვე და დღემდე ისევე ვარ ანთებული, როგორც დასაწყისში, თუ უფრო მეტად არა!

დღეს, ჩემი ყოველდღიური გამოწვევა არის, რომ I’m trying to spark creativity in others, rather be creative myself. ამიტომ, ძალიან ხშირად მიწევს ხოლმე, ჩემი იდეები გვერდზე გადავდო, სხვებს მოვუსმინო და დავეხმარო.

განხილვა