in

ნიკა ჯინჭველაძე – #პირველისამსახური

პირველი სამსახური კინოთეატრების ქსელში 2007 წელს დავიწყე, 20 წლის რომ ვიყავი. ESM თბილისის ბიზნესსკოლაში ვსწავლობდი და ძალიან დატვირთული სასწავლო პროცესი გვქონდა. მაშინ სამსახურის დაწყებას არც ვჩქარობდი და შესაბამისად, არც ვეძებდი. სამსახურისა და სასწავლო პროცესის შეთავსება ძალიან მერთულებოდა, განსაკუთრებით მეგობარი კურსელების მაგალითზე, რომლებიც ამ გამოწვევას არ შეუშინდნენ და მესამე კურსიდან დაიწყეს საკუთარი ძალების პარქტიკაში მოსინჯვა.

ყველაფერი შედარებით სპონტანურად მოხდა. კინოთატრში სტაჟირებაზე ეძებდნენ სტუდენტებს იმ პირობით, რომ სასაწავლო პროცესშიც შეუწყობდნენ ხელს და სამუშაო გამოცდილების გარდა სიმბოლურ ანაზღაურებასაც გადაუხდიდნენ. ეს დიდი დათმობა იყო, თან ადამიანები, რომლებიც სტაჟიორებს ეძებდნენ ჩემივე ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულები იყვნენ და მეტნაკლებად ერთ ენაზე ვსაუბრობდით. მათაც ესმოდათ ჩემი რეჟიმის და მოლოდინებიც, ასე თუ ისე, თანხვედარში იყო ჩემს მაშინდელ შესაძლებლობებთან.

საბოლოო გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა ჩემმა ლექტორმა, ნინო კუპრაშვილმა იქონია, რომელმაც ჯერ რეკომენდაცია გამიწია, შემდეგ კი ძალიან ბევრი რჩევა მომცა, თუ რატომ იყო საჭირო დროულად თეორიიდან პრაქტიკაზე გადართვა. ამიხსნა, რომ ჩემი სამსახურის გარდა, რომელიც ითვალისწინებდა ჩემს სასწავლო რეჟიმს, თავის მხრივ, ბიზნესსკოლაც გაითვალისწინებდა ჩემს დასაქმებულის სტატუსს.

საქმეც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, ფილმები ისედაც სულ მიყვარდა და მესამე კურსელისთვის ამ ინდუსტრიის კულუარებში ფუსფუსი მოსაწყენი ნამდვილად არ იყო. თან ყველა პრემიერას შემეძლო დავსწრებოდი და მეგობრებიც დამეპატიჟებინა სხვადასხვა სეანსზე. გუნდურად ვმუშაობდით, ვარჩევდით დაანონსებულ ფილმებს, ვწყვეტდით მათ თავსებადობას ქართულ აუდიტორიასთან, სეზონთან და კონკრეტულ კინოთეატრთან. ჩვენივე მოვალეობა იყო მათი განთავსების გეგმის შემუშავება, პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკება და ყველა საჭირო მასალის მომზადება რელიზისთვის. 

ბევრი რამე ვისწავლე. განსაკუთრებულად ვაფასებ იმ ცოდნას და უნარებს, რომელიც მაშინ შევიძინე სხვა ადამიანებთან ურთიერთობებში და მათ ნამუშევარზე პასუხსიმგებლობის აღების ნაწილში. შრომა არასდროს მეზარებოდა და საკუთარი თავის იმედი ყოველთვის მქონდა, მაგრამ პროექტის მართვის დროს რომ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მაშინ გავიაზრე პირველად. საქმის წარმატება ერთი მონდომებული ადამიანის შესაძლებლობებზე იშვიათად გადის. ბიზნესსკოლაში გუნდურ სამუშაოებს კი გვაჩვევდნენ, მაგრამ პრაქტიკაში ეს მაინც რთული აღმოჩნდა. მომიწია ადამიანებთან არა საერთო სტანდარტებით მუშაობა, არამედ იმის გაანალიზება და შესწავლა, ვისთვის რა იყო მოტივატორი და მისაღები ურთიერთობის ფორმა.

სტაჟირებით დაწყებული თავგადასავალი კი 2 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. იქაურობა ძალიან შემიყვარდა და საქმეც რომელსაც ვაკეთებდი არ მომბეზრებია ბოლო წამამდე. გამიმართლა და პირველივე მცდელობაზე დავრწმუნდი, რომ შესაძლებელია მუშაობდე იქ, სადაც მოგწონს, აკეთებდე იმას, რაც მოგწონს და ამაში იღებდე ანაზღაურებასაც. ამ გამოცდილებამ ჩემი კარიერის ყველა შემდგომ ნაბიჯზე იმოქმედა. საქმე, რომელსაც მას მერე ვეჭიდები, ჩემს ინტერესებთან მუდმივად თანხვედრაშია. ყველას ვუსურვებ ეკეთებინოთ ის, რაც აინტერესებთ. ვფიქრობ, ასე უფრო დიდი შანსია ჩვენი ნამუშევარები უფრო ხარისხიანი და სრულყოფილი გამოვიდეს.

ნიკა ჯინჭველაძე – Leavingstone-ის ციფრული მიმართულების ხელმძღვანელი

ახალი აპლიკაცია, რომელიც ნებისმიერ ადამიანთან დაგაკავშირებთ – ინტერვიუ Ally-ს Angel ინვესტორთან

26 წელი თქვენთან ერთად და აშენებული 1 000 000 კვ.მ.