როდესაც ვთხოვე, ხელოვნებისთვის ობიექტური განმარტება მოეძებნა, ანუ ყოველგვარი სუბიექტური შეხედულებისგან ოდნავ მაინც დაეცალა, ბანალური დატვირთვის მინიჭება არ სურდა. ასე მივიდა იდეამდე, რომ ხელოვნება აზროვნების ფორმაა, რადგან ხელოვანი არა მხოლოდ ქმნის რაღაც ხელშესახებს, არამედ მისი ხედვა და ფიქრები სწორედ მისითაა განპირობებული — სხვაგვარად აღიქვამს როგორც რეალურ სამყაროს, ისე ნებისმიერ აბსტრაქტულ მოსაზრებას.
„ბავშვობიდან ყველა ვხატავთ და მერეც, თინეიჯერობის ასაკში ადამიანთა უმეტესობისთვის თავშესაფარია ხოლმე. უბრალოდ, ჩემს შემთხვევაში გადაწყვიტეს, რომ ნიჭი მქონდა და ამიტომაც, სულ ჩართული ვიყავი ამ სფეროში. დროთა განმავლობაში, ჩემს ორგანულ ნაწილად იქცა და ტრადიციულად, სკოლის დასრულების პერიოდი რომ მოახლოვდა, უნდა მეფიქრა, რა მინდოდა. იქამდე ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებდი. ძირითადად კი ვიცოდი, რომ ხელოვნება მაინტერესებდა, მაგრამ როდესაც ზუსტი გადაწყვეტილების დრო დადგა, მხატვრობის გზას დავადექი“, — ამბობს ქართველი მხატვარი, ნიკა ხაბელაშვილი.
სწორედ ამ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას მოჰყვა ყველაფერი დანარჩენი, რასაც დღეს აკეთებს ხელოვნების მიმართულებით. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ხელოვანი „კი არ უნდა გახდე“, არამედ ისედაც ხარ და ვერავინ გადაწყვეტს, როდის ჩამოყალიბდი შემოქმედად.
როგორც ბევრი არტისტისთვის, ნიკასთვის ხელოვნების ერთ-ერთი დატვირთვა თვითგამოხატვაა. „როდესაც ემოციებისგან ინსპირირებულად ვგრძნობ თავს, რამდენიმე ვარიანტი მაქვს — შემიძლია ვიტირო, პანიკურად ვიცინო… მაგრამ ამას თუ გავაკეთებ, შემოქმედებისთვის ენერგია აღარ დამრჩება. ამიტომაც მივხვდი, რომ ნაწილობრივ ემოციებისგან დაცლის საშუალება თუ მოთხოვნილებაა. შესაძლოა, ეს უკვე ჩვევად მქონდეს გადაქცეული, მაგრამ საიდანღაც ხომ დაიწყო?!“
ვინაიდან ემოციებისა და გრძნობების თვითგამოხატვას შევეხეთ, აქვე უნდა ვახსენოთ, რომ ნიკა ძალიან სენტიმენტალური ადამიანია და, შესაბამისად, მისი შთაგონებაც აქედან მოდის. უმეტესწილად, წარსულიდან — ალბათ, ის ხელოვანია, რომელიც მომავლის შთაგონებაზე ყველაზე ნაკლებად ფიქრობს. „გარდა წარსულისა, ერთგვარი ჯაჭვის მსგავსად თუ შეიკვრება ჩემი შემოქმედება, რაღაც ნივთიერის გარშემოც ტრიალებს. ასევე, მოგზაურობა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია — ისეთივე, როგორც ხელოვნება“.
ალბათ, ამ სენტიმენტალური განწყობებისა და წარსულთან მჭიდრო კავშირიდან გამომდინარეობს ის ფაქტი, რომ ნიკა ხაბელაშვილის ნამუშევრებს ყოველთვის ერთი ძირითადი განწყობა გასდევს ფონად — სიმშვიდე. შესაძლოა, იყოს ემოციური, მელანქოლიური ან სევდიანი, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მშვიდია. როგორც აღნიშვნავს, ამ სიმშვიდეში შეიძლება შფოთვაც იგულისხმებოდეს და ბედნიერებაც.
M: როგორც ვიცი, არ გიყვარს სიტყვა „პეიზაჟი“ და მისით შენი შემოქმედების აღწერა…
არაპროფესიული მგონია, როცა ნამუშევარს პრაგმატულად აფასებენ ადამიანები, რამდენადაც მხოლოდ გამოსახულება ეუბნება მათ. თუ ხედავენ პორტრეტს, ესე იგი, პორტრეტია… პეიზაჟი — პეიზაჟია, აბსტრაქციას ვხედავ, აბსტრაქციაა… რეალურად კი, ყოველ მათგანშია რაღაც გამოსახულების მიღმა. ხელოვნებაში ნაკლებად გარკვეული საზოგადოებისთვის კი ყველაზე პოპულარული პეიზაჟი ან პორტრეტია. ასოციაციურად ყოველთვის დეკორატიულობასთან აკავშირებენ: „ეს ლამაზი პეიზაჟია და მისაღებ ოთახში დავკიდებ, ვისიამოვნებ“.
ცხადია, არ ვსაუბრობ ადამიანებზე, რომლებიც ხელოვნებაში ერკვევიან. ვფიქრობ, პორტრეტმა, პეიზაჟმა თუ აბსტრაქციამ ან რაც უნდა იყოს, შეიძლება ერთი და იმავენაირი ძლიერი განცდები გადმოგვცენ. ყველას ერთნაირი შესაძლებლობები აქვს. რომ შევხედავ, შეიძლება პორტრეტმა ასოციაცია შემიქმნას პეიზაჟთან, ასოციაციურად.
M: როგორც ამბობ, წარსული და სენტიმენტები შენი შთაგონების ძირითადი წყაროა… ოდესმე მათთან მიმართებით თუ გიგრძნია საკუთარი თავის ამოწურვა ან შემოქმედებითი კრიზისი?
შთაგონების ნაკლებობა მქონია, რამდენადაც შესაძლებელია, ის ეგზისტენციალური კრიზისების შედეგი იყოს. რაც შეეხება საკუთარი თავის ამოწურვას, ზოგჯერ მგონებია, რომ ამ ზღვარს მივაღწიე, მაგრამ ძალიან იშვიათად. თუმცა ვფიქრობ, ყველა ადამიანი მუდმივად განვითარებადია — შესაძლებელია, რომ განვითარება შეწყვიტო, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ამოწურავ. არ ვიცი, რამდენი წელი უნდა ვიცხოვრო, რომ თავი ამოვწურო.
შემოქმედებითი კრიზისი ჩემთვის მუშაობის შეწყვეტას არ ნიშნავს. ზოგჯერ ჩემს თავს უმოქმედობას ვაიძულებ. შეიძლება უწყვეტი მუშაობა და პროდუქტიულობა ცუდიც იყოს და კარგიც, უბრალოდ ყოველდღიური შეუჩერებლობა შემოქმედებით პროდუქტიულობას არ ნიშნავს. ხელოვანს სჭირდება როგორც ფიქრი, ისე ტექნიკური განვითარება. შემოქმედებითი კრიზისის დროს კი ყოველთვის ის განცდა მეუფლება, რომ რასაც ვაკეთებ, არ მომწონს.
M: ოდესმე გიოცნებია, რომ სხვა სფეროს გაჰყოლოდი?
არასდროს მინანია ეს გადაწყვეტილება. ერთადერთი მსგავსი ფიქრი რაც მქონია, ის არის, რომ ვიცი შემდეგ ცხოვრებაში ვინ ვიქნებოდი. უბრალოდ, ერთი დამატებითი ცხოვრება არ არის საკმარისი — რამდენიმე მჭირდება, გული რომ არ დამწყდეს და ის ყველა როლი მოვირგო, რომელიც ასე ძალიან მაინტერესებს. მაგალითად, დოკუმენტალისტი ვიქნებოდი, სოციალურ მეცნიერებებსაც გავყვებოდი, საველე მონაცემთა ანალიზის განხრით, მოხეტიალე ცირკში ვიმუშავებდი (იქ, სადაც ცხოველები არ ეყოლებათ) და ა. შ.
M: საინტერესოა, ამ ოცნებებს, სამომავლო ცხოვრებების პროფესიებს ახლანდელ შემოქმედებას როგორ უკავშირებ?
კარგია, რომ ეს მკითხე. ახლა ვაკეთებ პროექტს, რომლის პირველი ნაწილიც ამჟამად მიმდინარე გამოფენაა, სახელწოდებით „ჭერი“. მთლიანი პროექტი სახლის თემატიკას ეხება, სახლის ძიების შეგრძნებას — როგორც ინდივიდუალური, ისე კულტურული ბექგრაუნდით.
გორი მშობლიური ქალაქია, რომელთანაც დროთა განმავლობაში გაუცხოების პრობლემა დამეწყო. ცხადია, ძალიან ემოციური საკითხია ჩემთვის, რაც შემოქმედებად ვაქციე. ამ გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების საფუძველს სწორედ ჩვენი სახლის ჭერი წარმოადგენს — თბილისში გადმოსვლის შემდეგ, ჩემმა მშობლებმა მშობლიურ სახლში რემონტი გააკეთეს და იქ ყველაფერი შეიცვალა. ჭერის ნაწილი მე გამოვიყენე შემოქმედებისთვის, თუმცა მანამდე ერთი წლის განმავლობაში ყოველდღიურად ვუყურებდი და ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა. მის ქვეშ დაახლოებით 10 წელი ვცხოვრობდი…
მეორე ეტაპია სრულად ექსპერიმენტული მოგზაურობა, რომელიც ალბათ სამიდან შვიდ თვემდე გაგრძელდება. ამისათვის სახლად გადაკეთებულ მანქანას გამოვიყენებ და ერთგვარ კვლევას ჩავატარებ სხვადასხვა კულტურაში (ირანი, კვიპროსი, ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანა, თურქეთი, პაკისტანი და ერაყი). საქართველოში უკვე დავიწყე გამოკითხვა. პირველი კვლევა დევნილ მოსახლეობასთან დაკავშირებული ინტერვიუები იყო, რაც ძალიან ემოციური აღმოჩნდა — მიუხედავად იმისა, რომ წლებია, უკვე სხვაგან ცხოვრობენ, როდესაც ვეკითხებოდი, რომელი იყო მათი სახლი, ყველა აფხაზეთში მიტოვებულ საცხოვრისებს ასახელებდა… არც იციან, რა დახვდებათ იქ დაბრუნებულზე, იქნებ სხვა ცხოვრობდეს, იქნებ აღარც იყოს ის შენობა. მაგრამ ახლა რომ ვუთხრათ ამ წამსვე შეგიძლიათ უკან დაბრუნება და აქ ყველაფრის მიტოვებაო, დაუფიქრებლად წავიდოდნენ.
ამ პროექტამდე, ნიკას შემოქმედებაში ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენა იყო „იქ, სადაც არასოდეს ვყოფილვარ“. რეალურად, ის იდეურად უკავშირდება სახლის თემატიკასაც, ან უბრალოდ სადღაც წარსულში დაბრუნებას… „კონცეფციით გავამახვილე ყურადღება ადგილებზე, მოგონებებზე, რომლებიც უფრო კარგად გვახსოვს, ვიდრე სინამდვილეში იყო. რეალურად, ძალიან კარგი იყო, მაგრამ დროის გასვლის შემდეგ როცა გვახსენდება, თითქოს იდეალური იყო. ეს არის მომენტები, სადაც ვიყავით, ოღონდ ისე არა, როგორც გვახსოვს. რაც გვახსოვს, იქ არ ვყოფილვართ, მაგრამ მისგან შთაგონებით გონებაში შემოგვრჩა ის, რაც გაიდეალიზდა“.
ავტორი: ქეთია ბელქანია