ნიკა ქურდიანი თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას 9 წლის განმავლობაში იკავებდა. ნიკა სხვადასხვა დროს ფარავდა მცირე და საშუალო ბიზნესების, გადახდების, მარკეტინგისა და ბრენდის გამოცდილების და სხვა მიმართულებებს. ახლა კი მისი პოზიცია და პასუხისმგებლობები იცვლება – 1 მაისიდან ნიკას ძირითადი ფუნქცია საერთაშორისო გაფართოებაზე ზრუნვა იქნება. ამავდროულად, ის თიბისი ჯგუფის (TBC Bank Group PLC) აღმასრულებელი კომიტეტის წევრად დარჩება.
ვიდრე უშუალოდ სიახლეზე ვისაუბრებთ, რამდენიმე წლით უკან დავბრუნდეთ იმ დროში, როცა ნიკა ქურდიანისა და თიბისის ურთიერთობა იწყებოდა. იგი თიბისის 2014 წლის აგვისტოში შეუერთდა, ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტექნოლოგიური კომპანიის, Kaspi-ს მენეჯმენტიდან. თავდაპირველად ორი პოზიცია შეითავსა: თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილისა და ბანკ „კონსტანტას“ გენერალური დირექტორის.
„თიბისიში თითქმის 9 წელი გავატარე, ძალიან ბევრი ფუნქცია შემითავსებია და ბევრ მიმდინარეობასაც ვფარავდი. ალბათ, ყველაზე მასშტაბური მცირე და საშუალო ბიზნესების; მარკეტინგის, ბრენდის, პიარის და საერთაშორისო განვითარების მიმართულებები იყო. ასევე, გუნდთან ერთად ავამოქმედე პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, „სფეისი“. რეალურად, ჩემდა სასიხარულოდ, ამ პერიოდის განმავლობაში ბევრ ისეთ თემას შევეხე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო კომპანიის განვითარებისთვის“, — გვიყვება ნიკა.
M: რას მოიცავს თქვენი ახალი პოზიცია უშუალოდ, რა შედის თქვენს მოვალეობებში?
პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ჯგუფის დონეზე პოზიცია არ შემიცვლია. მოგეხსენებათ, თიბისი ბანკის ჯგუფს (TBC Bank Group PLC) ჰყავს ე. წ. მმართველთა კომიტეტი, რომლის წევრი მანამდეც ვიყავი და კვლავ ვრჩები. უბრალოდ, თიბისი ბანკ საქართველოს მმართველი გუნდის წევრი აღარ ვიქნები და სრულად საერთაშორისო განვითარებაზე გადავერთვები.
ამჟამად ამ მიმართულებით, ყველაზე დიდი პროექტი უზბეკეთის ბაზარია, სადაც დაახლოებით 12-დან 13 მილიონამდე მომხმარებელი გვყავს დარეგისტრირებული სამ კომპანიაში: TBC Bank UZ, Payme და განვადების ბიზნესი. ამავდროულად, „სფეის ინტერნეიშენალის“ CEO ვარ, რომელიც სფეის საქართველოსა და თიბისის უზბეკეთში პოზიციონირებას ემსახურება. თიბისისთვის ეს ძალიან სტრატეგიული მიმართულებაა. ის ფაქტი, რომ ჯგუფმა ამ მიმართულებაზე სრული კონცენტრაციით დირექტორი გამოყო, მნიშვნელობაზეც მეტყველებს.
M: საინტერესოა, როგორ გამოიყენებთ წარსულ გამოცდილებას ახალი როლის შეთავსებისას?
თიბისიმდე დაახლოებით 10 წელი ვმუშაობდი და ვცხოვრობდი უცხოეთში — მათ შორის ავსტრიაში, თურქეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, უკრაინაში, სერბეთში, ესპანეთში, გერმანიაში და ა. შ. ამიტომ, სინამდვილეში, კარიერის დიდი ნაწილი სწორედ საერთაშორისო ბაზრებზე მაქვს გატარებული. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს გამოცდილება მნიშვნელოვნად დამეხმარება ახალი როლის მორგებაში.
უშუალოდ თიბისიში გატარებული 9 წელი კი იმის გაცნობიერებაში მეხმარება, რომ ჩვენი ინსტიტუტის ქომაგი ვარ. ასევე, 7 წელი ბრენდზე ვიყავი პასუხისმგებელი და, შესაბამისად, ჩემთვის ეს კომპანია იმაზე მეტია, ვიდრე დასაქმების ადგილი. თავის მხრივ, ეს ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს იმისთვის, რომ თიბისი გუნდთან ერთად საერთაშორისო კომპანიად ვაქციო.
M: ამ ცვლილების ფარგლებში, რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით უკვე და როგორი მოლოდინები გაქვთ მომავალთან დაკავშირებით?
გამოწვევა ძალიან ბევრია და ჩვენ მათ ყოველდღიურად ვაწყდებით. მაგალითად, მესამე წელია, უზბეკეთში ვოპერირებთ და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რეგიონში ომი დაიწყებოდა. ასევე, ვერავინ იფიქრებდა, რომ უზბეკეთის ბაზარზე კონკურენცია ისე გაიზრდებოდა, როგორც ეს დღეს ხდება და ა. შ. აქედან გამომდინარე, განვითარების ეს გზა სავსეა გამოწვევებით. განსაკუთრებულად დიდი გამოწვევა, რომელიც კარგად გვაქვს გააზრებული და მასზე ვმუშაობთ, არის ის, რომ თიბისი 30 წლის მანძილზე საქართველოში ჩამოყალიბებული კომპანიაა — ახლა კი პირველ, დიდ, საერთაშორისო ნაბიჯებს ვდგამთ.
მანამდე მცირე მასშტაბის მცდელობები გვქონდა, მაგალითად, აზერბაიჯანში, მაგრამ მას სრულფასოვან საერთაშორისო გამოცდილებას ვერ ვუწოდებთ. ამრიგად, ყველაზე დიდ გამოწვევად ეს გვესახება: როგორ გადავაქციოთ ქართული, ყველაზე წარმატებული საბანკო ჯგუფი საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტად.
M: რას ნიშნავს ჯგუფის სტრატეგიული განვითარება? როგორია როგორც თქვენი, ისე თიბისის დამოკიდებულება — როგორ ზრუნავთ სტრატეგიულ განვითარებაზე?
თიბისის სტრატეგიული განვითარების აღქმა შეგვიძლია ასე ჩამოვაყალიბოთ: ჩვენმა ჯგუფმა ოქტომბერში, ინვესტორთა ყოველწლიურ შეკრებაზე განაცხადა, რომ 2025 წლის ბოლოსთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ 5 მილიონი აქტიური მომხმარებელი უნდა გვყავდეს. ვინაიდან, ჩვენს ქვეყანაში 3.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ამის მიღმა დამატებით ხუთი მილიონი აქტიური მომხმარებლის გაჩენა კი რამდენიმე ათეულ მილიონ რეგისტრაციას საჭიროებს. ამავდროულად, დამატებით გვსურს კიდევ ერთი ქვეყნის ბაზარზე შევიდეთ.
M: მიღწევები უზბეკეთში, ბიზნეს მოდელი და სწრაფი ზრდის მიზეზები… ვისაუბროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მიღწევები თიბისისთვის, რას მოიცავს ისინი და თქვენ როგორ აპირებთ მათი სამომავლო წარმატებებისთვის, გაფართოებისთვის გამოყენებას?
უპირველესად, უზბეკეთში მიღწეული წარმატება თავდაჯერებას გვმატებს, რადგან საქართველოს ფარგლებს გარეთ შევძელით გასვლა. თავდაჯერებულობა კი ძალიან ბევრი კარის გაღების წინაპირობაა, რადგან ინვესტორები თუ გუნდის წევრები გიჯერებენ, რომ მართლა შეგიძლია რაღაც დიდის გაკეთება. თანაც, მოკლე ვადაში მოვახერხეთ ამდენი მილიონი მომხმარებლის რეგისტრაცია, მოგებაზე გასვლა და განვითარების სწრაფი ტემპის აკრეფა. ეს გვაძლევს სრულ რწმენას, რომ ჩვენ შემდეგ ქვეყანასაც მოვერევით.
ამ ყველაფრის უკან რამდენიმე ფაქტორი დგას. პირველი და მთავარი არგუმენტი, ეს არის უზბეკეთის მოსახლეობის მასშტაბი (36 მლნ. ადამიანი) — ჩვენ კი ამ მომენტისთვის 1/3 გვყავს დარეგისტრირებული. უზბეკეთში ჩვენი წარმატების სხვა ელემენტები კი სწორ ბიზნეს მოდელსა და ციფრულ მარკეტინგზეა დაფუძნებული, რომელიც საშუალებას გვაძლევს ეფექტურად, ჭკვიანურად, მონაცემებსა თუ ანალიტიკაზე დაყრდნობით მოვიზიდოთ მომხმარებლები.
რაც შეეხება სწორ ბიზნეს მოდელს, ეს არის არა-კაპიტალინტენსიური მოდელი — ვგულისხმობ იმას, რომ უზბეკეთში არ არის თიბისის არც ერთი ფილიალი და ბანკომატი, ნაღდ ფულს საერთოდ არ ვამუშავებთ. რეალურად, იქ ჩვენი არსებობა მხოლოდ ციფრულია — მობილური აპლიკაციის გარდა არაფერი გვაქვს. ამასთან, ორივე კომპანიაში დაახლოებით 800 თანამშრომელი გვყავს დასაქმებული და მათი მომხმარებლებთან ურთიერთობა ციფრული ფორმატით შემოიფარგლება.
ცხადია, ეს ხარჯების შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა — არ გვიწევს საინკასაციო მანქანებით ქალაქში სიარული, გაფუჭებული ბანკომატების შეკეთება თუ ფილიალების დაცვის სამსახურით უზრუნველყოფა და ა. შ. ეს ყველაფერი ხომ არასაბანკო საქმიანობაა, რომლის კეთებაც იმისთვის უწევთ ტრადიციული ფორმატის ბანკებს, რომ საბანკო საქმიანობა აწარმოონ.
M: რა იგეგმება საერთაშორისო გაფართოების მხრივ? თუ გაქვთ უკვე განსაზღვრული, ამ პოზიციაზე მუშაობისას რა იქნება პირველი, რასაც განახორციელებთ? და რა არის თქვენი მიზანი — როგორ გსურთ, რომ წლების შემდეგ თქვენი საქმიანობა გაიხსენონ?
პირველი ნაბიჯი, ეს არის კვლავ უზბეკეთში პროგრესი. მეორე ნაბიჯს კი 2025-ში ახალ ქვეყანაში შესვლა წარმოადგენს — ანალოგიურად, სრულად ციფრული სახით.
ალბათ, ყველაზე მეტად რაც მამოტივირებს ამ დოზით ჩართულობისას, ის არის, რომ ყველას ერთად შეგვიძლია თიბისისგან, რომელიც წარმატებული ქართული ბიზნესია, შევქმნათ ქართული და, ამავდროულად, საერთაშორისო საბანკო სერვისი. ამიტომაც, მინდა, წლების შემდეგ ვიღაცამ თქვას „იმ კეთილშობილ ხალხს გაუმარჯოს, ვინც თავის დროზე თიბისის საერთაშორისო ექსპანსია დაიწყოო“ — ეს არის ჩემი მოტივაციის წყარო.