13
Aug
2019

Nike გამომწერთა საბავშვო კლუბს ქმნის  

13 Aug 2019

საკვების, ტანსაცმლისა თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების გამოწერამ და ზოგადად, გამომწერთა [ხელმომწერთა] კლუბებმა, მსოფლიოში, „შოპინგის“ კულტურა შეცვალა. ამ ტენდენციას ახლა Nike უერთდება – CNN-ის ცნობით, ბრენდი, ბავშვებისთვის ფეხსაცმლის გამოსაწერად, Nike Adventure Club-ს ქმნის.

Photo Credit: Nike

2-დან 10 წლამდე მოზარდების მშობლებს სამი სხვადასხვა შეთავაზება ექნებათ: წელიწადში 4 წყვილი სპორტული ფეხსაცმელი თვეში – $20; 6 წყვილი – $30 და 12 წყვილი – $50. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, არც არჩევანი იქნება შეზღუდული, ბავშვები და მშობლები, მათთვის სასურველ „ბოტასს“ 100 სხვადასხვა მოდელს შორის აარჩევენ.

„ეს არის საუკეთესო მაგალითი, როგორ იღებს დიდი, გლობალური ბრენდი ციფრული ბრენდის ელემენტებს და საკუთარი სტრატეგიის ნაწილად აქცევს“, – ამბობს Kantar Consulting-ის ხელმძღვანელი.

ამ შემთხვევაში, Nike-ის სამიზნე სეგმენტი, ქალაქგარეთ და ისეთ რეგიონებში მცხოვრები მშობლები არიან, სადაც ბრენდის მაღაზიები არ არის. თანაც, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ბავშვებს ფეხი ძალიან სწრაფად ეზრდებათ და წელიწადში რამდენიმე წყვილი სპორტული ფეხსაცმელი საკმაოდ კარგი შეთავაზებაა. „ნაიკში“ მიაჩნიათ, რომ გამომწერთა კლუბის წევრობა, „ონლაინ შოპინგზე“ გაცილებით პრაქტიკულია, რადგან არასწორი ზომის შემთხვევაში, ნივთების გამოცვლა ძალიან მარტივია.

„აღმოვაჩინეთ, რომ საკმაოდ რთული და მტკივნეული პროცესია ბავშვებისთვის ფეხსაცმლის ყიდვა. ამან მოგვცა ბიძგი, განსხვავებული გადაწყვეტილება მიგვეღო“, – ამბობს Nike Adventure Club-ის გენერალური მენეჯერ დეივ კობანი.

Nike-მა საბავშვო სპორტული ფეხსაცმლის კლუბის საპილოტე პროგრამა 2 წლის წინ დაიწყო. მას უკვე 10 000 წევრი ჰყავს და დეივ კობანი თვლის, რომ დროა, პროექტი გაფართოვდეს და ოფიციალური სახე მიეცეს.

Nike Adventure Club, როგორც ჩანს, კომპანიისთვის საკვანძო პროექტია. მის კონცეფციაზე 40 თანამშრომელი მუშაობს. ახალი მომსახურება, „ნაიკს“ საშუალებას მისცემს, ის მშობლები დააინტერესოს, ვინც ბრენდის ჩვეულებრივი მომხმარებლებისგან განსხვავებით, გარეუბნებსა და პატარა ქალაქებში ცხოვრობენ. ასევე, ჰქონდეს მუდმივი კომუნიკაცია თავად ბავშვებთან.

როგორც CNN წერს, კონკურენცია არც ამ ბაზარზეა პატარა. მშობლებს, ბავშვებისთვის, „ონლაინ“ სტილის შერჩევასა და პროდუქციის გამოწერას კომპანიები Stitch Fix, Kidbox და Rockets of Awesome სთავაზობს.

ამ ბაზრის ათვისების გარდა, Nike Adventure Club-ის შექმნა, ბრენდისთვის, ერთგვარი ტესტი იქნება, შემდეგ უკვე ყველა ასაკის მომხმარებელს შესთავაზოს მსგავსი მომსახურება.

დეივ კობანის თქმით, ბავშვების გარდა, სპორტული ფეხსაცმლის ხშირად შეცვლა პროფესიონალ მორბენლებსაც სჭირდებათ, ამიტომ, შესაძლოა, Nike-მა ​მათთვის სპეციალურ შეთავაზებაზეც იფიქროს.

„ახლა განვიხილავთ, რა პრობლემები აქვთ სხვა სპორტსმენებს და როგორ შეიძლება მათი გადაჭრა ფეხსაცმლის გამოწერის მომსახურებით. ეს Nike-ისთვის რაღაც ახლისა და ძალიან საინტერესოს დასაწყისია“.

 

განხილვა