in

Nike-ის შებრუნებული „სვუშის“ ისტორია დენის როდმანიდან ბრონი ჯეიმსამდე

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსისა“ და „კლივლენდ კავალიერსის“ მატჩის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დეტალი არც ანგარიში ყოფილა და არც სათამაშო მომენტი. ყურადღება ბრონი ჯეიმსის ფეხსაცმელმა მიიპყრო. „ლეიკერსის“ მცველმა მამის, ლებრონ ჯეიმსის ხაზის LeBron Witness IX-ის მკვეთრი ვარდისფერი მოდელი მოირგო, რომელზეც მისი პირადი ლოგოს დებიუტი შედგა. ლოგო პატარა ლათინურ b-ს წარმოადგენს (Bronny), რომელშიც მისი მაისურის ნომერი 9 არის ჩასმული. თუმცა, ბრენდინგის მოყვარულებისთვის მთავარი სიურპრიზი სულ სხვა რამ აღმოჩნდა: Nike-ის საკულტო ლოგო, ე.წ. სვუში, ფეხსაცმელზე უკუღმა იყო გამოსახული.

BOG
BOG

1971 წლიდან მოყოლებული, Nike-ის „სვუში“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და ხელშეუხებელი სიმბოლოა. მიუხედავად მკაცრი ბრენდბუქისა, კომპანიის დიზაინერები დროდადრო თავს უფლებას აძლევენ, წესები დაარღვიონ და ლოგო ამოატრიალონ. მართალია, ოფიციალური რეგულაცია არ არსებობს იმის შესახებ, თუ ვინ იმსახურებს ამ პრივილეგიას, მაგრამ ისტორიას თუ გადავხედავთ, შებრუნებული ლოგო ყოველთვის სპორტისა და კულტურის ყველაზე „ხასიათიან“, მეამბოხე და ძლიერი ნებისყოფის მქონე ათლეტებს ერგებოდათ ხოლმე.

„შებრუნებული სვუშის“ ისტორია

ეს ტრადიცია 1994 წელს დაიწყო და ის არავინ სხვას, თუ არა ლეგენდარულ დენის როდმანს უკავშირდება. პირველად შებრუნებული ლოგო Nike Air Darwin-ზე გამოჩნდა – დიდი ზომის, უხეშ, თითქმის სამხედრო სტილის ბოტასზე, რომელიც იდეალურად ერგებოდა როდმანის ექსცენტრიკულ ხასიათს. შებრუნებული ლოგო „წესების გარეშე“ ცხოვრების მეტაფორა იყო.

როდმანმა ერთგვარი სტანდარტი დააწესა. მალევე, 1994 წელს, შებრუნებული ლოგო ჩოგბურთელ ანდრე აგასის Nike Air Flare-ზეც ვიხილეთ – კიდევ ერთი ათლეტის, რომელიც თავისი სტილითა და დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.

თანამედროვე ერა და ტრევის სკოტის ეფექტი

2010-იანებში ტრენდი გაგრძელდა. შებრუნებული ლოგო თავად ლებრონ ჯეიმსის 2012 წლის მოდელზე LeBron X და კობი ბრაიანტის კარიერის დასრულების შემდეგ გამოსულ Kobe AD NXT-ზეც გამოჩნდა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო იანის ანტეტოკუნმპოს 2019 წლის მოდელი, სადაც ლოგო ძირზე იყო განთავსებული.

თუმცა, 2019 წლიდან ეს დიზაინ-ელემენტი ახალ სიმაღლეზე რეპერმა ტრევის სკოტმა აიყვანა. Travis Scott x Air Jordan 1 გახდა პირველი იმ კოლაბორაციების სერიიდან, რომელმაც შებრუნებული ლოგო მეინსტრიმულ მოდაში დააბრუნა.

დღეს, როცა ისეთი გიგანტი ბრენდები, როგორიცაა McDonald’s და Coca-Cola, თამამად ცვლიან, ჭყლეტენ ან ატრიალებენ თავიანთ ლოგოებს მარკეტინგული მიზნებისთვის, Nike-ის ეს სვლაც ლოგიკურია. ასეთი ღირებული აქტივის ტრანსფორმაცია ყოველთვის კონვენციების რღვევას ნიშნავს. ბრონი ჯეიმსი კი, თავისი პირადი ლოგოსა და შებრუნებული „სვუშის“ კომბინაციით, ამ დიდი და მეამბოხე დიზაინ-ტრადიციის ნაწილი გახდა.

წყარო: Fastcompany

Anthropic-მა Super Bowl-ის რეკლამებში ChatGPT-ს დასცინა

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა