in

პირველი ქართველი, რომელმაც ჯესიკა უოლშის სააგენტოში დაიწყო მუშაობა

სულ რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ამერიკელი არტ დირექტორი ჯესიკა უოლში ეწვია. Ad Black Sea 2018-ის მონაწილეებმა მისი, როგორც სპიკერის როლში ხილვაც შევძელით. არაორდინალური იდეებით ადვილად შეძლო ჩვენი მოხიბლვა, თუმცა რა გასაკვირია, მას ხომ BMW, Snapchat, Barneys New York, Parle Agro და სხვა ბრენდებისთვის აქვს ნამუშევარი. სულ რაღაც ერთი თვის წინ, ჯესიკა უოლშის სააგენტოს &walsh გრაფიკოსი დიზაინერი ნიკე ბელსკაია შეუერთდა. მისი თქმით, ის პირველია საქართველოდან, რომელიც ჯესიკას სააგენტოს გუნდის წევრია. &walsh-ში მოსახვედრად, ნიკემ თავისი აპლიკაცია საკუთარი ინიციატივით გაგზავნა და თვლის, რომ დღევანდელ რეალობაში, როდესაც დისტანციურად მუშაობა უცხო აღარავისთვის არის, ყველას გვაქვს შანსი, თუნდაც სახლიდან გაუსვლელად, მოვხვდეთ საერთაშორისოდ წარმატებულ სააგენტოებში. მაინც, როგორია &walsh-ში მუშაობა? ნიკე სააგენტოში მოხვედრასა და საქმიანობაზე გვესაუბრა.

M: როგორ იპოვეთ ერთმანეთი შენ &walsh-მა?

ჩემ მიერ უკვე ბევრჯერ ნაცადი და წარმატებული პრაქტიკით – CV-სა და პორტფოლიოს გაგზავნით. მსგავსი რამ აქამდეც ხშირად გამიკეთებია, პირველად ვცადე შარშან, ჩამოვწერე ყველა დიზაინ სტუდია/სააგენტო სადაც მინდოდა მუშაობა და ვაგზავნიდი მათთან ჩემს პორტფოლიოს, მიუხედავად იმისა, ედოთ თუ არა ვაკანსია. ამ შემთხვევაშიც ასე მოვიქეცი. ზოგადად, &walsh-ში ასეთი პრაქტიკაა – ყოველთვის ეძებენ ახალ ადამიანებს და შესაბამისად, გაგზავნაც ნებისმიერ დროს შეიძლება. ზოგადად მგონია, რომ თუ კარგი პორტფოლიო გაქვს და გაგზავნის ფორმასაც სწორად მოიფიქრებ, აყვანის შანსი სულ არის. მხოლოდ ლინკს არ ვაგზავნიდი, მგონია, რომ ხანდახან შეიძლება ლინკზე დაჭერაც კი დაგვეზაროს, ამიტომ ჩემი ნამუშევრების sneak peak-ები გავაკეთე და მხოლოდ შემდეგ მოყვებოდა ლინკები. ესე ადამიანი მეილის გახსნისთანავე ხედავს ნამუშევარს და უკვე უფრო მეტი განწყობა უჩნდება იმისთვის რო გააგრძელოს მეილის კითხვა.

M: როგორი იყო სააგენტოს პირობები – ვის ეძებდნენ &walsh-ის გუნდში?

&walsh და ვფიქრობ, ყველა წარმატებული სტუდია ასეა – სულ ეძებენ თანამშრომლებს. საიტზეც კი უწერიათ, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლია გაუგზავნო პორტფოლიო. ჩემ შემთხვევაშიც იგივე მოხდა, არც ვაკანსია იყო გამოცხადებული და არც კონკრეტული პოზიცია/პირობები. მეილის გაგზავნიდან დაახლოებით ერთ თვეში მომივიდა ჯესიკასგან მეილი და უკვე იქ შევთანმხდით პოზიციასა და პირობებზე. თანამშრომლების 90% დისტანციურად ვმუშაობთ.

M: რა გამოცდილება და უნარები დაგეხმარა &walsh-ის დაინტერესებაში? 

პირველ რიგში, ძალიან დამეხმარა ის ფაქტი, რომ &walsh არ არის პირველი უცხოური სააგენტო, რომელთანაც მომიწია შეხება. მანამდე ვმუშაობდი Studio Brokstad-ში, რომლის დამფუძნებელი და მთავარი დიზაინერი Daniel Brokstad წლების განმავლობაში მუშაობდა Sagmeister&Walsh – ში. მისგან მიღებული რეკომენდაციით, ფაქტობრივად, გასაუბრების გარეშე ამიყვანეს. დღემდე ვთანამშრომლობ ესპანურ დიზაინ სტუდია Replica-სთან.

ზოგადად იქაური მუშაობის ტემპი და კულტურა ძალიან განსხვავდება ქართულისგან. ამიტომ, მანამდე სხვა სტუდიებში ის გამოცდილება რომ არ მიმეღო, ბევრად გამიჭირდებოდა.

M: როგორც ახსენე, აქამდე სააგენტოში ქართველს არ უმუშავია. რამ გადააწყვეტინა &walsh-ს ქართველი დიზაინერის აყვანა?

მიმაჩნია, რომ პორტფოლიო და რეკომენდაციები იყო გადამწყვეტი. კოვიდმა ყველას გვასწავლა დისტანციურად მუშაობა და მგონია, რომ დღეს უკვე არანაირ პრობლემას აღარ წარმოადგენს, რომელ ქვეყანაშიც გინდა, იქ ეძებოსამსახური. მეც ვცდილობდი ჩემი პორტფოლიო ისე შემედგინა, რომ არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო ბაზრისთვის შემეთავაზებინა მაღალი ხარისხი. სადაც ეგ საზღვრები მოიშალა და ყველას ყველგან შეგვიძლია ვიმუშაოთ, მგონია, დანარჩენი მხოლოდ ჩვენს შესაძლებლობებზე და მათ ბოლომდე გამოყენებაზეა დამოკიდებული.

პროექტები, რომლებიც გამიკეთებია ქართული ბაზრისთვის და ქართულ სააგენტოებში (მაგალითად, კაკლების ბაზრის ბრენდინგის კონცეფცია, რომელზეც ვიმუშავე JWT Metro-ში) ძალიან დამეხმარა საზღვარგარეთ მასშტაბებზე გასვლაში. იგივე შემიძლია ვთქვა ციმციმის სანთლების პროექტზე. სამუშაო საზღვრები კი მოგვეშალა, მაგრამ ვთვლი, რომ ქართველ დიზაინერებს ძალიან დიდი უპირატესობა გვაქვს გამოვიტანოთ ჩვენი ქვეყნის მართლა ბევრისგან განსხვავებული კულტურა ჩვენს ნამუშევრებში და სწორად ამით გავაცნოთ ჩვენი თავიც და ქვეყანაც.

M: როგორია სამუშაო პროცესი – რა არის ყველაზე საინტერესო ან რთული?

სამუშაო პროცესი ძალიან მკაცრი და მოწესრიგებულია. ყველა დეტალი  გათვლილი, დაწყებული ფაილის დასეივების ინსტრუქციებიდან (რომელზეც 20-გვერდიანი pdf გამომიგზავნეს) დამთავრებული სლექში ემოჯი რეაქთების მნიშვნელობით. ყველა ემოჯის თავისი მნიშვნელობა აქვს – ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ხშირად, წერისთვის არ გვცალია და დრო უნდათ, რომ დავზოგოთ რეაქთით. ბრიფები დეტალურადაა გაწერილი და ჯერჯერობით, ძალიან საინტერესოა. ყველაზე რთული, მაგრამ ამავდროულად, ჩემთვის ყველაზე კარგი ნაწილი ისაა, რომ როდესაც კონცეფციას იფიქრებ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა განმეორდე. არავის ნამუშევარს არ უნდა ჰგავდეს, ყველა ბრიფზე არის მოთხოვნა, რომ ასეთი აქამდე არავის არ უნდა ჰქონდეს გაკეთებული. როდესაც ამხელა მასშტაბების სააგენტოსთან გაქვს შეხება და იცი, რომ შენი ნამუშევარი ამ სააგენტოს სახელით გავა, ძალიან ფრთხილად უნდა იყო რეფერენსების არჩევაშიც და კონცეფციის მოფიქრებაშიც.

თუმცა სიმკაცრესთან ერთად, ძალიან დასაფასებელი დამოკიდებულებაა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. დაახლოებით, კვირაში ერთხელ პროდიუსერი (იგივე ექაუნთი) გიკავშირდება და გეკითხება საქმის რაოდენობა რამდენად მისაღებია შენთვის, როგორ გრძნობ თავს, რამეს ხომ არ მოიკლებდი ან დაიმატებდი და ა.შ.

M: როგორია ჯესიკა უოლში, როგორც ხელმძღვანელი?

ჯესიკა, ფაქტობრივად, ყველა პროექტის ხელმძღვანელია. თავიდან, ძალიან გამიკვირდა, იმ დოზით რომ უნდა მქონოდა კომუნიკაცია, რა დოზითაც მაქვს. ველოდებოდი, რომ ბევრი შუამავალი მეყოლებოდა. ყველა პროექტის დიზაინის ფიდბექს ჯესიკა იძლევა, ოღონდ ეს შეიძლება იყოს 7 რაუნდი. ფიდბექებიც ასეა გაყოფილი – კვირაში ერთი რაუნდია და ყოველი ფიდბექის მერე ასწორებ დიზაინს. დიზაინერებს სულ გვაქვს ჯესიკასთან კომუნიკაცია და ზუსტად მისგან ვიღებთ ფიდბექს, დავალებებს და ზოგადად, ნებისმიერ საკითხზე შეგიძლია დაელაპარაკო. ჯესიკა უფრო მეტად დიზაინის და არტ დაირექშენის მხარეს არის ჩართული, ხოლო ლორენი (ჯესიკას და) – ქოფირაითინგის ნაწილში.

M: დღევანდელი გადმოსახედიდან, რა შანსი აქვს ქართველ სპეციალისტს &walsh-ის გუნდის წევრობის?

ჩემი აზრით ზუსტად იგივე შანსი აქვს რაც ნებისმიერ სხვას. ზოგადად, ყველას თანაბარი შანსები გვაქვს, სანამ საქმე არ მივა ჩვენს ნამუშევრებამდე. დღეს, უკვე მხოლოდ ნამუშევრებით ვფასდებით. ფაქტია, არც ესპანეთში ვარ სამწუხაროდ ნამყოფი, არც ნიუ-იორკში და არც ლონდონში, თუმცა სამივეგან მიმუშავია თბილისიდან. ის დრო, როცა რაღაცებს მდებარეობას, ნაცნობობას ან წარმომავლობას ვაბრალებდით, წავიდა. ყველას ყველაფერი შეგვიძლია და ამის თავიდანვე მჯეროდა, სანამ ვინმე სადმე ამიყვანდა. მგონია, ყველა ყველას რომ შევეჯიბროთ და ყოველთვის ვეცადოთ, არა მხოლოდ ლოკალურად, არამედ ზოგადად, კარგი ნამუშევარი დავდოთ, ბევრად უკეთეს ხარიხს მივიღებთ საქართველოს მასშტაბითაც.

M: როგორია შენი მოლოდინი სააგენტოში სამომავლო განვითარების შესახებ?

ჯერჯერობით, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი სამუშაო პირობებით, კარგ შეფასებებსაც ვიღებ და გარკვეული პერიოდი ვაპირებ &walsh-ში მუშაობას. სამომავლოდ, ვფიქრობ საკუთარი დიზაინ სტუდიის გახსნას თბილისში, ჩემს პარტნიორებთან ერთად. ამ ნაბიჯსაც ბევრად უფრო თამამად გადავდგავ ჯესიკასთან მიღებული გამოცდილების შემდეგ.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

შეგვიძლია თუ არა ფიქრი სასაუბრო ენის გარეშე?

It can’t be bad. Because it is made by you — სრულყოფილი კამპანია არასრულყოფილებაზე