ქართული ხელწერა Nike-ის რეკლამაში! Nike-ის კამპანია ქართული და უცხოური ტალანტის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითად იქცა. ცნობილი რეჟისორი იან პონს ჯუელი, რომელიც დიდი ენთუზიაზმით სწავლობს ქართულ ენას, ფროდაქშენ დიზაინერი ჯორჯო (გიორგი ყარალაშვილი) და Enkeny Films ერთობლივად შეიკრიბა. მადრიდში გამართულ გადაღებებზე ჯორჯომ, შექმნა კამპანიის ვიზუალური მხარე. Enkeny Films-მა ქასთინგზე იზრუნა, მათი პროდიუსერები უშუალოდ ჩაერთნენ გადაღებებში, Prodco-თან ერთად. თანამშრომლობა ამით არ სრულდება – ენკენი ფილმსი, იან პონს ჯუელი და ჯორჯო უკვე ამზადებენ მხატვრულ ფილმს, რომლის გადაღებებიც მომავალი წლის გაზაფხულზე საქართველოს მთიან რეგიონში შედგება. დეტალებზე იან პონს ჯუელი, გიორგი ყარალაშვილი (ჯორჯო) და Enkeny Films-ის დამფუძნებელი ბაჩო მებურიშვილი გვესაუბრნენ.
M: ჯორჯო, როგორ აგირჩიეს Nike-ის “Killer Instinct” კამპანიის დამდგმელ მხატვარად?
ჯორჯო: Nike “Killer Instinct” უკვე რიგით მეოთხე პროექტია რომელიც იანთან და Prodco-თან ერთად გავაკეთეთ. წინა სამი პროექტი საქართველოში გადაიღეს. პირველი იყო სარეკლამო რგოლი “Hubspot” “Shelter” სერვის ფროდაქშენთან ერთად, იქ არტ-დირექტორის პოზიცია მქონდა და ჩვენს არტ-დეპარტამენტის გუნდთან ერთად ვმუშაობდი. შემდეგ იყო Erste Bank-ის რეკლამა, სადაც უკვე ფროდაქშენ დიზაინერის პოზიციაზე გახლდით.
პარალელურად, საუბარი დავიწყეთ იანის სამომავლო მხატვრულ ფილმზე, რომლის განხორციელებასაც Enkeny films გეგმავს საქართველოში. ასევე, ენკენისა და Prodco-თან ერთად გავაკეთეთ Leon Vynehall-ის მუსიკალური ვიდეო “Cruel Love”, სადაც დამდგმელი მხატვარი ვიყავი. Cruel Love განსაკუთრებულად საინტერესო პროექტი აღმოჩნდა ჩემთვის. ვიზუალზე და სამყაროზე მუშაობით დიდი სიამოვნება მივიღე.
სწორედ ამ ვიდეორგოლის გადაღებაზე გვესტუმრნენ სეტზე იანი და ოქტავიო (ნაიკის დამდგმელი ოპერატორი). მაშინ უკვე ვმეგობრობდით და ვისაუბრეთ ჩვენს სამომავლო პროექტზე, ფილმზე, რომლის გადაღებებიც მომავალ წელს იგეგმება და მალევე დავემშვიდობეთ ერთმანეთს. გადაღების პროცესი საკმაოდ ინტენსიური იყო და ბევრი საქმე მქონდა. უცებ, ერთ საათში, მივიღე მეილი Prodco-სგან, სადაც მადრიდში, Nike-ის სარეკლამო რგოლის დამდგმელი მხატვრის პოზიციაზე მთავაზობდნენ მუშაობას. თავიდან ცოტა ავნერვიულდი და ვუთხარი, რომ დაფიქრება დამჭირდებოდა. რა თქმა უნდა, მაშინვე გადავურეკე მარიამს (Slow Pulse-ის დამაარსებელია, ჩემთან ერთად) და პირველმა მღელვარებამ რომ გადამიარა, თანხმობის წერილი დავუბრუნე Nike-ს.
ბაჩო: თუ არ ვცდები, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ამხელა ბრენდის სარეკლამო რგოლის დამდგმელი მხატვარი ქართველი იყო. ჯორჯოს (გიორგი ყარალაშვილი) რამდენიმე პროექტზე უკვე ნამუშევარი ჰქონდა იენთან და როდესაც იენმა მითხრა, რომ ჯორჯოს მოწვევას აპირებდა, ვიცოდი, რომ საუკეთესო არჩევანს აკეთებდა. ჯორჯო და მისი გუნდი „სლოუ პულსი” ზუსტად იმ რანგის პროფესიონალები არიან, რომლებსაც ნებისმიერი სირთულის ამოცანის გადაჭრა შეუძლიათ, როგორც შემოქმედებითი, ასევე ტექნიკური კუთხით.
M: იან, როგორ განვითარდა თანამშრომლობა Nike-ის სარეკლამო კამპანიაზე ქართულ გუნდთან?
იანი: შესაძლებლობის შემთხვევაში, ყოველთვის ვცდილობ მსახიობები საქართველოდან შევარჩიო, რადგან აქაური სამსახიობო ნიჭი განსაკუთრებით მხიბლავს. ქართველებს აქვთ ძალიან გამორჩეული იერსახე და რეკლამის შექმნისას, სადაც სახეები ეკრანზე მხოლოდ წამიერად ჩნდებიან, ძლიერი გამომეტყველება უზარმაზარ ემოციურ ზემოქმედებას ახდენს ამ მოკლე დროშიც კი.
მსახიობების გარდა, დიდი სურვილი მქონდა ჯორჯო ჩამერთო და Enkeny Films-თან მეთანამშრომლა ქასთინგისა და კოორდინაციის საკითხებში, რადგან ერთად ვგეგმავთ მხატვრული ფილმის გადაღებას. ესპანეთში, დიდი სარეკლამო პროექტის ფარგლებში, ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იყო ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო სამუშაო პროცესში.

M: რა კრიტერიუმებით განსაზღვრავს Nike, როგორც გლობალური ბრენდი, შემოქმედებით ჩარჩოებს და რამდენად საკუთარი ხედვის რეალიზებისთვის? ამ თვალსაზრისით, რომელი პროექტი მიგაჩნიათ თქვენი პორტფოლიოს ყველაზე გამორჩეულ ნამუშევრად?
იანი: Nike შემოქმედებითი თვალსაზრისით ნამდვილად გამორჩეული ბრენდია. თითოეული პროექტი უნიკალურია, თუმცა ზოგადად, მათ ყოველთვის სურთ ძლიერი, გამორჩეული პროდუქტი, რადგან მუდმივად იბრძვიან კონკურენტი ბრენდების წინააღმდეგ ყურადღების მოსაპოვებლად. ეს კონკრეტული პროექტი კომპანიის მნიშვნელოვან ცვლილებასა და გამორჩეულობისკენ სწრაფვას ასახავდა.
პირადად მე, საკმაოდ დიდი შემოქმედებითი თავისუფლება მეძლევა, რადგან ამ სფეროში უკვე წლებია ვმოღვაწეობ. ჩემთან არ მოდიან სტანდარტული იდეებისთვის, თუმცა საუკეთესო შემოქმედებითი პროდუქტის შესაქმნელად ყოველთვის გარკვეული ბრძოლაა საჭირო. ბევრს ჰგონია, რომ სრული თავისუფლება მაქვს, მაგრამ საბოლოო შედეგი, რომელსაც ხედავთ, დიდი შრომის ნაყოფია – ეს არის ბრძოლა იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ დასაწყისში ჩაფიქრებული ყველა იდეა. პროცესში ყოველთვის არიან გადაწყვეტილების მიმღები მაღალი პოზიციის პირები, რომლებიც უნდა დავარწმუნოთ. ამ კუთხით, აშშ-ის ოფისი გაცილებით უფრო კონსერვატიული და ფრთხილია, ვიდრე ბრიტანეთის.
რაც შეეხება ნამუშევრებს, ჩემი პირადი ფავორიტია Nike-ის რგოლი სახელწოდებით “Piggyback”.
M: ჯორჯო, რამდენად იყო მნიშვნელოვანი ეს გამოცდილება თქვენთვის და საერთაშორისო ბაზარზე ქართული ტალანტის დაფასების თვალსაზრისით?
ჯორჯო: უკვე 15 წელია, რაც მე და მარიამი ვმუშაობთ საქართველოში Slow Pulse-ის სახელის ქვეშ. საკმაოდ დიდი გამოცდილება და კარგი პორტფოლიო დავაგროვეთ. საკუთარი კომპანია და არტ-დეპარტამენტ გუნდი გვყავს District crew. ერთად საკმაოდ ბევრი შესაძლებლობები გვაქვს და საინტერესო პროექტებს ვაკეთებთ.
იქამდე მქონდა ერთი მსგავსი გამოცდილება – სლოვენიაში გასვლითი გადაღება, შემდგომ იყო ეს. არ მსმენია, რომ საქართველოდან დამდგმელ მხატვრად (Production Designer) მიეწვიათ სხვაგან სამუშაოდ. შეიძლება არის კიდეც მსგავსი გამოცდილებები. ასეა თუ ისე, მიხარია, რომ ჩემთვის ეს კარი საბოლოოდ გაიღო და დარწმუნებული ვარ არა მარტო ჩემთვის.
პროცესს რაც შეეხება, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება იყო რაც კი მქონია, უამრავი საინტერესო იდეა დაიბადა და განხორციელდა. ცოტა ვინერვიულე, ბევრი ვიმუშავე და მგონი, მშვენიერ შედეგამდეც მივედით. Nike-ის მთლიანი კამპანია Scary Good ძალიან საინტერესოა, მოიცავს სხვადასხვა რეჟისორის, მედიისა და ჟანრის ნამუშევრებს. ძალიან მიხარია რომ აქედან ორი რგოლის – Anthem და Serial Killers – შექმნის მონაწილე გავხდი.
M: იან, რა ფუნდამენტური განსხვავებები შეამჩნიეთ ქართულ კრეატიულ გარემოსა და დასავლურ ფროდაქშენ კულტურას შორის?
იანი: ამ კითხვაზე პასუხის მოკლედ გაცემა რთულია, რადგან საქართველო მრავალი თვალსაზრისით ჩემს მეორე სახლად იქცა. რაც განსაკუთრებით მომწონს აქაურ გუნდებთან მუშაობისას, არის ის აღფრთოვანება და ენთუზიაზმი, რომელიც თითქმის ყოველთვის იგრძნობა.
მაგალითად, როცა ლოს-ანჯელესში მუშაობ, ხშირად ვერ გრძნობ იმ განსაკუთრებულ ენერგიას გადაღების პროცესში. საქართველოში კი, ჩემი გამოცდილებით, ეს ენერგია ნამდვილად შესამჩნევია, განსაკუთრებით, როცა პროექტი საინტერესოა. გადაღებისთვის კი ენერგია გადამწყვეტია.
M: თქვენი კავშირი საქართველოსთან პროფესიულ გამოცდილებას აშკარად სცდება. რამ განაპირობა ეს ინტერესი და როგორ აისახება თქვენს შემოქმედებით ხედვაზე?
იანი: ამ კითხვაზეც მიძნელდება მოკლე პასუხის გაცემა. ჩემი ფილმის გადაღებები აქ მიმდინარეობს და ამჟამად, გადაღებამდე საქართველოში ვცხოვრობ. ვსწავლობ ქართულს (შეძლებისდაგვარად) და ვცდილობ ქვეყანა უფრო ღრმად შევიცნო, რაც საბოლოოდ, ფილმის შექმნას ემსახურება. სწორედ ამიტომ ვგრძნობ თავს იღბლიანად, რომ კინოხელოვნებას დავუკავშირე ჩემი საქმიანობა – ეს ცხოვრებით სავსე პროცესია, რომელმაც მთელ მსოფლიოში უამრავი შესანიშნავი გამოცდილება მაჩუქა. ახლა კი აქ ვარ, საქართველოში, ამ ფილმისთვის, რაც საშუალებას მაძლევს ქვეყანაში უფრო ღრმად ჩავიძირო.
ბაჩო: დიდი ხანია (ჯერ კიდევ ფილმის იდეამდე დიდი ხნით ადრე), იანი შეყვარებულია საქართველოზე. კარგა ხანია არ მინახავს, ვინმე ასე მონდომებით სწავლობდეს ქართულს და ყველაფერს საქართველოს შესახებ. ხშირად, ასეთი ადამიანები განსხვავებული კუთხიდან დაგანახებენ და თავიდან აღმოგაჩენინებენ ხოლმე იმას, რაც შენთვის უკვე ყოველდღიური და ცოტა მივიწყებულიც კია.
M: როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი გრძელვადიანი თანამშრომლობა ქართულ კინოინდუსტრიასთან? რა პოტენციალს ხედავთ საქართველოს, როგორც საერთაშორისო კინოწარმოების ჰაბის განვითარებაში?
იანი: ამ ფილმის მიღმაც, ვერ წარმომიდგენია, რომ გადაღების შემდეგ უბრალოდ, წავიდე. მინდა ყველაფერი გავაკეთო, რაც შემიძლია, რათა აქაურ შემოქმედებით სივრცეს რამე შევმატო და არა მხოლოდ თავად მივიღო. ბევრს ვსწავლობ ქართველი ხელოვანებისგან და იმედი მაქვს, მეც შევძლებ რამეთი დავეხმარო. ბოლოს და ბოლოს, ენერგიის გაცვლა ყველაფერია.
M: ჯორჯო, Nike-ის პროექტის შემდგომ, იანთან ფილმზე თანამშრომლობა განაგრძეთ. გვიამბეთ ამ პროექტსა და იმ შესაძლებლობებზე, რაც ქართულ ტალანტს და თავად საქართველოს ეხსნება საერთაშორისო ბაზარზე?
ჯორჯო: იანთან საქმიანი და მეგობრული ურთიერთობის ყველა მომენტი საინტერესო გამოცდილებაა და ასევეა ოქტავიოც. ჩემთვის, ის ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედებითი ოპერატორია, ვისთან ოდესმე მიმუშავია.
ფილმზე ამ ეტაპზე ბევრს ვერ გიამბობთ. ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ იანი განსაკუთრებულად შეყვარებულია საქართველოზე და ქართველებზე, რაც კარგად იკითხება ფილმის სცენარშიც და მისთვის დამახასიათებელი სარკასტული იუმორიც თან ახლავს ამბავს. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროექტი გველის.
M: ბაჩო, გვიამბე Nike-თან თანამშრომლობის შესახებ. რა როლი ჰქონდა Enkeny Films-ს ამ პროექტში ?
ბაჩო: ნაიკის პროექტში ჩვენი გუნდი ნაწილობრივ ვიყავით ჩართული. გავაკეთეთ ქართული ქასთინგის მენეჯმენტი, ჩვენი ჩვენი პროდუსერები იყვნენ ჩართული ძირითად გადაღებებში ესპანეთში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ქართული სარეკლამო სფეროსთვის და მომავალში აუცილებლად ექნება ძალიან, ძალიან საინტერესო განვითარება.
M: თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ქართველი პროფესიონალების საერთაშორისო აღიარება, როგორც ეს ჯორჯოს შემთხვევაშია?
ბაჩო: ჩვენთან, საქართველოს პატარა ბაზარზე ხომ ასე ხდება ხოლმე – ხშირად ზუსტად ვერ ვხვდებით, როგორ იზრდებიან ადამიანები და შემდეგ ვხედავთ, რომ ზუსტად იმ ხარისხით შეუძლიათ მუშაობა, შეხვედრებზე „რეფერენსებად“ რომ ვაჩვენებთ ხოლმე ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, ასეთი ჩვენიანების მაგალითები მომავალში კიდევ უფრო მეტი გვექნება.
M: ბაჩო, რა სამომავლო პროექტებზე მუშაობთ ამჟამად იანთან და ჯორჯოსთან ერთად?
ბაჩო: იანთან და ჯორჯოსთან ერთად, ძალიან საინტერესო ფილმზე ვმუშაობთ, რომლის გადაღებებიც შემდეგი წლის გაზაფხულზე დაიწყება. ეს არის ფილმი ძალიან საინტერესო და უჩვეულო თავგადასავალზე, რომლის სიუჟეტიც საქართველოს ერთ-ერთ მთიან რეგიონში ვითარდება. მუშაობა უკვე დაწყებულია, ამ ეტაპზე მსახიობების და გადასაღები ადგილების საბოლოო შერჩევის პროცესზე ვართ. იანი ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორია მსოფლიოში, ძალიან განსხვავებული და უნიკალური ხედვით. ფილმიც სწორედ ასეთი იქნება.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი














