Run, Forrest, Run! — ამიერიდან შეგვეძლება, ეს ფრაზა უფრო ორგანულად მოვირგოთ და ყოველდღიურობის სიმბოლურ ნაწილად ვაქციოთ… Nike საკულტო ფილმში გამოყენებულ სპორტულ მოდელს აცოცხლებს. ვისაც ეს კინემატოგრაფიული შედევრი ნანახი გაქვთ, გემახსოვრებათ, რომ ნაიკის ფეხსაცმელი ფორესტის სანდო კომპანიონად იქცა — თავად მოდელი Cortez კი პოპკულტურის ნაწილად გვევლინება.
ეს უახლესი გამოშვება ფილმის 30 წლის იუბილეს და თავად ფეხსაცმლის 52-ე დაბადების დღეს ემთხვევა. ეს უკანასკნელი 1968 წელს Nike-ის თანადამფუძნებელმა, ბილ ბოუერმანმა შექმნა და ბრენდის სამომავლო წარმატების ფუნდამენტურ ძალად იქცა. გამოშვებიდან მალევე, Cortez-მა სპორტული სამყაროდან ყოველდღიურ ცხოვრებაში გადაინაცვლა — ქუჩის მოდაში დაიმკვიდრა ადგილი.
გულშემატკივრების აქტიური მოთხოვნის ფონზე კი, ბრენდმა Cortez თანამედროვე რეალობაში დააბრუნა. ამ განახლებაში ვიზუალი უცვლელია, უბრალოდ გაუმჯობესებული ტექნიკითაა შესრულებული — მეტად კომფორტული და უფრო მყარია, რათა ფეხსაცმელმა დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს ფორმა.
გაყიდვები 8 მაისს დაიწყო, ღირებულება კი 110 დოლარია.