Nike სპეციალურად ქალებისთვის შექმნილ უახლეს კოლექციაში საცეკვაო პერფორმანსით ეშვება. Goddess Awakened-ის სახელით ცნობილი კამპანიის ქორეოგრაფიაზე ბრენდის პარტნიორმა, პარის გებელმა იზრუნა — სცენაზე 30 მოცეკვავისა და ათლეტის ერთობლივი ცეკვა ქალების კოლექტიურ ძალაზე, სტილის შეგრძნებასა და თვითგამოხატვის ხელოვნებაზე მიანიშნებდა.
ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთის, ნიკეს, სახელით შთაგონებული კამპანიის კონცეფცია მეამბოხურ ხასიათს ატარებს. „კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ქალებს გამუდმებით მიუთითებდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, რა უნდა ეთქვათ, როგორ ეგრძნოთ თავი — ამაღამ ამ ბორკილების გაწყვეტა და ჩვენი ხმების ყველასთვის მიწვდენა, სხეულების აღიარება და ერთად ფრენა გადავწყვიტეთ“, — აღნიშნა გებელმა.
პერფორმანსული სპექტაკლი 40 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და ქალის სხეულის მრავალფეროვან ტიპებს უსვამდა ხაზს. ეს იყო განმათავისუფლებელი და ემოციური კამპანია, რომელიც ქალების წინაშე არსებულ გამოწვევებს ეხმიანებოდა.