მდგრადობისკენ სწრაფვას არც ფიტნესინდუსტრია გამოაკლდა — Nike გაბედულ ნაბიჯს დგამს და პროდუქტს გვაცნობს, რომლითაც ნარჩენებსაც ამცირებს და უკეთეს მომავალსაც ქმნის, როგორც სპორტსმენებისთვის, ისე პლანეტისთვის. ეს იდეა კი Nike Grind Dumbbells-ში ერთიანდება, რომელიც ფეხსაცმლის წარმოების პროცესის შედეგად დარჩენილი ნარჩენებისგან დამზადდა. უფრო ზუსტად, Nike Grind Rubber-ის მასალისგან, რომელიც, თავის მხრივ, ნარჩენებისგან მიიღეს.
ამგვარად, მდგრადი არჩევანია მათთვის, ვისაც საკუთარი ნახშირბადის კვალის შემცირება და ფიტნესრუტინის შენარჩუნებაც უნდა. Nike Grind Rubber ჰანტელებს უნიკალურ სტრუქტურას აძლევს — გამძლე და დრეკადია, შექმნილია იმისათვის, რომ რთულ ვარჯიშებს გაუძლოს და, ამასთან, კომფორტულიც იყოს.
დიზაინსაც დიდი ყურადღება მიაქციეს, ოღონდ არამხოლოდ ვიზუალური, არამედ ფუნქციური თვალსაზრისით. ჰანტელების სახელური ერგონომიული ფორმისაა, დიამეტრი კი წონის მატებასთან ერთად იზრდება, რაც უსაფრთხო და დახვეწილ მოჭიდებას უზრუნველყოფს, მიუხედავად დატვირთვისა. დაბალი წონები თუ თხელი სახელურებითაა, მაღალ წონაზე, სიმტკიცის მიზნით, სახელურებიც სქელდება. ასე კი იდეალური ხდება ვარჯიშების ფართო სპექტრისთვის.
ექვსკუთხა დიზაინით ჰანტელების გადაგორებას აირიდებთ თავიდან, რითაც იგი უსაფრთხო ხდება ნებისმიერ ზედაპირზე გამოსაყენებლად და იატაკსაც იცავს დაზიანებისგან.
აღსანიშნავია, რომ Nike Grind Dumbbells უნიკალურ ფერთა ნაზავს სთავაზობს მომხმარებლებს, რაც უშუალოდ ნაიკის ფეხსაცმლის სეზონურ ფერებზეა დამოკიდებული, თუმცა საბაზისო ფერად ყოველთვის ნაცრისფრის გამოყენებას აპირებენ.
ფასი 30$-დან იწყება და 210 დოლარამდე ადის, რაღა თქმა უნდა, წონების შესაბამისად.