20
Aug
2019

„ჩვენს ხმას დიდი ძალა აქვს“ – Nike ორსული სპორტსმენების მიმართ პოლიტიკას ცვლის

20 Aug 2019

Nike ორსულობისა და დეკრეტული შვებულების პოლიტიკას ცვლის. საუბარია იმ სპორტსმენებზე, ვისი მხარდამჭერი და სპონსორიც კომპანიაა. ამის საჭიროება მაშინ დაინახეს, როცა ბრენდი, მოქმედმა სპორტსმენებმა: ელისონ ფელიქსმა, ალისია მონტანიომ, ფიბი რაიტმა და კარა გუჩერმა გააკრიტიკეს. CNN-ის ცნობით, ცვლილების მიხედვით, „ნაიკი“, ქალ სპორტსმენებს „ორსულობის გამო არ დააჯარიმებს და 18 თვის მანძილზე მათთვის არაფერი შეიცვლება, ანუ, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ჩვეულებრივ მიიღებენ ანაზღაურებას. აქამდე, ანაზღაურებადი, 6 თვით ნაკლები, მხოლოდ 12 თვე იყო. თანაც, როგორც სპორტსმენები ამბობდნენ, მუდმივად ზეწოლის ქვეშ იყვნენ, რაც შეიძლება სწრაფად ჩამდგარიყვნენ ფორმაში და პროფესიულ სპორტს დაბრუნებოდნენ. ახლა Nike-მა მათ ახალი კონტრაქტები გაუფორმა.

კამპანია Never Stop Winning

ოლიმპიური ჩემპიონი, გრძელ დისტანციაზე მორბენალი ალისია მონტანიო, 8 თვის ორსული, ისევ მონაწილეობდა შეჯიბრებებში. ამბობდა, რომ Nike კონტრაქტს შეუწყვეტდა და აღარც თანხას გადაუხდიდა, თუ ბავშვის გაჩენას მოინდომებდა. ეს იყო 2019 წლის მაისში. ​

 

„არასოდეს დაკარგოთ რწმენა და არ თქვათ უარი თქვენს მიზნებზე, მაშინაც კი, თუ ამას მსხვერპლად, თქვენი კონტრაქტი და ანაზღაურება ეწირება. ამ დროს კი კომპანია [Nike] მთელს მარკეტინგულ კამპანიას უძღვნის თქვენნაირ ქალებს და მათ მნიშვნელობაზე ქადაგებს“, – ამბობდა ალისია მონტანიო  New York Times-თან ინტერვიუში.   

ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი ელისონ ფელიქსი კი ამბობს, რომ კომპანიის წარმომადგენლები მისგან რაც შეიძლება სწრაფად ითხოვდნენ ფორმაში ჩადგომას, იმის მიუხედავად, რომ ორსულობის 32-ე კვირაზე, შესაძლო გართულებების გამო, გადაუდებელი საკეისრო კვეთა გაიკეთა.

 

BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კი აღნიშნა, რომ მშობიარობის შემდეგ, Nike-ს სურდა, მისთვის კონტრაქტით გათვალისწინებულ თანხაზე 70%-ით ნაკლები გადაეხადა.

Nike-ის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიისა და სპორტსმენების დიდი უკმაყოფილებისა გამო, კომპანიამ, საკუთარი პოლიტიკის გადახედვა და პირობების შეცვლა გადაწყვიტა – ბრენდმა მათ ახალი ხელშეკრულებები გაუფორმა.

„თუ სპორსტმენი დაორსულდება, Nike-ს არ აქვს უფლება, რაიმე სახის ფინანსური სანქცია დაუწესოს მას 18 თვის განმავლობაში. მთელი ამ დროის მანძილზე, არ აქვს უფლება, ზეწოლა მოახდინოს სპორტსმენზე, თუ ის შეჯიბრებებში ორსულობის მიზეზით არ მონაწილეობს“ – ნათქვამია ახალ ხელშეკრულებაში, რომელიც ელისონ ფელიქსმა სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა.

ოლიმპიური ჩემპიონის თქმით, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

„ჩვენს ხმას დიდი ძალა აქვს. ახალი კონტრაქტი ნიშნავს, რომ ქალ სპორტსმენებს, შვილის გაჩენის გამო, არანაირი ფინანსური სანქცია არ დაეკისრებათ“.

 

განხილვა