ოდესმე შეგიმჩნევიათ, რომ თქვენი ფეხსაცმელი ორმაგად გახვეულ მუყაოს ყუთებშია მოთავსებული? როგორც რიჩ ჰასტინგსი, Nike-ის ფეხსაცმლის ყუთის დიზაინერი აღნიშნავს, ზოგჯერ არავინ აქცევს შეფუთვას ყურადღებას… რეალურად კი მას დიდი გავლენა აქვს გარემოზე.
2020 წლის Space Hippie-ის 25-50%-იანი რეციკლირებული ფეხსაცმლის არჩევისას, ჰასტინგსმა და მისმა გუნდმა ფეხსაცმლის ყუთის იდეაც მოიფიქრა. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი Nike-ის გარემოსდაცვით ინიციატივებს შეესაბამებოდა. საუბარია One Box-ზე — მდგრად სისტემაზე, რომელიც ფეხსაცმლის პირდაპირ საკუთარ კონტეინერში მოთავსებას გულისხმობს, ნაცვლად დამატებითი გადასაზიდი ყუთისა.
ეს შეზღუდული გამოცემა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ფეხსაცმელი იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, რომ დიდი რაოდენობის კონტეინერი ძალიან მოკლე დროში უნდა ეწარმოებინა კომპანიას. შედეგად, ყუთები არ იყო საკმარისად ხარისხიანი და გადაზიდვას ვერ უძლებდა. ამიტომაც, ბრენდმა მათ გაუმჯობესებაზე დაიწყო მუშაობა.
One Box-ის ამჟამინდელი, განახლებული ვერსია კი Nike-ის ნებისმიერი ფეხსაცმლისთვის გამოდგება, რაც გარე ყუთის ან რაიმე დამატებითი შეფუთვის საჭიროებას გამორიცხავს. ტრადიციულ შეფუთვასთან შედარებით, „ერთი ყუთი“, ინდივიდუალური ონლაინ შეკვეთებისთვის, ნარჩენებს 51%-ით ამცირებს.
ამასთან, ყუთზე გამოჩენილი ლოგოს ნაცვლად, ჰასტინგსმა მოკრძალებული ვიზუალი აირჩია. მიზეზი მარტივია — მას არ სურს, ყველასათვის თვალსაჩინო იყოს, ვისი პროდუქცია დევს ყუთში. მისი თავსახური კი წებოვანი ლენტითაა დამაგრებული.
მართალია, One Box Nike-ის ყველა ამჟამინდელ ფეხსაცმლის ყუთს ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ ჰასტინგსის თქმით, დიზაინი მაინც შეიძლება განვითარდეს, როგორც ბრენდის მიზნის ნაწილი — შემცირდეს პროდუქტის შეფუთვა, მაშინაც კი, როდესაც საქმე ეხება შესაფუთად გამოყენებულ ქაღალდს