Nike ახლადშექმნილ ინტერნეტ ბრენდ MSCHF-ს უჩივის, რომელიც რეპერ Lil Nas X-თან თანამშრომლობით “არაავტორიზებულ სატანის ფეხსაცმელს” ყიდის. როგორც ფეხსაცმლის კომპანია აცხადებს, Satan Shoes-ს საფუძვლად მისი მოდელი Air Max 97 უდევს, თუმცა ახლა ის ადამიანის სისხლის წვეთს შეიცავს და სატანისტური საკიდი-პენტაგრამაც კი აქვს.
“ნაიკის” აღშფოთება მართლაც რეალურია, რადგან ასეთი ქმედებით სავაჭრო ნიშანზე უფლებები დაირღვა. ასევე, კომპანია შიშობს, რომ ეს ზიანს აყენებს კომპანიის რეპუტაციას, რადგან მომხმარებლების ნაწილის აზრით, “ნაიკი” მხარს უჭერს სატანიზმს. “MSCHF-ის არაავტორიზებულმა სატანის ფეხსაცმელმა, შესაძლოა, გამოიწვიოს დაბნეულობა და შექმნას მცდარი კავშირი MSCHF-ის პროდუქტებსა და Nike-ს შორის” – აღნიშნავს კომპანია.
ალბათ, ბევრ თქვენგანს ინტერნეტ ბრენდი 2019 წლის “Jesus Shoes”-ით ახსოვს, რომელიც ასევე Nike Air Max 97-ის მოდიფიცირებული ვერსია იყო, ჯვარცმული ქრისტეს გამოსახულებითა და მდინარე იორდანეს დეტალებით. ეს Nike-ს არ გაუპროტესტებია, განსხვავებით საღვთისმეტყველო ინვერსიისა…
სატანის ფეხსაცმელში ადამიანის, კერძოდ, MSCHF-ის თანამშრომლების სისხლის წვეთსა და პენტაგრამას თან ერთვის წარწერა: “ლუკა 10:18”, რაც ლუკას სახარების მეათე თავის მე-18 მუხლზე მიუთითებს, სადაც ლუციფერის დაცემაზეა საუბარი – “დავინახე სატანა ციდან ელვისებურად ეცემოდა”.
“ნაიკის” სარჩელში რამდენიმე ზოგადი არგუმენტია მოყვანილი, რომლებიც საბოლოოდ კომპანიის დაზიანებას ეხება. ეს უკვე ცხადიც კია, მიუხედავად სასამართლომდე მისული გაპროტესტებისა, ხალხის ნაწილს არ სჯერა, რომ კომპანია უდანაშაულოა – “როგორ არ მონაწილეობს Nike, როდესაც ფეხსაცმელზე მისი სიმბოლოა?!”…
როგორც ნიუ ჰემფშირის უნივერსიტეტის იურიდიულმა პროფესორმა ალექსანდრა რობერტსმა Twitter-ზე აღნიშნა, MSCHF-ს შეუძლია, თავი დაიცვას – უბრალოდ საკმარისია, მან ფეხსაცმელი “პაროდიად” აღიაროს ან დარწმუნდეს, რომ მყიდველები სატანის ფეხსაცმელს Nike-ის მოდელში არ აურევენ. რობერტსის თქმით, ბრენდმა სრულიად ლეგალურად გამოიყენა ფეხსაცმლის მოდელი, რომლის დახმარებითაც, ახალი პროდუქტი შექმნა. “ეს ბარბისთვის სურათების გადაღებას და ხელოვნების ნიმუშად გაყიდვას ჰგავს”.
ალბათ, MSCHF, თავისი ეპატაჟური ხასიათიდან გამომდინარე, მზად იყო მრავალი სასამართლო პროცესისა და კრიტიკისთვის… ეს კი, თავის მხრივ, პროდუქტის ღირებულების გაზრდას შეუწყობს ხელს.
რაც შეეხება რეპერ Lil Nas X-ს, მან “სატანის ბოტასების” შესახებ ერთგვარი კომენტარი გააკეთა სოციალურ ქსელში – “თვითერზე” გამოაქვეყნა მონაკვეთი ანიმაციური სერიალიდან “სპანჯბობი”, სადაც ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს: “უბრალოდ ვიხუმრე… ხომ იცით, რომ უბრალოდ ვიხუმრე”.