Nike მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და უდიდესი კომპანიაა, რომელიც სპორტულ ფეხსაცმელსა და სამოსს ქმნის. ის არა მხოლოდ ბრენდია, არამედ არის ისტორია, თუ როგორ გადაიქცა ერთი კაცის ოცნება გლობალურ კორპორაციად, რომლის ღირებულებაც 100 მილიარდ დოლარზე მეტია. დღეს ჩვენ ვუბრუნდებით Nike-ის წარსულ დღეებს, რათა გავიგოთ, როგორ მოხდა ეს ჯადოქრობა და რა გზა გაიარეს მათ წარმატების მისაღწევად.
ამბავი იწყება ასე…
1962 წელი იდგა და ფილ ნაიტმა ახლახან დაამთავრა სტენფორდი. მას ჰქონდა ბიზნეს იდეა და მეწარმეობის სურვილი. იმ პერიოდში აშშ-ში Puma და Adidas დომინირებდნენ. ფილმა ბიზნესის ერთ-ერთ ლექციაზე დაწერა ნაშრომი, რომელშიც აღწერა თავისი იდეა და დაკვირვება. კერძოდ, როგორ შეცვალა იაპონურმა კამერებმა აშშ-ში დომინანტი გერმანული კამერები და შეიძლებოდა თუ არა, რომ ფეხსაცმლის შემთხვევაშიც იგივე განმეორებულიყო.
ამ ამბის ყველაზე საინტერესო მხარე ისაა, რომ ფილს თავად არ ჰქონდა იაპონური ფეხსაცმელები. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ოკუპაციის დროს მან რამდენიმე იაპონელ ჯარისკაცს დაუნახა იაპონური სპორტული ფეხსაცმელები და მოეწონა. მას არ ჰქონდა არანაირი გამოცდილება და მხოლოდ ვარაუდის დონეზე ხვდებოდა, რომ როგორმე უნდა დაჰკავშირებოდა იაპონელ მწარმოებელს და შეთანხმებოდა მისი საქონლის ამერიკაში იმპორტზე.
თუმცა ამბის მთელი ხიბლი და გამორჩეულობაც სწორედ ესაა. ფილი არ იქნებოდა Nike-ის დამფუძნებელი და არც Nike იქნებოდა ის, რაც არის, ფილს რომ არ ჰქონოდა ალღო, თუ როგორ უნდა დაძრა მსგავსი იდეები. ამიტომ ის უბრალოდ ადგა და გადადგა ნაბიჯი.
იაპონია
1962 წლის ნოემბერში ის ტურისტულად ჩაფრინდა იაპონიაში და დაიწყო ადგილობრივი ბაზრის შესწავლა. ულამაზეს ქალაქ კობეში ის წააწყდა ფეხსაცმლის მაღაზიას, რომელმაც თვალი მოსწყვიტა. მაღაზია ეკუთვნოდა კომპანიას სახელად Onitsuka Tiger და მათ მიერ დამზადებული ფეხსაცმელი იყო (თავის დროისთვის) ძალიან მაღალი ხარისხის.
ფილი იაპონიაში ფეხსაცმლის ამერიკელ დისტრიბუტორად წარდგა და კომპანიის დამფუძნებელთან შეხვედრა მოაწყო. ფილმა ადგილზევე მოიგონა ფირმის სახელი და შესთავაზა გამხდარიყო Onitsuka-ს დისტრიბუტორი ამერიკაში. იმან, რაც შემდეგ მოხდა, ფილიც გააკვირვა, რადგან კომპანიის დირექტორმა სავსებით რეალობად მიიღო ფილის წინადადება და დათანხმდა.
მანქანა მაღაზიის ნაცვლად
გარდა საკუთარი სპონტანურობისა და თავდაჯერებულობისა, ფილს არ ჰქონდა არაფერი, მაღაზიაც კი, სადაც ფეხსაცმლის გაყიდვას შეძლებდა. პირველ ჯერზე მან მხოლოდ თორმეტი წყვილი ფეხსაცმელი იყიდა Onitsuka-სგან და მოგზაურობის პარალელურად გაყიდა ისინი თავისი მანქანის საბარგულში მოწყობილ მაღაზიაში.
პარტნიორობა და ინვესტიცია
აშშ-ში დაბრუნებულმა ფილმა დახმარებისთვის თავის ყოფილ მწვრთნელს, ბილ ბოუერმენს მიმართა და იაპონიიდან ჩამოტანილი ფეხსაცმელი აჩვენა. ბილს იმდენად მოეწონა ისინი, რომ პარტნიორობას დათანხმდა და $5000-ის ინვესტიციაც ჩადო. 1964 წლის იანვარში ბილმა და ფილმა შექმნეს Blue Ribbon Sports და გააფორმეს პირველი შეკვეთა – 300 წყვილი ფეხსაცმელი. პირველ წელს BRS-მა გაყიდა 8000 დოლარის ღირებულების ფეხსაცმელი და ამ ფულით ფილმა თავისი კომპანიისთვის გამყიდველების დაქირავება დაიწყო.
ფილის მსგავსად, ბილიც საკმაოდ ჭკვიანი და მიზანდასახული გამოდგა. იაპონიიდან ჩამოტანილ ყოველ ახალ ფეხსაცმელს ჭრიდა და იკვლევდა. ამატებდა მას თავის ვარიაციებს და შენიშვნებს მომწოდებელ კომპანიას უგზავნიდა. ერთ-ერთ ასეთ რედიზაინს მან Cortez უწოდა, რომელიც ყველაზე გაყიდვადი ფეხსაცმელი გახდა 1968 წელს.
საკუთარი წარმოება
მიუხედავად წარმატებისა, კომპანიას პრობლემა შეექმნა, რადგან Onitsuka უპირველეს ყოვლისა, თავის ბაზარზე იყო ორიენტირებული. იგი აგვიანებდა შეკვეთების გამოგზავნას, რაც ხშირად ხელს უშლიდა კომპანიას წინსვლაში. ამიტომ ბილმა და ფილმა საკუთარი წარმოების დაწყება გადაწყვიტეს.
1971 წელს ფილმა დაიწყო ბრენდინგზე მუშაობა: მისმა პირველმა თანამშრომელმა შესთავაზა, ბრენდისთვის Nike დაერქმია, გამარჯვების ბერძენი ქალღმერთის სახელი. ასევე მათ სჭირდებოდათ ლოგო, რისთვისაც ფილი ეწვია ახლომდებარე უნივერსიტეტს, იპოვა იქ გრაფიკული დიზაინის სტუდენტი და სთხოვა, რომ ლოგო გაეკეთებინა მისი კომპანიისთვის.
Just do it
Nike-ს დაარსების შემდეგ კომპანიის საქმე სულ უფრო წინ წავიდა, რაც საბოლოოდ დაგვირგვინდა მსოფლიო ბრენდის ტიტულით, 1989 წელს ბრწყინვალე მარკეტინგის ფონზე, როგორიცაა “Just Do It”.
როგორც უკვე ნახეთ, მთელი ამ ბრენდის არსებობა ერთ გადადგმულ ნაბიჯზეა აწყობილი. ამიტომ უბრალოდ წადი და გააკეთე ის, რაც ფიქრობ, რომ უნდა გააკეთო.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
#დაძარი
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი