ბევრი კი ამბობს, ხელოვნური ინტელექტის ადგილი შემოქმედებაში არ არისო, მაგრამ მიმდინარე პროცესები საპირისპიროს ამტკიცებს… ამჯერად Nike-მა გამოიყენა AI-ის ძალა, რათა კონცეფციების ახალი ხაზი წარმოედგინა 13 ოლიმპიური სპორტსმენისთვის.
ამ ეტაპზე ბრენდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის აღმოჩნდა სპორტული ფეხსაცმლის უჩვეულო, დინამიკური და სრულიად განსხვავებული დიზაინი. შესაძლოა, რაღაც მხრივ მომავლის სამყაროს ნაწილადაც კი მივიჩნიოთ… ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებისა და 3D რენდერის პროგრამული უზრუნველყოფით, სპორტით ინსპირირებული მოდელები მხოლოდ რამდენიმე კვირაში შექმნეს.
მაგალითად, ჩოგბურთელი ჟენგ ქინვენისთვის მთვარის კალენდრით შთაგონებული ფეხსაცმელი შეიმუშავეს. ამას მოსდევს სპრინტერ შა’კარი რიჩარდსონისთვის შექმნილი მოდელი, რომელსაც პუანტების აბრეშუმისებრი ელემენტები ამშვენებს.
ხოლო კილიან მბაპესთვის Nike-მა ტიპური ბუცისა და საბრძოლო თვითმფრინავის დეტალების სინთეზი გადაწყვიტა.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის წარმოუდგენელია მსგავსი ფეხსაცმელების რეალურ ბაზარზე არსებობა, თითოეულ მათგანში ბრენდის განსაკუთრებული შემოქმედებითი და წარმოსახვითი მხარე იგრძნობა.