in

ნიკი გობეჯიშვილი – #პირველისამსახური

2004 წელი იყო, მე 2 კურსის სტუდენტი ვიყავი, CSB-ის დასაქმების ფორუმზე მე და ჩემი მეგობარი გასაუბრებაზე რომ მოვხვდით ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელთან. რამდენიმე დღის შემდეგ ორივეს დაგვიკავშირდნენ და შემოგვთავაზეს კომპანიის კვლევაში მონაწილეობის მიღება. ჩვენი დავალება იყო, აღგვეწერა კონკრეტული უბნის მაღაზიებში კომპანიის პროდუქცია –  ნამდვილად იყო თუ არა ქსელში წარმოდგენილი პროდუქციის ყველა კატეგორია და რამდენად სწორად იყო განთავსებული თაროზე შესაბამისი ფასი. მე და ჩემი მეგობარი დიდი მოტივაციით შევუდეგით საქმეს. მახსოვს, ზაფხული იყო, ცხელოდა, ჩვენ კი მაინც დიდი შემართებით დავდიოდით ყველა იმ მაღაზიაში, რომელიც გვებარა და დიდი პასუხისმგებლობით ვავსებდით კითხვარს. დღის ბოლოს ერთმანეთს ვხვდებოდით და ვუზიარებდით ემოციებს, განვიხილავდით შევსებულ კითხვარებს. ჩვენი საქმის პირნათლად შესრულების, შემდეგ მივიღეთ ჩვენი პირველი ანაზღაურებაც, თითომ 12 ლარი. ბედნიერად დავსხედით კაფეში და ერთობლივი 24 ლარით აღვნიშნეთ ჩვენი პირველი ხელფასი. მაშინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ ამ კომპანიის მენეჯმენტი პირველ, ქართული წარმოების შოკოლადს შექმნიდა. მე კი მათ გუნდში ბრენდ მენეჯერის პოზიციას დავიკავებდი და გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენ მომხმარებელს შევთავაზებდით ისეთ პროდუქტს – ქართულ შოკოლადს, რომელიც არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც გავიდოდა ექსპორტზე.

ჩემი პირველი სამსახურის შემდეგ, ბევრ საინტერესო კომპანიებთან ვითანამშრომლე, თუმცა აქედან მინდა გამოვყო კომპანია ბილაინი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს პროფესიულ განვითარებაში. ეს არის კომპანია, სადაც ვისწავლე, რას ნიშნავს სტრატეგიული მარკეტინგი, როგორია ორგანიზაციული კულტურა, რა როლი აქვს HR-დეპარტამენტს თითოეული თანამშრომლის ცხოვრებაში; გავაანალიზე, რამხელა მნიშვნელობა აქვს ერთი თანამშრომლის მიერ გაკეთებულ საქმეს მთლიანი კომპანიისთვის და რაც მთავარია, რა მნიშვნელობა აქვს იმუშაო მეგობრებთან ერთად! მოხარული ვარ, რომ გამიმართლა და ამ კომპანიის გუნდის წევრი ვიყავი.

შემდეგ იყო ფარმადეპო და გაცილებით დიდი და მასშტაბური გამოწვევები – ბევრი საინტერესო სოციალური პროექტი, რომელმაც მნიშვნელოვანი და კარგი საქმეების გაკეთების საშუალება მომცა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ეს განპირობებულია იმით, რომ ჩემი პირველი ხელფასი და სამუშაო გამოცდილება მეგობართან ერთად შევიძინე, თუ მოვხვდი ისეთ კომპანიაში, სადაც ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა აყვანილი, თუმცა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი ადამიანების კოლექტივში მუშაობა, რომელთაც შემიძლია მეგობარი ვუწოდო, რადგან ყველა გამოწვევა, დაბრკოლება, წარმატება თუ მარცხი ასმაგად საინტერესო, უსაფრთხო და სახალისოა თუ ამას შენს მეგობრებთან ერთად გადიხარ.

ნიკი გობეჯიშვილი – ფარმადეპოს მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

რუსული ოკუპაციის თემაზე, ილუსტრაციების კონკურსი დასრულდა – ნახეთ 10 საუკეთესო ნამუშევარი!

„ფილიპ მორის საქართველო“ 6 თვიან ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას აცხადებს