30
Jul
2019

Miami Ad School Europe-ის დამფუძნებელი Ad Black Sea 2019-ის სპიკერი იქნება

30 Jul 2019

წლევანდელ Ad Black Sea-ზე სპიკერად ვიხილავთ Miami Ad School Europe-ის დამფუძნებელს. ნიკლას ფრინგს-რაპის ხელმძღვანელობის ქვეშ, სკოლა სწრაფად დაწინაურდა მსოფლიოს წამყვან სასწავლებლებს შორის და ათწლეულის საუკეთესო სკოლის წოდებაც მოიპოვა. მისი კურსდამთავრებულების ნამუშევრებს 30-ზე მეტი კანის ლომი აქვთ მოგებული, One Show-ს უამრავი ფანქარი, Clio-ს ჯილდოები, D&AD-ის ყვითელი ფანქრები და სხვა არაერთი ჯილდო. ქართულ საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე ნიკლასის სასაუბრო თემა იქნება “მეთორმეტე მოთამაშე”.

ნიკლას ფრინგს-რაპმა კარიერა ექაუნთ მენეჯერად დაიწყო. ის მუშაობდა ისეთი კომპანიებისთვის, როგორებიცაა DDB London, TBWA Germany, Springer & Jacoby და Jung von Matt. მრავალი წლის განმავლობაში, ის ემსახურებოდა ისეთ მსხვილ დამკვეთებს, როგორებიცაა BMW, Mini, Apple, Bosch, Media Markt, GlaxoWelcome, Weihenstephan, Der Spiegel, Unicef და მრავალი სხვა.

Miami Ad School Europa ნიკლასმა, გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კრეატორთან, ოლივერ ვოსთან ერთად დააფუძნა. სკოლამ ფუნქციონირება ჰამბურგის ჰოსპიტალში დაიწყო და პირველად, მხოლოდ 12 სტუდენტი ჰყავდა. დღესღეობით, სკოლაში 30 სხვადასხვა ეროვნების 120-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

ნიკლასმა და ოლივერმა სკოლა გააფართოვეს და დროებითი განყოფილებები გახსნეს კოპენჰაგენში, სტოკჰოლმში, ლონდონში, პარიზში, ტოკიოსა და სხვა დედაქალაქებში. 2009 წლის ზაფხულში სკოლა გაიხსნა ბერლინშიც. უკვე მეორე წელს, სკოლა მსოფლიოს ყველაზე მეტ ჯილდოს ფლობდა. მის სტუდენტებს უმაღლესი ჯილდოები მოჰქონდათ ყველა წამყვანი სტუდენტური კონკურსიდან. 2010 წელს, D&AD-მა ნიკლასი წლის საუკეთესო მასწავლებლად დაასახელა.

განხილვა