21
Nov
2019

ნიკო კეცხოველის პრემია- გარემოსდამცველი ლიდერების ინკუბატორი

21 Nov 2019

დღეს სკოლები ხშირად აწყდებიან არაფორმალური საგანმანათლებლო ინიციატივების ნაკლებობას. არაფორმალური განათლება კი ხშირად შეუცვლელია პიროვნული განვითარებისათვის. ეს არის უნარები და თანამედროვე ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია, როგორც განათლების მაღალი საფეხურებისთვის, ისე – დასაქმებისა და კარიერისთვის. სწორედ იმიტომ, რომ დღეს ჩვენ საქართველოში ამ პრობლემას ხშირად ვაწყდებით, 2015 წელს გარემოსდაცვითმა ორგანიზაცია CENN-მა პროექტის – ტყის მდგრადი მართვა საქართველოში – ფარგლებში დააარსა ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი – ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია. მას შემდეგ კი, პრემიის “ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის”/Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პრემიის მიზნობრიობაზე, ფორმატსა და პრიზებზე CENN-ის პროექტის კოორდინატორს – რეზო გეთიაშვილს გავესაუბრეთ:

M: როგორია ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მიზნობრიობა?

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მთავარი მიზანია, შექმნას პლატფორმა და ინსტრუმენტი თანამედროვე ევროპული არაფორმალური განათლების სისტემისთვის. რაც გულისხმობს, რომ განათლებაში შეიტანოს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: სოციალური პასუხისმგებლობა, სამოქალაქო აქტივიზმი, ახალგაზრდობაში განავითაროს პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, თანამედროვე, ევროპული აზროვნება და ის უნარები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია კარიერისთვის, ესენია: ორგანიზაციული მართვა, პროექტების მართვა, სტრატეგიული დაგეგმვა, კომუნიკაციის დაგეგმვა, წერითი უნარები, ჟურნალისტური უნარები, ანგარიშების მომზადება, კვლევა, სწავლება და ა.შ

კონკურსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგად გვესახება სკოლის, როგორც ორგანიზაციის განვითარება და მისი როლის გაზრდა. სათემო/მუნიციპალურ დონეზე ჩვენ არ გვაქვს განვითარების ცენტრები, არასამთავრობო, თუნდაც სახელმწიფო ორგანიზაციები, რომლებიც გაააქტიურებდნენ ადგილობრივ საზოგადოებრივ ცხოვრებას და სოციალური მიმართულებით გადადგამდნენ ნაბიჯებს. სკოლა – როგორც სათემო განვითარების ცენტრი, ეს არის ფორმა/მანდატი, რომელიც სკოლამ ამ კონკურსის ფარგლებში კარგად მოირგო. სკოლა უკავშირდება თვითმმართველობას, ადგილობრივ ბიზნესს, მოსახლეობას, ცენტრალურ ხელისუფლებას და ა.შ შესაბამისად, იქ, სადაც ჩვენი კონკურსის მონაწილე სკოლები არიან – ყველგან უკვე დაწყებულია აქტიური სამოქალაქო პროცესები.

M: როგორი ფორმატისაა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია?

ყოველწლიურად კონკურსს აქვს მთავარი თემა, წელს ესაა: თანამშრომლობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის. მონაწილეობის მისაღებად სკოლა ქმნის ეკოკლუბს და რეგისტრირდება კონკურსის ოფიციალურ ვებგვერდზე – forestry.ge.
ეკოკლუბები წლის მთავარი თემის შესაბამისად გეგმავენ და ახორციელებენ სხვადასხვა გარემოსდაცვით საქმიანობას. რა შინაარსისა და ფორმისაც უნდა იყოს ეს საქმიანობა, იგი ჩვენ მიერ წინასწარ განსაზღვრულ საკონკურსო კატეგორიაში მოხვდება და ვებგვერდზე ინფორმაციის გამოგზავნის შემთხვევაში წინასწარ გაწერილი რაოდენობის ქულას მიიღებს.

საბოლოო ჯამში, სკოლას შეუძლია, ბოლომდე გაიაზროს, რა არის მისი ინტერესი, მისი სურვილი, სად უფრო ხედავს თავის თავს, მთელი წლის განმავლობაში თავისი თავი შეაფასოს და აქტივობების პერიოდში ისარგებლოს მიწოდებული რესურსებით. ამ საქმიანობას ემსახურება საკმაოდ დიდი – 15 კაციანი ჯგუფი. ყველა რეგიონში გვაყავს კოორდინატორი, რომელსაც სკოლებთან კომუნიკაცია და მათთვის რჩევების მიცემა ევალება.

 

M: კონკურსი სამ ეტაპადაა დაყოფილი, მოგვიყევით ამ ეტაპების შესახებ..

პირველი ეტაპი არის საკონკურსო ქულების დაგროვების პროცესი – ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი, რომელიც სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად იწყება და აპრილის ბოლოს მთავრდება. ვისაც ყველაზე მეტი ქულა აქვს დაგროვებული, გადადის მეორე ტურში. ნახევარფინალები არის რეგიონულ დონეზე, ნახევარფინალის შემდეგ კი, რეგიონებიდან ვირჩევთ ფინალისტებს. ნახევარფინალსა და ფინალში მონაწილეები წარმოადგენენ, რა სამუშაოები ჩაატარეს მთელი წლის განმავლობაში და რა შეცვალეს, რა შედეგები მიიღეს, რა უნარები გამოიმუშავეს. დაახლოებით 30-მდე სკოლა გადადის ფინალურ ტურში.
ჟიურიში არიან წარმომადგენლები სამინისტროებიდან, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. სწორედ ისინი ავლენენ საბოლოოდ გამარჯვებულს.

M: რითი ჯილდოვდებიან გამარჯვებულები?

სხვადასხვა წელს სხვადასხვა ტიპის პრიზები გვაქვს. მათგან ერთ-ერთი გამორჩეული იყო ეკოჰაბები, რომლებიც ათამდე სკოლაში მოვაწყეთ. ესაა სამუშაო სივრცე, რომლის საშუალებითაც სკოლები ორგანიზაციებად ვითარდებიან. რაც მთავარია, ეკოჰაბები თანამედროვე სტანდარტებითაა მოწყობილი. ასევე, იყო შემთხვევა, როცა გამარჯვებული სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები საზღვარგარეთ წავიდნენ. პრიზი შეიძლება იყოს სხვადასხვა ბანაკში მონაწილეობაც, ასევე გვაქვს ტექნოლოგიური და ფულადი პრიზებიც.

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია არის მასშტაბური ახალგაზრდული მოძრაობა, რომელმაც უკვე გააერთიანა 500-ზე მეტი სკოლა და სწორედ ამიტომ 2015 წლიდან დღემდე ამ პრემიას საკმაოდ ბევრი მონაწილე დაუგროვდა. გადავწყვიტეთ, მათ გავსაუბრებოდით და გვეკითხა, თუ რატომ იყო მათთვის კონკურსში მონაწილეობა საინტერესო, რა დარჩათ ამ პროექტისგან და რატომ უნდა მიიღონ სხვებმაც მასში მონაწილეობა:

ნინი ყრუაშვილი, თბილისის #169-ე საჯარო სკოლა:

“უკვე მესამე წელია, რაც კონკურსის მონაწილე ვარ. ნიკო კეცხოველის სახელობის კონკურსში მონაწილეობა ჩემთვის, პირველ რიგში, საინტერესო აქტივობებისა და კამპანიების გამო იყო დასამახსოვრებელი. კონკურსი დამეხმარა სამომავლო მიზნების გაცნობიერებაში. რა თქმა უნდა, საინტერესოსთან ერთად სახალისოც იყო ყველა ლაშქრობა, ბანაკი, დასუფთავებისა თუ გამწვანების აქცია.

ძალიან ბევრ ,,მწვანე თვისებასთან” ერთად ამ კონკურსმა, აუდიტორიის ფლობის უნარიც შემძინა. უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად გამოვდივარ საკმაოდ ბევრი ადამიანის წინაშე ამა თუ იმ მიზეზის გამო, რასაც ალბათ ამ პროექტის გარეშე ვერ შევძლებდი. ასევე, კონკურსებისა და კამპანიების მიმდინარეობისას, გავიცანი უამრავი ისეთი ადამიანი, რომლებიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი და ჩემი თანატოლების მომავალს უკეთესობისკენ შეცვლიან. ეს კი, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც ძალიან დიდი მოტივაციაა.

ყველა სკოლას და ბავშვს ვურჩევ, ჩაერთოს ამ პროექტში, რადგან ის გვაძლევს მოტივაციას იმისთვის, რომ ვიზრუნოთ გარემოზე. ვურჩევ, განახორციელონ საკუთარი მწვანე იდეები ამ კონკურსის ფარგლებში, რადგან ის უსაზღვრო შესაძლებლობებს გვთავაზობს და ეს ყველაფერი არა სხვებისთვის, არამედ ჩვენი სუფთა მომავლისა და ჯანმრთელობისთვის კეთდება.”

ნათია ლაგურაშვილი, თბილისის #153-ე საჯარო სკოლა:

“ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში 2017 წელს მივიღეთ მონაწილეობა. მანამდე ჩვენი სკოლა ასეთი მასშტაბური კონკურსის მონაწილე არასდროს ყოფილა. ვფიქრობ, ნიკო კეცხოველის პრემია საქართველოში არსებულ გარემოსდაცვით კონკურსებს შორის უკონკურენტოა. ამ კონკურმა დამანახა ის, რომ ჩემს ხმას, როგორც ინდივიდისას, ძალიან დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და თითოეულ აქტივობას, ქმედებას საკმაოდ დიდი გავლენა აქვს იმ გარემოზე, რომელშიც ცხოვრობ. კეცხოველის პრემიამ შემძინა უდიდესი ცოდნა და გამოცდილება. პირველად სწორედ კეცხოველის პრემიაში მონაწილეობისას მქონდა შეხება პრეზენტაციების კეთებასთან, საჯარო გამოსვლასთან, რაც შემდეგ უნივერსიტეტში ჩაბარებისას ძალიან გამომადგა. გარდა ამისა, ტრენინგები და სემინარები, რომლებიც პროექტის გამარჯვებულ მონაწილეებს უტარდებათ, არაფორმალური განათლების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. მე პირადად ცოდნის გარდა შევიძინე კომუნიკაციის, კრიტიკული აზროვნებისა და ლიდერული უნარები. ჩემი არჩევანიც პროფესიის შესახებ სწორედ პრემიის ფარგლებში მიღებულმა ცოდნამ განაპირობა.

სულ ვადევნებ თვალს და მიხარია, რომ კონკურსი წლიდან წლამდე იზრდება, იზრდება დაინტერესება სკოლების და მოსწავლეების მხრიდან. ხანდახან მეც გაკვირვებული ვუსმენ ხოლმე, თუ რამდენად დიდი აქტივობების განხორციელებას ახერხებენ სკოლის მოსწავლეები. ყველა მოსწავლეს, ვინც ახლა ამ სტატიას კითხულობს, აუცილებლად ვურჩევდი, რომ არ გამოტოვოს ნიკო კეცხოველის პრემიაში მონაწილეობის შანსი, რადგან ეს კონკურსი ქმნის საქართველოს მწვანე მომავალს, თავისუფალი და სწორი აზროვნებით.”

[R]

განხილვა