საინფორმაციო საშუალებების მომრავლება ან უბრალოდ ყველასთვის თვალსაჩინო გარემოს დამაზიანებელი ცვლილებები დღესდღეობით ძალიან ბევრ ახალგაზრდას უბიძგებს, ადრეულ ასაკში დაიწყოს ფიქრი იმ პასუხისმგებლობებზე, რომლებიც მას ბუნების წინაშე აკისრია. შორს რომ არ წავიდეთ, ამის ნათელი მაგალითი გრეტა ტუნბერგია, რომლის ხმაც დღესდღეობით ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე მისი ასაკი. სწორედ მისი სიტყვებია – “ჩვენ არასდროს ვართ პატარები საიმისოდ, რომ ცვლილება გამოვიწვიოთ.” ახალგაზრდების აქტივობა მსგავს სოციალურ საკითხებში მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ისინი მომავლის შემქმნელ რგოლს წარმოადგენენ. ხოლო იმისთვის, რომ ახალგაზრდა თაობას ჰქონდეს მოტივაცია, აკეთოს სოციალური სარგებლის მომტანი საქმიანობა, დღესდღეობით უამრავი პროექტი/კონკურსი/პრემია არსებობს.
იმას, თუ რამდენად არსებობენ დღეს ჩვენს ქვეყანაში მსგავსად გულანთებული ახალგაზრდები, კარგად წარმოაჩენს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია – კონკურსი, რომელიც 2015 წელს დაარსდა და მას მერე ყოველწლიურად ტარდება. კონკურსში მონაწილეობის მთავარი მიზანია სამოქალაქო აქტივიზმის წახალისება, ცვლილებების შეტანა ბუნებრივი და სოციალური გარემოს გაუმჯობესების საქმეში მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად. ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსი უწყვეტი პროცესია ახალი შესაძლებლობების მიღებისა და გაზიარების, პიროვნული ზრდისა და ორგანიზაციული განვითარებისათვის. წლიდან წლამდე კონკურსში მონაწილე ეკოკლუბთა რიცხვი სულ უფრო იზრდება. 2019-2020 საკონკურსო წლის განმავლობაში კი მას 360 ეკოკლუბი შეუერთდა, საიდანაც ფინალში 30 მათგანი გადავიდა.
და მაინც, რას საქმიანობენ ეკოკლუბები? უნდა ითქვას, რომ თითოეული მათგანის საქმიანობა საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესოა. გადავხედეთ ეკოკლუბის საქმიანობებს და რამდენიმე მათგანი განსაკუთრებით მოგვხვდა თვალში:
“სამშვიდობო” აქტივობა
მაგალითად, გორის #4 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა საზღვრისპირა სოფლების, ერგნეთ- მამისაანთ უბნის და ნიქოზის სკოლების პროექტში ჩართვა შეძლო. მათ ერგნეთ-მამისაანთ უბნის სკოლაში დაგეგმეს და განახორციელეს ოსი და ქართველი ახალგაზრდების მეგობრობის ხეივნის გაშენება.

უკანონობის აღმოფხვრა
თბილისის #176-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბმა კი თბილისის მერიასთან თანამშრომლობით 13 უკანონო ნაგავსაყრელი დახურა, რომლებმაც შემდგომში სხვაგვარი ფუნქციები შეიძინეს. ამასთანავე, მათვე ჩამოაყალიბეს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოქმედი მოხალისეობრივი გუნდი Fridays For Future Georgia-ს ქართული მხარე. ეს ეკოკლუბი აქტიურად იყო ჩართული გამწვანების აქციებშიც. შედეგად კი მან 15-მდე სკოლასთან და 20-მდე ეკოკლუბთან დამეგობრება შეძლო.

შშმ პირებისა და რესურსის არმქონე ადამიანების დახმარება
ხოლო მათთვის, ვისაც პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლებისთვის საჭირო რესურსი არ ჰქონდა, დუისის ეკოკლუბმა პროექტის დაწერითა და მათი უფლებების დაცვით შეძლო, კომპიუტერები მოეპოვებინა. მათ ასევე აქტიურად იმუშავეს შშმ პირების გარემოსდაცვით აქტივობებში ჩართვაზეც. როგორც თავად ეკოკლუბის წარმომადგენლები ამბობენ, ისინი ასევე ამაყობენ ტყეში გაჩენილი ხანძრების ლიკვიდირებითაც. დუისის ეკოკლუბის მნიშვნელოვან პროექტად შეიძლება ჩაითვალოს “არავინ დატოვო მიღმა”, როდესაც ეკოკლუბმა სრულ იზოლაციაში აღმოჩენილი შშმ პირებისთვის ნივთების გადასაცემად, თხოვნით მიმართა KRDF-ს ფონდს, შედეგად კი მან ეკოკლუბს სხვადასხვა საჭირო ნივთი გადასცა.

წლევანდელი პროექტიდან მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ ჟიურის ერთ-ერთ წევრს, ესმა გუმბერიძეს ვესაუბრეთ:
“დაახლოებით 120-მდე სკოლის პრეზენტაცია მოვისმინე, ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო მათი იდეები – იყო ეს სათბურების შექმნა, გარემოსდაცვითი სტარტაპები, იშვიათი ჯიშის ხეების მომრავლება, შშმ პირების მათ ღონისძიებებში ჩართვა და სხვ. საკმაოდ აქტიურად აორგანიზებენ სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საქმიანობას და საკმაოდ “მშვიდობიანი” აზრები აქვთ მათ. რაც შეეხება იმას, თუ რით არის წლევანდელი კონკურსი გამორჩეული – ვიტყოდი, რომ წელს ამ ბავშვებს თავიანთი აქტივობების “კოვიდრეჟიმზე” გადაწყობა მოუწიათ. დაისახეს ისეთი მიზნები, რომლებიც აბსოლუტურად მორგებული იქნებოდა დღევანდელ რეალობას – მათი იდეები სწორედ ამის მაჩვენებელია. საბოლოო ჯამში კი, ეს კონკურსი ხელს უწყობს ერთნაირი იდეების მქონე ბავშვების დაახლოებას, “ეკომეგობრულ გართობას”, შემეცნებას და სხვადასხვა ტიპის გამოცდილების მიღებას – ყველაფერი ეს კი სკოლის მოსწავლისთვის ნამდვილად საჭირო და სასარგებლო გამოცდილებაა.”

“ვამაყობ იმით, რომ მთელი ამ კონკურსის განმავლობაში აქტიურად ვიცავდით გარემოს და გარემოსდაცვითი არაერთი აქტივობა განვახორციელეთ. ასევე, უამრავ ბავშვს ჩავუტარეთ ტრენინგი და მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომაა საჭირო გარემოზე ზრუნვა. ჩვენთვის, როგორც ეკოკლუბისთვის, მთავარი მიზანი ის იყო, რომ ამ კონკურსიდან გამოცდილება მიგვეღო. მოხდა ისე, რომ გადავედით ფინალში და, ვფიქრობთ, რომ ამის მიზეზი ჩვენი უდიდესი სურვილი იყო, გვეზრუნა გარემოზე და ჩვენებურად გამოგვეხატა ჩვენივე დამოკიდებულება. ფინალში ყოფნა ჩვენთვის ნამდვილად ძალიან დიდი წარმატებაა,”– დუისის ეკოკლუბის წევრი, იიმან გაურგაშვილი.

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის 2020 წლის გამარჯვებულები 26 ოქტომბერს გამოვლინდებიან. პირველი ადგილის მფლობელ ეკოკლუბს პრიზად 8 000 ლარი გადაეცემა, II ადგილოსან ეკოკლუბს – 6 000, ხოლო მესამე ადგილზე გასულ ეკოკლუბს კი – 4 000, აღნიშნული ფულადი პრიზები კი მათსავე სკოლებს მოხმარდებათ. ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში მონაწილე ეკოკლუბების შესახებ ინფორმაცია შეგიძლია, ნახოთ ვებგვერდზე – Forestry.ge
[R]










