5
Mar
2018

ნიკო ნიკოლაძე – ადამიანი, რომელმაც გაუსწრო დროს!

5 Mar 2018

პუბლიცისტი, კრიტიკოსი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე – ეს ნიკო ნიკოლაძის საქმიანობათა არასრული ჩამონათვალია. როგორც მკვლევარი დალი ჩიკვილაძე ამბობს, ის იყო მამულიშვილი,  რომელიც თავისი აზროვნებითა და საქმისადმი მიდგომით ნამდვილად უსწრებდა დროს.

ნიკო ნიკოლაძე დაიბადა ქუთაისში, 1843 წლის 27 სექტემბერს, იაკობ ნიკოლაძის ოჯახში. და-ძმას შორის ყველაზე უფროსი იყო.

ნიკო ნიკოლაძე მშობლებთან და და-ძმასთან ერთად (პროექტი „ციფრული ფოტომატიანე“)

ნიკოს მამამ კარგად იცოდა განათლების ფასი. იაკობ ნიკოლაძე ქუთაისში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აღებ-მიცემობის საქმეს მიჰყო ხელი: ჯერ ხე-ტყით ვაჭრობა დაუწყია, შემდეგ, ქალაქის ხელმძღვანელობის დაკვეთით, აშენებდა საცხოვრებელ სახლებს. მოგვიანებით, ფოთიდან ხის კუნძებს უცხოელებზე ყიდდა. იყო ერთ-ერთი პირველი კომერსანტიც, ერთხანს გერმანიაში წასულა ზღვით და ქუთაისში გასაყიდად ქსოვილები ჩამოუტანია.

ნიკო ნიკოლაძე ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა. მამა თავის თანაშემწედ ზრდიდა და შესაბამისად, ტექნიკურ განათლებას იღებდა.

„მე-6  კლასში იყო, მამას ფოთში გაჰყვა საქმეზე, იქ კოღომ უკბინა და ციება დაემართა. მთელი წელი მკურნალობდა სახლში. გიმნაზიაში არ დადიოდა, თუმცა, ძალიან ბევრს კითხულობდა და მეცადინეობდა. ეს იყო 1860 წელი. სწორედ მაშინ გააგზავნა 2 ფელეტონი თბილისში, ჟურნალ „ცისკარში“, ფსევდონიმით „მეკენჭე“. ივანე კერესელიძემ ორივე ტექსტი გამოაქვეყნა, ისე, რომ არც კი იცოდა, ვინ იყო მისი ავტორი. ეს იყო, ფაქტობრივად, ნიკოს დებიუტი. მოგვიანებით, როცა უკვე ცნობილი პუბლიცისტი და მოღვაწე გახდა, ამბობდა, ყველაზე მეტად, სულით და გულით ჟურნალისტობა მინდა, მაგრამ ჩემი ეს პროფესია დღეს არავის სჭირდება. როგორც ჩანს, ან ძალიან ადრე დავიბადე, ან ძალიან დავიგვიანეო“.

ნიკო ნიკოლაძემ დაარწმუნა მამა, რომ გიმნაზიის ჰუმანიტარული მიმართულებით დამთავრების და შემდეგ, საინჟინრო საქმის შესწავლის ნაცვლად, პეტერბურგში, იურიდიულ ფაკულტეტზე შესვლის ნება მიეცა. ასეც მოხდა – 1861 წელს, 2 მეგობართან ერთად, ქუთაისიდან პეტერბურგში გაემგზავრა.

როგორც მოგონებებში წერს, რუსეთის იმდროინდელ დედაქალაქში, დაახლოებით სამ თვეში, 6 მაისს, გიორგობის მზიან დღეს ჩავიდა.

„1861 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში პეტერბურგში არეულობა დაიწყო. სტუდენტები უნივერსიტეტში მატრიკულების შემოღების წესს აპროტესტებდნენ. იმ დროს უმაღლეს სასწავლებელში ლექციებზე დასასწრებად სტუდენტის სტატუსი აუცილებელი არ იყო, ყველას შეეძლო შესვლა. ამიტომ, აუდიტორიებში ე.წ. ბუნტარებიც ხვდებოდნენ, რომლებიც თავისუფლებისკენ ისწრაფოდნენ, თავიანთი იდეალების შესახებ საუბრობდნენ და ამით სასწავლო პროცესი ფერხდებოდა. უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, უნივერსიტეტში ახალი წესი შემოეღო, ვისაც მატრიკული არ ექნებოდა, შენობაში არ დაეშვათ. სტუდენტებმა, პროტესტის ნიშნად, ნევის პროსპექტზე 3 დღიანი მანიფესტაცია გამართეს რომელშიც, 12 ქართველი და მათ შორის, ნიკო ნიკოლაძე მონაწილეობდა. ამ საქციელისთვის დემონსტრანტებს ჯერ პეტერბურგში, პეტრე-პავლეს ციხეში, შემდეგ კი, კრონშტადტის ციხეში უკრეს თავი.

ნიკო ნიკოლაძე კრონშტადტის ციხეში ქართველ და რუს სტუდენტებთან ერთად, 1861 წელი (პროექტი „ციფრული ფოტომატიანე“)

როგორც ნიკო იხსენებს, ადგილობრივებმა ძალიან კარგად მიგვიღეს, გემიდან გადმოსულებს ქალებმა ყვავილები და ნამცხვრები მოგვართვესო. საერთოდ, ამ პერიოდს ნიკოლაძე საკმაოდ ნაყოფიერს უწოდებს, რადგან, იქ სტუდენტებთან ერთად, ლექტორებიც გადაასახლეს და სწორედ იქ გავიგე, რა არის თავისუფლება და როგორ უნდა იბრძოლო მის მოსაპოვებლადო. ამ დროს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II პეტერბურგში არ იყო. ეს ამბავი რომ შეიტყო, ადმინისტრაციას შემოუთვალა, სტუდენტები უმაღლეს სასწავლებელში დაებრუნებინათ, ოღონდ მშობლების თავდებობის გარანტიით. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ასეც მოიქცა. მაგრამ ნიკომ გადაწყვიტა, მამისთვის ეს ამბავი არ შეეტყობინებინა. შიშობდა, რომ პეტერბურგში აღარ გააჩერებდა. ამიტომ, უნივერსიტეტში სწავლას თავი დაანება, სტუდენტის ფორმა გაიხადა და საცხოვრებლად ქალაქის გარეუბანში, აკაკი წერეთელთან გადავიდა. ყველგან ქართული ჩოხით დადიოდა. დაიწყო „სავრემენნიკის“ კითხვა, რომელიც იმ დროს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცემა იყო. თანამშრომლობდა კიდეც ამ გამოცემასთან. მოგვიანებით, მოგონებებში წერდა, რომ ეს პერიოდი მისთვის უდიდესი წრთობა იყო. ამ დროისთვის ნიკო ნიკოლაძე ფლობდა ფრანგულ, რუსულ, ენებს. მოგვიანებით  შეისწავლა ინგლისური, იტალიური და გერმანული. დეკემბერში, შობის წინა დღეებში, სახლში ორმა უცნობმა ქალბატონმა მიაკითხა და 2 დღით, სადღესასწაულო კარნავალისთვის, ქართული ჩოხა სთხოვა. სამოსი მართლაც დათქმულ დროს დაუბრუნეს და ფილოსოფოსის, რევოლუციონერ-დემოკრატისა და მწერლის, ნიკოლოზ ჩერნიშევსკის ოჯახში ჩაიზე დაპატიჟეს. აღმოჩნდა, რომ ამ ქალბატონებიდან ერთი ოლგა სოკრატეს ასული, ჩერნიშევსკის მეუღლე, მეორე კი მისი და იყო. მალე მათ იმდენად დაუახლოვდა, რომ 1862 წლის ზაფხული ამ ოჯახის გვერდით გაატარა. როგორც თავად იხსენებს, უსმენდა ჩერნიშევსკის ლექციებს, საუბრებს თავისუფლებაზე, იღებდა განათლებას. შემოდგომაზე ნიკო პეტერბურგში დაბრუნდა. ჩერნიშევსკი დააპატიმრეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, როგორც თავისუფლების მოთხოვნით ახალგაზრდების „გამრყვნელს“. მოგვიანებით, სასჯელი შეუცვალეს და პეტერბურგიდან გაასახელეს. ამის შემდეგ, ნიკო პეტერბურგში დიდხანს აღარ გაჩერებულა. 1863 წელს საქართველოში დაბრუნდა“.

ნიკო ნიკოლაძე, 1864 წელი (პროექტი „ციფრული ფოტომატიანე“)

თუმცა, დიდხანს არც აქ გაჩერებულა. სწავლა პარიზში, სორბონას უნივერსიტეტში განაგრძო. იქ ძალიან ბევრს შრომოდა, სწავლობდა, კითხულობდა, ეცნობოდა ფრანგულ სოციალიზმს. თუმცა, დიდად მოხიბლული არ დარჩენილა. მოგვიანებით წერდა, დიდი არაფერი ყოფილა ეს „ფრანციცული სოციალიზმი“, ვზივარ, 18 საათს ვმუშაობ ბიბლიოთეკაში, ძალიან ბევრი შრომა მიწევსო.

მკვლევარი ზაზა აბზიანიძე წერს, რომ ნიკო ნიკოლაძე პარიზში  ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვდა. მას ნაცნობობა, თანამშრომლობა თუ მიმოწერა აკავშირებდა ჯუზეპე გარიბალდისთან, ვიქტორ ჰიუგოსთან, ალფონს დოდესთან, ემილ ზოლასთან, პოლ ლაფარგთან. ამავე პერიოდში, შეხვდა კარლ მარქსს, რომელმაც ნიკოლაძეს შესთავაზა, ამიერკავკასიაში პირველი ინტერნაციონალის წარმომადგენელი ყოფილიყო, რაზეც დელიკატური უარი მიიღო. როგორც ნიკოლაძე იგონებს, მას არ ესმოდა, ვერ წარმოედგინა სამშობლოში გაეტარებინა მარქსის იდეები და ასეთ რამეს ვერაფრით დაეთანხმდებოდა.

დალი ჩიკვილაძე: ნიკო ნიკოლაძე მოდას აყოლილი კაცი არ იყო. მაშინ მარქსს სურდა, კაპიტალისტები მოესპო და პროლეტარიატის დიქტატურა დაემყარებინა. ნიკომ გაიაზრა, ყველაფერი აწონ-დაწონა და უარის თქმა გადაწყვიტა, რადგან მის ჭკუა-გონებაში ისეთი რამ ვერ ჩაჯდებოდა, რაც პროგრესული და თავისი ქვეყნისთვის სასიკეთო არ იქნებოდა, როგორი პოპულარულიც არ უნდა ყოფილიყო კონკრეტული იდეა. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ნიკო ნიკოლაძე ერთ-ერთია იმ ქართველ მოღვაწეთაგან, რომლის სახელიც უკვდავების ღირსია. ეს შეფასება ნამდვილად არ იქნება გადაჭარბებული: იყო თავისი დროის მოწინავე აზროვნების ადამიანი, რომელმაც მიღებული განათლების, ნიჭისა და გამჭრიახობის წყალობით, ევროპული ცხოვრების ბევრი საუკეთესო მაგალითი შეისწავლა და ცდილობდა, შესაძლებლობების ფარგლებში, საქართველოში დაემკვიდრებინა. მან ევროპული ცხოვრების წესი თუ ტექნიკის მიღწევა გადმოეტანა თავის ქვეყანაში, ოღონდ მხოლოდ  ის, რომელიც პროგრესული იყო და იცოდა, საქართველოს სასიკეთოდ წაადგებოდა.

ნიკო ნიკოლაძე (პროექტი „ციფრული ფოტომატიანე“)

ნიკო ნიკოლაძე საფრანგეთიდან შვეიცარიაში გაემგზავრა. ამბობდა, „უფრო მეტად მაინტერესებს შვეიცარია, რესურსებით  ასეთი ღარიბი ქვეყანა რატომ არის  მდიდარი, მთიანი და რესურსებით მდიდარი საქართველო კი რატომ არის ასეთი ღატაკიო. წავიდა კიდეც და  ჟენევისა და ციურიხის უნივერსიტეტებში სწავლობდა. იქ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. აი, ასეთი კაცი იყო ნიკო ნიკოლაძე“. (ალ. ელისაშვილი, ლექცია: ქალაქი გუშინ, დღეს, ხვალ. Art Area 2015).

ნიკო ნიკოლაძე იყო პირველი ქართველი, ვინც სადოქტორო დისერტაცია ევროპაში დაიცვა. ჟენევაში 1868 წელს გამოქვეყნებული მისი სადიპლომო ნაშრომი, როგორც მაშინ „სადოქტოროს“ უწოდებდნენ, „განიარაღება და მისი ეკონომიკურ-სოციალური შედეგები“ დღესაც დიდ ინტერესს იწვევს. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით (1873 წელს), მისი რჩევით, ჟენევაში დაარსდა ქართული საგანმანათლებლო საზოგადოება „უღელი“. მანამდე, პარიზში ცხოვრებისას (1864)  მე-19 საუკუნის ერთ-ერთი რუსი მოაზროვნის გერცენის თხოვნით წერდა წერილებს „კოლოკოლისთვის“. ეს იყო არალეგალური გაზეთი, რომელიც გამოდიოდა ინგლისში და ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა რუსეთში.

1869 წლის ბოლოს ნიკო ნიკოლაძე საქართველოში დაბრუნდა და სურდა, მთელი ცოდნა და გამოცდილება საკუთარი ქვეყნისთვის გამოეყენებინა. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, მისთვის, განათლება იყო. ძალიან წუხდა, რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობას განათლება არ ჰქონდა. ამბობდა, უცოდინრობით არაფერი გამოვა, ცოდნის გარეშე მუდამ მონა იქნები, ვერ იარსებებ, ცოდნით კი იმას დანერგავ, რაც შემოსავალს და პროგრესს გააჩენსო. ამიტომ, ყველანაირად უწყობდა ხელს ქვეყანაში განათლების გავრცელებას და ეს არ ეხებოდა მხოლოდ მდიდარ ფენას ან მამაკაცებს. 1872 წელს თავისი დები ოლიმპიადა და ეფროსინე, ოლიკო გურამიშვილი (შემდგომში ნიკო ნიკოლაძის მეუღლე) და ორი დეიდაშვილი ბიჭურად ჩაცმულები, გემით შვეიცარიაში გააპარა. ნიკოს სურდა მათ განათლება მიეღოთ. ეს ის პერიოდია, როდესაც ქალები ან პედაგოგიურ, ან გინეკოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობენ. დანარჩენი მათთვის ხელმიუწვდომელია, მით უმეტეს საზღვარგარეთ სწავლა. ნიკო ნიკოლაძის ასეთ საქციელს უარყოფითი რეაქციები მოჰყვა თავად-აზნაურობის მხრიდან, მათთვის წარმოუდგენელი იყო ქალებისთვის საზღვარგარეთ სწავლის ნება მიეცათ.

ნიკო ნიკოლაძე (პროექტი „ციფრული ფოტომატიანე“)

1870-იან წლებში ნიკო ნიკოლაძე ძირითადად საქართველოშია და აქტიურ მუნიციპალურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა. მან წამოაყენა რამდენიმე იდეა, განახორციელა არაერთი ისეთი პროექტი, რომელიც გარდამტეხი გახდა საქართველოსთვის.

ნიკო ნიკოლაძე აქტიურად უჭერდა მხარს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი შექმნას. მართალია, ეს დიმიტრი ყიფიანის იდეა იყო, მაგრამ ისიც არანაკლებ აქტიურად ემხრობოდა ამ აზრს. იმ დროს, დუშეთში მომრიგებელ მოსამართლედ წასულ ილია ჭავჭავაძეს რამდენჯერმე ჩააკითხა თხოვნით, დაბრუნებულიყო დედაქალაქში და ბანკისთვის ეხელმძღვანელა. ბოლოს, როგორც იქნა, დაითანხმა ილია. საერთოდ, ნიკო ნიკოლაძე ილიას დიდი თანამოაზრე და მეგობარი იყო. თუმცა, რიგ საკითხებზე მათი მოსაზრებები განსხვავდებოდა.

მეორე საკითხი, რაც  ნიკოლაძის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, გახლდათ ვაჭრობა. ქართველ ახალგაზრდებს მოუწოდებდა ევაჭრათ, ოღონდ, კეთილსინდისიერად. გლეხებს ეხვეწებოდა, ჩამოეტანათ ქალაქში პროდუქტი, თუ ღვინო ღირდა 1 კაპიკი, 10 კაპიკად მიეყიდათ ადგილობრივებისთვის და არა 1 მანეთად, როგორც ამას სირაჯები აკეთებდნენ. მაგრამ მაშინ ვაჭრობას ქართველების უმეტესობა არ კადრულობდა, ეთაკილებოდა. ნიკო ნიკოლაძეს კი სამარცხვინოდ ვაჭრობის მტაცებლური მეთოდები მიაჩნდა. ფიქრობდა, რომ  ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარებით, შესაძლებელი იყო კაპიტალიზმის დანერგვა. ევროპაში ცხოვრებისას მან კარგად დაინახა, რა როლს ასრულებდა ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში საბანკო საქმე და ვაჭრობა. სწორედ ამიტომ სურდა, საქართველოც იმავე გზით განვითარებულიყო.

მომდევნო საკითხი, რომლისთვისაც ნიკო ნიკოლაძე იბრძოდა, იყო ერობა, ადგილობრივი მმართველობა. ფაქტობრივად, იყო პირველი, ვინც ერობის, ანუ თვითმმართველობის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა. მას მიაჩნდა, რომ თემს უნდა აერჩია განათლებული, ხელმძღვანელი წევრები, რომლებსაც გადაუხდიდა ხელფასს და მათ დააკისრებდა ხალხის სამსახურს, ხოლო თუ ამ მოვალოეობას ვერ შეასრულებდნენ, გადააყენებნდნენ და სხვას აირჩევდნენ. სხვათაშორის, ნიკო ნიკოლაძეს თვლიდა, რომ თვითთმართველობის შემოღება უნდა ეთხოვათ 1871 წელს აქ ჩამოსული იმპერატორის, ალექსანდრე II-ისათვის. იმ დროს ეს არ მოხერხდა, თუმცა, 1913 წელს თავად-აზნაურებმა სწორედ ამ თხოვნით მიმართეს მაშინდელ იმპერატორს, ნიკოლოზ II-ს.

მეოთხე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნდა, იყო უნივერსიტეტის გახსნა, თუმცა, მისი აზრით, ეს უნდა ყოფილიყო ტექნიკური უნივერსიტეტი. თვლიდა, რომ კლასიკური განათლება კი არა, ხალხს წინსვლისთვის, რეალური განათლება და შესაბამისი სკოლები სჭირდებოდა. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ უნდა გახნილიყო ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, რაც აბსოლუტურად განსხვავდებოდა მისი მოსაზრებისგან. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ხელი არ შეუშლია ამ იდეისთვის, პირიქით, თავის ჟურნალში დაბეჭდა სტატია „რა გვეჭირვება“ გიორგი წერეთლის ავტორობით, რომელიც სხვათაშორის, კლასიკური, ჰუმანიტარული განათლების მომხრე იყო.

ზოგადად, ნიკო ნიკოლაძე თვლიდა, რომ პრესას შეეძლო დიდი გარდატეხა შეეტანა საზოგადოების განათლებასა და განვითარებაში. 1870-იან წლებში ის თანამშრომლობდა გაზეთ „დროებასთან”, 1871 წელს კი დააარსა ჟურნალის „კრებული”, რომლის ფაქტობრივი რედაქტორი თავად, ხელმომწერი რედაქტორი კი გიორგი წერეთელი იყო.

ნიკო ნიკოლაძე, 1872 წელი (პროექტი „ციფრული ფოტომატიანე“)

ამავე პერიოდში, ნიკო ნიკოლაძე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც მოღვაწოებს. მან თავისი წვლილი შეიტანა პარიზში, ქუჩის განათების საქმეში. ებრაელ ნავთობის მაგნატ როტშილდებს (იმ დროს რუსეთში ებრაელებს არ ჰქონდათ საქმის წარმოების უფლება, ამიტომ, ფაქტობრივად, ნიკო განაგებდა მათ საქმეებს) სთხოვა იმ მეცნიერის დაფინანსება, რომელსაც წყალვარდნილზე ელექტროსადგურის მოწყობის იდეა ჰქონდა. როტშილდებმა ლაბორატორია გააკეთეს. მაშინ პარიზის მაცხოვრებლებს ვერ წარმოედგინათ, რომ სადღაც, წყლისგან ელექტროენერგიის გამომუშავებით, კილომეტრების მოშორებით, სადენის საშუალებით შესაძლებელი იყო ქუჩის განათება. 

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება, ტყიბულის ქვანახშირის საბადოს განვითარებაა. მისი წილის მფლობელი მამის გარდაცვალების შემდეგ გახდა. იაკობმა ეს მიწა სასოფლო სამეურნეო დანიშნულებით გამოსაყენებლად იყიდა და აღმოჩნდა „შავი ქვის“ საბადო. ნიკო ნიკოლაძე წავიდა პარიზში, რომ უცხოელ ფინანსისტებთან ერთად დეტალურად შეესწავლა ეს საქმე. 1880-იან წლებში ევროპელები ჩამოვიდნენ საქართველოში და დაიწყეს ქვანახშირის დამუშავება. ამ საქმეში გლეხობაც ჩაება, თუმცა, საქმეს უგზოობა ართულებდა. წელს ქუთაისის ქალაქის საბჭომ ტყიბულში გასაყვანი რკინიგზის რწმუნებულად (ლობისტად) ნიკო ნიკოლაძე აირჩია და საბოლოოდ, რკინიგზა ამოქმედდა 1887 წელს. ორი წლის შემდეგ კი შეიქმნა საზოგადოება „ნახშირი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკო ნიკოლაძეც იყო.”

ნიკო ნიკოლაძე საზოგადო მოღვაწე დავით გაურამიშვილთან ერთად (პროექტი „ციფრული ფოტომატიანე“)

ამ პროცესების პარალელურად, ნიკო ნიკოლაძემ გადასახლებაში ყოფნაც მოასწრო. მას ევროპიდან საქართველოში დაბრუნებისთანავე სურდა, რუსული გაზეთი გაეკეთებინა. როგორც ამბობენ, არა იმიტომ, რომ რუსეთზე დიდი წარმოდგენა ჰქონდა, არამედ თვლიდა, რომ ქართულ გამოცემებს, მხოლოდ ქართველები თუ წაიკითხავენ, რუსულ ენაზე კი ევროპასაც მივაწვდენთ ხმასო. ოცნება 1878 წელს აისრულა და დაიწყო „ობზორის“ გამოცემა. საკმაოდ მწვავე და კრიტიკულ წერილებს აქვეყნებდა მაშინდელ სასამართლო მოხელეებსა და ქალაქის ხელმძღვანელობაზე. წერდა, რომ არაფრის მაქნისები არ იყვენენ და ქვეყნისა და ქალაქისათვის არაფერს აკეთებდნენ. ამის გამო სასამართლოში უჩივლეს, პროცესი ორდღიანი იყო და ისეთი სიტყვა წარმოსთქვა, რომ მოგვიანებით ის თავისსავე გამოცემაში დაბეჭდა. ნიკოს კი მხოლოდ ჯარიმა დააკისრეს. კრიტიკული წერილებისა და მოსაზრებების გამო, „ობზორის“ წინააღმდეგ  სასამართლოში მეორედ 1880 წელს იჩივლეს. მის პროცესზე დასასწრებად, რუსეთიდან ახალგაზრდა ხალხოსნების ლიდერი ვერა ზაზულიჩი ჩამოვიდა. აი, მაშინ კი 5 წელი მიუსაჯეს და თბილისიდან სტავროპოლში გაასახლეს. იმჟამად, სამხედრო საქმეს პეტრე მელიქოვი ხელმძღვანელობდა, რომელიც რუსეთში მოღვაწეობდა და თურქეთთან ომის დროს დიდი წარმატებები ჰქონდა მოპოვებული. მელიქოვი ნიკოლაძეს ქუთაისის გიმნაზიიდან იცნობდა. როდესაც ნიკოს გადასახლების ამბავი გაიგო, წაიყვანა პეტერბურგში, რათა იქ მოეხადა სასჯელი. თანაც, რკინიგზის გაყვანის საქმეში ძალიან სჭირდებოდა მისი დახმარება. ამ დროს ბაქოში ნავთობს ძმები ნობელებისა და როტშილდების კორპორაცია ცალ-ცალკე მოიპოვებდა. მათ სურდათ, გაეყვანათ მილი ბათუმამდე და ასე გაეტანათ ბაქოდან ნავთობი. ნიკო ნიკოლაძე შეეწინააღმდეგა ამ მოსაზრებას, მთავრობა და კორპორაციის ხელმძღვანელები დაარწმუნა, რომ უმჯობესი იყო, ბაქოდან ბათუმის გავლით გაეყვანათ რკინიგზა. მისი აზრით, თუ ნავთობს მილით გადაიტანდნენ, მთავრობა ვერ დაადგენდა ზუსტად, რა ოდენობის ნედლეული გადიოდა ქვეყნიდან და ვერ განსაზღვრავდნენ ზუსტ გადასახადს. ასევე, ვერ გაარკვევდნენ მეწარმეები, ვის რამდენი ნავთობი გაჰქონდა და რა მოგება ეკუთნოდა. საბოლოოდ, ნიკომ დაასაბუთა თავისი მოსაზრებები და გადაწყდა ბაქოდან ბათუმის გავლით რკინიგზის გაყვანა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით, 1870-იანი წლების პირველ ნახევარში ფოთიდან თბილისამდე სარკინიგზო გზა უკვე გაკეთებულია. ამის გამო, სპეციალური ოქროს მედლითაც დააჯილდოვეს, რომელზეც მისი სახე და სახელი და გვარია გამოსახული. მაგრამ საქმე ის იყო, რომ არ არსებობდა წიფის გვირაბი. სურამიდან ცხენებით გადაჰქონდათ ვაგონები და შემდეგ ხაშურიდან გრძელდებოდა სარკინიგზო გზა. ნიკო ნიკოლაძემ ბაქოდან ბათუმის გავლით რკინიგზის მშენებლობით ისარგებლა და მთავრობას გამოაყოფინა ფული წიფის გვირაბში სარკინიგზო გზის გასაყვანად. შედეგად, რკინიგზა უკვე ბათუმიდან თბილისამდე იყო. ეს კი სწორედ ნიკოლაძის გამჭრიახობისა და ჭკუა-გონებისა დამსახურებით მოხდა. ნიკოს გადასახლების ვადა 1885 წელს ამოიწურა და პეტერბურგიდან თბილისში მაშინვე დაბრუნდა.

ნიკო ნიკოლაძე (პროექტი „ციფრული ფოტომატიანე“)

ნიკო ნიკოლაძე ერობის იდეის გარდა, მაშინდელ თვითმმართველობის ორგანოებში პრაქტიკულ საქმიანობას ეწოდა. 1878-1892 წლებში იყო ქალაქის საბჭოს, დღევანდელი თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი (არჩეული იყო რამდენჯერმე). ამ დროს, ქალაქის თავი ალექსანდრე მატინოვი გახლდათ. როგორც ალექსანდრე ელისაშვილი ამბობს, ეს იყო ყველაზე დიდებული ხანა თბილისის მუნიციპალურ ისტორიაში. უმრავლესობას შეადგენდნენ შეძლებული სომეხი, ოპოზიციას კი ქართველი და რუსი ხმოსნები (წევრები).

„ნიკო ნიკოლაძე იყო იდეების გენერატორი. არ ყოფილა არც ერთი მუნიციპალური პროექტი, მისი ავტორობით ან პრაქტიკული მხარდაჭერით რომ არ განხორციელებულიყო. მის გარეშე ყველა იდეა ჩასავარდნად იყო განწირული. საკრებულოში მოღვაწეობის დროს ნიკო ნიკოლაძეს ჰქონდა იდეები, რომლებიც მაშინვე განხორციელდა და იდეები, რომლებიც ოდნავ მოგვიანებით, საბჭოთა დროს განხორციელდა. სადაც დღეს თბილისის საკრებულოა, ის შენობა თბილისის პოლიცმეისტერის სახლი იყო. სწორედ აქ საქმიანობდა ნიკო ნიკოლაძე. 1874 წლიდან ეს ე.წ. ქალაქის სახლია, სადაც თვითმმართველი ორგანო მუშაობს. ნიკო ნიკოლაძის პირველი იდეა იყო, რომ შენობა გადაეკეთებინათ და აღარ ყოფილიყო ტლანქი და უხეში. მართლაც, გამოცხადდა კონკურსი და შტერნისა და ოზეროვის პროექტმა გაიმარჯვა, რომლის მიხედვითაც განახლდა მუნიციპალური სახლის იერსახე.

ქალაქის საბჭოში შესვლისთანავე ნიკო ნიკოლაძემ წყალმომარაგების საკითხი დაძრა. მაშინ მტკვრის წყალს იყენებდნენ. პირდაპირ სათლებით იღებდნენ და ყიდიდნენ, 3-5 კაპიკამდე ღირდა. რაც უფრო გაღმიდან მოჰქონდათ, მაგალითად, დიდუბიდან, უფრო სუფთა და შესაბამისად, ძვირი გახლდათ, მაგრამ წყალი ბინძური იყო და იწვევდა ინფექციურ დაავადებებს. მას შემდეგ, რაც რუსეთ-თურქეთის ომის დროს თბილისში 10-ჯერ გაიზარდა რუსული არმიის განრიზონი, ვითარება ამ მიმართულებით კიდევ უფრო დამძიმდა. ნიკო ნიკოლაძე კატეგორიულად მოითხოვდა წყალსაქაჩის აშენებას. საბოლოოდ, ნიკო ნიკოლაძის ძალისხმევითავჭალის წყაროებზე მოეწყო წყალსადენი. თუმცა, ეს საკმარისი არ იყო და შემდეგ წამოაყენა იდეა, წყალსადენი წალკისა და ნატახტარ-ბულაჩაურის წყაროებზეც გაკეთებულიყო. მაშინ ეს პროექტი, ქალაქის ხელმძღვანელობამ, როგორც ამბობდნენ, უსახსრობის გამო ვერ განახორციელა. თუმცა, მოგვიანებით, 1931 წელს ნატახტარ-ბულაჩაურის წყალსადენი მაინც აიგო.

ნიკო ნიკოლაძე ასევე დაჟინებით მოითხოვდა ქალაქს ჰყოლოდა სანიტარული ექიმი და ჰქონოდა სადეზინფექციო კამერა, ძლივს გაიტანა ეს საკითხი. საბოლოოდ, ორივე დაფინანსდა. კამერის პროექტის მომზადება ოდესაში, ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელს, პეტრე მელიქიშვილს სთხოვა. ნიკო ნიკოლაძემ მოახერხა და 1886 წლიდან თბილისში დაინიშნა სანიტარული ექიმი და მადათოვის კუნძულზე აშენდა სადეზინფექციო კამერა, რაც ქალაქში მანამდე არ არსებობდა და შესაბამისად, ძალიან მძიმე სანიტარული პირობები იყო. 

სადეზინფექციო კამერა „მადათოვზე“ (ალ. ელისაშვილი, ლექცია: „ქალაქი გუშინ, დღეს, ხვალ“. Art Area 2015)

ქალაქში სანიტარულ პირობებს კიდევ უფრო ამძიმებდა წესი, რომლის მიხედვითაც, გასაყიდ პირუტყვს პირდაპირ მოედნებზე ან ბაზრებში კლავდნენ. რასაკვირველია, ეს იყო  ეპიდემიის წყარო. ნიკო ნიკოლაძე დაჟინებით მოითხოვდა, გაკეთებულიყო ცენტრალიზებული სასაკლაო დასაკლავი და გასაყიდი პირუტყვისთვის, ე.წ. ბოინი, რაც სანიტარული პირობების გაუმჯობესების გარდა, ქალაქს დამატებით შემოსავალსაც მისცემდა. ეს პროექტი, მოგვიანებით, 1912 წელს განხორციელდა. ნიკო ნიკოლაძემ ასევე წამოაყენა დედაქალაქში კანალიზაციის ქსელის მოწყობის იდეა. პროექტი, რომელიც მაშინდელმა საკრებულომ დააფინანსა, ფრანგმა ინჟინერმა ლინდ ლეიმ შეიმუშავა. მანამდე ქალაქში, ფაქტობრივად, არ არსებობდა ერთიანი სისტემა. მხოლოდ შეძლებულ ოჯახებს ჰქონდათ მცირე ზომის კოლექტორები, საიდანაც კანალიზაცია უახლოეს არხში ან მდინარეში ჩადიოდა. ახალი პროექტი ითვალისწინებდა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე მდინარის გასწვრივ, ორი მაგისტრალური არხის გაყვანას, ზედა ფერდობებიდან პატარ-პატარა არხების გაკეთებას, რომლებიც ცენტრალურ მაგისტრალებს შეუერთდებოდა. შემდეგ შეიკრიბებოდა ქალაქგარეთ, ნავთლუღის გაღმა, გაიწმინდებოდა და მტკვარში ჩავიდოდა. მაშინდელმა ხელმძღვანელობამ უარი თქმა უკვე შედგენილი პროექტის განხორციელებაზე, რაც, მათი თქმით, 4 600 000 მანეთი დაჯდებოდა და დროებით მცირე ზომის საკანალიზაციო ქსელები გაიყვანეს. პროექტი მოგვიანებით, საბჭოთა პერიოდში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ 1883 წლამდე საზოგადოებრივი მუნიციპალური ტრანსპორტი არ არსებობდა, იყო ფაეტონები, ომნიბუსები, მაგრამ მუნიციპალური ტრანსპორტი – არა. სწორედ ნიკოლაძის დაჟინებული მოთხოვნით შემოიღეს თბილისში ცხენის ტრამვაი, ვაგონში შებმული იყო 2 ცხენი და ტრანსპორტი მოძრაობდა ლიანდაგზე. ქალაქი ვითარდებოდა, თუმცა პარალელურად, არ არსებობდა კომუნიკაცია ჩუღურეთისა და ვერეს დასაკავშირებლად. სწორედ ამიტომ, ნიკო ნიკოლაძის მოთხოვნით, აშენდა ვერის ხიდი (დღევანდელი გალაქტიონის ხიდი) და გაკეთდა ვერის დაღმართი (დღევანდელი მიხეილ ჯავახიშვილის დაღმართი). ამ პროექტით თბილისის ორი ნაწილი დაუკავშირდა ერთმანეთს. ნიკო ნიკოლაძე დაეხმარა მშენებლებს მთაწმინდის რკინიგზის შუა ადგილზე რკინა-ბეტონის კონსტრუქციის აგებაში და მისი იდეა იყო, რკინიგზა კოჯორშიც გაეყვანათ. ნიკო ნიკოლაძეს სურდა „აბანოთუბანში“, „ხარფუხსა“ და ორთაჭალის ნაწილში თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი გაშენებულიყო. ეს პროექტი მოგვიანებით მხოლოდ ნაწილობრივ განვითარდა, რადგან დღეს „აბანოთუბანს“ მხოლოდ ჰიგიენური და გასართობი დანიშნულება აქვს და არ მოხდა მისი სამკურნალო ცენტრად ჩამოყალიბება, როგორც ეს ნიკოლაძეს ჰქონდა გეგმაში. ასევე, მისი იდეა იყო თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ხელოვნური ტბების კასკადის გაკეთება, სადაც ტბები იქნებოდა დაგუბებული და ერთმანეთთან დაკავშირებული, ეს ხრიოკ და ქარიან კლიმატს გარდატეხდა და აღნიშნული ადგილი საკურორტო ზონად იქცეოდა, თუმცა, მაშინ იდეაც „თაროზე შემოიდო“ (ალ. ელისაშვილი, ლექცია: „ქალაქი გუშინ, დღეს, ხვალ“. Art Area 2015).

ნიკო ნიკოლაძე (პროექტი „ციფრული ფოტომატიანე“)

თბილისის  შემდეგ იყო ფოთი. 1895 წელს, 52 წლის ნიკო ნიკოლაძე ქალაქის თავად აირჩიეს. საქმიანობას დიდი ენთუზიაზმით შეუდგა, თუმცა, გარე ხელშეწყობა არ ჰქონდა და იმაზე ბევრად ნაკლების გაკეთება შეძლო, ვიდრე სურდა. ფოთი ამ დროს ჭაობიანი ადგილი იყო. ყოველ წვიმაზე ქუჩები ტალახითა და წყლით ივსებოდა. ნიკო ნიკოლაძემ ფოთის გარშემო გააკეთა სპეციალური არხი, რომლითაც წვიმის წყალი ქალაქიდან ზღვაში ჩადიოდა. გარდა ამისა, ააშენა 2 ხიდი და დააგო ქვაფენილი. ამ ყველაფერს, ბუნებრივია, ფინანსები სჭირდებოდა. ამიტომ დააარსა ბანკი და გამოუშვა ობლიგაციები. ზოგი იგებდა, ზოგი ყიდულობდა ამ ფასიან ქაღალდებს და შემოსული თანხა სრულად ფოთის აღმშენებლობას ხმარდებოდა. ნიკო ნიკოლაძემ მიზნად დაისახა, აეშენებინა ქალაქის ცენტრში ტაძარი, რომელიც იქნებოდა „აია სოფიას“ მსგავსი და შეასრულა კიდეც. ასევე, მისი ინიციატივით, ქალაქში გაკეთდა 12 ქუჩა, რომელიც ამ ტაძართან მიდის. გარდა ამისა, ააშენა ქალთა და ვაჟთა გიმნაზიისა და პოლიციის შენობები. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი, დღესაც ერთ-ერთ გამორჩეულ ნაგებობად ითვლება ქალაქში.

ნიკო ნიკოლაძის აგებული ტაძარი და ერთ-ერთი ხიდი ფოთში (პროექტი „ციფრული ფოტომატიანე“)

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რაც ფოთში ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება, ნავსადგურის მშენებლობის დასრულებაა. 8-ჯერ იმოგზაურა ევროპაში, რომ მშენებარე ან ახლად აშენებული პორტის შესახებ ყველაფერი გაეგო და შესაბამისად ემოქმედა. პეტერბურგში მიაღწია იმას, რომ ნება დართეს, ყოველ 16 კილოგრამ ტვირთზე დაეწესებინა ნახევარკაპიკიანი გადასახადი. ეს იყო, ფაქტობრივად, პირველი საბაჟო მოსაკრებელი და ეხებოდა ყველა იმ ტვირთს, რომელიც პორტიდან გემით გადიოდა. მართალია, თავიდან ამ ინიციატივას დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა, თუმცა, საბოლოოდ დაარწმუნა მეწარმეები, რომ თითოეული მათგანისთვის ეს ფული არაფერს ნიშნავდა, სამაგიეროდ ერთად შეგროვებული უკვე მნიშვნელოვანი თანხა იყო, რომლითაც ქალაქისთვის აუცილებელი ბევრი პროექტი განხორციელდებოდა.

ნიკო ნიკოლაძემ ფოთში ააგო სპეციალური კედელი, რომელიც ღელვის დროს აპობდა ზღვის ტალღებს. ამით, სანაპიროზე დიდი გემების გაჩერების პრობლემა მოიხსნა. მან ფოთში ააგებინა ელევატორი. ამბობდა, ევროპასთან რომ ვიყოთ, აუცილებელია მისი გვერდით მდგომი (თანასწორი) გავხდეთ, ევროპას მონები კი არა თანამგრძნობები სჭირდებაო. ნიკო ნიკოლაძემ გაანათა ფოთი და შემდეგ, იმავე სქემით, თბილისი. ამ პერიოდში მას გაუჩნდა იდეა, სვანეთის მთებში, საიდანაც ენგური ჩამოდის, ელექტროენერგიის მისაღებად, ელექტროსადგური გაკეთებულიყო. ეს პროექტი მოგიანებით განხორციელდა. თუმცა, გერმანელმა სპეციალისტებმა მაშინვე დაიწყეს ამ ტერიტორიის კვლევა, რომლებიც საქართველოში ნიკოლაძის ვაჟის, გიორგის მოწვევით ჩამოვიდნენ. ნიკო ნიკოლაძე, თითქმის, 20 წელი ემსახურა ფოთს. როგორც მერმა, დააწესა სპეციალური სტიპენდია უცხოეთში სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის. კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, თუმცა, მისი ისტორია ფოთთან არც ისე კეთილად დასრულდა. მას ქრთამის აღება დააბრალეს. რეალურად კი, როგორც მკვლევარი დალი ჩიკვილაძე ამბობს, ელევატორის მშენებლისაგან ფული ისესხა, რადგან პეტერბურგში მიდიოდა, შაბათი დღე იყო და ბანკიდან თანხა ვერ გამოიტანა. რა თქმა უნდა, ვალი ჩამოსვლისთანავე დააბრუნა, მაგრამ ცილი მაინც დასწამეს. მოსახლეობა თავგამოდებით იცავდა ნიკოლაძეს. ძიება 4 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. საბოლოოდ, ბრალი ვერ დაუმტკიცეს და ბრალდება გაბათილდა. ნიკოლაძე, ამ დროს უკვე პეტერბურგში იყო და არც სასამართლო პროცესზე და არც მის შემდეგ, გარკვეული პერიოდი, ფოთში არ ჩასულა.

ნიკო ნიკოლაძე ქალაქისა და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პროექტებს მხოლოდ თბილისსა და ფოთში არ ახორციელებდა. ამ პერიოდში იმერეთში გზები, თითქმის, არ იყო. ამიტომ, ნიკო ნიკოლაძემ წამოაყენა იდეა, მდინარე რიონი სანაოსნო მდინარედ ქცეულიყო, რომ აქამდე ერთმანეთს მოწყვეტილი სოფლები და ცენტრი დაკავშირებულიყო. ფიქრობდა, რომ ასე ხალხს ერთმანეთში მისვლა-მოსვლა ექნებოდა, ივაჭრებდნენ, სოფლებიდან ქალაქებში გლეხები პროდუქტს ჩაიტანდნენ გასაყიდად და ყველა კმაყოფილი დარჩებოდა. ბაზრობების მოწყობის იდეას, თავდაპირველად დიდი აღტაცება არ გამოუწვევია, თუმცა, მოგვიანებით, ამ საქმით დაინტერესდნენ. დიდ ჯიხაიშში კი ნიკო ნიკოლაძემ პარასკევ დღეს დააწესა ბაზრობა და რამდენადაც ცნობილია, ეს ტრადიცია დღემდეა შემორჩენლი

1908 ყრილობა ხონში, არხის გაყვანის თაობაზე, სიტყვით გამოდის ნიკო ნიკოლაძე (პროექტი „ციფრული ფოტომატიანე“)

 

ნიკო ნიკოლაძე, ოფიციალურად ორჯერ იყო დაქორწინებული და 7 შვილი ჰყავდა, თუმცა, ერთი ჩვილობაშივე გარდაიცვალა.

ნიკო ნიკოლაძე ოჯახთან, მეუღლესთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად (პროექტი „ციფრული ფოტომატიანე“)

იკო ნიკოლაძის სახელი დაკავშირებულია 1918 წელს საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნასთან. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, ნიკოლაძე პეტერბურგიდან საქართველოში დაბრუნდა. აქ ყველანაირად ცდილობდა, დამოკიდებლობის აღდგენისთვის სიტუაცია მოემზადებინა. მისი უშუალო მონაწილეობით დაარსდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და თავად იყო ამ პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ნიკო ნიკოლაძეს დიდი გამოცდილება ჰქონდა კავკასიის მხარეში თურქეთთან ურთიერთობაში. რუსეთ-თურქეთის ომის დროს, გამოცემა „გოლოსის“ სამხედრო კორესპონდენტი იყო. ამ გამოცდილებისა და თავისი კონტაქტების გამო, 1918 წელს, გაზაფხულზე ნიკო ნიკოლაძე და აკაკი ჩხენკელი ბათუმში გაემგზავრნენ. უკვე არსებობდა გერმანიის მხარდაჭრა და დამოუკიდებლობის  გამოსაცხადებად მხოლოდ თურქეთთან ზავი იყო საჭირო. ნიკო ნიკოლაძე 25 მაისს ბათუმიდან წერდა ნოე ჟორდანიას, არ გადაედო დამოუკიდებლობის გამოცხადება. დამოუკიდებლობის აქტის ტექსტი ნიკო ნიკოლაძემ შეადგინა. 26 მაისს მოაწერეს ხელი ზავს თურქეთთან, ერთ საათში კი თბილისში დამოუკიდებლობის აქტი წაიკითხეს და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა შემქნილად გამოაცხადეს. ნიკო ნიკოლაძე და აკაკი ჩხენკელი თბილისში არ ჩამოსულან, ბათუმიდან ფოთში წავიდნენ, რომ შეემუშავებინათ ქვეყნის ეკონომიკური პროგრამა და მესამე დღეს, ამ დოკუმენტის წარსადგენად, გერმანიაში გაემგზავრნენ. ნიკო ნიკოლაძე ქვეყნის მომავალს მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებასა და განათლებაში ხედავდა. მიაჩნდა, რომ ქვეყანა, სადაც თითქმის ყველაფერი შემოაქვთ და თავად არ ქმნის პროდუქტს, ვერ განვითარდება.

მარცხნიდან სხედან ნიკო ნიკოლაძე, აკაკი ჩხენკელი, ზურაბ ავალიშვილი, დგანან სპირიდონ კედია, გიორგი მაჩაბელი და მიხაკო წერეთელი. ფოტო გადაღებულია ბერლინში, სასტუმრო ადლონში, 1918 წლის ივნისში (პროექტი „ციფრული ფოტომატიანე“)

დალი ჩიკვილაძე: ნიკო ნიკოლაძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი ორგანოს, დამფუძნებელი კრების საპატიო თავმჯდომარე გახდა „დემოკრატებიდან“. 1920 წელს მას დაევალა მანგანუმის მადნის საექსპორტო საზოგადოება „ჩემოს“ საქმეების შესწავლა და ამ მისიით ლონდონში მიავლინეს. საქმე ისაა, რომ ამ დროს ჭიათურიდან მანგანუმი გააქვთ, ამ პროცესებს ინგლისელები ხელმძღვანელობენ და საქართველოს არანაირ გადასახადს არ უხდიან. აქ არც ის იციან, რა მოცულობის ნედლეული გადის ქვეყნიდან. „ჩემოს“ ოფისი ლონდონშია, ხელმძღვანელობის ნაწილი პარიზში, ნაწილი კი ლონდონში ცხოვრობს. სიტუაცია იმდენად ჩახლართული იყო, ნიკო ნიკოლაძე წერდა, აქ ყველას შენ-ჩემობა სჭირს, ყველა თავისკენ მეძახის, სხვას უღალატე და მე მიერთგულეო. „ჩემოს“ თბილისის ორგანიზაციას ნიკოს ვალი ემართა, რამდენიმე ხნით ადრე დიდი თანხა უსესხებია, რომ ორგანიზაციას ემუშავა და არ გაუქმებულიყო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მას ვალი არ დაუბრუნეს: არც თანხის და არც ნედლეულის სახით, რომ ევროპაში მაინც გაეყიდა. საბოლოოდ, ვალის დასაბრუნებლად საქართველოში ჩამოვიდა, რათა თბილისში „ჩემოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის კრებას დასწრებოდა, სადაც უფრო იყო შესაძლებლობა საკუთარი სიმართლე დაემტკიცებინა. ნიკო ნიკოლაძე საქართველოში 1924 წელს დაბრუნდა. დააარსა კერძო სტამბა და დაიბრუნა სახლი დიდ ჯიხაიშში, რომელიც  ჯარისკაცებს ჰქონდათ დაკავებული.

ნიკო ნიკოლაძე, 1924 წელი (პროექტი „ციფრული ფოტომატიანე“)

ნიკო ნიკოლაძე 1928 წლის 5 აპრილს გარდაიცვალა. თბილისის ყველა ეკლესიაში ამ დღეს გლოვის ზარი ისმოდა. უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებთან ერთად, საქართველოს იმჟამინდელმა კათოლოკოს-პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ გააცილა. ნიკო ნიკოლაძე ქართველო მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. ნიკო ნიკოლაძის მრავალმხრივი განათლების, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობიდან გამომდინარე, სპეციალური განკარგულებით გადაწყდა, რომ მისი ტვინი მეცნიერულ დონეზე, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში შეესწავლათ.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 175, გარდაცვალებიდან კი 90 სრულდება.

ნიკო ნიკოლაძე ოჯახთან ერთად, 1926 წელი (პროექტი „ციფრული ფოტომატიანე“)

„ნიკო ნიკოლაძემ 4 ფორმაციაში იცხოვრა: დაიბადა ბატონყმობის დროს, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში, როცა ის რუსეთის გუბერნია იყო, მოესწრო საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას და გარდაიცვალა საბჭოთა სინამდვილეში. ნიკო ნიკოლაძე ყველა ამ ეტაპზე იყო პროგრესული, ევროპულად მოაზროვნე და თავის ქვეყანის  წარმატებისთვის დაუცხრომლად  მებრძოლი ადამიანი “ (დ.ჩიკვილაძე).

გამოყენებული წყაროები:

  • ფოტო მასალა – „ციფრული ფოტომატიანე”, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტი
  • „ნიკო ნიკოლაძე“- ქართული ლიბერალიზმის ეპოქა ქართულ ლიტერატურაში,  ავტორი ზაზა აბზიანიძე.
  • ალექსანდრე ელისაშვილის ლექცია „ქალაქი გუშინ, დღეს, ხვალ”, Art Area 2015 წელი.
  • ნიკო ნიკოლაძის მკვლევარი, პროფესორი დალი ჩიკვილაძე (რესპონდენტი).

განხილვა