მესტიაში, კურორტ ჰაწვალზე, ახალი ველომიმართულების შექმნა იგეგმება. პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნიკო ფალიანის სახელობის ველობილიკის მშენებლობაა. პროექტი მეგობრებისა და ველოსაზოგადოების ინიციატივით დაიწყო და სრულიად მოხალისეობრივი ძალებით ვითარდება.
„იდეა მხოლოდ ერთი ბილიკის მშენებლობა არ არის. ჩვენი მიზანია, ჰაწვალზე ეტაპობრივად შეიქმნას ისეთი ველოინფრასტრუქტურა, რომელიც მომავალში საფუძველს ჩაუყრის სრულფასოვანი ველოპარკის განვითარებას და მესტიას ზაფხულის სეზონზეც უფრო აქტიურ ტურისტულ მიმართულებად აქცევს,“ – ამბობენ მოხალისეები.
რატომ სჭირდება მესტიას ველოპარკი?
მესტიის ტურისტული დატვირთვა დღეს მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სეზონურობაზე: ზამთრის თოვლი მოთხილამურეებს იზიდავს, ზაფხული – მოლაშქრეებს, თუმცა გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე რჩება დიდი პერიოდი, როცა ადგილობრივი ინფრასტრუქტურა ნახევარი დატვირთვით მუშაობს.
გამართულ ველოინფრასტრუქტურას კი შეუძლია კურორტზე ახალი ტიპის ვიზიტორები მოიზიდოს. როგორც ინიციატორები განმარტავენ:
„ველოტურისტი იყენებს საბაგიროს, რჩება სასტუმროში, სტუმრობს ადგილობრივ კაფეებსა და რესტორნებს, სარგებლობს ტრანსფერით, გიდის მომსახურებით, ველოსიპედის სერვისითა და სხვა ტურისტული პროდუქტებით.
შესაბამისად, ჰაწვალზე ველოპარკის განვითარება ნიშნავს არა მხოლოდ ახალ სპორტულ სივრცეს, არამედ მესტიის ზაფხულის ტურისტული ეკონომიკის გაძლიერების შესაძლებლობასაც. ნიკო ფალიანის სახელობის ბილიკი ამ უფრო დიდი ხედვის პირველი ნაბიჯია.“
პროექტი, რომელსაც მოხალისეები აშენებენ
ნიკო ფალიანის სახელობის ბილიკის შექმნის პროცესში ჩართულები არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ დროს, ცოდნასა და რესურსებს უსასყიდლოდ უთმობენ პროექტს. მოხალისეები არა მხოლოდ უშუალოდ ბილიკის მოწყობაში მონაწილეობენ, არამედ ყოველდღიურად მუშაობენ საჭირო ფინანსური რესურსის მოძიებაზეც.
ბილიკის სრულყოფილად მოსაწყობად, შესაბამისი ინფრასტრუქტურის, უსაფრთხოების ელემენტების, სამუშაოების, მასალებისა და ორგანიზაციული ხარჯების გათვალისწინებით, პროექტს დაახლოებით 70 000-80 000 ლარის მობილიზება სჭირდება.
„ამ თანხის შეგროვებაც ისეთივე საზოგადოებრივი პროცესია, როგორიც თავად ბილიკის მშენებლობა. პროექტის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება სწორედ მისი შექმნის ფორმაა. ეს არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც ერთი ორგანიზაცია ახორციელებს.
ბილიკი იქმნება ადამიანების ერთობლივი ძალისხმევით – მოხალისეების, ველოსიპედისტების, ბიზნესების, ადგილობრივი საზოგადოების და ყველა იმ ადამიანის მონაწილეობით, ვისაც სჯერა, რომ საქართველოში თანამედროვე ველოტურიზმის განვითარება შესაძლებელია.“
როგორ ჩაერთო პროექტში ბიზნესი
პროექტს უკვე შეუერთდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი კომპანიები და ორგანიზაციები, მათ შორის: Adrenaline, Bauma, Surron Georgia, CampShare, HippoVelo, MPlus, Trailab, Garmin და Action Pro. ამავდროულად, აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს სხვა ბრენდებთანაც.
ინიციატორებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროექტში ჩაერთონ მესტიასა და მთლიანად ზემო სვანეთში მოქმედი ბიზნესებიც – სასტუმროები, კაფეები, რესტორნები, ტუროპერატორები და სხვა ადგილობრივი კომპანიები.
„მათთვის ველოინფრასტრუქტურის განვითარება სოციალური პასუხისმგებლობის საკითხის გარდა, პირდაპირი ეკონომიკური ინტერესიცაა.“
თითოეული შემოწირულობა გარდაიქმნება რეალურ შედეგად – გაწმენდილ და მოწყობილ ბილიკად, უსაფრთხოების ინფრასტრუქტურად და ახალ ტურისტულ შესაძლებლობად მესტიისთვის.
დონაციისთვის დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულებს:
- ვებგვერდი: nickphaliani.com
- Facebook: Niko Phaliani MTB Trails
[პარტნიორის კონტენტი]











