in

„ფიროსმანიც ხომ, რაღაცნაირად, სტრიტ-არტისტი იყო?!“ – „ნიკოს“ დიალოგი ურბანულ კულტურასთან

ფოტოკრედიტი: ნათია გელანტია

რა არის ქუჩის ხელოვნება – ე.წ. სტრიტ-არტი? – ურბანული კულტურის ჟანგბადი თუ არტ-ტერორიზმი? სამოქალაქო-პოლიტიკური პოზიციის არაძალადობრივი გზით გამოხატვა თუ ვანდალიზმი, კრიმინალი? სუბკულტურა, რომელსაც დისონანსი შეაქვს გაბატონებულ კულტურაში და ქმნის უნიკალურ, რადიკალურად განსხვავებულ საკომუნიკაციო ენას თუ არალეგალური გზით, დესტრუქციული თვითგამოხატვის მედიასახეა?

ფოტოკრედიტი: ნათია გელანტია

მაშინ, როდესაც მთელ ქალაქს სძინავს, თბილისის ქუჩები ღამის გალერეებად, პულველიზატორებით შეიარაღებული ინკოგნიტო მხატვრებით ივსება. რატომ ინკოგნიტო? – იმიტომ, რომ არსებობს რეგულაციები ქუჩის ლეგალური მხატვრობისთვის, იმიტომ, რომ არსებობს კონფლიქტი არტისტებსა და თბილისის არქიტეტურის სამსახურს, არტისტებსა და საზოგადოებას შორის.

ფოტოკრედიტი: ნათია გელანტია

კულტურასა და სუბკულტურას შორის დიალოგისთვის, მიღებული ნორმებისა და ურბანული ღირებულებების გადაფასებისთვის შეიქმნა „ნიკო“ – თბილისის ქუჩის ხელოვნების მოძრაობა, რომლის უმთავრესი მიზანი სტრიტ-არტის, როგორც ხელოვნების სრულუფლებიანი დარგის პოპულარიზაცია და ამ დარგში მოღვაწე ადამიანების დახმარება, საქართველოს მსოფლიო სტრიტ-არტ რუკაზე მონიშვნაა. პროექტმა სტარტი 25 სექტემბერს აიღო და 7 ნოემბრამდე, ფესტივალის ფარგლებში, 9 ქართველი და უცხოელი არტისტი, 7 სხვადასხვა უბანში მოხატავს თბილისის კედლებს:

ფოტოკრედიტი: ნათია გელანტია

გამეზა – 25.09-28.09 – ჭოროხის #4 (საქართველო);
დანტე – 5.10 – 8.10 – მაზნიაშვილის #31 (საქართველო);
მუსია – 26.10 – 31.10- უზნაძის #54  (საქართველო);
მაშოლენდი – 2.11 – 7.11- პეტრიაშვილის 3/5  (საქართველო);
პოლ ბრუვერი – 2.10- 5.10 – უზნაძის #54 (სამხრეთ აფრიკა);
კუბა ულბრიხი  – 8.10 – 13.10 – ლ. ასათიანის #24 (გერმანია);
Kickit Art Studio– 18.10 – 23.10- ბარნოვის #47 (უკრაინა).

ყველაფერი კი, 2012 წელს დაიწყო, ლისაბონში. მაშინ, როდესაც „ნიკოს“ თანაავტორი, სანდრო კვანტალიანი მასშტაბურ სტრიტ-არტ ფესტივალზე მოხვდა და „ხატვის ძალიან ლამაზმა და შთამბეჭდავმა სანახაობამ“ მოტივაცია გაუჩინა, ერთ დღეს, თბილისური „გასტრიტარტებული“ ქუჩებით, აქ ჩამოსული ტურისტიც ისეთივე შთაბეჭდილებებით დაბრუნებულიყო სამშობლოში, როგორიც თავად დაბრუნდა ლისაბონიდან.

ფოტოკრედიტი: ნათია გელანტია

იდეაზე მუშაობა – პროექტისა და მოძრაობისთვის საძირკველის ჩაყრა ცოტა მოგვიანებით, დაახლოებით, 5 წლის შემდეგ, 2017 წლის ივნისში კაფეში – გამეზასა და გიორგი გუგუშვილთან ერთად დაიწყო. გენიოსი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის სახელი კი, შემთხვევით არ შეურჩევიათ: „ფიროსმანიც ხომ, რაღაცნაირად, სტრიტ-არტისტი იყო და „ნიკო“ დავარქვათო!“ – წამოიძახეს გენიოსი, პრიმიტივისტი მხატვრის სახელი, რომელმაც ისე იცხოვრა და შექმნა შედევრები, ვერავინ შეამჩნია და მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან ათეულობით წლების შემდეგ მოიპოვა აღიარება.

პროექტის დეტალებზე მარკეტერი სანდრო კვანტალიანს ესაუბრა:

M: როგორ შეირჩა ფესტივალის ლოკაციები და არტისტები?
ლოკაციები ძალიან მტკივნეული თემაა. კედლები ისევ და ისევ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება. 8 თვის მანძილზე ასობით შენობა და კედელი დავათვალიერეთ და ყველგან ერთსა და იმავე პრობლემას წავაწყდით – არავის სურდა, თავისი სახლის უსახური კედელი ჩვენთვის მოენდო. ეს კედლებიც, ახლა რომ იხატება, ის ერთეულებია, როცა მოსახლეობამ გამოხატა კეთილი ნება და სურვილი და მოგვანდო კედლები. 

ფოტოკრედიტი: ნათია გელანტია

 

პირველი ფესტივალისთვის შევეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ცნობილი სახეებით დაგვეწყო, ამ თემის გარშემო რაც შეიძლება მეტი ხმაურისთვის. უცხოელებს რაც შეეხება, ფაქტობრივად, ყველა კონტინენტზე ვცდილობდით არტისტების პოვნას და საკმაოდ ბევრი ახალი და საინტერესო ხელოვანიც გავიცანით ძიების პროცესში. ძირითადად, ფესტივალის მონაწილეები ქართველებით დავაკომპლექტეთ და მომავალშიც ასე ვაპირებთ, რადგან „ნიკოს“ მიზნებში მთავარი სწორედ ქართველების საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანაა, – სანდრო კვანტალიანი.

M: რაც შეეხება თემატიკას, აქვთ რაიმე შეზღუდვა არტისტებს?
აქ ჩვენი პოზიცია ასეთია – ჩვენ ვქმნით პირობებს ხატვისთვის, იდეა და კონცეფცია კი მათს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. თუმცა, არსებობს ტაბუდადებული თემები, რომლებსაც ვცდილობთ, არ შევეხოთ: პოლიტიკა, რელიგია, ზოგადად, უწმაწური შინაარსის მქონე ნახატები და რაღა თქმა უნდა, რეკლამა.

ფოტოკრედიტი: ნათია გელანტია

ფესტივალი ხორციელდება მერიის პატრონაჟით, პარტნიორები არიან: თიბისი ბანკისარაჯიშვილი და კაპაროლი.

ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი არტისტები და გვინდა, მათ საშუალება მივცეთ, რაც შეიძლება მეტი ნაცრისფერი კედელი მოხატონ იმისთვის, რომ თბილისი გახდეს ფერადი და მიმზიდველი ქალაქი. კედლებთან ერთად, პროექტის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი არტისტების მიერ, მოიხატება 12 მიწისქვეშაგადასასვლელი, რაც უსაფრთხოების დაცვის პოპულარიზაციის მხრივაც, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, – სოფიო ხუნწარია, თბილისის მერის მოადგილე.

M: რას გვეტყვით „ნიკოს“ დამფუძნებლებზე? რა გამოცდილებაზე დაყრდნობით დაიწყეთ ამ მიმართულებით საქმიანობა?
სანდრო კვანტალიანი: საორგანიზაციო საკითხებში მე და გიორგი გუგუშვილი ვართ, ორივეს საკმაოდ ბევრი პროექტი გვაქვს გაკეთებული სხვადასხვა მიმართულებით. მე 2004 წლიდან სარეკლამო სივრცეში ვმუშაობდი და 2012 წლამდე ათასობით კლიენტთან მქონია შეხება. გიორგი ტურიზმის განვითარების დარგში მოღვაწეობდა, ასევე, TED Talks ღონისძიების თანაორგანიზატორია, ორივენი ერთად კი, „მზესუმზირას“ წევრები და მეგობრები ვართ.

ფოტოკრედიტი: ნათია გელანტია

M: რა პოტენციალი აქვს „ნიკოს“? როგორია პროექტის განვითარების პერსპექტივები?
ადგილობრივი არტისტებისთვის ვგეგმავთ თავისუფალი ხატვის ზონების შექმნას – ეს იქნება ერთგვარი აკადემია მათთვის, ვინც ახლა იწყებს ხატვას და არ აქვს სახატავი საშუალებები და სივრცეები. ამ შემთხვევაში, კონკრეტული თემატიკა უკვე შეიძლება შემოვიტანოთ, რომ მონაწილეებისთვისაც უფრო საინტერესო გახდეს პროცესი. ნებისმიერ მსურველს შეეძლება გამოაგზავნოს ესკიზი, მიუთითოს, რა მასალები სჭირდება და ზემოთ ხსენებული აკრძალვების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ესკიზი მისი მწვანე შუქი გახდება, ანუ ყველანაირად დავეხმარებით იდეების განხორციელებაში. 

გვაქვს სურვილი, მხოლოდ თბილისით არ შემოვიფარგლოთ და მომავალ წელს, საქართველოს სხვა ქალაქებსაც შევთავაზოთ პროექტი.  

ფოტოკრედიტი: ნათია გელანტია

„წარმატების მისაღწევად აუცილებელი არ არის, ბევრი იცოდეთ, მთავარი სხვა რამეა“ – Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მა

საქართველოს ბანკის კომუნიკაციების დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს