რამდენჯერ მომხდარა ასეთი შემთხვევა: მიდიხარ ქუჩაში შენთვის, მუსიკაში ხარ ჩაძირული, ყურსასმენი გიკეთია, ჩაფიქრებული მიაბიჯებ და ჰოპ! შენ წინ უეცრად კედელზე ნახატი ისვეტება – ესაა ერთგვარი არტ-ტერორიზმი, რომელიც ფიქრებისგან გაფხიზლებს, ცივ წყალს გასხამს, კედლიდან ნატურალური ზომის ნახატი „გიყვირის“ და გაიძულებს, იფიქრო.
“ასეთია სტრიტ-არტი, ხელოვნების თანამედროვე მიმდინარეობა, რომლის მეშვეობითაც, მხატვრის სათქმელს შენივე ქალაქი გეუბნება. გუშინ უსახურ კედელზე, დღეს წითელბიბილოიანი მამალი გიბრიალებს თვალებს”.

ან, სულაც, ამჩნევ, რომ კოლხი მედეა ათასწლოვანი მოგზაურობის შემდეგ შინ დაბრუნებულა და კვლავ ფიქრიანი თვალებით გასცქერის ზღვის ჰორიზონტს.

„ნიკოს“ არტისტების ნამუშევრების სანახავად არაა საჭირო, გალერეაში მიხვიდე, ქუჩის გალერეები თავად მოდიან შენამდე. „ნიკო“ უამრავ დამწყებ და უკვე წარმატებულ ქართველ და უცხოელ არტისტებს აერთიანებს. ამ პლატფორმის საშუალებით სტრიტ-არტისტებს აღარ უწევთ ფიქრი ბიუროკრატიასა თუ სამუშაო მასალებზე. შედეგად, მათი ნამუშევრები რჩება დიდხანს, სათქმელიც უფრო დიდ აუდიტორიაზეა გათვლილი, უფრო კონკრეტული და გულშიჩამწვდომია.

„ნიკოს“ პლატფორმას უკვე იყენებენ როგორც არტისტები, სათქმელის გამოსახატად, ასევე – სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებსაც სურთ, რომ მათი მესიჯები უფრო ყოვლისმომცველი, ღრმა, დამაფიქრებელი და გრძელვადიანი იყოს: „ბილაინი“, „ლიკანი“, „ალპინა“, „საქართველოს ბანკი“, გერმანიის საელჩო, ეს ყველაფერი შესაძლებელი თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის მერიების ერთობლივი ძალისხმევით ხდება.
საქართველოს სხვადასხვა ქალაქის უსახურ კედლებს უკვე მეორე წელია, რაც „ნიკო“ – სტრიტ-არტისტების მოძრაობა აცოცხლებს. 6 ქალაქი და 41 კედელი – 2 წლის განმავლობაში 31-მა ქართველმა და უცხოელმა, ცნობილმა თუ დამწყებმა სტრიტ-არტისტმა თავიანთი განუმეორებელი ხელწერით, მსოფლიო გრაფიტის რუკაზე საქართველო თანამედროვე ლენდმარკებით მონიშნეს.

„ნიკოს“ მიზანი არაა მხოლოდ ბეტონის ფერების გაცოცხლება. თანამედროვე ხელოვნება ხშირად „ყვირის“ ყველაზე მნიშვნელოვან მესიჯებს, რომელსაც თვალს ვერასოდეს აარიდებ. ამ ორი წლის განმავლობაში ბევრი ადამიანი უკავშირდება პროექტის ორგანიზატორებს და საკუთარ კედლებს უთმობს „ნიკოს“ მოსახატად, „ნიკოს“ გუნდი კი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ყველა შემოსული სურვილი დააკმაყოფილოს.
https://www.facebook.com/streetartniko/videos/2444587155786567/
როცა მას შეჰყურებ, თითქოს, პრობლემასაც პირდაპირ თვალებში ჩასცქერი. და ამ არტისთვის თვალის მოშორება შეუძლებელია. ის ხომ შენი სახლის, სამსახურის წინაა, იმ ქუჩაზეა, რომელზეც შენი ავტობუსი ყოველდღე ჩაივლის, ის მუდმივადაა.

ერთდროულად ლამაზი, მომნუსხველი და შემზარავია უკანასკნელი თეთრი მარტორქის მურალი თბილისში, მაზნიაშვილის ქუჩაზე. უყურებ და ძალაუნებურად იწყებ ფიქრს იმაზე, თუ რა დავმართეთ დედამიწას და ამ პლანეტაზე მცხოვრებ სხვა ცოცხალ არსებებს ადამიანებმა.
“თეთრი მარტორქა ვეღარ დაიბადება დედამიწაზე. უკანასკნელი მამრი მარტორქა სუდანი 2018 წლის 3 მარტს მოკვდა”.

ეს არტ-ტერორიზმია, ხელოვნება, რომელიც თავს გესხმის და გაიძულებს, დაფიქრდე რეალურ პრობლემებზე. სწორედ აქტუალურ თემებზე სასაუბროდ აირჩიეს პლატფორმა „ნიკო“ სტრიტ-არტისტებმა და ამიტომაც იკრებს ასე სწრაფად პოპულარობას ეს მოძრაობა.
ფესტივალი „ნიკო“ ყოველ წელს უფრო შთამბეჭდავი ხდება. სპონსორებისა და ქართველი თუ უცხოელი არტისტების მატებასთან ერთად, საქართველოს ქალაქებში ახალი, მომნუსხველი და დამაფიქრებელი ლენდმარკები ჩნდებიან.

და თუკი ერთ დღესაც შენს ქუჩაზე ამწეები შეამჩნიე ნაცნობი არტისტებით, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: სულ მალე შენს ახლომახლო ერთ-ერთი კედელი სამუდამოდ დასამახსოვრებელი გახდება.
P.S. თუ შენც გაქვს სურვილი, შენი კედელი მოიხატოს, დაგვიმეგობრდი და მოგვწერე.
Credits:
ვიდეოგრაფი: დათა ინასარიძე
პარტნიორის კონტენტი