ქართველ მომხმარებლებში არსებობს სტერეოტიპი, რომელიც წინადადებით – ,,აქ შეკერილია და არ ივარგებს” გამოიხატება, სხვადასხვა ახალი ქართული ბრენდი კი აქტიურადცდილობს ამ შეხედულებასთან ბრძოლას. მაგალითად, საბავშვო ტანსაცმლის ახალი მწარმოებელი „ნიკოლი”, რომლის პროდუქტი მთლიანად მზადდება საქართველოში და აქვს პრეტენზია, ღირსეული კონკურენცია გაუწიოს ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ უცხოურ ბრენდებს. „ნიკოლში” იქმნება 2 დან 10 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი ყველა ტიპის ტანისამოსი. კომპანიის შექმნა მანანა ბალიაშვილის სამკერვალო სფეროში არსებული 22 წლიანი გამოცდილებისა და მისი ოჯახის ძალისხმევის შედეგია. კომპანიის ნაწარმის გაყიდვა მაისიდან დაიწყო და საზაფხულო და საშემოდგომო კოლექციების შექმნაც მოესწრო. ხოლო, ახლახან, 2017 წლის სექტემბერში, გაიხსნა ამ ბრენდის „კუნძული” „გლდამი მოლში”. როგორია ახალბედა ბიზნესის გამოწვევები და პერსპექტივები – ამ საკითხებზე მარკეტერი „ნიკოლის” წარმოების მენეჯერსა და შემქმნელს – მანანა ბალიაშვილს ესაუბრა:

M: რა საჭიროებასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმენით „ნიკოლი”?
იდეა – შეგვექმნა ქართული საბავშვო ტანსაცმელის ბრენდი გაჩნდა ოჯახში, ვინაიდან გაგვაჩნდა ბიზნესის განსავითარებლად საჭირო მოტივაცია და აუცილებელი ადამიანური კაპიტალი. ჩემი სამკერვალო ბიზნესში მუშაობის 22 წლიანი და ასევე ოჯახის წევრების მიერ გაყიდვების მიმართულებით დაგროვილი მრავალწლიანი გამოცდილება, იდეის განხორცილების წინაპირობა გახდა. დამეთანხმებით, რომ ქართველი მომხმარებელი არ არის განებივრებული ადგილობრივი წარმოების ბავშვის ტანისამოსით, ვფიქრობთ, დროა ქართულმა პროდუქტმა თავისი ადგილი დაიმკვიდროს ბაზარზე და ქონდეს პრეტენზია, კონკურენცია გაუწიოს უცხოურ ბრენდებს. შესაბამისად, დავიწყეთ საზოგადოების მოთხოვნას, გემოვნებას და შესაძლებლობებს მორგებული ხარისხიანი და მოდური ტანისამოსის წარმოება.
M: რა სახის ტანისამოსს აწარმოებთ, ვისთვისაა განკუთვნილი და როგორია მისი შექმნის პროცესი?
ვაწარმოებთ ყველა სახის ტანისამოსს, 2 დან 10 წლამდე ბიჭებისა და გოგონებისთვის, თუმცა მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, ვამზადებთ ნებისმიერი ასაკის ბავშვისათვის. შექმნის პროცესი საკმაოდ კომპლექსური და ხანგრძლივია, იწყება ხარისხიანი ქსოვილის მოძიებით, რაც ადგილობრივ ბაზარზე წარმოუდგენლად რთულია. საწყის ეტაპზე, ვახორციელებთ ქსოვილის იმპორტს, იქმნება თითოეული მოდელის ესკიზი, შემდგომ, მოდელის ნიმუში იხვეწება ტექნოლოგიურად და ეშვება წარმოებაში.
M: რა არის „ნიკოლის” უპირატესობა სხვა, საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელ ქართულ ბრენდებთან მიმართებაში?
ჩვენი ამოცანაა შევქმნათ ისეთი პროდუქტი, როგორსაც თავად ვისურვებდით მაღაზიის დახლზე, რასაც უზრუნველყოფს დაბალი ფასის და მაღალი ხარისხის თანხვედრა. ნიკოლის მიერ დასახული ამოცანა წარმატებით ხორციელდება, რასაც ადასტურებს ბაზარზე გამოჩენიდან, დროის მოკლე მონაკვეთში გაჩენილი ლოიალური მომხმარებლის მზარდი მაჩვენებელი. მაგალითად, FACEBOOK გვერდზე უკვე 48 000-ზე მეტი ,,ფოლოუერი“ გვყვავს. ხარისხი არის ის ერთ–ერთი უმთავრესი ფაქტორი, რის გარეშეც წარმოუდგენელია შეიქმნას ბავშვის ტანისამოსი. ჩვენი ყველა მოდელი დამზადებულია ნატურალური ქსოვილით და დამუშავებულია ტექნოლოგიურად ისე, რომ ბავშვმა თავი იგრძნოს კომფორტულად. დიდი ყურადღებას ვუთმობთ პროდუქტის მრავალფეროვნებას, ვთვლით რომ კლიენტს აუცილებლად უნდა მივცეთ არჩევნის საშუალება, სწორედ ამიტომ, ჩვენი წარმოება ნელ-ნელა იზრდება და ითხოვს დამატებით რესურსს.

M: სად და რა ფასადაა თქვენი ნაწარმის შეძენა შესაძლებელი?
ონლაინ რეჟიმში, ჩვენი პროდუქტის შეძენა შესაძლებელია Facebook გვერდის და ონლაინ მაღაზია Wishlist –ის მეშვეობით. ამ შემთხვევაში, კურიერული მომსახურება თბილისის მასშტაბით უფასოა, ხოლო, რეგიონებში მიტანის საფასური შეადგენს 5 ლარს. სექტემბერში გავხსენით ჩვენი სავაჭრო ობიექტი, ე.წ. ,,კუნძული” გლდანი მოლის მე-3 სართულზე. ჩვენი ნაწარმის ფასი 15-დან 50 ლარამდეა.

M: როგორია თქვენი საკომუნიკაციო სტრატეგია? როგორ გეგმავთ ბრენდის ცნობადობისა და შესაბამისად, გაყიდვების გაზრდას?
კმაყოფილი მომხმარებელი არის ეფექტური გზა გავხადოთ პროდუქტი მეტად გაყიდვადი და ცნობადი. მიზანი, რომ ვაწარმოოთ იაფი და ხარისხიანი პროდუქტი შენარჩუნდება, რასაც ებმება მომხმარებელთან საკომუნიკაციო სხვადასხვა გზები. მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან აქტიური ინტერაქცია, რასაც მიმდინარე ეტაპზე სხვადასხვა საშუალებებით ვახორციელებთ. „ნიკოლის” შესახებ სიუჟეტები გავიდა ტელევიზიით, ჩვენი ტანისამოსი გადაეცა სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებულ ბავშვებს, მათ შორის facebook ფოტოკონკურსი გამარჯვებულ 4 ბავშვს, რომელიც გამოვლინდა მოწონებების მიხედვით. კონკურს საკმაოდ დიდი და დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ვგეგმავთ, ჩავატაროთ მრავალფეროვანი წამახალისებელი ღონისძიებები.
M: როგორ ხედავთ „ნიკოლის” განვითარების პერსპექტივას?
ნიკოლის განვითარება მომხმარებელის მზარდი მოთხოვნის შესაბამისად მიმდინარეობს. ეტაპობრივად, დაგეგმილია ობიექტების გახსნა პოპულარულ სავაჭრო სივრცეებში, რაც საშუალებას მოგვცემს გავხვდეთ უფრო ხელმისაწვდომები კლიენტებისათვის. პირდაპირი კონტაქტი მომხმარებელთან, არის ყველაზე ეფექური გზა გავხადოთ პროდუქტი უფრო მოთხოვნადი. მომხმარებელთან აქტიური და მრავალფეროვანი ურთიერთობის ჩამოყალიბება „ნიკოლის” განვითარების სტრატეგიის ნაწილია. ,,ნიკოლი” აუცილებლად გახდება წარმატებული და ყველასთვის სასურველი ქართული ბრენდი. მომხმარებლის კმაყოფილება და დადებითი შეფასება ჩვენთვის დამატებითი მოტივაცაა ბიზნესის განვითარების საწყისს, რთულ ეტაპზე. გვინდა, ყველა ქართულ სტარტაპს ვუსურვოთ წარმატება, რადგან მიგვაჩნია, რომ ჩვენი საქმიანობით წვლილი შეგვაქვს ქვეყნის განვითარებაში.