in ,

ახალგაზრდა მარკეტერი აშშ-დან სტენფორდის უნივერსიტეტის სალექციო კურსით ბრუნდება – ნიკოლოზ არჩვაძე

ნიკოლოზ არჩვაძე ახალგაზრდა მარკეტერია, რომელმაც Hult International Business School წარმატებით დაასრულა და მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. ახლა კი სამშობლოში, სპეციალურად სტარტაპერებისთვის, ახალი სალექციო კურსით ბრუნდება, რომელიც სტენფორდის უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნა. რა გამოცდილება დააგროვა და რა სიახლეებს შემოიტანს ქართულ მარკეტინგში, მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ნიკოლოზ არჩვაძე
ნიკოლოზ არჩვაძე

M: მოგვიყევი, რა განათლება გაქვს მიღებული და რატომ გადაწყვიტე აშშ-ში სწავლის გაგრძელება?

თბილისში დავამთავრე კავკასიის უნივერსიტეტი ბიზნესის მიმართულებით და ამერიკის შეერთებულ შტატებში მივიღე მაგისტრის ხარისხი Hult International Business School-ში. ასევე, Stanford-ის ბიზნეს სკოლაში გავიარე სტარტაპების განვითარების სამთვიანი ინტენსიური კურსი. აშშ-ში პირველად სკოლის ასაკში ვიმყოფებოდი გაცვლითი პროგრამით და იმ ერთმა წელიწადმა დამანახა, თუ რა განვითარების მომტანია აქაური სწავლება და გამოცდილება. ამერიკა მარკეტინგის აკვანია და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, თუ რამდენად წინ არიან ამერიკული ბრენდები მარკეტინგის თვალსაზრისით დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით.

ნიკოლოზ არჩვაძე

M:  რას საქმიანობდი აშშ-ში?

Hult-ის სწავლების მეთოდი ორიენტირებული იყო პრაქტიკულ სწავლაზე და შესაბამისად, მუშაობა გვიწევდა რეალურ ბიზნესთან და რეალურ კომპანიებთან. მაგალითისთვის, მე მომეცა შესაძლებლობა მემუშავა ერთ-ერთ კალიფორნიულ ღვინის კომპანიასთან „St. Clement Vineyards“, რომელსაც მე და ჩემმა გუნდმა დავუწერეთ ზოგადმარკეტინგული სტრატეგია, PR კამპანია  და სარეკლამო რგოლისა და ბეჭდური რეკლამის კონცეფცია.

ამის შემდეგ, უკვე ბოსტონში მომიწია Autodesk-თან მუშაობა, რომელსაც ქართველი მომხმარებელი ცნობილი პროდუქტების AutoCAD და 3D MAX-ით იცნობს. აქაც, ანალოგიურად, შეხება გვქონდა რეალურ ბიზნეს-ქეისთან: Autodesk-მა ჩვენგან მოითხოვა ახალი პროდუქტის ბაზარზე შესვლის სტრატეგია, რაც წარმატებით ჩავაბარეთ.

ნიკოლოზ არჩვაძე

 

M: რა გეგმებით ბრუნდები საქართველოში?

მინდა დრო დავუთმო იმ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, რისი მიღების შესაძლებლობაც მე მომეცა და სამწუხაროდ, ჩვენი თანამემამულე ახალგაზრდების უმეტესობას არ ეძლევა. საინტერესო იქნება ქართულ ბიზნეს სკოლებთან, თუ ტრეინინგ ცენტრებთან თანამშრომლობა. ამ ეტაპზე Stanford-ის უნივერსიტეტის მეთოდიკაზე დაყრდნობით, მომზადებული მაქვს სალექციო კურსი ახალი პროდუქტის/ბიზნესის განვითარებისა და იდეიდან რეალურ სტარტაპამდე მიყვანის თემატიკაზე.

M: გვიამბე უფრო მეტი შენი სალექციო კურსის შესახებ…

იქიდან გამომდინარე, რომ კურსი ეხება ახალი პროდუქტის განვითარებას, შეიძლება ასეც ეწოდოს მას. იგი დაფუძნებულია უახლეს მეთოდოლოგიაზე, რასაც ინგლისურად Lean Startup Methodology-ს ეძახიან და ფუნდამენტალურად განსხვავებულია ტრადიციული, მოძველებული პრაქტიკისგან, როდესაც მენეჯერები ბიზნესის საქმიანობას ხუთწლიანი და გნებავთ უფრო ხანგრძლივი პერიოდით გეგმავდნენ. დღევანდელ სამყაროში, სადაც ყველაფერი ასე სწრაფად იცვლება, შეუძლებელია გააკეთო ზუსტი გრძელვადიანი გათვლები, აქედან გამომდინარე, მცდარია მიდგომა, როდესაც ახალი პროდუქტის შექმნაზე მუშაობენ წლობით, ხარჯავენ ფულს და პროდუქტის შექმნის შემდეგ აღმოჩნდება რომ მომხმარებელს ის აღარ სჭირდება, რადგან შეიცვალა ბაზარზე მოთხოვნები.

M: რას მიიღებს მსმენელი შენი სალექციო კურსის შედეგად?

დღეს, საქართველოში ერთგვარი ბუმია ინოვაციების, რასაც ერთობლივად მთავრობაც და კერძო სექტორიც უწყობს ხელს. კურსი გათვლილია იმ ადამიანებზე, ვისაც აქვს ინოვაციური იდეები და არ აქვს საკმარისი ცოდნა, თუ როგორ გაუკეთოს რეალიზება კარგ იდეას.

მსმენელი გაიცნობს ინოვაციებისადმი სრულიად ახალ მიდგომას, რაც გამოადგება თანამედროვე ბიზნესში წარმატების მიღწევაში, დაიწყებს უფრო შედეგზე და გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებულ აზროვნებას, ისწავლის უმოკლეს დროში ბაზარზე ორიენტირებული პროდუქტისა თუ ბიზნესის შექმნასა და სრულყოფას.

“გოოოოლ!” – ყველაზე ემოციური კომენტატორი Canal+-ის სახალისო რეკლამაში

როგორ მივიღოთ მოგება წარუმატებლობისგან? – HBR