ბავშვობიდან მინდოდა, საკუთარი ჯიბის ფული მქონოდა ხოლმე და 18 წლის რომ ვიყავი სახლში ვთქვი, სამსახური უნდა ვიპოვო-მეთქი. მანამდეც რამდენჯერმე მქონია სამუშაო გამოცდილება პატარა შეკვეთების სახით. გავიკითხეთ საახლობლოში და ერთმა ნაცნობმა თავის სამსახურში მიმიყვანა და უფროსს გამასაუბრა. მასაც, როგორც ჩანს, მოეწონა ჩვენი საუბარი და სამსახურში ამიყვანა. ოღონდ კონკრეტულად რა უნდა მეკეთებინა, ეგ ზუსტად არც მე ვიცოდი და არც მან. კომპანიამ იყიდა კომპიუტერი, პრინტერი, სკანერი და ეს ტექნიკა მე ჩამაბარეს. ასე გავხდი „კომპიუტერის ბიჭი“ იმ პატარა კომპანიაში.
კომპანიას რამდენიმე საწარმო ქონდა. მათ შორის ქაღალდის გადამუშავების, დეკორატიული ფილების წარმოების, მედიკამენტების წარმოების და ასევე ჰიგიენური ქაღალდის ნაწარმის. ასე ვხუმრობდით ხოლმე სამეგობროში, რომ მე ვმუშაობ ტუალეტის ქაღალდის ქარხანაში დიზაინერად. 2001 წელი იყო. ხელფასი ძალიან დაბალი მქონდა, 120 ლარი და დღეში 3 საათის მანძილზე ვმუშაობდი, ლექციების მერე. ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა, რადგანაც საკუთარი ფული გამიჩნდა, რომლითაც შემეძლო გადაადგილება და საკუთარი ხარჯების გაწევა.
ორი წლის განმავლობაში ვიმუშავე ამ სამსახურში და უდიდესი გამოცდილება მივიღე, საბოლოო ჯამში. ძალიან მრავალფეროვანი ამოცანები მქონდა ყოველდღიურად. ხან რომელიღაც პროდუქტის სარეკლამო კონტენტი იყო გასაკეთებელი, ხან ეტიკეტი, ხანაც კომპანიის მომწოდებლებთან იმეილით კომუნიკაცია და მოლაპარაკება იყო საჭირო. მოკლედ, კომპანიაში დოკუმენტი იყო ამოსაბეჭდი თუ ახალი დაზგის მწარმოებელი საპოვნელი უცხოეთში და კვლევა ჩასატარებელი, ყველაფერს მავალებდნენ და ვსწავლობდი.
უამრავ თემაში გარკვევა მომიწია და ძალიან მადლიერი ვარ ამ სამსახურის, რადგანაც დამოუკიდებლად მუშაობის კულტურა და დისციპლინა ჩამომიყალიბა. ძალიან ოჯახური სიტუაცია იყო კომპანიაში და უფროსი დღეში ერთხელ თუ შემხვდებოდა სადილის დროს. ასე რომ, სრული ავტონომია მქონდა და საქმეები ჩემზე იყო დელიგირებული. ეს თავიდან ძალიან გამიჭირდა, არ ვიცოდი, როგორ მეკონტროლებინა საკუთარი თავი, როგორ გამომემუშავებინა თვითდისციპლინა.
ამ სირთულემ დამაწყებინა საკუთარ თავზე მუშაობა დისციპლინის კუთხით (სხვა გზა არ იყო). წავიკითხე რამდენიმე საინტერესო წიგნი მოტივაციაზე, მენეჯმენტზე, თვითდახმარებაზე და რამდენიმე თვე საკუთარ თავზე ინტენსიურმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და „ავმუშავდი“. საკუთარ თავზე მუშაობის გარდა, ამ სამსახურმა ასევე მაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანი უპირატესობაა, როცა სხვებზე ადრე ეცნობი ტექნოლოგიურ სიახლეებს, ამყარებ კონტაქტებს უცხოელ მწარმოებლებთან და სწავლობ ახალ ინსტრუმენტებს. ჩემთვის უცხო და უცნობი პროგრამების სწავლაც მომიწია. იმ დროს Youtube და მსგავსი სერვისები არ არსებობდა. მაშინ ვისწავლე პროგრამების Help დოკუმენტაციის კითხვა, სადაც, როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი კარგად, დეტალურად და გასაგებადაა ახსნილი.
ჩემი აზრით, ეს სამსახური ძალიან საჭირო და კარგი ფუნდამენტი იყო იმისთვის, რასაც ახლა ვაკეთებ და როგორიც ვარ პროფესიულად. ძალიან მადლიერი ვარ ამ სამსახურის. დღეს ანტრეპრენერი ვარ, ტექნოლოგიური ბიზნესის შენებაში გავატარე ბოლო 20 წელიწადი და მგონია, რომ ყოველდღიურად მადგება ის უნარები და ჩვევები, რაც პირველმა სამსახურმა შემძინა.
ნიკოლოზ გოგოჭური – ანტრეპრენერი, VRex Immersive-ის CEO, Neuropilot VR-ის თანადამფუძნებელი და სტარტაპების დამფუძნებლების მენტორი.