in

„ყველაზე კარგი ყოველთვის წინ არის, მომავალში გელოდება“ – ნიკოლოზ კუმბარის გზა

„გინახავს, ბავშვები როგორ ხატავენ? ერთ ადგილზე, მრგვალად ჯღაბნიან, მერე ჯოხებს უკეთებენ და გამოდის კაცუნა. ამ დროს სახეზე დაკვირვებიხარ? როლებში ისე იჭრებიან, მიმიკებზე შეატყობ, რომ მთლიანად ამ ნახატში არიან, ეს არის მათთვის ყველაფერი. როცა ამ ბავშვივით არ ხარ და იმიტომ ხატავ, რომ ვინმეს მოეწონოს და თქვას, რა კრეატიული და მაგარი ტიპი ხარ, მანდ კარგავ შენს გულს . . . და საერთოდ, ყველაფერს . . . მაშინ დგება კრიზისიც. ზუსტად მაშინ, როცა არ იცი რას აკეთებ, ან ბოლომდე არ ხარ ამ საქმით მოცული“, – მითხრა ნიკოლოზ კუმბარმა ინტერვიუს დროს. დარწმუნებული ვარ, თვითონ სულ ეს ბავშვი იქნება, იმიტომ რომ ხატვაზე და დიზაინზე საუბრის დროსაც კი მიმიკებზე შეატყობთ, მთლიანად ამ საქმით არის მოცული. ეს არ ქრება მაშინაც, როცა ყველაფერს ეთიშება, ცოტა ხნით ისვენებს და Man in Cave ხდება – ამ დროს საკუთარ თავზე ფიქრს უთმობს, რაღაცებს აფასებს და ახალი მიზნისკენ განახლებული ენერგიით მიდის.

დღეს, ნიკოლოზ კუმბარზე ვისაც არ უნდა კითხოთ, გეტყვით, რომ „თავისი საქმე მაგრად იცის“, „პროფესიონალია“, „ვიზუალური ბრენდინგი მაგრად ესმის“. ჩვენმა რესპონდენტებმაც (თამარ ჭაბუკიანი, ანუკი კონიაშვილიგიგა ხატიაშვილი) იმდენი ისაუბრეს, ნამდვილად დროა, წრე შევკრათ და მასზე გიამბოთ.

„მიხარია, თუ ასე ფიქრობენ, მაგრამ, არ ვიცი, მართლა ასეა? ან ახლა, ამ ინტერვიუს რომ ვწერთ, ჩემი ამბავი ასეთი საინტერესოა? მაშინ, კარგად უნდა მოვემზადო, ყველაფერზე დავფიქრდე და კიდევ ერთხელ გავიაზრო“ – დაახლოებით, ამ ფონზე ჩაიარა მთელმა მოსამზადებელმა პერიოდმა. და ბოლოს როგორც იქნა, ჩვენი ინტერვიუც შედგა.

ეს არის ადამიანი, რომელიც საქმეში მცირე დეტალებსაც კი დიდ ყურადღებას აქცევს და ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალიზმი. არ ეშინია სირთულეების, ახალი მიზნებისა და გამოწვევების, მთავარია, იმ მომენტში, საკუთარ შესაძლებლობებში იყოს დარწმუნებული.

ნიკოლოზ კუმბარი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელსაც არ უვლია ყველა სპორტზე და გაურკვეველ თუ გარკვეულ წრეებზე. მისთვის იყო და არის მხოლოდ ხატვა. და ძერწვა. მის პორტფოლიოს რომ გადახედოთ, ნამუშევრებს ადვილად იცნობთ, უმეტესობა ნანახი გექნებათ. მაგრამ თავად ძალიან იშვიათად ჩანს. გუნდში ყოველთვის ჰყავს თავისი საპირისპირო, ხმაურიანი ძალა, საიდან წამოსულ იდეებსაც კალაპოტში აქცევს, ავიწროებს და უკვე კონკრეტულ იდეაზე იწყებს მუშაობას. კომპიუტერში აწყობამდე ჯერ აუცილებლად ხელით, ფურცელზე ხატავს – „გონებასთან ყველაზე ახლოს არის თვალი, რომლითაც ვხედავ იდეას, თვალთან კი ხელი, რომლითაც ამ ყველაფერს ვხატავ“.

ხმაურიან ნახევარს რაც შეეხება, ეს ბალანსი Holy Motors-შიც დაცულია – პრინციპში, მანამდეც და ახლა კიდევ უფრო მეტად, ავალა (გიორგი ავალიანი) და კუმბარი განუყრელები არიან: 

ავალა იდეების გენერატორია, ხმაურიანი ტიპია, საზღვარი არ აქვს მის იდეებს. მაგრამ ყველაფერს ხომ ვერ გააკეთებ? ამისთვის არანაირი რესურსი არ გეყოფა. მე ყოველთვის ვცდილობ, ეს იდეები დავიჭირო და საზღვრები დავავიწროვო, უფრო კონკრეტულამდე დავიყვანო. რაც უფრო დაავიწროებ ამ საზღვრებს და კონკრეტულზე ჩამოყალიბდები, მით უფრო კრეატიული იქნები და უფრო კარგ პროდუქტს შექმნი“. 

ნიკოლოზ კუმბარი და გიორგი ავალიანი

ასეთია ნიკოლოზ კუმბარი დღეს. თუმცა, აქამდე იყო ძალიან გრძელი გზა, საკუთარი თავისა და პროფესიის ძიება. მუშაობა და განვითარება – „რა დაძაბულიც არ უნდა ვიყო, რა რთული და დატვირთული პერიოდიც არ უნდა მქონდეს, ჩემთვის, განვითარებისთვის სულ ვხატავ. ყველას ვურჩევ, 10 რამეს ქმნი დამკვეთისთვის? მე-11 შენთვის გააკეთე, დააკვირდი, დაფიქრდი, განვითარდი. სხვაგვარად წარმოუდგენელია“.

ძალიან რთულია, მისი ამბის მოკლედ მოყოლა, თითოეულ მის ნაბიჯს ახსნა – სამომავლო გათვლა ან პირიქით, წინაპირობა აქვს. კიდევ უფრო მეტად რომ არ გაგვიგრძელდეს, დროა, დავიწყოთ, სულ თავიდან:

ნიკოლოზ კუმბარი:რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავდი. ჩემი ძმაც ხატავდა, მამაჩემიც, დედაჩემიც, მაგრამ პროფესიით მხატვრები არ იყვნენ, დედაჩემის ნათესავი იყო აივაზოვსკის (ივანე აივაზოვსკი, სომხური წარმოშობის რუსი მხატვარი) მოსწავლე და მისი ნახატები გვქონდა სახლში. ასევე – ძალიან ბევრი წიგნი ხელოვნებაზე. ეს ყველაფერი ძალიან მომწონდა და რაღაც მომენტში, ინსპირაციაც გახდა ჩემთვის. ვხატავდი ყველგან: რვეულების ბოლო გვერდებზე, წიგნებში, ძირითადად, საყვარელი მუსიკოსების და ბენდების სახელებსა და ლოგოებს. მაშინ დრო იყო ისეთი, საღამოს 7 საათზე მოდიოდა შუქი და მანამდე რაღაც ხომ უნდა მეკეთებინა?! მეც ვხატავდი და ვძერწავდი. ჩემთვის ეს იყო ყველაფერი.

ზოგჯერ, ღამე მეღვიძებოდა და ხატვას ვიწყებდი, ან ძერწვას – პლასტელინისგან რაღაც სამყაროს ვქმნიდი. მაგრამ მაშინ მხატვრობაზე არ მიფიქრია. მეტიც, 25 წლამდე საერთოდ არ მიფიქრია პროფესიაზე“.

ასე გაიარა სკოლის პერიოდმა და კლასიდან კლასში გადასვლისთვის სწავლამ. მერე თოიძეში (მოსე თოიძის ხელოვნების სკოლა) ჩააბარა.

„სიმართლე რომ ვთქვა, იქაც არაფერს ვაკეთებდი, ალბათ, სულ სამჯერ გამოვძერწე, ჩუქურთმები და რაღაც კლასიკური დეტალები. დანარჩენი ძველებურად გრძელდებოდა – ქუჩაში, ბირჟაზე დგომა და გართობა“.

“Watching the world burn” – Nick Kumbari

თოიძის შემდეგ აკადემიაში აპირებდა (თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია) ჩაბარებას. ამიტომ, ნაცნობ მოქანდაკესთან მიიყვანეს. პირველივე დავალებაზე მიხვდა, რომ ეს ძალიან რთული და შრომატევადი საქმე იყო. მერე აკადემიაში ჩაბარებაც გადაიფიქრა და კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა.

„იქ  ხატწერას, კედლის მხატვრობას და მსგავსი საგნების სწავლა მიწევდა. რაღაც მომენტში, მომწონდა კიდეც. მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა ეს ყველაფერი – საბოლოოდ, უნივერსიტეტიდან გამომიშვეს. მერე კარგა ხანს, არაფერს ვაკეთებდი, ჩემთვის ვიყავი, რასაც Man in Cave-ს ეძახიან, ჩაკეტვა რომ გინდა საკუთარ თავთან და ფიქრი. ერთადერთი, რაც მაშინ არ შემიწყვეტია, ხატვა იყო. გრაფიკული ნახატების გამოფენაც გავაკეთე. იმ დროს ჯერ კიდევ წარმოდგენა არ მქონდა ჩემს დღევანდელ პროფესიაზე. არც ინტერნეტი იყო ასე ხელმისაწვდომი. ზუსტად მხოლოდ ის ვიცოდი, რომ უნდა მეხატა, ხატვა იყო ერთადერთი, რაც გამომდიოდა“.

ეს იყო პირველი გარდატეხა მის ცხოვრებაში, როცა რა თქმა უნდა, ხატვასთან დაკავშირებული, მაგრამ რაღაც ახალი გაჩნდა – 2003 წლიდან ანიმაციის სწავლა დაიწყო, კომპიუტერული პროგრამებიც [Photo Shop, Flesh] ისწავლა. პარალელურად, ხატავდა და ინტერაქტიულ ანიმაციებს აკეთებდა. მერე ვებდიზაინით დაინტერესდა და მისი შესწავლაც დაიწყო. თან სხვებს ასწავლიდა – კომპიუტერულ პროგრამებს.

„მართალია, ტექნიკურად ყველაფერი ვიცოდი და შემეძლო ვებგვერდის გაკეთება, წიგნის აწყობა, მაგრამ დიზაინის არსზე წარმოდგენა არ მქონდა, არ ვიცოდი, რა იყო ბრენდი და ა.შ.

მახსოვს, სტუდია „სარკეში“ მივიტანე ჩემი ნამუშევრები. მათ არანაირი ღირებულება არ ჰქონდა, უბრალოდ, ტექნიკურად გაკეთებული ვებგვერდის მონახაზები, ფოტომონტაჟები იყო. რა თქმა უნდა, არ ამიყვანეს. მაშინ მივხდი, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებდი“.

შემდეგ ვებ დიზაინერად დაიწყო მუშაობა. სწრაფად და მარტივად ხატავდა და აწყობდა ყველაფერს, თუმცა ეს უფრო ტექნიკური ნაწილი იყო. პირველი შეხება ბრენდთან IBS-ში (დღევანდელი BDO), ისევ ვებდიზაინერად მუშაობის დროს ჰქონდა.

„აქ დავიწყე ამ ყველაფრის სწავლა. ინტერნეტში ვეძებდი, რა იყო „ბრენდ ბუქი“ და როგორ უნდა გამეკეთებინა. ნელ-ნელა მოვიდა იმის გაგება, საერთოდ, რა არის ვიზუალური ბრენდინგი და რომ ლოგო მხოლოდ ვიზუალი არ არის და ყველაფერს შესაბამისი აზრი აქვს. ამ დროს შემომთავაზეს თვითონ IBS-ის ლოგოს გაკეთება და დავიწყე ისევ ინტერნეტში „სერჩვა“. მაშინ ვნახე ლებედევის ვებგვერდიც (დიზაინერი არტემი ლებედევი, სტუდია Art Lebedev-ის დამფუძნებელი). აქ ყველა ნამუშევარს ჰქონდა ახსნა, რა და როგორ კეთდებოდა. საერთოდ, ამ პერიოდში აღმოვაჩინე, რომ თურმე, არსებობს პარალელური სამყარო, სადაც „უპრასვეტო“ 1990-იანებისგან განსხვავებით, ძალიან ბევრი რამ ხდება“.

©Nick Kumbari
©Nick Kumbari

შემდეგ Dribbble და Behance გაიცნო, სადაც მის კარგ ნამუშევრებს იწონებდნენ, Techdesigner -ზე კი მხოლოდ კრიტიკა იყო – „თავიდან კრიტიკას ვერ ვიღებდი, მაგრამ მერე ვიფიქრე, რახან მეუბნებიან, მოდი, გავითვალისწინებ, გამოვასწორებ, დავხვეწავ.

ამ პლატფორმებზე ნელ-ნელა პოპულარული ხდებოდა მისი ნამუშევრები – „უცბად გადატრიალება მოხდა ჩემთვის. შეიძლება ითქვას, კიდევ ერთი გარდამტეხი მომენტი – აღმოვაჩინე, რომ:

მნიშვნელოვანია, შენი თავი დაარწმუნო, „ფიდბექი“ არ მიიღო, როგორც შეურაცხყოფა“.

გამოხმაურებებით ხვდებოდა, როდის მიდიოდა არასწორი გზით და რა უნდა შეეცვალა. ამ პერიოდში IBS-ს რებრენდინგიც (ვიზუალური) დაასრულა. ის BDO-ს შვილობილი კომპანია იყო. ნიკოლოზ კუმბარი BDO-სთანაც თანამშრომლობდა, სადაც ასევე ვებგვერდებს აკეთებდა. პარალელურად, „ფრილანს“ პროექტებზეც დაიწყო მუშაობა.

„ბრენდ ბუქში ქართულად რომ ტექსტი ჩამესვა, ენის სპეციფიკიდან გამომდინარე, მივხვდი, რაღაცები უნდა შემეცვალა, მივყვებოდი „გაიდლაინებს“ და ასე ვაკეთებდი ყველაფერს. საბოლოოდ, ჩემი ნამუშევარი ძალიან მოეწონათ. ამ მომენტში მივხდი, რომ სწორი გზით მივდიოდი. სულ ვადევნებდი თვალ-ყურს საზღვარგარეთ სააგენტოების მუშაობას. ნელ-ნელა უფრო მეტად ვაცნობიერებდი და ვიგებდი, რა არის ვიზუალური ბრენდინგი, და საერთოდ, რა ხდება ამ სფეროში“.

ნიკოლოზ კუმბარი, Designers Meet Up (ყაზახეთი)

თავისი ამბის თხრობისას, ხშირად, იმ თემებზეც გიყვება, რომელიც მართლა ძალიან საინტერესოა. საერთოდ, ნიკოლოზი არის ადამიანი, ვისაც შეუძლია, ყველა ამბავს, საინტერესო თემა მიაბას და ყველა თემას რაღაც ამბავი მოაყოლოს. ჰო და, ბრენდინგი როგორც კი ახსენა, ასეთი რამ მითხრა:

ბრენდინგის შეფასება ძალიან სუბიექტურია. კარგი ლოგო და ვიზუალური ბრენდინგი არის ის, რომელიც საქმეს სჭირდება, როგორიც ბრიფია და რომელიც ბრიფის მოთხოვნებს პასუხობს. სამწუხაროდ, ჩვენთან, თუნდაც ვიზუალური ბრენდინგი, უმეტესობას ერთჯერადი ჰგონია, გააკეთეს და დასრულდა. ამას შემდეგ უნდა მოჰყვეს განვითარებისა და განხორციელების ეტაპი, იმპლემენტაცია. ისე რა აზრი აქვს? რატომღაც, ყველას ჰქონია, Apple-ს ლოგო რომ შეიქმნა, მას მერე არაფერი შეუცვლია ბრენდს. არა და, მასში, თითქმის, ყოველ წელს რაღაც დეტალს ცვლიან. კარგი ლოგო არის ის, რაც იმ მომენტში, ბიზნესს სჭირდება. შეიძლება, ბიზნესს ზუსტად ისეთი ლოგო სჭირდებოდეს, ვიღაცას რომ ძალიან არ მოეწონება. შენ თანადამფუძნებელი არ ხარ, რომ გადაწყვიტო, როგორი უნდა იყოს ბიზნესი.

ვიზუალური ბრენდინგის მთელი „მუღამი“ არის ის, რომ დასაწყისში გებულობენ მის საჭიროებებს, რომლესაც ასაბუთებენ და ამ დასაბუთებული იდეით მოდიან შენთან. შენ კი ეს ყველაფერი იდეურად და ვიზუალურად უნდა გამოსახო.

ყველა ბრენდს თავისი მიზანი აქვს, თავისი ტარგეტ აუდიტორია ჰყავს და ეს ყველაფერი მე კარგად მესმის. ჩემი დიდი პლუსი მგონია, რომ არ მეშინია კრიტიკის. როცა ვატყობ, რომ დამკვეთს უკმაყოფილო სახე აქვს, ვეკითხები, რა არ მოსწონს. ჩემი საქმეა, ზუსტად ის გავუკეთო, რაც უნდა, ოღონდ კარგად. როცა მეუბნება, რომ ლოგო დიდად დავუხატო, მართლა დიდი ზომის ლოგო კი არ უნდა, უბრალოდ სურს, ეს სიმბოლო კარგად ჩანდეს. შესაბამისად, მეც ისეთ გამოსავალს ვპოულობ, რომ ორივე კმაყოფილი ვიყოთ. მხოლოდ გაყიდვების გასაზრდელად, მარტო ლოგოს, კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვიზუალის გაკეთებას, მირჩევნია, დამკვეთს გულახდილად ვუთხრა, რომ ის ფული ბიზნესის განვითარებაში ჩადოს და გაყიდვებს მოახმაროს, რადგან მხოლოდ ვიზუალური ბრენდინგი პროდუქტს  არ ყიდის. არის კიდევ ერთი რთული მომენტი, დამკვეთს ვერ წარმოუდგენია, რა უზარმაზარ შრომაა ის, რასაც შედეგამდე მივყავართ. ბანკოვის (Peter Bankov, ჩეხი დიზაინერი) ერთ-ერთ ლექციაზე მოვისმინე, თქვენი შრომის 80% – ჩანახატები, კონცეპტები არის გადაყრილი და მხოლოდ 20% არის ის, რაც კლიენტს მიაქვსო. ეს რეალურად ასეა. ამიტომ, დამკვეთს ზუსტად უნდა დაანახო მთელი პროცესი და ამაში თავადაც ჩართო. ყველაფერი ეს პრაქტიკაში ვისწავლე. ასე ნელ-ნელა მივედი იმის აღქმამდე, რა არის ვიზუალური ბრენდინგი“.

“Faces” – ©Nick Kumbari

ახლა მთავარ ამბავს დავუბრუნდეთ: ნიკოლოზ კუმბარი ჯერ კიდევ BDO-ში მუშაობს. და რა ხდება ამ დროს კრეატიულ ინდუსტრიაში?! – უკვე არსებობს „მეტრო“, „საქიდეამშენი“, „ვინდფორსი,“ მომრავლდა ისეთი პატარა სააგენტოები, როგორიცაა: „ლივინგისტონი“, „სინგულარი“.

„ამ სტუდიებს რომ ვუყურებდი, ყველგან მინდოდა მუშაობის დაწყება, მაგრამ „სარკეში“ მიღებული უარის შემდეგ, საკუთარი თავის რწმენა აღარ მქონდა. ვფიქრობდი, რომ ამას მეორედ ვერ გადავიტანდი. სანამ საკუთარ შესაძლებლობებში 100%-ით არ დავრწმუნდი, ვეღარსად გავრისკე მისვლა. ზოგადად, ყველაფერში ასე ვარ – დამკვეთებთან, ახალ პროექტზე მუშაობისას – თუ 100%-ით არ ვარ დარწმუნებული რომ გავაკეთებ, ისე ხელს არაფერს ვკიდებ“.

ჰქონია, შემთხვევა, უფიქრია, რომ შეძლებდა, მაგრამ პროცესში მიხვდა, ეს მისი საქმე არ იყო – „კომპანია „ელიტ ელექტრონიქსში“ მივედი, ზუსტად ერთი დღე ვიმუშავე და წამოვედი. პრინციპში, მაშინ უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ დიდ კორპორაციაში მუშაობა არ მინდოდა“.

შემდეგ GIPA-ში ჩაბარება გადაწყვიტა, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, ტექნიკურად ყველაფრის გაკეთება შეეძლო, კონცეპტზე ფიქრი, ბრენდის მნიშვნელობის განსაზღვრა და მერე ამ ყველაფრის ვიზუალში გადმოტანა უჭირდა.

„ვსწავლობდი რეკლამას, ვიზუალურ ბრენდინგს, მარკეტინგს. ჩემი არც რეკლამა აღმოჩნდა და არც მარკეტინგი. პრეზენტაციები საერთოდ არ მომწონდა. ჯერ კიდევ სკოლაში, მაგის გამო არ მიყვარდა დაფასთან გასვლა. მართლა ძალიან მიჭირდა ამდენი ადამიანის წინაშე საუბარი და სხვათა შორის, ეს ჯიპაში ეკა ყიფიანმა გადამალახინა. ბრენდინგს ალექსი ჩიქოვანი მასწავლიდა, მერე იყო გიგა ხატიაშვილის ლექციები და ამან საერთოდ „შეკრა“ ყველაფერი. ბოლო დავალება რეალური ბრიფი გვქონდა, „ნიკორას“ თევზის ბრენდინგი უნდა გაგვეკეთებინა, აბსოლუტურად ყველაფერი – ბიზნესმოდელიდან დაწყებული, დეტალურად წარმოგვედგინა ის გზა, რასაც ბრენდი გადის. აი, ამ მომენტში მივხვდი, რომ ვიზუალური ბრენდინგი არის, ის რაც ძალიან მომწონს“.

ბრენდი „კეთილი და პატიოსანი“, Holy Motors-ისა და Live Branding-ის კოლაბორაცია

ამ პერიოდში, „ფრილანს“ პროექტების გარდა, არსად მუშაობდა. ამბობს, რომ არც ისე დიდი პორტფოლიო ჰქონდა და თვითდაჯერებულობაც აკლდა. ამ მომენტში გამოჩნდა „ლივინგსტონი“.

„აღმოჩნდა, რომ ჩემზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო, სიმართლე გითხრა, არც ველოდი ასეთ გამოხმაურებას. უბრალოდ, როცა გიყვარს საქმე, ყველაფერს დებ მასში, მაქსიმუმს აკეთებ და, შედეგიც გამოდის ნორმალური. ნორმალური და არა კარგი, რადგან კარგი ჯერ არ არის მიღწეული, ყველაფერი ყველაზე კარგი ყოველთვის წინ არის, მომავალში გელოდება.

„ლივინგსტონში“ მუშაობა „ჯიპაში“ სწავლის პარალელურად ვებდიზაინერად დაიწყო. მაშინ შექმნა ელექტრონული წიგნების პლატფორმა „საბა“. ახარებს, რომ დღესაც იგივე ვებგვერდი აქვთ, ე.ი. ვიზუალური ბრენდინგი შედგა. სწავლა რომ დაასრულა, გია ბოხუამ „საქიდეამშენში“ მიიწვია.

„ერთმანეთს „დრიბლიდან“ ვიცნობდით. მგონია, რომ განვითარების გარკვეულ ეტაპზე, აუცილებელია შენზე დიდ პროფესიონალთან მუშაობა. კი, წაიკითხავ, პრაქტიკაში მიიღებ გამოცდილებას, მაგრამ როცა შენზე ზევით დგას გიასნაირი პროფესიონალი, ისეთ რაღაცებს სწავლობ, რასაც სხვანაირად ვერ ისწავლი. დაახლოებით, 2 წელი ვიმუშავე გიასთან და ამ თანამშრომლობამ ძალიან ბევრი რამ მომცა. ადრე თუ სიზარმაცე მომერეოდა და რაღაც დეტალისთვის შეიძლებოდა, მხოლოდ დიდი კრიტიკის შემდეგ მიმექცია ყურადღება, აქ გამოვიწვრთენი, რომ დეტალებს მაქსიმალური ყურადღება მივაქციო. ერთი წერტილიც რომ ყოფილიყო ზედმეტი, იმაზე არ დახუჭავდა თვალს და ეს მეც დღემდე მომყვება. წვრილმანებსა და დეტალებზე მუშაობა კარგად გწვრთნის და გაძლევს დისციპლინას. გარდა ამისა, ვისწავლე, რომ სანამ კლიენტს რაიმე ვერსიას აჩვენებ, ძალიან ბევრი ვარიანტი უნდა შემქნა. ზოგადად, ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და სულ რაღაცას განვიხილავდით, ვმსჯელობდით. გიასთან ერთად, ანიმაციაზეც ვმუშაობდი, თუმცა, ძირითადად, ვიზუალებს ვაკეთებდით, ჩვენი მიმართულება მაინც უფრო ვიზუალური ბრენდინგი იყო“.

ნიკოლოზ კუმბარი, ©Nika Max Khundaze

ზუსტად ამ პერიოდში თბილისში Behance Portfolio Review ჩატარდა, სადაც ნიკოლოზ კუმბარით, არც მეტი არც ნაკლები Google დაინტერესდა. საუბარი იყო „გუგლში“ Android Visual Designer-ის პოზიციაზე. ამბობს, რომ მაშინ კომპანია უფრო UX სპეციალისტს ეძებდა და UI ნაკლებად სჭირდებოდათ. 7-საათიანი გასაუბრების შემდეგ, მომდევნო ეტაპისთვის, დეტალური ნამუშევრები უნდა გაეგზავნა. მაგრამ საჭირო თავდაჯერებულობა არ ჰქონდა, ახლაც თვლის, რომ მათთვის იდეალური თანამშრომელი არ იქნებოდა, არც ენა იცოდა ისე, რომ გუნდში ემუშავა, კონცეპტი აეხსნა და მისი თითოეული დეტალი გაეშალა – „აი, ამ დროს არ მქონდა ზუსტად ის „ქონფიდენსი“ (თავდაჯერებულობა, საკუთარი თავის რწმენა), რომ შევუტევ და საქმეს ბოლომდე ვაკეთებ ხოლმე. ამიტომ, შემდეგი ეტაპისთვის, ნამუშევრები აღარ გამიგზავნია“.

„საქიდეამშენში“ მუშაობის პარალელურად, ძიების პროცესს განაგრძობდა, უნდოდა, რაც შეიძლება მეტი გაეგო ვიზუალურ ბრენდინგზე.

გია ბოხუა და ნიკოლოზ კუმბარი

„შემდეგ დადგა მომენტი, როცა მივხდი, რომ ჩემი პორტფოლიო გიასკენ მიდიოდა. ზოგადად, იმხელა სიმაღლეზეა ასული, მისი გავლენა ყველა მის სტუდენტს და თანამშრომელს ეტყობა. მერჩივნა, მასზე ნაკლები ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემი საკუთარი შემექმნა. კი, ეგოს არ უნდა მისცე საშუალება, რომ გმართოს, მაგრამ რაღაც დოზით, შენი ეგოც უნდა დააკმაყოფილო. წინ უნდა წამომეწია და მეშრომა ჩემი ინდივიდუალიზმისთვის. თან უფრო და უფრო მიზიდავდა „გეიმინგის“ ელემენტებიც“.

ასე დატოვა „საქიდეამშენი“ და მის ცხოვრებაში ისევ თვითგამორკვევის, MAN IN CAVE ეტაპი დადგა. ხატვის, ფიქრის, ანალიზისა და ჩამოყალიბების პერიოდი. შემდეგ იფიქრა, რომ გუნდის შეკრებისა და მათთვის გამოცდილების გაზიარების რესურსი ჰქონდა. ამიტომ, „ლივინგსტონში“ დაბრუნდა. რესურსის გარდა, ჰქონდა თავდაჯერებულობა, რომლის გარეშეც უკვე იცით, რომ ხელს არაფერს ჰკიდებს.

„თუმცა, ერთია თავად გინდოდეს, მეორე კი – კონკურენცია, რომელიც გაიძულებს მაქსიმუმი გააკეთო, თორემ „უბრალოდ შეგჭამენ“ – მით უმეტეს, ახალი თაობა, რომელსაც თვლის, რომ განვითარების გაცილებით მეტი საშუალება და რესურსი აქვს – „ახლა იმდენი წყაროა, საიდანაც რაღაცის სწავლა შეგიძლია, ჩემ დროს ამას ვერც წარმოვიდგენდით. იმდენი ტუტორიალი, გამოცდილების გაზიარება, „რეფერენსია“ (რეკომენდაცია), თუნდაც, ღონისძიება „სფოთლაითი“ ან „მარკეტერი“. ჩვენ, დაახლოებით, ისე ვიყავით, ვაკუუმში რომ იჯდე და იქიდან ცდილობდე რაღაცის დანახვასა და სწავლას. ახლანდელი შესაძლებლობები რომ მქონოდა, მგონია, რომ დღეს აბსოლუტურად სხვაგან ვიქნებოდი“.

Designers Meet Up (ყაზახეთი), სპიკერი – ნიკოლოზ კუმბარი

„ლივინგსტონში“ დაბრუნდებით კიდევ ერთი, ახალი ეტაპი დაიწყო – საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა. პრინციპში, იქ დაბრუნების დღიდან ეს მიზანი ჰქონდა. ამის მიღწევა კი მხოლოდ კონკურსებში მონაწილეობით იყო შესაძლებელი. საამისო გამოცდილება უკვე ნამდვილად გააჩნდა და ბუნებრივია, თავდაჯერებულობაც.

„თუ საერთაშორისო კონკურსებზე არ ხარ, მხოლოდ Behance-ზე და Instagram-ზე ნამუშევრების დადებით ვერაფერს მიაღწევ. ძალიან ცოტა შანსია იმის, რომ სხვადასხვა პლატფორმაზე შენი ნამუშევრები ნახონ, მაგალითად, „ნაიკის“ წარმომადგენლებმა და თანამშრომლობა შემოგთავაზონ.

შენთვის სასურველ კლიენტებთან უშუალო ურთიერთობა უნდა გქონდეს. ასეთი რაღაცები პირისპირ შეხვედრებით წყდება.

ყველაზე ხშირად კი ეს ხალხი კრეატიულ ფესტივალებზე იყრის თავს. „ნეთვორქინგი“ ასეთი ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანიც.

ნიკოლოზ კუმბარი და გიორგი ავალიანი Awwwards-ზე

საერთოდ, ნიკოლოზ კუმბარი იმ ადამიანებს ეკუთვნის, ვინც დასახულ მიზანს აუცილებლად აღწევს. გამონაკლისი არც მისი „ლივინგსტონში“ მუშაობის პერიოდი ყოფილა. სააგენტომ მოიგო Awwwards და Webby Awards, რომელიც ინტერნეტ სივრცეში დაახლოებით, ისეთივე რანგის ჯილდოა, როგორიც კინოში ოსკარი.

თავად ამბობს, რომ საერთაშორისო აღიარება და ჯილდოები მეტ თავდაჯერებულობას მატებს სააგენტოსაც და მის თითოეულ წევრსაც. მსოფლიო მასშტაბის კომპანიებთან და ბრენდებთან საუბარი ადგილია, როცა „კანის ლომების“ ბრინჯაო, Awwwards-ზე და Webby Awards-ზე მოპოვებული ჯილდოები გაქვს. ასე მეტი „ქონფიდენსი“ გიჩნდება და დიდი ბრენდებიც მარტივად გელაპარაკებიან.

ამასობაში ნიკოლოზ კუმბარის ინტერესების სფერო გაფართოვდა. ვებისა და ანიმაციის გარდა, ძალები არტ დაირექშენიც მოსინჯა. და აი, აქ კიდევ ერთი ახალი მოგზაურობა იწყება – „ლივინგსტონი“ ნელ-ნელა იზრდება, ახალი გამოცდილება და უნარები უგროვდება.

„ერთ დღესაც მიხვდი, რომ ის მომენტი დამიდგა, რაც „საქიდეამშენში“ – კიდევ სხვა სამყაროს აღმოჩენა მინდოდა. ახალი გარდამტეხი მომენტი დადგა – საერთაშორისო პროექტებზე დავიწყე ფიქრი, ოღონდ არა დიდ კორპორაციაში, რისკენაც, პრინციპში, „ლივინგსტონი“ მიდიოდა“.

©Nick Kumbari

ახალ საფეხურამდე ისევ Man in Cave, ყველაფრის კიდევ ერთხელ გადააზრება და დასვენება იყო. მაგრამ ვიზუალურ ბრენდინგზე და სტრატეგიაზე მუშაობა არ შეუწყვეტია. სააგენტო „ლაივის“ გუნდთან, შოთა ჩინჩალაძესა და ალექსი ჩიქოვანთან ერთად რამდენიმე კოლაბორაციაც ჰქონდა.

„მივხვდი, რომ სანამ ვიზუალურ ბრენდინგზე და საერთოდ, ნებისმიერი სახის კომუნიკაციაზე დაიწყებ მუშაობას, აუცილებელია ბრენდინგი და სტრატეგიის განსაზღვრა. ამიტომ, ამის შემდეგ, ყველანაირად ვცდილობ, ბრიფზე სტრატეგიის გარეშე არ ვიმუშაო“.

რამდენიმეთვიანი „ტაიმ აუტის“ შემდეგ, მიხვდა, რომ მისი იდეალური გარემო პატარა გუნდია, სადაც მთავარ იმ მიზანზე კონცენტრირებას იდეალურად მოახერხებდა.

ასე შეიქმნა Holy Motors. „ლივინგსტონიდან“ წამოსული გუნდის ნაწილით და უკვე საკუთარი [ნიკოლოზ კუმბარი GIPA-ს ლექტორია] სტუდენტებით. ნელ-ნელა შეკვეთებიც გაიზარდა და ახლა თავადაც უკვირს, წელიწად-ნახევრის მანძილზე, როგორ მოახერხეს 20-მდე პროექტზე მუშაობა.

„ ახლა საით მივდივართ? ვფიქრობთ, რომ კლიენტი კი არ უნდა მოდიოდეს ჩვენთან, ჩვენ უნდა ვქმნიდეთ პროდუქტს, ვაკეთებდეთ ბრენდს და მისთვის ვიზიდავდეთ ინვესტიციებს. როგორც მაგალითად, „ბოდიში“, ეს ბრენდი თავიდან ბოლომდე ჩვენი შექმნილია – გაჩნდა იდეა, შევქმენით ბრენდი და ჩამოვასხით კიდეც. გვინდა, ვიყოთ კომპანია, რომელიც საკუთარ პროდუქტებს შექმნის, გააკეთებს  სტრატეგიას, ეყოლება ბიზნეს პარტნიორი და თავად იქნება მწარმოებელი. თან, გვექნება დრო, საკუთარ თავზე ვიმუშაოთ და განვვითარდეთ.

ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე ვხვდები, რომ ერთია, როცა ბრენდისთვის რაღაცას ქმნი და სულ სხვაა, როდესაც საკუთარი თავის განვითარებაზე მუშაობ.

საითაც ჩვენ მივდივართ, მგონია, რომ იქ არის მომავლის ბრენდინგიც. ალბათ, მალე რეკლამები აღარ იქნება. ახლა არასტანდარტული კომუნიკაციის დროა, თვითონ პროდუქტი უნდა იყოს რეკლამა. მის უარყოფით მახასიათებლებს არ უნდა ფარავდეს ან ალამაზებდეს რეკლამა და ვიზუალური ბრენდინგი – ეს უკვე არასწორი აღქმაა. პროდუქტი, ბრენდი უნდა იყოს იმ ხარისხის, რომ თავად გახდეს საკუთარი თავის რეკლამა“.

ხომ, გახსოვთ, წინ კიდევ ერთი გარდამტეხი მომენტია – საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა „ჰოლი მოტორსის“ დროშით, როგორც მისი ფილიალი ან წარმომადგენლობა. სტატუსებს და ფორმალობებს, პრინციპში, ნიკოლოზ კუმბარისთვის მნიშვნელობა არ აქვს. უფრო საინტერესო მსოფლიოს მოწინავე შემოქმედებითი ორგანიზაციების სტრუქტურა და მსხვილი კალიბრის ბრენდებთან ნაყოფიერი კოლაბორაციის ხერხებია. მიუხედავად პანდემიისა, დასახულ მიზნამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, აშენებენ ხიდებს და პირადად ესაუბრებიან იმ შემოქმედებს, ვინც გლობალური ინდუსტრიის ამინდს განსაზღვრავს.

ნიკოლოზ კუმბარი, გიორგი ავალიანი, KesselsKramer-ის დამფუძნებელი, I AMsterdam-ის შექმნელი ერიკ კესელსი, შვილთან ერთად და ბრენდი „ბოდიში“

„ახლა კიდევ ერთი რამ მაფიქრებს, ჩემთვის ყველაზე მთავარი რაც არის – მინდა, საბოლოოდ ჩამოვყალიბდე, რა ვაკეთო – მარტო ბრენდები? იქნებ, დიზაინის ახალი იარაღები უნდა ავითვისო? რასაც ვხატავ, იმის სათამაშოებად გაკეთებაც მინდა. ან „პოსტერებს“ „მივაწვე“, ან – არ ვიცი. ჯერ ცოტა არეული ვარ. სააგენტოში ვიცით, საით მივდივართ და რა მიზნები გვაქვს. ახლა მინდა, საკუთარ თავში ჩამოვყალიბდე, ზუსტად უნდა მივაგნო იმას, რითაც მომავალში გაგაკვირვებთ“

P.S.-ის ნაცვლად: 

-რომ არა ხატვა და შენი დღევანდელი პროფესია, ვინ იქნებოდი?

–  ვინ ვიქნებოდი? არ ვიცი, შეიძლება, მუსიკოსი. ერთხელ ვცადე კიდეც, ბენდიც მქონდა, მაგრამ „ჩაიარა“ მაგ ამბავმა. ახლა ჩემთვის ხატვა და ჩემი პროფესია ყველაფერია. პრინციპში, ნულიდან დაწყების არასოდეს მეშინია. მთავარია, ჩამოვყალიბდე და გადავწყვიტო, მე რა მინდა, საით წავიდე, ყველაფერი, ყველაზე კარგი ხომ წინ არის, მომავალში“. 

 

ლილე ხმალაძე

Travel Box – სპეციალური შეთავაზება მოგზაურობის მოყვარულთათვის

Doubleu – ახალი ქართულ-ესტონური ციფრული სააგენტო ბაზარზე