პირველი სამსახური 1992 წელს დავიწყე, შ.პ.ს. „გალო გმ“-ში. ეს იყო ერთ-ერთი პირველი კერძო კომპანია საქართველოში, რომელიც „კოკა-კოლასა“ და კომპანია „კავკასიონის“ მენეჯერებმა, ბ-ნმა თემურ ჭყონიამ, ბ-ნმა გია ჯავახიშვილმა და სხვებმა დააარსეს. დირექტორი ბ-ნი ნიკო ლეკიშვილი იყო. საინტერესო კომპანია იყო, ბევრ სხვადასხვა რამეს აკეთებდა: ყიდდა სპეციალურ ლიმონათს, იმპორტით შემოჰქონდა და ყიდდა სხვადასხვა სახის საქონელს, აწარმოებდა ჩამოსასხმელ დანადგარებს, ტარხუნის ნაყენის ექსპორტს აკეთებდა… მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, ძალიან მინდოდა სამსახურის დაწყება, მაგრამ არ ვიცოდი – როგორ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ეკონომიკის ფაკულტეტზე, ფინანსებისა და კრედიტების სპეციალობით. მამა დამეხმარა სამსახურის პოვნაში და კომპანიაში ფინანსისტად დამასაქმეს. კონკრეტული ფუნქციები განსაზღვრული არ იყო, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებდი: ფულს ვითვლიდი, ამონაგებს ბანკში ვაბარებდი, ვყიდდი ხან სპეც-ლიმონათს, ხან ყავას, ხან ფაქსის ქაღალდებს… ბ-ნი თემური გვაძლევდა საკმაოდ რთულ დავალებებს, მკაცრი და მომთხოვნი უფროსი იყო, თუმცა, სასარგებლო იყო, უამრავი რამ მასწავლა.
იმ დროისთვის, გაყიდვა არ იყო ჩვეულებრივი ამბავი, არც ინსტრუქციას გვაძლევდნენ ხოლმე. ისეც მომხდარა, მაღაზიაში ნაცნობი შემოსულა და ეს ძალიან რთული იყო ემოციურად. ხან დებიტორებთან ვალის დაბრუნების მოთხოვნით უნდა მივსულიყავი და არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი.
ერთხელ, ისე მოხდა, რომ ჩვენი მთავარი ბუღალტერი სამსახურიდან გაუშვეს და მის ნაცვლად მე, სრულიად გამოუცდელი, დამნიშნეს. უბრალოდ, სანდო და მონდომებული ახალგაზრდა ვჩანდი და რასაც დამავალებდნენ, გულდასმით ვაკეთებდი. სწორედ იმ დროს დავიწყე ბუღალტერიის სწავლა, მეორე კურსზე. პარალელურად, მეგობრის ბებია მეხმარებოდა ბუღალტერიის წარმოებას მასწავლიდა. თუმცა, სანამ მე ავეწყე, როგორც ჩანს, ხელმძღვანელობა დაიღალა და ერთხელაც, კარისკენ მიმითითეს. ძალიან რთული იყო – ორსული მეუღლე მყავდა და შემოსავალი მჭირდებოდა. თუმცა, განთავისუფლება სამართლიანი იყო და მოხერხებულობა მასწავლა.
ნიკოლოზ შურღაია – „პაშა ბანკის“ დირექტორი, ვიდეობლოგერი.