in

„ნიკორას“ 4000-მდე თანამშრომელი კომპანიის აქციონერი გახდა!

საახალწლოდ, „ნიკორას“ ბაზარზე არსებობის მე-20, საიუბილეო წელთან დაკავშირებით, კომპანიამ თანამშრომლებისთვის ახალი წლის განსხვავებულად მილოცვა გადაწყვიტა – ყველა დასაქმებულმა, საჩუქრად „ნიკორა ტრეიდის“ ერთი აქცია მიიღო, ხოლო მათ, ვინც ნიკორაში დაარსების დღიდან მუშაობს, 10 აქცია მიიღეს. თანამშრომლების აქციონერებად ქცევის ხერხი (ESOP – An employee stock ownership plan) საქართველოში, აქამდე, ბანკების მიერ იყო გამოყენებული, სუპერმარკეტების ქსელის მიერ ამ მეთოდის გამოყენების შედეგად კი, „ნიკორას“ 4000-მდე თანამშრომელი კომპანიის აქციონერი გახდა. მარკეტერი გთავაზობთ როგორც კომპანიის წარმომადგენლების, ასევე, სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისა და „ნიკორას“ ორი აქციონერი თანამშრომლის კომენტარს:

„ჩვენ ერთად შევძელით, ის რომ დღეს, ნიკორა სუპერმარკეტი საცალო გაყიდვების უპირობო ლიდერია. ეს დიდი შრომის და იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც 20 წლის განმავლობაში კომპანიის შექმნასა და განვითარებაში იღებდა მონაწილეობას. კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესი აქ დასაქმებული ადამიანებია, ამიტომ, საიუბილეო 2018 წელთან დაკავშირებით, კომპანიის აქციონერების გადაწყვეტილებით,  „ნიკორა სუპერმარკეტის“  მფლობელობაში არსებული აქციები თითეულ თანამშრომელს საჩუქრად გადაეცემა“, – სს „ნიკორა ტრეიდის“ გენერალური დირექტორი დავით ურუშაძე.

„2016 წელს სს „ნიკორა ტრეიდმა“ 5 მილიონი დოლარის, ხოლო 2017 წლის ზაფხულში, სს „ნიკორამ” 10 მილიონი დოლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა. საახალწლოდ, 4000-მდე თანამშრომელს გადაეცა თითო აქცია. ძალიან გვინდოდა, ეგრძნოთ თავიანთი წვლილი, რაც შეაქვთ კომპანიის განვითარებასა და ზრდაში. თანამშრომლების მეტი ჩართულობისა და მოტივაციისთვის, ისინი დამატებითი აქციის შესყიდვის შემთხვევაში, ისარგებლებენ ფასდაკლებით. დღეს, მათთვის გადაცემული თითო აქციის საბაზრო ღირებულება 20 ლარია, თუმცა, ვფიქრობთ, რომ მომავალში ფასი გაიზრდება“, – ანა კოშაძე, „ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. 


„ზოგადად, აქციების ჩუქება თანამშრომლების გრძელვადიანი ჩართულობისა და საკუთრების გასამტკიცებლად, არის ძალიან აპრობირებული მეთოდი და ანაზღაურების ერთ-ერთი თანამედროვე სტილი/წესი. ძალიან მაგარი გადაწყვეტილებაა. ESOP-ის პროგრამები, რომლებიც აქვს საქართველოს ბანკს, თიბისი ბანკს, გულისხმობს თანამშრომლებისთვის აქციების ჩუქებას ან დროებით მფლობელობაში გადაცემას. ეს არის ანაზღაურების ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც 90-იან წლებში, სტარტაპების სიმრავლიდან გამომდინარე გაჩნდა, როგორც ანაზღაურების წესი, რომელიც, გრძელვადიანი შედეგებისთვის და თანამშრომლებისთვის არის ძალიან ეფექტური. როგორც ვიცი, საქართველოში გაყიდვების ქსელში არავის გაუკეთებია მსგავსი რამ“, – მედეა ტაბატაძე – InSource-ის დირექტორი.


„თანამშრომლის აქციონერად გახდომა არის კარგი ნაბიჯი, მოტივაციის ამაღლების კუთხით. თუნდაც, ეს იყოს სიმბოლური, ის გრძნობს, რომ აქციონერია, თუმცა, ხშირ შემთხვევებში, მონეტარულად უყურებენ ამ ფაქტს. მაგალითად, „რესპუბლიკა ბანკმა“ როცა აჩუქა თავის თანამშრომლებს, ბევრმა მაშინვე გაყიდა. მსგავსი აქტივობის ეფექტურობა განისაზღვრება იმით, თუ რას უზამს თანამშრომელთა უმრავლესობა აქციას, გაყიდის თუ დაიტოვებს. თუმცა, ესეც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ თანამშრომელმა იგრძნოს თავი კომპანიის პარტნიორად; შესაძლოა, ფორმალურად იყოს პარტნიორი, თუმცა, იმისათვის, რომ ემოციურად შეიქმნას შეგრძნება, რომ შენ კომპანიის აქციონერი ხარ, ეს პირობა არ არის საკმარისი. მათ უნდა ჰქონდეთ ემოციური დაფასება, სტატუსი და ა.შ. 20 ლარიანი აქცია რომ გაქვს, ეს არის არსებითი იმისათვის, რომ შენ იგრძნო კომპანიის აქციონერად თავი და ვფიქრობ, ეს ლოიალობას არ შეცვლის. შესაძლოა, ამას სჯობდა ის, რომ მიეცათ მეტი აქცია მათთვის, ვინც საუკეთესო თანამშრომელია, ვისი ლოიალობაც უფრო საჭიროა, ვინც აქციონერთა კრებაშიც შეძლებდა მონაწილეობას და ა.შ.“, – თენგო ლომიტაშვილი – TBSC Consulting-ის მმართველი კონსულტანტი. 


„აქციები რომ გადმოგვეცა, პირველ რიგში, სტიმულია ჩვენთვის, „ნიკორას“ დიდ მადლობას ვუხდით იმისათვის, რომ ხაზი გაუსვეს ჩვენს როლს კომპანიაში. განწყობა ამიმაღლდა, როცა გავიგე. ვიცი, რომ სულ უფრო მეტი „ნიკორას“ სუპერმარკეტი იხსნება და ვფიქრობ, ლოგიკურად, აქციების ფასიც გაიზრდება. ახალი აქციების ყიდვაც შეგვიძლია და დიდი სიამოვნებით ვიყიდდი კიდევ“, – გვანცა ჭანტურიძე – „ნიკორას“ მოლარე.


„ორი წელია რაც აქ ვმუშაობ, თავს ვგრძნობდი გუნდის წევრად, თუმცა, ახლა უფრო სხვაგვარი შეგრძნებაა. თუ შესაძლებლობა მომეცა, შევიძენ კიდეც აქციას. მიხარია, რომ ვმუშაობ იქ, სადაც შრომა ფასდება. ჩვენ, თანამშრომლებიც გვერდში ვართ და ვცდილობთ, კომპანია განვავითაროთ, მეტი შევძინოთ“, – თამარ სურგულაძე – „ნიკორას“ კონსულტანტი 

ნიკა დვალიძე – #პირველისამსახური

განსხვავებულად ფიქრობ?! მაშინ არ დაეთანხმო!