in

რა გავითვალისწინოთ, თუკი YouTube არხის შექმნა გვინდა? – ნიკსონის რჩევები

„მოდი, YouTube არხი მოვხოდოთ“ – თუ ეს თემა თქვენი სამეგობროს საფიქრალიც ყოფილა, ბოლომდე მოგვყევით. რაზე და როგორ ველაპარაკოთ აუდიტორიას? რა დავარქვათ არხს? ფული როგორ ვიშოვოთ YouTube-ით? დამწყები YouTube-ერებისთვის რჩევების აკინძვას ნიკსონთან ერთად შევეცადეთ. ნიკა YouTube კონტენტს 2013 წლიდან ქმნის. წლების განმავლობაში, უცხოურ აუდიტორიაზე იყო ორიენტირებული, თუმცა ახლა ქართულენოვანი მაყურებლისთვისაც დაიწყო არხების განვითარება და ამჯერად, დამწყები YouTube-კრეატორებისთვის გვიზიარებს გამოცდილებას.

M: ნიკა, სანამ YouTube-ის შესახებ რჩევებს მიმოვიხილავთ, გვიამბე, შენ როგორ ჩამოყალიბდი ამ პლატფორმის ვლოგერად?

YouTube-ზე 2013 წელს გამოვჩნდი. თავდაპირველად, DJ-ინგის ტუტორიალებს ვდებდი. ვლოგერობას სერიოზულად 2017 წელს მოვეკიდე, როცა სტრიმინგი დავიწყე. საკმაოდ გამიმარტივდა, რადგან კამერასთან და მიკროფონთან თავს კომფორტულად ვგრძნობ. სწრაფად ავაგროვე აუდიტორია, სულ რამდენიმე კვირაში ასეულობით გამომწერი მადევნებდა თვალს. პროფესიით იურისტი ვარ, იმ დროისათვის ადვოკატად ვმუშაობდი. მინდოდა მეტი დრო გამეტარებინა ოჯახთან ერთად, ამიტომ 2019-2020 წლებში იურიდიული საქმიანობა შევწყვიტე და სრულიად გადავერთე კონტენტის შექმნაზე – YouTube ვლოგები და Udemy/Skillshare კურსები, რაც აქტიურად განიხილებოდა YouTube-ზე. პარალელურად, შევქმენი ინგლისურენოვანი YouTube-არხი. იმ დროისათვის, პანდემია დაიწყო და მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო კურსების შექმნასა და შეძენაზე. დღესდღეობით, udemy-ზე 400,000-მდე სტუდენტი მყავს, ბევრ მათგანს კურსის უფასოდ გავლის საშუალება მივეცი, რადგან როცა ადამიანს ცოდნის მიღება სურს და არ შეუძლია ამაში $10-ის გადახდა, ალბათ სწორედ ისაა, ვისაც ეს კურსი ყველაზე მეტად სჭირდება. 2020 წლიდან ინტენსიურად შევუდექი YouTube არხის განვითარებას. გამომდინარე იქიდან, რომ ინგლისურენოვან ბაზარზე ვმაუწყებლობ, ძალიან დიდ კონკურენციასთან მაქვს შეხება. უცხოური ბაზრისგან განსხვავებით, საქართველოში ძალიან ცოტა კრეატორია და ბევრია მაყურებელი.

M: ყველაზე ხშირად, რა შეცდომებს უშვებენ კრეატორები, YouTube არხის შექმნის საწყის ეტაპებზე?

ჩემი დაკვირვებით, ადამიანები „იუთუბერობას“ ორი მიზეზით იწყებენ. ზოგს უნდა, რომ „მონეტიზაციის ჩართვით“ იშოვოს ფული, რაც მცდარია – YouTube-ის მონეტიზაციით დიდ ფულს ვერავინ შოულობს და ისიც არასტაბილურია. შემოსავლების ყველაზე დიდი ნაწილი მოდის ბრენდებთან თანამშრომლობაზე, რეკლამაზე, სფონსორშიფზე, ეფილიეით მარკეტინგზე და ა.შ. მეორე მხრივ, ბრენდები ამას უყურებენ როგორც უფასო რეკლამას, რაც ასევე დიდი შეცდომაა. YouTube-ს უნდა შეხედოთ როგორც ღირებულებების გაზიარების პლატფორმას.

არ აქცევენ ხოლმე ყურადღებას, რისთვისაა შექმნილი ეს კონტენტი – გასართობია, საგანმანათლებლოა, ემოციურია… მთავარი კითხვაა ის, თუ რატომ უნდა გიყურო? იგივე პრობლემა აქვთ ბიზნესებს. არასწორი მიმართულებით მიჰყავთ კონტენტი, რაც აბსოლუტურად არ თანხვდება მაყურებლის ინტერესს. როდესაც მე, როგორც მაყურებელი ვსტუმრობ შენს არხს, იმაზე მეტით უნდა წავიდე უკან, ვიდრე მოვიდოდი.

M: რას ურჩევ მათ, ვისაც YouTube არხის შექმნა სურთ?

* არ გააკეთოთ ეს ფულისთვის.

* არ შეხედოთ ამას მოკლევადიან საქმიანობად. ხშირად, დასაწყისში ძალიან დიდ ძალისხმევას დებენ, ბევრ ვიდეოს დებენ, მალე გადაიწვებიან და ანებებენ თავს

* ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე – ნუ შეხედავთ, სხვა გამოცდილ იუთუბერს როგორ აქვს გაკეთებული საქმე. შეადარეთ თქვენი ამჟამინდელი შედეგი საკუთარ წინა გამოცდილებას და ისე ისწავლეთ.

M: როგორ აირჩიოს არხის თემა კრეატორმა?

ამ კითხვის ბევრი მომმართავს და ყოველთვის ერთნაირად ვპასუხობ – იმუშავე იმ თემაზე, რომელიც შენ მოგწონს. ხშირად უმიზნებენ ისეთ თემებს, რომლებშიც თავად ვერ ერკვევიან. ვიდეო უნდა გააკეთო ისეთ რამეზე, რაც იცი, გიყვარს და გსიამოვნებს. შეიძლება საინვესტიციო ბანკირობაზე გაკეთებულ ვიდეოებს მეტი ნახვა აქვს, მაგრამ თუ იცი ხეზე მუშაობა – გააკეთე ვლოგი ამაზე, რაც იცი – იმაზე ისაუბრე. ჩემ შემთხვევაში, ასეთი სფეროა გეიმინგი, რომელიც ბავშვობიდან მიყვარს. როდესაც საკუთარ არხზე თამაშების მიმოხილვა დავიწყე, არსაიდან გაჩნდა აუდიტორია.

M: რა პრინციპით მუშაობს YouTube-ის ალგორითმი?

ერთ-ერთ იუთუბერს აქვს ძალიან კარგი ფრაზა – „ჩაანაცვლე სიტყვა ალგორითმი აუდიტორიით და მიხვდები, რეალურად როგორ მუშაობს ალგორითმი“. ალგორითმი არის აუდიტორია – როდესაც ვიდეოს ტვირთავ, პირველ რიგში, ვიდეო უნდა იყოს უმაღლეს დონეზე ოპტიმიზებული, რათა პროგრამამ გაიგოს, რაზეა შენი ვიდეო. საუბარი უნდა იყოს ძალიან გარკვევით, რათა სუბტიტრების გენერირებისას, ალგორითმი მიხვდეს, რაზე საუბრობს. Thumbnail-ზეც მკაფიოდ უნდა იყოს გამოხატული სიტყვები, ვიდეოს დასახელება კონკრეტულად უნდა გამოხატავდეს მის ზუსტ შინაარსს. აღწერა სრულად უნდა შეავსოთ, კონკრეტულად დაასახელოთ, რაზეა ეს ვიდეო, თავის საკვანძო სიტყვებთან და თეგებთან ერთად, თუმცა ეს უკანასკნელი აღარ მუშაობს. ამ ყველაფრის საფუძველზე, ალგორითმი არჩევს შესაბამის აუდიტორიას, რომელსაც შენს ვიდეოს აჩვენებს. აუდიტორიის შენს ვიდეოზე რეაქციის მიხედვით, YouTube აგროვებს ინფორმაციას, ვინ და რა ხანგრძლივობით უყურა შენს ვიდეოს და მსგავს აუდიტორიას აჩვენებს მომდევნო ჯერზე.

შესაძლოს, YouTube-მა ეს აუდიტორია დროთა განმავლობაში აარჩიოს და არა მაშინვე. შესაბამისად, სრულიად შესაძლებელია, რომ თქვენი ვიდეო მოგვიანებით გახდეს უფრო პოპულარული. ამიტომაც ვურჩევ ყველას, რომ ეს არაა მოკლევადიანი სამუშაო და როდესაც ვიდეოს ქმნით, სწრაფ შედეგებზე ნუ იქნებით ორიენტირებულები.

M: რას გვირჩევდი ვიდეოს სტრუქტურასთან დაკავშირებით?

* ყველაზე მთავარი ვიდეოს იდეაა და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მაგრად არის დამონტაჟებული. თუ ვიდეოს იდეა არ ვარგა – არანაირი აზრი არ აქვს.

* ვიდეოს პირველ 30 წამს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. YouTube-ის ერთ-ერთი საკვანძო მაჩვენებელია ის, თუ რამდენი ადამიანი უყურებს ვიდეოს 30 წამის შემდეგ. როგორც წესი, აუდიტორიის უმრავლესობა რამდენიმე წამის შემდეგ გადადის სხვა ვიდეოზე. მე მაქვს ერთი 17-წუთიანი ვიდეო, რომელსაც ნახვის საშუალო ხანგრძლივობა 1.5 წუთი აქვს. საკმაოდ ცოტაა, თუმცა YouTube მაინც აჩვენებს მას სულ უფრო მეტ აუდიტორიას, რადგან პირველი 40 წამის შემდეგ დარჩენილ მაყურებელთა რიცხვი დიდია.

ვიდეოს ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ამომწურავია თემა. შეიძლება ხანგრძლივობა იყოს 6 საათი და მაინც უყურო.

დიდი მნიშვნელობა აქვს „ჩეფთერებს“ და ძალიან საჭიროა ვიდეოს ასე დანაწილება, რომ მაყურებელმა კარგად გაიაზროს.

პირადად მე, ვამჯობინებ კონკრეტულ კითხვას ვიდეოს დასაწყისშივე გავცე პირდაპირ პასუხი და მის დანარჩენ ნაწილძეი მაყურებელს ვრცელი განხილვა შევთავაზო, ვიდრე გავწელო განხილვა. ამით პატივს ვცემ ადამიანების დროს.

M: როგორ უნდა იყოს მოწყობილი სტუდია, სადაც კრეატორი YouTube ვიდეოს წერს?

ყველაზე მთავარია ის, თუ რამდენად გამოყოფილი ხარ უკანა ფონიდან. ადამიანი ვიდეოს ყურებისას სულ ეძებს გეომეტრიულ კანონზომიერებას. YouTube-ზე არის ორი კატეგორიის არხები – ერთი ტრიალებს პერსონის გარშემო, მეორე – თემის გარშემო. თუკი პერსონა განსაკუთრებით საინტერესო არ გაქვს, ამ მიმართულებით კონტენტის შექმნა ძალიან რთულია. თემის განხილვისას, არავის აინტერესებს, როგორ გამოიყურები ან როგორი კამერით იღებ. ვიზუალური ნაწილი დამატებითი ბონუსია უბრალოდ, თუმცა YouTube არხის შექმნის საწყის ეტაპზე ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც თავიდან დავიწყე, არც კამერები მქონდა წესიერი, არც განათება, ვიჯექი ჩაბნელებულ ოთახში, მაგრამ თემამ იმდენად დააინტერესა აუდიტორია, რომ მისმენდნენ.

M: როგორ შევურჩიოთ სახელი არხს?

თავიდან, როდესაც არხს არავინ იცნობს, არ აქვს მნიშვნელობა სახელს. შეიძლება სრულიად გაუგებარი სახელი გქონდეს და კარგ კონტენტს ქმნიდე. აუდიტორია კიდევ ბრენდინგის გამო არ მოიმატებს. პერფექციონიზმს ნუ გაჰყვებით, ბევრ დროს დაკარგავთ და არც შედეგს მოგიტანთ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მნიშვნელოვანია ის ღირებულება, რასაც მაყურებელი იღებს თქვენი ვიდეოდან.

ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია Thumbnail, რომლის დიზაინიც thumbsup.tv-ზე შეგიძლიათ დააგენერიროთ.

მონტაჟი ვახსენე და კიდევ დავაზუსტებ, რომ ამაზე არ დახარჯოთ აქტიური რედაქტირება. ესაა უბრალოდ დროის კარგვა, რადგან საწყის ეტაპზე ადამიანმა წესიერად არც იცის, რას აკეთებს. ჩემი ვიდეოები უმარტივესად არის დამონტაჟებული, მაგრამ კარგად აგროვებს ნახვებს.

M: შენ ახსენე, რომ შემოსავლის ძირითად წყაროდ მონეტიზაცია არ უნდა განვიხილოთ. მაინც, რა საშუალებებით შეიძლება გამოიმუშაოს იუთუბერმა ფული?

როდესაც ვიდეო რამდენიმე ათას ნახვას აღწევს, ის კონკრეტული კომპანიების ყურადღების არეალში ექცევა. პირველი დამკვეთი ჩემთან 500 გამომწერზე გამოჩნდა, რაც საკმაოდ პატარა მაჩვენებელია და დაუჯერებელიც კი იყო ჩემთვის.

სპონსორშიპი არის შემოსავლის ყველაზე მარტივი გზა, თუმცა მას თავისი ბევრი მინუსიც აქვს. კარგად უნდა გაიაზროთ, როგორ კონტრაქტს აფორმებთ კომპანიასთან, რა პირობებია, როგორია შეთანხმება გადახდაზე და ა.შ.

ძალიან საინტერესოა, რომ არხის თემიდან გამომდინარე შექმნათ პროდუქტი. შეგიძლიათ გაყიდოთ ციფრული ან ფიზიკური პროდუქტები. ზოგჯერ, ამ ყველაფერს ძალიან რთულად უყურებენ, არადა ისეთ თემებზეც კი შეგიძლიათ გააკეთოთ სასწავლო პროგრამა, როგორიცაა გათბობის გაყვანილობა, ელექტროგაყვანილობა, ხეზე ან მეტალზე მუშაობა და ა.შ.

M: რას ურჩევდი იუთუბერებს, აუდიტორიასთან კომუნიკაციის თვალსაზრისით?

აუდიტორიასთან ინტერაქციის პრობლემა ბევრს აქვს. ზოგს თავი მათზე უფრო მაღლა მდგომად წარმოუდგენია. როდესაც რაიმე თემაზე ესაუბრები აუდიტორიას, უნდა გაიზარო, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც შენ მსგავსად აინტერესებთ შენი თემა.  საერტო ინტერესებმა უამრავი ადამიანი მაპოვნინა.

აუდიტორიასთან ურთიერთობას აქვს თავისი მინუსიც – ნეგატიურად განწყობილი ადამიანები, რომლებსაც აგრესია გადმოაქვთ შენზე. ამას ბევრი ვერ უძლებს. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს? ასეთ ქცევას არასოდეს უნდა ვუპასუხოთ ნეგატივით და ეტაპობრივად შემცირდება მათი რიცხვი. თუ უგუნებოდ ხართ, არ ჩაწეროთ ვიდეო და არ გახვიდეთ ლაივში. არ ხართ ვალდებულები, რომ აუცლებლად დადოთ კონტენტი კონკრეტულ დროს, თუკი ხა გაქვთ შესაბამისი განწყობა.

M: ბოლო დროს, საკმაოდ ხშირია რამდენიმე კრეატორის გაერთიანება ერთ სივრცეში. ეს რამდენად კარგად აისახება იუთუბ არხზე?

ძალიან კარგია. ასეთ დროს ხდება აუდიტორიების გაცვლა და ყველა კრეატორისთვის დადებითი ეფექტი აქვს. კოლაბორაცია ძალიან სასარგებლოა. მართალია, დიდი არხების მქონე კრეატორს შეიძლება ნაკლებად ჰქონდეს კოლაბორაციის სურვილი, ამიტომ თქვენი მასშტაბის კრეატორთან თანამშრომლობა შეგიძლიათ ცადოთ. დადებითი ეფექტი ისაა, რომ პატარა არხებს ერთგული მაყურებლები ჰყავთ და კოლაბორანტების გამომწერებიც მატულობს. ამ გზით იჩენ მეგობარ იუთუბერს, რომელთან ერთადაც პერიოდულად საინტერესო კონტენტს აკეთებ.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

‘მ’არველაძეები 2 — მარტის სპეციალური ეპიზოდი 

გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლიური სამიტი მაისში გაიმართება