in

ქართველი გოგო გერმანიიდან, რომელიც ფოტოგრაფიის თეორიას ონლაინ შეგასწავლით

აკეთო საქმე, რომელიც გიყვარს, საკუთარი თავისთვის მიძღვნილი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საჩუქარია. სწორედ ასეა ნინა ბელეშაძისთვისაც, რომელმაც შემოქმედებითი ხედვა პროფესიად აქცია და ფოტოგრაფიას დაუკავშირა. უნივერსიტეტის მხარდაჭერით, პირველი გამოფენაც ჰქონდა Showroom-Kunst / Bochum-ში, გერმანიაში, სადაც 8 წელია ცხოვრობს. დღეს კი, მსურველებს გერმანიიდან ონლაინ ფორმატში ასწავლის ფოტოგრაფიას. ნინას ხედვით, ფოტოგრაფია ტექნიკური მხარდაჭერის გარდა, დიდწილად ის შინაგანი მზაობა და ცოდნაა, რაც საჭირო დროს, მომენტის დანახვისა და ფირზე აღბეჭდვისკენ გვიბიძგებს. ფოტოგრაფიის კურსი 15 ონლაინ გაკვეთილისგან შედგება და მასში ჩართვა ფოტოხელოვნებით დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კურსის დეტალებზე ნინა ბელეშაძე გვიყვება.

M: საკმაოდ დიდი დროა, რაც გერმანიაში ცხოვრობ, როგორ დააგროვე გამოცდილება, რამაც ხელოვნებასთან უფრო დაგაახლოვა?

თბილისში დავიბადე და გავიზარდე. მთელი ბავშვობა ყველა საკითხზე განსხვავებული აზრი მქონდა, არ მიყვარდა სკოლა. მიყვარდა ადამიანებთან ურთიერთობა, მათთვის ჩემი ემოციების გაზიარება, სეირნობა, ხატვა, ჩემი აზრების ფრქვევა. ამ ხასიათის გადმოცემას ფოტოგრაფიაშიც  ვცდილობ.

გერმანიაში როცა წამოვედი 15 წლის ვიყავი, არც ენა ვიცოდი,არც სად მოვდიოდი. ვიცოდი, რომ დედასთან მოვდიოდი და ეგ მიხაროდა, ცხადია ახალ ცხოვრებას ახალი სკოლაც მოყვა.
როცა სკოლა დავამთავრე და მეგობრებთან ერთად ვლაპარაკობდით რა გვეკეთებინა, გვემუშავა, გვესწავლა, კაფეში დავიწყე მუშაობა. პარალელურად, ვიზუალური ხელოვნების აკადემია Ruhr Akademie აღმოვაჩინე.

M: როგორც გვიამბე, Ruhr Akademie-მ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა შენზე. რამ გადაგაწყვეტინა ონლაინ კურსის ჩამოყალიბება?

თავდაპირველად, მქონდა განწყობა, რომ ჩვეულებრივ ინსტიტუტში აღმოვჩნდებოდი. როდესაც შევედი მივხვდი, ვიყავი იქ, სადაც მინდოდა – ლამაზ პარკში, ულამაზესი სასახლით. ეს სასახლე ჩემ ბავშვობას მაგონებდა. მთელი ბავშვობა თბილისის ხელოვნების სასახლეში გავატარე. იქ ჩემი ბებია ქეთევან კელეპტრიშვილი მუშაობდა, სადაც უამრავ საინტერესო ნამუშევარსა და ადამიანს შევხვდი. ეს ყველაფერი საოცარ გარემოს ქმნიდა და იმდენ ემოციას მიჩენდა, რომ დატევა მიჭირდა ალბათ.

აკადემიაში ფოტოდიზაინის ფაკულტეტიც აღმოჩნდა და იქვე მივიღე სწავლის დაწყების გადაწყვეტილება. ამ ფაკულტეტზე დაიწყო ჩემთვის ფოტოგრაფიაში დიდი მოგზაურობა. გაირკვა, რამხელა ცოდნა გჭირდება აპარატის ხელში ასაღებად. აქედან მივედი იმ აზრამდე, რომ მარტივი ონლაინ კურსი გამეკეთებინა.

M: რას შეასწავლი შენს კურსზე და რატომ მიგაჩნია მნიშვნელოვნად სწავლების ასეთი მეთოდი?

ეს კურსი დაინტერესებულ ადამიანს გააცნობს, რა არის ფოტოგრაფია და რა დასჭირდება ამ პროფესიისთვის. დავფიქრდი, რამდენად გამიადვილებდა ასეთი დაკვალიანება საქმეს თავად მე. ამიტომ ვფიქრობ, ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ვიდრე კონკრეტული საგნის სწავლას დაიწყებს, იცოდეს, ეს ის საგანია თუ არა, რაც მას წარმოუდგენია.

M: შენი ხედვით, ყველაზე მეტად, ვისთვის იქნება სასარგებლო შენი კურსი? 

ჩემი წარმოდგენით, ამ კურსს ახალგაზრდებისთვის ერთგვარი გზამკვლევის ფუნქცია უნდა ჰქონდეს, ხოლო ისე, ნებისმიერ მსურველს, რომელსაც ფოტოგრაფია აინტერესებს, საინტერესო გამოცდილება ელის.

M: რას ნიშნავს შენთვის ეს საქმე?

ჩემთვის საქართველოსთან კონტაქტის დამატებითი საშუალებაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ჩემი ცხოვრება დღეს ჩემი ოჯახი, ჩემი პატარა შვილი და ფოტოგრაფიაა.

M: როგორ ფორმატშია სწავლება და რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

ჩემს კურსზე მოხვედრა შესაძლებელებელია ფეისბუქ გვერდის საშუალებით. დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და მომწერონ. ასევე, გვერდზე დევს სილაბუსი – კურსი შედგება 15 შეხვედრისგან და ეხება ფოტოგრაფიის თეორიულ საფუძვლებს. ვფიქრობ, მომავალში შევიმუშავო დამატებითი კურსი, რომელიც უფრო ღრმა ინფორმაციას მოიცავს.

თიბისის ციფრული თამაში KIAF-ის შორთლისთში მოხვდა!

„მაქრო ქონსთრაქშენმა” ახალი სერიის, „პრესტიჟის” პრეზენტაცია გამართა