in

ნინა კობახიძე – #პირველისამსახური

nina kobakhidze

პირველი სამსახური 18 წლისამ დავიწყე. უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, ახალი ჩაბარებული მქონდა, როცა ძალიან მალე გადავწყვიტე, პრაქტიკისთვის, სადმე დამეწყო მუშაობა. დაახლოებით, მაგ პერიოდს ემთხვევა საქართველოში სახალხო დამცველის აპარატის შექმნა და შემთხვევით გავიგე, რომ ეძებდნენ სტაჟიორებს. ძალიან ვეცადე, გასაუბრებაზე მოვხვდი და ამიყვანეს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, სპეციალისტად. დეპარტამენტი ახალი შექმნილი იყო. ეს იყო სახალხო დამცველის აპარტის პირველი გამოცდილება ქვეყანაში.

ამ სამსახურში უდიდესი გამოცდილება შევიძინე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების კუთხით – რა უნდა მიგვეწოდებინა, რა – აგვეღო, რას ნიშნავდა ადამიანის უფლებების გამოცდილების გაზიარება. ეს ყველაფერი უნდა დაგვენერგა სხვადასხვა სტრუქტურაში. დაახლოებით, ერთი წლის მანძილზე, ვაკეთებდით ანალიზს, გვქონდა შეხვედრები… მაშინ გავიგე პირველად, რას ნიშნავდა ჰუმანიტარული სამართალი, ანუ საომარ სიტუაციაში როგორ უნდა დაიცვა ადამიანების უფლებები. საერთაშორისო ორგანიზაციები და ის მაგარი ქვეყნები, რომლებსაც ეს კარგად ჰქონდათ დალაგებული, გვასწავლიდნენ, როგორ უნდა დაგვეცვა საქართველოში ადამიანის უფლებები. 18 წლის ასაკში, პირველ კურსზე, ნახევარი განაკვეთით ვმუშაობდი და ხელფასი მქონდა 19 ლარი.

დეპარტამენტს მართავდა გოჩა ჯავახიშვილი, რომელიც დღეს საფრანგეთში არის საქართველოს დესპანი. მე ფრანგული ვიცოდი, ინგლისური, გერმანული და საერთაშორისო დოკუმენტაციებზე მამუშავებდა, რომ გათვითცნობიერებული ვყოფილიყავი ამ მიმართულებით. ძალიან მაგარი უფროსი იყო, მოგვიანებით, ბევრჯერ გადაიკვეთა ჩვენი გზები. შემდეგ, ბევრჯერ გამომადგა ეს ფასდაუდებელი გამოცდილება.

პირველი დაბრკოლება იყო, როცა ახალმისულს უზარმაზარი ჩარჩო დოკუმენტები დამიდეს გასააზრებლად. წაკითხვა ერთია, მაგრამ როგორ უნდა გადავაწერო-გადმოვაწერო, ვის დავავალო, ვის მივწერო?  მოკლედ, ძალიან შეშფოთებული ვიყავი. საბედნიეროდ, ძალიან მიმართლებდა უფროსებში და გოჩაშიც გამიმართლა. ყოველთვის იყო სწავლებაზე და გაზიარებაზე ორიენტირებული. ამასთან, მართალია, საჯარო სტრუქტურაში ვმუშაობდით, მაგრამ ხელმძღვანელობა იყო ბიზნესური აზროვნების – ცდილობდნენ ყველაფერი სწრაფად შესრულებულიყო და რაღაც ღირებული შეგვექმნა. ძალიან საინტერესო ხალხი მუშაობდა ამ დეპარტამენტში, ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ და დიდი გამოცდილება შევიძინე. იქიდან მოყოლებული, სულ ვმუშაობ – შემდეგ იყო უზენაესი სასამართლო, იუსტიციის სამინისტრო, კერძო სექტორი, ისევ საჯარო სექტორი და ა.შ.

ამ სამსახურმა ძალიან დიდი როლი იქონია ჩემს კარიერაზე. ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის. მაშინ აღმოვაჩინე, როგორ შეიძლება იმუშავო სამსახურში, რომელსაც შენ ქმნი. იმის შემდეგ, ისე დალაგდა ჩემი კარიერა, რომ ყველგან, სადაც მივდივარ, პრაქტიკულად, ნულიდან ვაშენებ. არასოდეს მივსულვარ აწყობილ და გამზადებულ სამსახურში. ყოველთვის შექმნასთან არის დაკავშირებული და სულ ვამბობ – პირველი სამსახური როგორიც იყო, ერთად რომ ვაწყობდით და ვალაგებდით, ისე განვითარდა ჩემი კარიერა.

ნინა კობახიძე – “გლობალ ბენეფიტ ჯორჯიას” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, “ჯეო ჰოსპიტალების” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

დესკტოპ კომპიუტერი 75 დოლარად – Raspberry Pi-ს ახალი შესაძლებლობები

„ვირლანდია“ – სახედრების ფერმა თბილისთან ახლოს, რომელიც ვირის რძეს სამკურნალო დანიშნულებით აწარმოებს