in

აი, როგორ მუშაობს კრეატივ დირექტორი

ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“ , გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა. ამჯერად, საკუთარ პროფესიაზე სააგენტო Redberry-ის კრეატივ დირექტორი ნინა მოდებაძე გვესაუბრება.

M: ნინა, რა როლი აქვს კრეატივ დირექტორს და რა ფუნქციებს აერთიანებს მისი პოზიცია?

კრეატივ დირექტორები არიან ადამიანები, რომლებიც სააგენტოში კრეატიულ პროცესებს და გუნდს მართავენ. გუნდი ძირითადად, შედგება ქოფირაითერებისგან, კონტენტ კრეატორებისგან, გრაფიკოს დიზაინერებისგან, სტრატეგებისგან და ა.შ. ამ ადამიანებთან ერთად კრეატივ დირექტორები აყალიბებენ სხვადასხვა ბრენდების სტრატეგიას, საკომუნიკაციო ხედვებს, პლატფორმებს, გეგმავენ სარეკლამო კამპანიებს და ზოგადად, არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, კონკრეტული დავალებები თუ მოცემულობები „დიდ სურათად“ დაინახონ. 

თუმცა მათი ერთადერთი მისია, გუნდისა თუ პროცესების უბრალო მართვა არაა, მათი უმნიშვნელოვანესი დანიშნულებაა, შთააგონონ ადამიანები, რომელთან ერთადაც მუშაობენ, დაეხმარონ მათ იდეების განხორციელებაში, საკუთარი ძლიერი მხარეების პოვნაში და ახალი მწვერვალების დაპყრობაში.

M: შენ როგორ მიხვედი ამ პოზიციამდე?

რაც თავი მახსოვს, ვწერ. ამის მიუხედავად, არასდროს მიფიქრია, რომ არსებობდა წერასთან დაკავშირებული პროფესია მწერლობისა და სცენარისტობის გარდა. სცენარისტიც ვყოფილვარ ერთ-ერთ ტელევიზიაში ცოტა ხნით, სტუდენტურ ლიტ. კონკურსებშიც გამიმარჯვია, მაგრამ მწერლობაზე ფიქრი არასდროს გამიბედავს. ჰოდა, ისე გამოვიდა, რომ წერის უნარისთვის სერიოზულად არც არასდროს შემიხედავს. Until i did. აღმოჩნდა, რომ არსებობს ასეთი პროფესია – ქოფირაითერის და აქედან დაიწყო ყველაფერი. დაახლოებით 8 წლის წინ ამოვყავი თავი ლივინგსტონში – კონტენტ კრეატორად, შემდეგ რედბერიში გადავედი სენიორ ქოფირათერად და აქ ვიყავი იქამდე, სანამ არ გადავწყვიტე, რომ კლიენტის მხარეც ძალიან მაინტერესებდა, შემდეგ იყო TBC ბანკი და შემდეგ ისევ მშობლიური რედბერი – დავბრუნდი სოციალური მედიის ჰედად, ახლა კი კრეატივ დირექტორობასაც გამოვკარი ხელი (იცინის). ამ ბოლო ფრჩხილებს ძალიან ითხოვდა ეს ტექსტი, ბოდიში.

M: ამ მიმართულებით როგორ დაინტერესდი?

ვინც ამ სფეროშია, ალბათ კამპანიების კეთება ყველაზე მეტად აინტერესებს.  მე გამიმართლა, რომ ქოფირაითერობის პერიოდში ძირითადად, კამპანიებზე მიწევდა მუშაობა და ეს მიმართულება ჩემთვის უცხო არ იყო. არაფერია იმაზე სასიამოვნო, როცა საკუთარი შრომის შედეგს ავტომატურად ხედავ. ხედავ, როგოც იცინიან ადამიანები შენთან ერთად, როგორ უჩუყდებთ გული და როგორ გპასუხობენ კითხვებზე. ეს ყველაფერი ფაქტობრივად ერთი დიდი თამაშია, რომელშიც შენთვის სრულიად უცნობ ადამიანებთან ერთად ერთვები. რაც მთავარია, უდიდესი და ალბათ ყველაზე ჯანსაღი აზარტია. მითუმეტეს მაშინ, როცა ჯილდოებსაც იღებ (თვალს გვიკრავს – ანუ, რასაც არასდროს შვრება რეალურ ცხოვრებაში). ამიტომ, როცა ამ სფეროში ხარ, შეუძლებელია, ეს ყველაფერი გაინტერესებდეს და გიტაცებდეს.

M: რა უნარები სჭირდება კარგ კრეატივ დირექტორს?

პირველი რამდენიმე წინადადება ალბათ ყველგან წაგიკითხავთ, მაგრამ სანამ ჩემს გამოცდილებაზე გადავალ, მაინც გეტყვით: კრეატივ დირექტორი შემოქმედებითი ადამიანი რომ უნდა იყოს, ეს ცხადია, მუდმივად სიახლეებს უნდა ეძებდეს, საკუთარი შედეგების გაუმჯობესება უნდა უნდოდეს და პრობლემების არასტანდრტული გადაწყვეტების, უცნაური გამოსავლების პოვნის ოსტატი უნდა იყოს. აი, ჩემი გამოცდილებაც: კრეატივ დირექტორი ვერ იარსებებს გუნდის გარეშე. არაფერი გამოუვა, თუ გუნდის წევრებთან უშუალო და დადებითად განწყობილი არ იქნება. მუდმივად ღია უნდა იყოს ახალი იდეების მიმართ და უნდა შეეძლოს, უბრალო კონცეფციებში რაღაც მნიშვნელოვანისა და განსხვავებულის განჭვრეტა.

M: სად ეძებ იდეებს და როგორ იღებ შთაგონებას?

გულწრფელად რომ გითხრათ, აქვე. ადამიანებისგან და სამუშაო პროცესისგან. ვცდილობ, გარშემომყოფებისგან დაკვირვებით კონკრეტული უნარები გამოვიმუშაო – მოლაპარაკებების ხელოვნება, იდეისგან მაქსიმუმის „გამოდნობის“ მცდელობა, რისერჩის უნარები, უკვე ნაცნობის ახლებურად დანახვის შესაძლებლობა, სიღრმისეული ინსაითების მიგნება. ეს ის „დამხმარე ხელსაწყოებია“, რომელთა გარეშეც იდეები, უბრალო აზრებად რჩება. 

რედბერი ყოველთვის იყო ადგილი, სადაც უნიჭიერესი ადამიანები იკრიბებოდნენ და იკრიბებიან. ვცდილობ, მათთან ურთიერთობისგან მაქსიმუმი ავიღო. 

იდეების შთაგონებას რაც შეეხება, ყველაფერს, რაც ჩემ გარშემოა (ხელოვნება, პოპ კულტურა, ადამიანების ისტორიები, გადმოცემის ფორმა და ა.შ), ვცდილობ კამპანიის, რეკლამის, კონტენტის პრიზმიდან შევხედო, რეფერენსებად ვაქციო და საჭირო მომენტში ამოვატივტივო ზედაპირზე.

ასევე, უდიდესი შთაგონებაა ფესტივალებზე კოლეგების, სხვა სააგენტოების ნამუშევრების ნახვა. ხომ გაგიგიათ, „კარგი წიგნი ისაა, რომელიც წერის სურვილს განდომებსო“, რეკლამაზეც იგივე ყოფილა, სხვის კარგ ნამუშევარს რომ უყურებ, მერე შენც „ხელები გეფხანება“, რომ საქმეს რაც შეიძლება მალე შეუდგე.

M: როგორია გუნდთან ბრეინსტორმინგის პროცესი?

ბრეინსტორმინგი ჩვენთან იმაზე ადრე იწყება, ვიდრე უშუალოდ რაიმე კონკრეტული ბრიფი მოვა, რადგან ჩვეულებრივი სამუშაო დღის მანძილზე ხშირად  განვიხილავთ სხვადასხვა თემებს, რეკლამებს, კამპანიებს. საინტერესო არხებსა და ფორმატებს ვინიშნავთ სამომავლოდ – სათანადო დავალება რომ გამოჩნდება, კოზირივით რომ ამოვიღოთ ჯიბიდან. ხანდახან გვაქვს თაროზე შემოდებული იდეებიც, რომლებიც სწორი კლიენტების ხელში ულამაზეს კამპანიებად იქცევიან. უშუალოდ ბრეინშტორმინგი რამდენიმე შეხვედრის მანძილზე გრძელდება ხოლმე, ჯერ ერთად ვეცნობით ბრიფს, პირველად იდეებს მოვთელავთ, სტრატეგიულ მიმართულებებს გამოვყოფთ და „ვიშლებით“ (ზოგჯერ ინდივიდუალურად, ზოგჯერ ჯგუფებად), საჭირო კვლევა-ძიებას ვატარებთ, ვინიშნავთ საინტერესო ინფორმაციებს, შემდეგ ხელახლა ვხვდებით და ასე გრძელდება, სანამ საბოლოო შედეგამდე არ მივალთ. ვცდილობთ, მომავალი კამპანია 360 გრადუსით განვიხილოთ და დავინახოთ, ამიტომ შეძლებისადგავად, ყველანი ვიკრიბებით – ქოფირაითერები, დიზაინ თიმის წარმომადგენლები, სტრატეგები, ედვერთაიზერები, ექაუნთები და კიდე ვინმე თუ დარჩა, ისინიც. ყველანი ვთანხმდებით, რომ არ არსებობს ცუდი იდეა და აზრებს ყველა თამამად ვაფიქსირებთ. თუმცა იდეებსა და განხორციელების გზებს, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად  ვფილტრავთ, რომ კამპანია ხელოვნურად არ ჩავხლართოთ, არ ვაკეთოთ „კრეატივი კრეატივისთვის“, მოვერგოთ კლიენტის KPI-ს და საბოლოო შედეგით ყველანი კმაყოფილები ვიყოთ.

M: რამდენად პერსპექტიულია ეს პროფესია თანამედროვე სამყაროში?

ჩემი დაკვირვებით, კრეატივ დირექტორი ასე მომენტალურად არ ხდები, სანამ ამ პოზიციამდე მიხვალ, მანამდე სხვადასხვა პროფესიას იძენ და ვითარდები. თუ არ გეცოდინება, როგორ იწერება ქოფი, ვერ გეცოდინება, როგორ შეასწორო სცენარი, თუ არ გიმუშავია ვიზუალზე, გაგიჭირდება, წარმოიდგინო, როგორი შეიძლება იყოს ქი ვიზუალი ან რა კომენტარები გქონდეს, თუ არ გიმუშავია კონტენტ კრეატორად, ჩათვლი, რომ რაღაცის გადაღება „ძალიან მარტივია“ და „ამას ხომ მეც ვიზამდი“, შესაბამისად – გექნება არასწორი მოლოდინები. მოკლედ, ბევრი ნიუანსია, რომლებიც საბოლოო ჯამში ხედვას გიყალიბებს და გამოცდილებას გძენს. პერსპექტივას რაც შეეხება, ზოგადად სფეროა ძალიან პერსპექტიული და იგივე ვრცელდება მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროფესიაზეც.

M: რას ურჩევდი მათ, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას და კრეატივ დირექტორობას უმიზნებს?

კრეატივ დირექტორობა უფრო მეტად პოზიციაა, ვიდრე გარკვეული სახის პროფესია. როგორც ზემოთ ვთქვი, პირდაპირ კრეატივ დირექტორი ვერ გახდები თუ სხვა გამოცდილებები არ გაქვს, ამიტომ ამ სფეროში რითიც დაიწყებ, ეცადე, იმ პროფესიაში მაქსიმალურად განვითარდე, არ ჩაიკეტო ერთ მიმართულებაში, ყველაფრით დაინტერესდი. შეძვერი სხვა ადამიანების „ტყავში“, რომ სხვადასხვა აუდიტორიების ინსაითები გესმოდეს. პროცესით ისიამოვნე და არ „მიაფუჩეჩო“ იქ, სადაც შეგიძლია, რომ უფრო მეტი გააკეთო. ამ ყველაფერთან ერთად, საკუთარ თავს საქმეშიც და ცხოვრებაშიც ძალიან სერიოზულადაც არ შეხედო, მიიღე კონსტრუქციული კრიტიკა და საქმე მარტივად აკეთე, რადგან საბოლოო ჯამში, მართლა სიმარტივე ყოფილა პასუხი.

როგორ შევქმნათ დასამახსოვრებელი ლოგო?

კამპანია რასობრივი სტერეოტიპების წინააღმდეგ