„დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მოსაყოლი მაინც უნდა მოვყვე” – ამას რევაზ ინანიშვილი თავის მოთხრობაში წერდა და ნამდვილად გენიალური ფრაზაა, რადგან მართლაც, რა უნდა დავწეროთ დედაზე ისეთი, რაც აქამდე არ დაწერილა. ამ თემაზე საუბრისას ყველაზე ლამაზი და საინტერესოა ინდივიდუალური ისტორიები, რადგან ყველა დედაშვილობის მიღმა საკუთარი მოთხრობა იწერება.
Marketer-ში გადავწყვიტეთ, 3 მარტის, დედის დღისადმი მიძღვნილი სტატიების სერია წარმოგვედგინა, რომლის ფარგლებშიც, სულ სხვა თვალით შეგახედებთ ცნობად, წარმატებულ ქალებს. ისინი ჩვენი რესპონდენტები სხვა დროსაც ყოფილან, თუმცა ამ ამპლუაში – პირველად!
ნინჩო ჯიბლაძეს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. არაერთხელ გაგვიზიარებია მისი წარმატების ისტორიაც და ის პროექტებიც, რომლებშიც მას მონაწილეობა მიუღია. თუმცა სამსახურს მიღმა ის არის დედა, ჰყავს ორი შვილი და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დედობა და პროფესია ერთმანეთს შეუთავსოს.
ნინჩო ჯიბლაძე:
სიტყვა „დედის” ხსენებაზე პირველი, რაც თავში გამიელვებს, ესაა ადამიანი, რომელიც გაგრძნობინებს, რომ არასოდეს ხარ მარტო ამ სამყაროში. ყოველთვის, როცა მოწყენილი ვარ ან თავს მარტოდ ვიგრძნობ, როცა ვიფიქრებ „ახლა ვის დავურეკო”, პირველი დედაჩემი მახსენდება.
მე თვითონ, როცა დედა გავხდი, 35 წლის ვიყავი. ვფიქრობ, ამ დროს უფრო კარგად მქონდა გადააზრებული ეს პასუხისმგებლობა, ვიდრე მაშინ მექნებოდა, ადრეულ ასაკში რომ გამეჩინა შვილი, თუმცა ესეც ინდივიდუალურია და დედობრივი სიყვარული ყველა ასაკში ერთნაირად მოდის.
მე ვიტყოდი, რომ ჩემთვის საუკეთესო პერიოდი ცხოვრებაში სწორედ ამ მომენტიდან დადგა. 5 წლის შემდეგ მეორე შვილიც შემეძინა და დღეს ვარ როგორც დედა, ისე ვმუშაობ სამ სხვადასხვა სამსახურში, რის გამოც საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს, მაგრამ ეს არის სასიამოვნო დატვირთვა.
M: როგორია, თქვენი, როგორც დედის ერთი დღე?
ჩემი დღე იწყება ძალიან ადრე, 06:30 წუთზე, რადგან სხვანაირად ყველა საქმეს ვერ მოვასწრებ. ბავშვები სკოლაში დადიან, ამიტომ მათ ვუმზადებ საუზმეს და მიმყავს. შემდეგ კი თავად მივდივარ სამსახურში ან ვარჯიშზე, გააჩნია, როგორი დღე არის და მაქვს თუ არა ამის დრო. საღამოს საათებში კვლავ შვილებს ვუთმობ დროს.
M: ნინჩო, ქალები ხშირად ვდგებით ისეთი ფაქტის წინაშე, რომ, როცა თავად ვხდებით დედები, მერე უფრო ვაფასებთ საკუთარ დედებს. თქვენს შემთხვევაში როგორ იყო, გქონდათ მსგავსი აღმოჩენა თქვენს თავში?
რა თქმა უნდა. როდესაც პატარა ხარ, რაღაცები სხვანაირად გეჩვენება, ცხოვრებას სხვაგვარად ხედავ, თუმცა დედაჩემისგან მახსოვს, რომ ყოველთვის ცდილობდა, ყოფილიყო ძალიან ბავშვური. მეც ასე ვარ – სულ იმის ცდაში ვარ, რომ ბავშვების ინტერესებიდან გამოვიდე, მათი აზრი გავითვალისწინო, გავიგო მათი სურვილები და მათი თვალით ვუყურო ცხოვრებას.
M: რას იტყოდით იმ სტერეოტიპზე, რომ დედობა ხელს გვიშლის მუშაობაში. თქვენი გამოცდილებით, როგორ უნდა ვიყოთ წარმატებული დედაც და თანამშრომელიც?
აქ ალბათ უკვე დროის მენეჯმენტი უნდა ვახსენოთ, რადგან ამის გარეშე ძალიან რთულია. მე პირადად საქმეებს ვასწრებ მაშინ, როდესაც ბავშვები სკოლაში არიან, მათი დაბრუნებისთვის კი, დაახლოებით 18:00 საათზე მეც სახლში მივდივარ, თუ, რა თქმა უნდა, რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს შაბათ-კვირის გამოყოფას და შვილებთან გატარებას.
„მინდა, აღვნიშნო, რომ თავად ბავშვებსაც ძალიან მოსწონთ რეალიზებული დედა, რომელსაც აქვს თავისი საყვარელი საქმე. არასდროს მითქვამს უარი რაიმე შემოთავაზებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ დედა ვარ და ვერ მოვახერხებ მუშაობას”.
M: და ბოლოს, რა რჩევას მისცემდით ახალბედა დედებს, რომლებსაც მოტივაცია სჭირდებათ, რომ კარიერაშიც მიაღწიონ მიზნებს?
ყველაზე მთავარია, თითოეული გოგო დაფიქრდეს იმაზე, რა მოსწონს და დედობასთან ერთად რისი კეთებით იქნება ბედნიერი. თუ ქალი თვლის, რომ რაღაც ეტაპზე შვილს უნდა დაუთმოს დრო და არ იმუშაოს, ესეც მისი არჩევანია, ყველას საერთო რეცეპტი არ არსებობს.
თუმცა, ჩემს მაგალითზე რომ გითხრათ, მე მომწონს მულტიფუნქციურობა, მომწონს ერთმანეთთან რაღაცების შეთავსება და ძალიან საინტერესოა ცხოვრება ჩემთვის, როცა სახლის გარდა გარეთაც რაღაცას აკეთებ. სამსახურს თან ახლავს პროექტები, შეიძლება მოგიწიოს მივლინებაში წასვლა, ეს ყველაფერი კი გვავითარებს და საშუალებას გვაძლევს, არ ვიყოთ ერთფეროვნებაში.
გარდა ამისა, ნებისმიერი პროფესია არის სარგებლის მომტანი სხვა ადამიანებისთვის. რომელ საქმესაც არ უნდა ჩავუღრმავდეთ, ყველა სამსახურის საბოლოო შედეგია სარგებლის მოტანა, ამიტომ ქალს შესაძლებლობა ეძლევა, რომ იყოს სასარგებლო არა მხოლოდ საკუთარი ოჯახისთვის, არამედ სხვებისთვისაც.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი