in

ნინჩო ნემსაძის გზა სარეკლამო სააგენტოდან მთავრობის ადმინისტრაციამდე

ნინჩო ნემსაძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მარკეტინგული კომუნიკაციების სამსახურის უფროსია. თუმცა, მანამდე იყო სარეკლამო სააგენტოები McCann, JWT Metro, საკუთარი კომპანიაც კი. დღეს ფიქრობს, რომ არ არის აუცილებელი იმაზე მეტი წონა „აწიო“, ვიდრე შეგიძლია და თუ კარგი მენეჯერი გყავს, სჯობს მასთან ერთად მშვიდად აკეთო საქმე. მისთვის წარმატება 99%-ით დამოკიდებულია გუნდზე. ამბობს, რომ არჩევანს არა კონკრეტული მიზნისთვის, არამედ იმ ხალხს შორის აკეთებს, ვისთან ერთადაც მიზნის მიღწევას აპირებს. მისთვის წარმატება არ არის ფიზიკური მდგომარეობა, ან სტატუსი, წინსვლაში კი საკუთარი საქმის სიყვარული ეხმარება. ამბობს, რომ ზოგადად, სარეკლამო სფეროში ადამიანი გონებით, ემოციურად და ფიზიკურადაც ექსტრემალია. თუმცა, ახლა ხვდება, რომ რაც მეტად მოაშორებ ამ სფეროს ექსტრემალურ ემოციას, ბევრად კარგად გააკეთებ საქმეს.

გაიცანით ნინჩო ნემსაძე: 

„ჩემს „თაობაში“ ყველას ერთნაირი ბავშვობა გვქონდა“ . . .

. . . ერთნაირ თამაშებს ვთამაშობდით, ერთნაირ საჩუქრებს ვყიდულობდით, ერთნაირად ბედნიერები ვიყავით. ბავშვობაში სულ მესმოდა ფრაზა: „ნინჩო ნუ „დაფირინავ“, ჩამოდი მიწაზე“. შემეძლო, მაგალითად, ძალიან დიდხანს ვყოფილიყავი ჩუმად, ფიქრებით სადღაც „წავსულიყავი“. დღემდე მენატრება ეს შეგრძნება და კიდევ ბავშვობის სიხარული. ეს არის განცდა, რომელიც აღარ ბრუნდება. პატარა რომ ხარ, ნებისმიერი წვრილმანი გახარებს, რამეს რომ გაჩუქებენ და წრფელი გულით გიხარია. დიდი ხანია „ბავშვობის სიხარულით“ აღარაფერი გამხარებია.

სტუდენტობა მქონდა „გადასარევი“ . . .

. . . მაგრამ მანამდე, ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა, როდესაც 17 წლის ასაკში, ერთი წლით, ამერიკაში წავედი. იმ სამყაროში ისე მოვხდი, მანამდე, ქვეყნიდან არასოდეს გავსულვარ. ჩემს გონებაში ქაოსური რაც იყო, ყველაფერი დალაგდა იმ ერთი წლის მანძილზე. ეს გავლენა თუ გარდატეხა იყო ემოციურ დონეზე, ჩემთვის გაიხსნა გარკვეული პერსპექტივები და არა ის, რომ სუპერმარკეტში ისეთი რაღაც ვნახე, რაც ჩვენთან არ იყიდებოდა. ვიყავი მარტო და ბევრი დრო მქონდა ფიქრისთვის. რომ ვაბარებდი, არ ვიცოდი რა პროფესია ამერჩია. „უნივერსიტეტში“ საბუთები რომ შემქონდა, ვნახე ფაკულტეტების ჩამონათვალი. ჟურნალისტიკის მესამე კურსზე იკითხებოდა საგანი „რეკლამა“. მართალია, ოთხი წლიდან მხოლოდ ერთი სემესტრი ისწავლებოდა, მაგრამ მაინც ეს ეს მოხვდა ჩემს „ფოკუსში“. მესამე კურსიდან დავიწყე მუშაობა სარეკლამო სააგენტოში და მას შემდეგ, უწყვეტად ამ სფეროში ვარ. მას შემდეგ, არც ერთი დღე არ გასულა, რეკლამაზე რომ არ მეფიქრა.

კარიერა 

პირველად იყო სარეკლამო სააგენტო McCann. ადგილი, სადაც მივხდი, საერთოდ რა იყო მუშაობა, თანამშრომელი, პასუხისმგებლობა. შემდეგ გაჩნდა ამბიცია, „მეც შემიძლია ამის კეთება“ და მეგობრებთან ერთად, გავაკეთე ჩვენი სააგენტო. ეს იცით უფრო რა იყო?! ახალგაზრდებს რომ ემართებათ, „ამის გაკეთებას რა უნდა“?! თუმცა, როდესაც შენ საკუთარს აკეთებ, ყველაზე საინტერესოა – უშვებ შეცდომებს, სწავლობ ბევრ რამეს, მათ შორის, პრობლემების შენით მოგვარებას. მერე ხვდები, რომ ხანდახან ჯობია გყავდეს დირექტორი და შენ შენი საქმე აკეთო. არ არის აუცილებელი, იმაზე მეტი წონა „აწიო“, ვიდრე შეგიძლია. ჩვენს სააგენტოში საკუთარ თავზე ვიწვნიეთ ბევრი რამ. იმასაც მივხდი, რომ თუ კარგი მენეჯერი გყავს, იყავი მასთან და იმუშავე, შენ შენი საქმე აკეთე მშვიდად. არ არის აუცილებელი, შეეჭიდო იმას, რაც არ იცი, მაგალითად, ბუღალტერიას.

JWT Metro – ეს იყო საუკეთესო პერიოდი, გულწრფელად. საქმის კუთხით, გარემოთი, მეგობრებით, თანამშრომლებით. ბავშვობა რომ გაგახსენდება და ემოცია გიჩნდება, შეგრძნებების დონეზე, სუნიც რომ გცემს. ზუსტად ეს იყო Metro და ეს ემოცია დღემდე მომყვება.

ახლა ვარ მთავრობის ადმინისტრაციის მარკეტინგული კომუნიკაციების სამსახურის უფროსი – რეალურად ძალიან კარგი და ამავდროულად, რთული სამუშაოა. კამპანიები – პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო, ღონისძიებები – ყოველდღიური და გეგმიური.

სტუდენტებთან ურთიერთობისას იზრდები და ეს არის „სენსორი“, რომ იგრძნო, როგორ აზროვნებს და რას ფიქრობს 10-15 წლით უმცროსი ადამიანი“ . . .

. . . გულწრფელად ვამბობ, კურსის ბოლოს, მაქვს შეგრძნება, რომ მე უფრო მეტი ვისწავლე, ვიდრე – პირიქით. ვიგებ, როგორია მათი ფიქრები, გრძნობები, აზრები. სამსახურში მოვდივარ და ვამბობ, როგორ აღიქვამენ ისინი ამა თუ იმ საკითხს, რა ტონალობაში უნდა ველაპარაკოთ, როგორი უნდა იყოს ჩვენი კომუნიკაცია მათთან, რომ არ ჩამოვრჩეთ დროს, მათი აზროვნების სისწრაფეს. ლექციებს „ჯიპაში“ ვკითხულობ და ჩემი კურსი არის „შემოქმედებითი პროცესის მართვა“. ერთადერთი, რაც ძალიან მიჭირს, ეს არის ნიშნის დაწერა. რთულია, შეაფასო ადამიანის ფიქრი.

„კარიერის სხვადასხვა ეტაპზე, მაქვს რამდენიმე გამორჩეული პროექტი“ . . .

ძალიან მიყვარს THIS IS LIFE (JWT Metro). ამ შემთხვევაში, მთელმა გუნდმა ძალიან კარგად იმუშავა. იყო დიდი მოსამზადებელი პერიოდი – ორი თვის მანძილზე ვამუშავებდით პროექტს. გვინდოდა, გაგვეკეთებინა არა სტანდარტული სარეკლამო რგოლი. ვთქვით: მოდით, გავაკეთოთ რაღაც „სხვანაირი“, რომელიც მთლიანად შეცლის წარმოდგენას იმაზე, თუ როგორ შეიძლება წარმოაჩინო ტურიზმის თემა. კონცეპტუალურად, ვთვლი, რომ ასეც გამოვიდა.

რაც მთავრობის ადმინისტრაციაში ვმუშაობ, მაქვს ჩემი გულწრფელი დამოკიდებულება 26 მაისის მიმართ. 2 წლის წინ ვიფიქრეთ, მოდი, შევცვალოთ ეს დღე კომუნიკაციაში და დავიწყეთ 26 მაისის ახალი ფორმის ძიება. მივდივართ იქითკენ, რომ ეს იყოს ყველაზე დემოკრატიული და სახალხო ბრენდი. ის არ არის არავის კუთვნილება, 10-15 წლის შემდეგაც, ბრენდი, თვითმყოფადი უნდა იყოს. პირველსავე წელს ჩვენი შეფასების კრიტერიუმი იყო ის, რომ ხალხი ერთმანეთს ულოცავდა ამ დღეს, თამამად „აზიარებდნენ“ 26 მაისის რგოლს, ჩართულები იყვნენ პროექტში. 27 მაისი რომ თენდება, უკვე მომავალი წლის 26 მაისზე ვფიქრობთ. ეს ყველა ბრენდს არ შეუძლია. არის პროექტები, რომელიც სრულდება, 26 მაისი იმდენად მრავალფეროვანია, ყველაფერს „მოირგებს“. მაგრამ ძალიან სახიფათოა – მთლიანად ფასეულობებზეა „აწყობილი“ და შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს. ამას არავინ გაპატიებს. ხალხი აუცილებლად გეტყვის: „თუ არ შეგიძლია – შეეშვი“. ამიტომ, ეს არის „ბეწვის ხიდი, რომ რადიკალიზმში არ „გადავარდე“ – ზედმეტად არ შეაქო, ან – პირიქით. ხელის გულზე უნდა ატარო და იყოს ხალხისთვის.

რაც შეეხება „მეექვსმილიონე ტურისტს“ – იდეა იყო Windfor’s-ის დაკვეთა – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის. როგორც კი გაჩნდა იდეა, კამპანიის წარმატებისთვის ქვეყნის მთავარი მასპინძელი ყოფილიყო პრემიერი, მოგვმართეს ჩვენ. გაგვაცნეს პროექტი. მერე ჩავერთეთ საქმეში, ვიმუშავეთ ერთად, ჩვენ უზრუნველვყავით პრემიერ-მინისტრის სწორად გამოჩენა, რომ ეს პროექტი ყოფილიყო მის ბუნებასთან ახლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომიკური და კარიკატურული გამოვიდოდა. იყო რისკებიც, თუმცა, საბოლოო ჯამში, შედეგი ბუნებრივად კარგი გამოვიდა, რამაც “კანის ლომები” დაიმსახურა. როცა სარეკლამო სფეროში მუშაობ, ხვდები, რას ნიშნავს ეს ჯილდო და როცა პროდუქტი „საქართველოა“, ეს ჯილდო ერთი-ორად დიდ მნიშვნელობას იძენს.

„ჩემთვის, წარმატება 99%-ით გუნდზეა დამოკიდებული“ . . .

. . . მარტო არ ვიცი მუშაობა. მე თუ არ მივიღე ვინმესგან კომენტარი, კრიტიკა, ქება, თუ არ მოვისმინე მათი აზრი, არ ვდგავარ მყარად. მსჯელობა, საუბარი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდში მყავს ძალიან ძლიერი ადამიანები და ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი მოტივაცია, რადგან სუსტ გარემოცვაში არ ხარ ისეთი, კარგი პროდუქტი მხოლოდ ძლიერ გარემოცვაში გამოდის. ამიტომ, ჩემი გუნდი არის ჩემი ძლიერი მხარე, მათ გარეშე არაფერი გამომივიდოდა.

„ჩემთვის არჩევანიც განისაზღვრება იმ გუნდით, სადაც ვარ “. . .

არჩევანს ყოველთვის ვაკეთებ არა კონკრეტული მიზნისთვის, არამედ, იმ ხალხს შორის, ვისთან ერთადაც მიზნის მიღწევას ვაპირებ. ალბათ, არსებობენ ადამიანები, ვისაც შეუძლია ინდივიდუალური ბრძოლა. მე ვერ „შევალ“ ინდივიდუალურად ვერცერთ ბრძოლაში, წინასწარ ვიცი, რომ წავაგებ, ცალკე მეომარი ტიპაჟი არ ვარ.

„კარიერაშიც ასეა და პირად ცხოვრებაშიც – არის მომენტები, როდესაც გაქვს ანალიზის საშუალება, აანალიზებ და ხვდები, რომ დროა გადახვიდე შემდეგ ეტაპზე“. . .

. . . მაგრამ ჩემ ცხოვრებაში საინტერესო ისაა, რომ არ მამოძრავებს გაწერილი მიზანდასახულობა. არ მაქვს განსაზღვრული მიზანი: „მე ახლა ამას მივაღწევ, იმას გავაკეთებ და ა.შ“. ზოგადად, გული მწყდება, რომ არ მაქვს კონკრეტული ოცნება, რომლისკენაც მივდივარ. ხანდახან მგონია, რომ ეს ცუდია. გულწრფელად ვამბობ, ჩემს ცხოვრებაში ისე ხდება, რომ რაღაცები თავისით გამოდის. ეს არ ნიშნავს, იმას, რომ მე გაჩერებული ვარ და უშრომელად მოდის ეს ყველაფერი. უბრალოდ, წინასწარ არ ვამბობ, რომ ერთ თვეში უნდა გავაკეთო ეს, მეორე თვეში ეს და ა.შ. მე ჩემ საქმეს ვაკეთებ და ყველაფერი თავისით ლაგდება. ხშირ შემთხვევაში, არ ვიცი რა მინდა, მაგრამ ზუსტად ვიცი რა არ მინდა. რომ ამბობენ, „სისხლის ფასად მივაღწიე ამ შედეგს“, ჩემს შემთხვევაში ასე არ ყოფილა. ეს ბედნიერებაა, შენ ისეთ ნაბიჯებს დგამ, რომ გზა გეკვალება ამ საქმეებით. ეს მარტო ჩემი დამსახურება არ არის – ჩემი ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა ისეთი პირობები შემიქმნეს, რომ ბევრი ვალდებულება მომაშორეს და ყველანაირი პირობა მაქვს, ვაკეთო ჩემი საქმე. მხოლოდ ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა. საერთოდ, ჩემი აზრით, პროფესიული ეტაპები ცხოვრების ეტაპებს უკავშირდება. ბუნებით ასეთი ვარ – უფრო ემოციური, ვიდრე რაციონალური. ყველაფერთან მაქვს ჩემი ემოციური კავშირი, ამ ეტაპზე, ვარ ბევრად უფრო გაწონასწორებული ემოციურად, ვიდრე ვიყავი „მეტროში“. ეს ბუნებრივი ციკლია. როგორც ცხოვრება ასეა კარიერაც. McCann ჩემთვის იყო „რეკლამის საფუძვლები“, როცა სწავლობ პირველ კურსზე, JWT Metro – ასოცირდება, რომ ვარ დაახლოებით მესამე კურსზე, როცა უფრო მეტად „მეამბოხე“ ხარ. ახლა მგონია, რომ „მაგისტრატურაზე“ ვსწავლობ. მთავრობის ადმინისტრაცია, ალბათ, უფრო შუა ხნის ასაკის გამოცდილებაა. თუ წინათ მქონდა უფლება, რიგ შემთხვევებში, ემოციურიც ვყოფილიყავი, აქ სიდინჯეა საჭირო. გრძნობ, რომ უფრო მეტი მოგეთხოვება.

„წარმატება არ არის ფიზიკური მდგომარეობა, ან სტატუსი“ . . .

თუ შინაგანად არ გრძნობ, როგორ შეიძლება იყო წარმატებული? წარმატება შეიძლება განსაზღვრო კარგად ჩატარებული შეხვედრით, განხორცილებული პროექტით, მაგრამ ეს ჯერ პროცესია. ემოციური კავშირი წარმატებასთან მე ჯერ არ მაქვს. წარმატებულობის შეგრძნება, ალბათ, გექნება ცხოვრების ბოლოს. ამ ეტაპზე კი, წარმატება მხოლოდ საქმის კარგად შესრულებით განისაზღვრება და არა ჩემი პირადი წარმატებით.

თუ დღეს წინ მივდივარ , იმიტომ, რომ ეს საქმე ძალიან მიყვარს“ . . .

მე არ მაქვს დიდი თეორიული ცოდნა, „ჩემ დროს“ არ იყო ამის შესაძლებლობა. ვსწავლობ ადამიანებისგან, ვმუშაობ საკუთარ თავზე, მიყვარს, როდესაც ანალიზს ვაკეთებთ. ნებისმიერი საქმის დასრულების შემდეგ, ვმსჯელობთ, რა იყო დადებითი, რა – უარყოფითი, სად შეგვეშალა. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოებებს. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. თუ ვარ მშვიდად პირად ცხოვრებაში, მეგობრებთან, შესაბამისად, მეტი დრო მაქვს, წინ წავიდე. ეს ყველაფერი ერთად გაძლევს საშუალებას, რომ გაიზარდო.

„ჩემი პროფესია მოითხოვს შრომისმოყვარეობას, პასუხისმგებლობას და გააზრებას“ . . .

საერთოდ, ჩვენს პროფესიაში უნდა მიხვდე, რომ მთავარი არ არის შენი პირადი წარმატება, არამედ, შენი შრომის ფასად, ვიღაცას უნდა მოუტანო სარგებელი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მთავარია, გაიაზრო, რომ შენი კარგი მუშაობის შედეგად, დამკვეთმა უნდა მიაღწიოს წარმატებას . თუმცა, ამის აღიარება არ არის მარტივი. ადამიანები ვართ, გვაქვს მოთხოვნილება ჩვენს ნამუშევარს ჩვენივე სახელი დაერქვას. 3-4 წლის წინ ეს ყველაფერი კარგად გააზრებული არ მქონდა, ნელ ნელა მოდის გამოცდილებით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ერთმანეთის დაფასება გუნდშიც და პარტნიორულ დონეზეც. თუ ერთმანეთს არ აფასებ და არ იცი, ერთმანეთის ძალებით რა შედეგი მიიღწევა, ბევრი რამ კარგად არ გამოგივა.

რა უნდა ამის გაკეთებას“ – ეს უკვე სარისკო დამოკიდებულებაა”. . .

არის პროექტები, რომლებზეც შემიძლია ვთქვა, რომ გამოვიდა. ისევე, როგორც არის საპირისპირო შემთხვევებიც. საერთოდ, ყველა პროექტში უშვებ შეცდომებს. ეს ბუნებრივი პროცესია. გზადაგზა ხვდები, რომ შეგეძლო რაღაც დაგეზღვია. ამ გადმოსახედიდან, ვთვლი, ჯერ იდეალური არაფერი გამიკეთებია. ისეთი, რომელზეც ვიტყვი, რომ საერთოდ არ აქვს ნაკლი. ალბათ, კანონზომიერიც არის, რადგან როცა გემართება – „რა უნდა ამის გაკეთებას“- ეს უკვე სარისკო დამოკიდებულებაა.

 

„სარეკლამო სფეროში გონებით და ემოციურად ექსტრემალი ხარ, ფიზიკურადაც“. . .

. . . დაწყებული გადასაღები მოედნიდან, ყოველი პრეზენტაციით დამთავრებული, რადგან არ იცი იქიდან რა დარჩება და რა გამოვა. ექსტრემი არის ყველგან, სადაც კომფორტის ზონიდან გაგდებენ და ამას ამატებენ „დედლაინს“. უბრალოდ რაც უფრო ვიზრდები, ვხვდები, რაც მეტად მოაშორებ ექსტრემალურ ემოციას ამ სფეროს, ბევრად კარგად გააკეთებ საქმეს. მთავარი ხიბლი ჩემთვის ექსტრემი არ არის სარეკლამო სფეროში.

„არ ვიცი, ცუდია თუ კარგი, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ემოცია“ . . .

შემოქმედება, ჩემთვის, არის ერთადერთი „ტერიტორია“, სადაც არ „მუშაობს“ ტერმინი „არ აჰყვე ემოციებს“. ზუსტად ის ადგილია შემოქმედება, სადაც, თავისუფლად შეგიძლია იყო ემოციური. მაგრამ ჩემნაირ ადამიანს, მით უმეტეს ჩვენს სფეროში, ამ ემოციების დამბალანსებელი გუნდი სჭირდება.

„ემოციურად, თუ „სწორ” ტალღაზე ხარ, ფიქრები გაძლევს სიმშვიდის შეგრძნებას, ე.ი. პროდუქტთან ჰარმონიაში ხარ“ . . .

ჩემ შემთხვევაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინტუიციას, როცა ინტუიციურად, შეგრძნებების დონეზე ვხვდები რაღაცებს. ემოციურად, შენ თუ სწორ ტალღაზე ხარ, შენი ფიქრები გაძლევს სიმშვიდის შეგრძნებას, ე.ი. პროდუქტთან ხარ ჰარმონიაში. ინტუიცია ემოციები, შინაგანი ბუნება – ეს კომპონენტები ჩვენს სფეროში არ ვნებს, რაღაცებს უნდა აჰყვე.

„ცხოვრების ყველა ეტაპზე მგონია, რომ ყველაზე კარგ ადგილზე ვარ და ყველაზე მაგარ საქმეს ვაკეთებ“ . . .

. . . მაგრამ მეორე დღე თენდება და აბსოლუტურად განსხვავებული რაღაც იწყება. მაგალითად, „მეექვსემილიონე ტურისტმა“ კანის ლომი რომ დაიმსახურა, მეგონა, ეს იყო ყველაზე გრანდიოზული, რის გაკეთებასაც შევძლებდით. სამ დღეში დავიწყეთ „სოლიდარობის ფონდის“ პროექტი. მერე ხვდები, რომ თუ ამ საქმისთვის გააკეთებ იმას, რაც მიზნად დაისახე, როგორ შეიძლება მისი მნიშვნელობა ჩამოუვარდებოდეს წინა პროექტს? ამ ეტაპზე, ჩემი საბოლოოდ მიზანი არის ის, რომ ერთმანეთზე მეტი ეფექტის მქონე ბევრი კარგი პროექტი განვახორციელო.

დუეინ ჯონსენის სახალისო თავგადასავლები Apple-ის Siri-სთან ერთად

Levanccio Arts & Crafts – კონცეპტუალური ხელოვნება პრინტის სახით – ქართველი წყვილის ოჯახური სტარტაპი