in

“ნინძა ბუ” – როგორ შეიქმნა მამისა და შვილების ერთობლივი ნამუშევარი?

ნინძა ბუ, ნინძა ბუ, ჰუ ჰუ ჰუ ჰუ ჰუ ჰუ ჰუ…


თუ თქვენ იმ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენთ, ვის ყურამდეც ჯერ კიდევ არ მისულა “ნინძა ბუს” მუსიკალური ამბავი, დაგვიჯერეთ, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად აგეკვიატებათ “ნინძა ბუ, ნინძა ბუ, ჰუ ჰუ ჰუ ჰუ ჰუ ჰუ ჰუ…”

ყველაფერი კი ძალიან “მარტივად” და ბუნებრივად დაიწყო – ერთ ჩვეულებრივ დღეს 2D ანიმატორი ცოტნე რუსიშვილი გიტარაზე აკორდებს აწყობდა და კარგ მელოდიასაც მიაგნო, რასაც ღიღინით აჰყვა მისი 6 წლის შვილი, კატო. დას არც 3 წლის ძმა ჩამორჩა – “არ ვიცი როგორ, მაგრამ კატოს ღიღინი ანდრიამ რაღაცნაირად “ნინძა ბუდ” აღიქვა და მანაც დაიწყო სიმღერა. უცბად მივხვდი, რომ რაღაცის გაკეთება შეიძლებოდა” – იხსენებს ცოტნე. 

“უცბად აგვენთო მუზა” – ამბობს ცოტნე და სწორედ ამ ანთებულ მუზას მოჰყვა შემდგომ სიმღერის ტექსტისა და ანიმაციის იდეა, ტყეში სამართალს რომ იცავს, იმ ბუს შესახებ! მთელი ეს პროცესი ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სიმღერა მალევე ჩაიწერა, ყოველგვარი რეპეტიციის, სტუდიური დამუშავების გარეშე. “პირდაპირ, რაც იყო, ის ჩავწერეთ. არც მიკროფონი გამოგვიყენებია და არც ხმის დამუშავებაზე გვიზრუნია. უფრო მეტად ავთენტურობაზე გავამახვილეთ ყურადღება”. ალბათ, სწორედ ეს ბუნებრიობა ანიჭებს ანიმაციას გულწრფელ ხასიათს…

რაც შეეხება უშუალოდ, როგორც ცოტნე ამბობს, “მოკლეზე მოკლე ანიმაციას”, მასზე ანიმატორი დამოუკიდებლად მუშაობდა. რამდენიმე დღიანი მუშაობის შემდეგ კი, ტექსტის შესაბამისი ვიზუალი შეიქმნა. ანიმაციის გმირების მიღმა, თითქოს, ბავშვური შინაგანი სამყარო იმალება – ჰო, ბოროტი მგლის მიღმაც.

ალბათ, გაინტერესებთ, რა რეაქცია ჰქონდათ ბავშვებს, როდესაც თავიანთი ღიღინის შედეგად, მამამ ანიმაცია შექმნა…  როგორც ჩანს, კატო უკვე მიჩვეულია ამ ყველაფერს, რადგან ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ცოტნე რუსიშვილი საკუთარ საქმიანობაში ბავშვებსაც რთავს. ანდრია კი, ჯერ მეტისმეტად პატარაა იმის გასააზრებლად, თუ რა შედეგი გამოიღო მისმა “ნინძა ბუმ”.

“შვილები მართლა ძალიან “გამომადგა” კარიერაში. კატო 3 წლის იყო, როცა ჩვენი პირველი ერთობლივი წარმატება შედგა – ზღაპარს ვუყვებოდი ჩვეულებრივ და მერე ვუთხარი, თვითონაც მოეყოლა რამე. ასე შეიქმნა ანიმაცია “კატოს ზღაპარი ნიტაზე”. 

მსგავსი ანიმაციების მოყვარულებს გაგახარებთ და გეტყვით, რომ ცოტნესა და კატოს საერთო შემოქმედების შედეგს სექტემბრისთვის ვიხილავთ. სიზმრებზე მოსაუბრე კატომ მამა ახალი იდეით შთააგონა, რომელიც შემდგომ 20 Steps Productions-ის პროდიუსერ ვლადიმერ კაჭარავას გაუზიარა და როგორც ცოტნე ამბობს, სწორედ მისი დახმარებით დაიგეგმა ეს პროექტი. მოგვიანებით კი, ანიმაციის იდეამ ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებაც მოიპოვა. “საფესტივალო მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია ჩემი და კატოს ავთენტურ დიალოგზე იქნება დაფუძნებული”.

მანამდე კი, ყველას ისღა დაგვრჩენია, შემდეგ ანიმაციამდე სამართლიან ნინძა ბუზე ვიღიღინოთ.

ავტორი ქეთია ბელქანია


Google: ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა!

“Hey Spotify” – აპლიკაციის დისტანციურად მართვის კიდევ ერთი შესაძლებლობა!