ღამის თეთრეულის სტარტაპი „ნინეა“ სამმა მეგობარმა – ნელიკო თორდიამ, ანი იოსელიანმა და ნინო ლეჟავამ ერთი თვის წინ დაიწყო, ბაზარზე კი 10 დღის წინ გამოჩნდნენ და საკუთარი პროდუქციის – ღამის პერანგებისა და პიჟამოების რეალიზება დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ სტარტაპს, ჯერჯერობით, მხოლოდ ონლაინ გაყიდვები აქვს, 10 დღე საკმარიის აღმოჩნდა მომხმარებელში მოთხოვნის გამოსაწვევად და დაინტერესების შესაბამისად, ბრენდის შემქმნელებს ახალი გეგმები გაუჩნდათ. როგორია „ნინეას“ განვითარების ხედვა და რა გამოარჩევს მას ბაზარზე არსებული ბრენდებისგან – ამ საკითხებზე სტარტაპის თანაავტორს – ნელიკო თორდიას ვესაუბრეთ:
M: რა გამოცდილება გქონდათ ბიზნესის კუთხით და რატომ გადაწყვიტეთ ღამის თეთრეულის ბრენდის შექმნა?
ბიზნესის მიმართულებით არ გვქონია გამოცდილება, მაგრამ სულ ვფიქრობდით, რომ პატარა წარმოება წამოგვეწყო და საბოლოოდ, ღამის სამოსზე შევჯერდით. მე და ანი ვმუშაობთ „ალდაგში“, კორპორატიულ განყოფილებაში, ხოლო ნინო „კომპი შოპის“ დირექტორის მოადგილეა. ჩვენი გამოცდილებით, ღამის თეთრეულის კუთხით დეფიციტია ქართულ ბაზარზე და თუ გვხვდება პროდუქცია, ძალიან ძვირ, არახელმისაწვდომ ფასად. ამიტომ, მოგვინდა, რომ ნატურალური ქსოვილების გამოყენებით, კარგი ხარისხის ხელმისაწვდომი პროდუქცია შეგვექმნა.
M: ვინ მუშაობს მოდელების შექმნაზე და რა ქსოვილებისგან იქმნება „ნინეას“ ღამის სამოსი?
თვითონ ვმუშაობთ დიზაინის შექმნაზე, თითო-თითო მოდელს ვქმნით, რომ გემოვნება არ დაემთხვეს და უფრო ფართო ასორტიმენტი შევთავაზოთ მომხმარებელს. ვიყენებთ აბრეშუმსა და ნატურალური ბამბას, საჭირო ქსოვილებს კი ქართულ ბაზარზე ვიძიებთ.
M: ერთთვიანი ფუნქციონირების განმავლობაში, როგორია მომხმარებლის დაინტერესება და გაყიდვები?
გაყიდვები დავიწყეთ დაახლოებით 10 დღეა და გაკვირვებულები ვართ, რადგან უკვე ზომები აღარ გვყოფნის და ვამატებთ ნელ-ნელა. უახლოეს მომავალში, ახალი კოლექციის შექმნას ვგეგმავთ.
M: თქვით, რომ ბაზარზე არ არის ხელმისაწვდომ ფასად მსგავსი პროდუქცია, თქვენ რა საფასო პოლიტიკა გაქვთ შემუშავებული და რა გამოგარჩევთ მსგავსი ქართული ბრენდებისგან?
ფასები იწყება 25 ლარიდან და ჯერჯერობით, ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტი არის 79 ლარის ღირებულების. ვიცი, რომ ქართულ ბაზარზე არსებობს ორი მსგავსი კომპანია. გარდა საფასო პოლიტიკისა, მათგან გამოგვარჩევს ფართო ასორტიმენტი და ნატურალური ქსოვილი.
M: როგორია „ნინეას“ განვითარების ხედვა?
შემდეგი კვირიდან, ქალების კოლექციას დაემატება საბავშვო ხაზი, ასევე, საახალწლო პიჟამოები. წელს, ახალ აღმაშენებელზე, საახალწლო გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი ჩვენი პროდუქცია. სამომავლოდ, გვინდა გავსცდეთ ონლაინ გაყიდვებს და ასორტიმენტის გამრავალფეროვნებასთან ერთად, გავხსნათ საკუთარი მაღაზია თბილისში.