26
Feb
2019

Ninellie – “სადაც არ უნდა ვიყოთ, გულით მუდამ ჩვენი სამშობლო უნდა ვატაროთ..”

26 Feb 2019

Startauperi
Startauperi


თუკი მაისურზე, ჩანთაზე ან სვიტერზე საქართველოს რუკა შენიშნეთ, დიდი შანსია, რომ საქმე “ნინელის” პროდუქციასთან გქონდეთ. იგი ქართული ტანსაცმლის ბრენდია, რომელიც ბაზარზე უკვე 3 წელია, არსებობს. როგორც თავად ბრენდის დამფუძნებელი, ნინო ჩხაიძე ამბობს, ბრენდს ქალის ძველი ქართული სახელი დაარქვა, რადგანაც იგი ძალიან მოსწონდა. რას ქმნის დღესდღეობით “ნინელი” და რა სამომავლო გეგმები აქვს მას, ყველაფერ ამის შესახებ Marketer.ge ნინოს გაესაუბრა:

M: რა ინსპირაციით შეიქმნა “ნინელი” ?

პროფესიით დიზაინერი ვარ და წლებია უკვე, რაც ამ პროფესიით ვმუშაობ. ჩემი მუშაობის ტექნიკა არის ძალიან სპეციფიკური, რომელიც უკავშირდება ძველ ქართულ ხელსაქმეს, კერძოდ, “ქვილთის” ტექნოლოგიას. იმ დროისთვის საქართველოში არც ისეთი პოპულარული იყო ეს ტექნიკა და დღემდე ძალიან იშვიათად ვხვდებით თანამედროვე დიზაინში, ამიტომ გადავწყვიტე, თანამედროვე იერსახე მიმეცა და ტანსაცმელსა და ინტერიერის დიზაინში გამეცოცხლებინა.

ყოველთვის ძალიან მომწონდა ჩვენი საქართველოს რუქის რელიეფი და მსურდა, დიზაინში აქტიურად გამომეყენებინა, ასევე,  მაწუხებს და მტკივა ჩვენი ტერიტორიული დანაკარგები და მინდოდა, რამენაირად მეც გამომეთქვა პროტესტი, შეიძლება, ეს იყოს მიზერული, მაგრამ ჩემი პროფესია მაძლევდა იმის საშუალებას, თუნდაც ეს მიზერი გამეკეთებინა, თანაც ისე, რომ ეს მესიჯი საქართველოს ფარგლებს გარეთ გამეტანა.

M: რა პროდუქციას ქმნის ბრენდი?

”ნინელის” ბრენდის სახელით იქმნება 2 ხაზის პროდუქცია: კომერციული ხაზი ყოველდღიური სამოსის და აქსესუარების სახით, კერძოდ – მაისურები, პულოვერები, ქურთუკები, შარვლები, წელის ჩანთები.. და მეორე ხაზი – ზემოთ აღნიშნული “ქვილთის” ტექნოლოგიით ვქმნით მაღალი მოდის სამოსს და ინტერიერის აქსესუარებს, ესენია: საღამოს კაბები, პიჯაკები, შარვლები, კედლის დეკორატიული პანოები, ბალიშები.

M: რა მასალას და ტექნოლოგიას იყენებთ მათ დასამზადებლად?

ბრენდი ეფუძნება ხელნაკეთი მეთოდის პრინციპს, ძირითადი კოლექცია ყოველთვის შეიცავს ხელნაკეთ ელემენტებს (ასევე ქვილთის ტექნოლოგიის გამოყენებით) მასალას ვიყენებთ როგორც ბუნებრივს, ასევე ხელოვნურ ნაწარმს. ბრენდ “ნინელის” პროდუქტის საბოლოო სახე ყოველთვის გამოიკვეთება მისი შესრულების ტექნიკის ეფექტურობით.

M: როგორ ფიქრობთ, რითია “ნინელის” პროდუქცია ბაზარზე გამორჩეული?

ჩვენი პროდუქცია ტექნოლოგიურად იქმნება საკმაოდ გამორჩეული და იშვიათი მეთოდით და სწორედ ეს არის ჩვენი ნიშა, რითიც ჩვენი პროდუქტი ყოველთვის გამოირჩევა ბაზარზე არსებული სხვა პროდუქტებისგან. ტექნოლოგია “ქვილთის” განსაზღვრება მოკლედ რომ განგიმარტოთ, მდგომარეობს პატარ-პატარა ფერადი ქსოვილებით ერთი დიდი ქსოვილის ან კომპოზიციის შექმნაში, სწორედ ამ მეთოდით იქმნება “ნინელის” ეფექტური და ხელნაკეთი აქსესუარები. ”ქვილთი” საუკუნეებს ითვლის, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთაც (საზღვარგარეთ უფრო “patchwork”- ის ტერმინით მოიხსენიება). საქართველოში დღეისათვის მივიწყებულია ეს მიმართულება და ვცდილობ, მას თანამედროვე მოდაში ადგილი დავუმკვიდრო…

M: რაიმე კამპანიასა ან პროექტში ხომ არ მიგიღიათ მონაწილეობა?

ქვილთის ტექნოლოგია ძალიან გავრცელებულია ამერიკასა და ევროპაში. 2015 წელს საფრანგეთის საერთაშორისო ფესტივალი “European Patchwork Meeting” დაინტერესდა ჩემი ნამუშევრებით რასაც მოყვა ჩემი მიწვევა ამ ფესტივალზე 2017 წლის სექტემბერში და  საქართველო გახდა ტექსტილის საერთაშორისო ფესიტვალის დებიუტანტი დამოუკიდებელი ქვეყანა.

M: როგორია ბრენდის სამომავლო ხედვა? რა გეგმები გაქვთ?

ბრენდს სამომავლოდ საკმაოდ ფართომასშტაბიანი გეგმები აქვს, რაზეც უკვე დაწყებულია მუშაობა. ძალიან ბევრი და სასიამოვნო სიახლე გვექნება, ვგეგმავთ ასორტიმენტის და ახალი ხაზის დამატებას.. მიწვეული ვართ რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალზე, მათ შორის, ერთ-ერთი იქნება პარიზში (უკვე მეორედ) და, ასევე. მიწვეული ვართ მასტერკლასების ჩასატარებლად ტექსტილის ერთ-ერთ ფესტივალზე … რაც შეეხება სერვისის მიწოდებას, ჯერ-ჯერობით მაღაზია არ აქვს. გვაქვს ატელიე-შოურუმი, სადაც ადგილზე მოსვლით და, ასევე, ონლაინ რეჟიმშიც შეუძლია მომხმარებელს ჩვენი პროდუქციის შეძენა.

M: როგორ ფიქრობთ, ვისზე/რა სეგმენტზეა გათვლილი თქვენი ბრენდი?

როგორც აღვნიშნეთ, ჩვენ გვაქვს ორი მიმართულების ხაზი და შესაბამისად მომხმარებლის სეგმენტის დოგმაც არ გვაქვს… რაც შეეხება ჩვენი კონკრეტული პატრიოტული და ოკუპაციის თემატიკის ხაზის სეგმენტი, ლოგიკურადაც და ფაქტობროვადაც არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ თავიანთი სამშობლო, ადამიანები, რომლებიც შორს არიან და ენატრებათ საქართველო და, ასევე, უცხოელი ტურისტები, რომლებსაც მიაქვთ ორიგინალური და დასამახსოვრებელი პრაქტიკული პროდუქტი საქართველოდან.

 

განხილვა