in

Ninellie: „არანაირი ბიზნეს მოდული და კვარტალური გათვლები არ გვქონია“…

Startauperi
Startauperi

საქართველოს რუკა ჰუდებზე, მაისურებსა და ჩანთებზე, უკვე ხუთი წელია „ნინელის“ ბრენდის ხელწერის ნაწილია. ქვილთის უძველესი ტექნოლოგიისადმი ინტერესი ტანსაცმლის დიზაინერმა ნინო ჩხაიძემ საკუთარ ხელწერად აქცია და თანამედროვე სამოსისა და აქსესუარების ხაზი შექმნა, დღეს კი, ბიზნესის მართვისას დაშვებულ შეცდომებზე საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.

M: გაიხსენეთ, რა იყო გარდამტეხი შეცდომა „ნინელისთვის“, საიდანაც ყველაზე დიდი გაკვეთილი მიიღეთ?

ბიზნესისთვის ყოველი გარდატეხა რაღაც ახალის მასწავლებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არც წინასწარ გაწერილი და შემუშავებული ბიზნეს გეგმა გაქვს და არც მარკეტინგული მიდგომა – ბრენდისადმი. ჰო, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბრენდი „ნინელი“ როდესაც იქმნებოდა არცერთი ზემოთჩამოთვლილი არ იდგა დღის წესრიგში, ამიტომ ვთვლი რომ „ნინელი“ იმთავითვე შეცდომების მთელი კრებული იყო. თუმცა ეს, ერთი მხრივ, საამაყოა ჩვენთვის, რადგან სრულიად იმპულსებსა და ემოციებზე დაყრდნობით დაარსებულმა და წარმოებულმა ბრენდმა ისევე დაიმკვიდრა ქართულ ბაზარზე სახელი და ადგილი, როგორც ამას ის კომპანიები ახერხებენ, რომელთაც ჩანასახშივე ზედმიწევნით აქვთ გაწერილი ბიზნეს გეგმა. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა აკეთებ საქმეს რომელიც გიყვარს, გსიამოვნებს და ამავდროულად, მოაქვს სარგებელი.

M: როგორი იყო პანდემიისდროინდელი შეცდომები „ნინელისთვის“?

პანდემიის დროს, მრავალი ბრენდი აღმოჩნდა რთული გამოწვევების წინაშე და რა თქმა უნდა, არც „ნინელი“ ყოფილა გამონაკლისი. ჩვენთვის ეს ის პერიოდი იყო, როცა შემოქმედებითი ზრდისთვის ამზადებ ნიადაგს, ითვისებ და ეცნობი სიახლეებს. აქედან გამომდინარე, სიტუაციურად რამდენადაც აქტივობის საშუალება შეგვეზღუდა, იმდენად გავაქტიურდით შემეცნებისა და ზრდის პროცესზე და ახლა როდესაც თავისუფლად შემოქმედების საშუალება გვეძლევა, შედეგს სიახლეების სახით დავდებთ.

M: რა გამოწვევებთან მოგიწიათ გამკლავება კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად?

როგორც უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობია „ნინელი“ იყო პირველი ქართული ბრენდი (2015 წლიდან) რომელმაც საქართველოს რუკის რელიეფის, დიზაინის ელემენტად დაამკვირდა ტანსაცმელსა თუ აქსესუარებში, თანაც საკმაოდ შრომატევადი და ასე ვთქვათ ჩვენ თავს რომ საქმეს ვურთულებდით, ისეთი მეთოდით – სათითაო დეტალი იჭრება და მუშავდება ხელით. ყველა გვეუბნებოდა დაგვეპრინტა და საქმე გაგვეიოლებინა, მაგრამ ბრენდის უნიკალობა და კონცეფცია სწორედ ხელნაკეთ, ექსკლუზიურ პროდუქციაზე გადის, ამიტომ დღემდე ეს პრინციპია ბრენდისთვის მთავარი. სწორედ აქ „გაგვეპარა“ შეცდომაც: ვაკეთებდით იმას რაც იყო გამორჩეული, ექსკლუზიური და ბრენდისთვის ორგანული, არ ვუყურებდით, რა იყო ბაზარზე მოთხოვნადი. ძალიან მალე, საითაც არ გავიხედეთ, ყველა დარგში (აღარ ვსაუბრობ სტარტაპერ ბრენდებზე) გაჩნდა საქართველოს რუკის კონტური, სხვა ბრენდები იყენებდნენ ჩვენ დიზაინს და ქმნიდნენ ანალოგ პროდუქტს. ბუნებრივია, გაგვიჩნდა პროტესტი ჩვენი იდეის მრავალმხრივი მიტაცების გამო და გადავწყვიტეთ პატენტი გაგვეკეთებინა. თუმცა აღმოჩნდა, რომ იდეა არ პატენტდება, უნდა დაგვეპატენტებინა კონკრეტული პროდუქტის დიზინი, რაც ძალიან ალოგიკურ ფინანსურ დანახარჯებზე გადიოდა. ერთადერთი რამ, რითაც „ნინელია“ იდეის დაცვა შეეძლო იყო ის, რომ რუკის კონტური ექცია თავის ლოგოდ… თუმცა ბრენდის კონცეფცია გაცილებით მასშტაბური და მრავალფეროვანია, ვიდრე მხოლოდ საქართველოს რუკის კონტური. ამიტომ თავი შევიკავეთ, მაგრამ სადღაც მაინც ვფიქრობთ, რომ უნდა გაგვეკეთებინა.

M: საწყის ეტაპზე, ბიზნესისთვის შეცდომების დაშვება უცხო არ არის. როგორ იყო „ნინელის“ შემთხვევაში?

როგორც აღვნიშნე, „ნინელიმ“ ემოციებისა და ენთუზიაზმის საფუძველზე „აიდგა ფეხი“ და ამ მარტივი მიზეზის გამო, მას არანაირი კვლევა იმ ეტაპისთვის არსებული ბაზრის, არც არანაირი ბიზნეს მოდული და კვარტალური გათვლები არ ჰქონია, არც რაიმე გაწერილი აქტივობები პიარისა და პოპულარიზაციისათვის. მაგრამ ისე მოხდა, რომ ეს ყველაფერი მაინც მოვიდა (შრომის შედეგად რომ ყველაფერი მოდის გვჯერა, მაგრამ სადღაც გონებაც უნდა დააწიო), თუმცა გაცლებით გვიან და დროში გაწელილად. დღეს ამ ყველაფრის გარეშე, უბრალოდ, წარმოუდგენელია ბიზნესის მართვა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი რომ თავიდანვე ბრენდის დაგეგმარების ნაწილი ყოფილიყო, გაცილებით ადრე მივიდოდით იქ, სადაც ვართ.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

როგორ გვეხმარება წერა მენტალური ტრავმისგან განკურნებაში?

LEXUS აგრძელებს კამპანიას Golden Opportunity Sales Event – ნახეთ ბრენდის ახალი ვიდეორგოლი