18
მაი
2017

ნინი ბუკია – #პირველისამსახური

18 მაი 2017

პირველი სამსახური იყო რადიოსადგური ფორტუნა, სადაც 1998-ის ბოლოს მოვხვდი და იქ ჩემი ცხოვრების უსაყვარლესი 5 წელი გავატარე. 19 წლის ვიყავი, როცა იქ დავიწყე მუშაობა. ჩემმა ლექტორმა – მერაბ ჯანიაშვილმა შემომთავაზა ეს სამსახური. კარგი ხმა გაქვს და მხიარული ხარო. ასეც გამოვიდა – დილის წამყვანი გავხდი და დილის ეთერი მიმყავდა მას შემდეგ დიდხანს. ფუნქცია უმარტივესი – ყოველ 30 წუთში მიქშერის გახსნა და მისალმება, რაც ძალიან დიდი პრობლემა იყო სულ: საკუთარი ხმა ყურსასმენებში იმდენად შოკისმომგვრელი იყო, რომ დაახლოებით 6 თვე ყოველ დილას ვუცხადებდი დედაჩემს, რომ ეს ჩემი ბოლო სამუშაო დღეა.

BOG PLUS
რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ძალიან მომწონს მიკროფონი, ჩემს ხმასაც არაუშავს და გამოცდილებაც გროვდება, რამაც საბოლოო ჯამში ძალიან გამიმარტივა “დიდურ” ცხოვრებაში “შესვლა”. 
მახსოვს, ერთ მშვენიერ დღეს, დილას ძალიან ციოდა და მაგრად არ მინდოდა გარეთ გასვლა. რაღაც მომენტში ვიფიქრე, საერთოდ აღარ მივალთქო, მაგრამ მერე ჩემს თანამშრომლებთან ძალიან მომერიდა და წავედი. მივედი. 8:00 საათია და ეთერში უნდა შევიდე სტანდარტული “დილამშვიდობისათი”. უცბად, კარის კაცი მოვიდა თაიგულით და ეს მსმენელმა დაგიტოვა, ასე რომ გვახალისებს დილით, თავადაც გახალისდეს ცოტაო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა?! ბანალურად ჟღერს, მაგრამ მაშინ პირველად გავაცნობიერე, რომ მსმენელი მყავს და პირველ რიგში, მათ წინაშე ვარ ვალდებული. ამის მერე ჩვევად მქონდა, სულ კარგ ხასიათზე ვიყავი, რაღაც მომენტში დავიჯერე, რომ ეს ჩემი განწყობა გადამდებია.
ნინი ბუკია – საქართველოს ბანკის მულტიმედიის სამსახურის უფროსი.

განხილვა