ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნინი გობრონიძე „სილქ ჰოსფითალითის“ გუნდს შეუერთდა – მაშინ, როცა კომპანია ახალ ეტაპზე გადადიოდა და ლოიალობის პროგრამა Silk Rewards-ის გაშვებას გეგმავდა. თუმცა ეს ტექპროდუქტზე მუშაობის პირველი გამოცდილება ნამდვილად არ იყო. მანამდე „ვოლტში“ მუშაობდა და, როგორც გვიყვება, ტექნოლოგიებისადმი ინტერესი სწორედ იქ ჩამოუყალიბდა – პროცესების ოპტიმიზაცია, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება და ციფრული გადაწყვეტები.
საქმიანი საოფისე გარემოს პარალელურად, ნინის ცხოვრების მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ხაზი ყოველთვის სპორტით გატაცება იყო. 13-14 წლიდან სისტემატურად ვარჯიშობდა, მისდევდა ჯანსაღი ცხოვრების წესს და დროთა განმავლობაში საკუთარ თავში აყალიბებდა იდეას, შეექმნა სივრცე, რომელიც გააერთიანებდა ყველაფერს, რაც სხვადასხვა სტუდიაში მოსწონდა და შეცვლიდა იმას, რაც არ მოსწონდა.

ეს იდეა ერთ წელიწადში რეალურ გადაწყვეტილებად იქცა და თავის მეუღლესთან, დაჩი ცნობილაძესთან ერთად დააფუძნა Heat Studio, რომლის მსგავსი კონცეფციაც საქართველოში მანამდე არ შეხვედრია და მისი მიზანიც ეს იყო – შეექმნა რაღაც ისეთი, რაშიც ბაზარზე პირველი იქნებოდა. სწორედ ამიტომ საზღვარგარეთ ყოფნისას გამოცდილი „ცხელი კლასები“ მაღალი ტემპერატურის პირობებში, სპეციალური ინფრაწითელი პანელების გამოყენებით ჩატარებული ვარჯიშები, მისთვის გარდამტეხ აღმოჩენად იქცა. ბაზარზე მზარდი ფიტნესტრენდი, ახლობლების მხარდაჭერა და შინაგანი სურვილი, „შევქმნა რაღაც ჩემი და ახალი“ – საბოლოოდ სტარტის წერტილად იქცა და საქმეს შეუდგა. ნინის მეუღლე დაჩი ცნობილაძე კი პროფესიონალი ფეხბურთელია და მისმა სპორტთან კავშირმა, ცოდნამ და თანადგომამ უფრო რეალური გახადა ეს შესაძლებლობა.
რა თქმა უნდა სირთულეებიც იყო: ფართის ძიება, რემონტი, კონცეფციის ჩამოყალიბება, შესაბამისი ინვენტარის მოგროვება და გუნდის შეკრება – ასე დაიბადა სტუდია, რომელიც უკვე არა მხოლოდ სავარჯიშოდ მოიაზრება, არამედ სივრცედ, სადაც ყალიბდება კომუნა.
ქვემოთ, ინტერვიუს ნაწილში, ნინი თავად გვიამბობს იმ გზის შესახებ, რასაც ოცნების იდეის ახდენა ჰქვია.

M: ნინი, თქვენ „სილქ ჰოსფითალითიში” მუშაობთ და ახლა უკვე საკუთარი სპორტული სტარტაპიც გაქვთ. როდის გაგიჩნდათ პირველად ეს იდეა და როგორ აისახება სტუმარმასპინძლობის სფეროში მიღებული გამოცდილება, როცა საკუთარ სივრცეს ქმნი?
ბავშვობიდან, მთელი ჩემი გააზრებული ასაკიდან ვვარჯიშობდი და სპორტი ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო. მოგვიანებით, ცოტა რომ გავიზარდე, სულ მქონდა სურვილი, მქონოდა სივრცე, სადაც ყველაფერს გავაერთიანებდი, რაც მომწონდა სხვა სტუდიებში და რაც, ჩემი აზრით, უკეთ შეიძლებოდა გაკეთებულიყო.
გადამწყვეტი მომენტი დადგა ერთი წლის წინ, როცა დავაფიქსირე, რომ საქართველოში მსგავსი ტიპის „ცხელი კლასების“ სტუდია არ არსებობდა. უცხოეთში დავტესტე ეს კონცეფცია და მივხვდი, რომ ეს მზარდი ტრენდია. ახლობლებმაც გამამხნევეს, მეუბნებოდნენ, ბაზარს სჭირდება, სცადე. სწორედ ეს იყო ის მომენტი, როცა იდეა გადაწყვეტილებად იქცა.
რა თქმა უნდა „სილქ ჰოსფითალისთის” გამოცდილებაც დამეხმარა. ეს სტუმარმასპინძლობის უდიდესი ჰოლდინგია საქართველოში და სერვისის კულტურა აქ უმაღლეს დონეზეა. კომუნიკაცია, დეტალებზე ორიენტირება, მომხმარებლის გამოცდილება – ეს ყველაფერი ყოველდღიური პრაქტიკაა და ეს ცოდნა საკუთარ ბიზნესშიც გადმომაქვს.
M: რა სერვისებს აერთიანებს თქვენი სტუდია?
ჩვენი ძირითადი მიმართულებაა ცხელი კლასები – ვარჯიში მაღალი ტემპერატურის პირობებში, სპეციალური ინფრაწითელი პანელებით. გვაქვს სამი ძირითადი მიმართულება: ცხელი იოგა, ცხელი პილატესი და ფიტნესბალეტი. ასევე გვაქვს უფრო დინამიკური, კუნთსა და ძალაზე ორიენტირებული ვარჯიშები.
მინდა, ადამიანებს ჰქონდეთ არჩევანი და ხან ძალისმიერი ვარჯიში გამოცადონ, ხან იოგას ტიპის, რადგან რეალური ცვლილებებისთვის სხეულს ორივე სჭირდება. ჩვენი აბონიმენტის სისტემაც ამ პრინციპზეა აგებული – შეგიძლია სცადო სხვადასხვა კლასი და იპოვო შენი ფორმატი.
M: რით განსხვავდება სტუდიის კონცეფცია ბაზარზე არსებულთაგან?
გვინდოდა, Heat Studio-ს შეექმნა ერთგვარი კომუნა. სავარჯიშო კლასების გარდა აქ არის ბარის ტიპის მოსაცდელი, სადაც შეგიძლია დალიო ყავა, მაჩა, მიირთვა ჯანსაღი წასახემსებელი, იმუშაო ვარჯიშამდე ან მის შემდეგ. მომავალში გვექნება ბგერითი თერაპიები, მედიტაციები, კვებითი ფსიქოლოგიც ჩავერთვებით. გვინდა, სივრცე იყოს სრულყოფილი ველნესი გამოცდილება.
M: როგორ იქმნებოდა ბრენდის ვიზუალური იდენტობა?
ვიზუალურ იდენტობაზე ნიკოლოზ ხიპაშვილმა იმუშავა. ლოგო მინიმალისტურია და ფერზე ერთად შევჯერდით, ჩემი სურვილი იყო, ინტერიერი და ბრენდინგი ერთ ხაზში ყოფილიყო. ღია ცისფერი კი როგორც ინტერიერში, ისე ლოგოში გამოვიყენეთ. ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში, ძალიან გააზრებულად შეიქმნა.
M: რა სირთულეებს წააწყდით და რისი გათვალისწინება უწევს ადამიანს მსგავსი სივრცის გახსნისას?
პირველ რიგში, უნდა იცოდე, რას აკეთებ. მსგავსი სივრცის გახსნამდე ბევრი სტუდია უნდა გქონდეს გამოცდილი, რომ მომხმარებლის სურვილები სწორად გაიგო. სირთულე იყო კვალიფიციური მწვრთნელების მოძიება, შესაბამისი ლოკაციის პოვნა, რომელიც ფართობით, სართულითა და ფასით დააკმაყოფილებს შენი და მომხმარებლის მოთხოვნებს. სარემონტო პროცესიც დიდი გამოწვევაა, განსაკუთრებით როცა დროში ხარ შეზღუდული.
M: როგორ გეგმავთ ცნობადობის გაზრდას?
სხვათა შორის, სივრცე არ გაგვიხსნია დიდი ხმაურით. გვინდოდა, ნელ-ნელა დაგვეწყო და პროცესისთვის შეგვეხედა. აქტიურები ვართ სოციალურ ქსელებში, ვგეგმავთ გადაღებებს, რათა ტრენდული კონტენტი შევქმათ. ასევე ყველასთვის პოპულარული TikTok-ის გამოყენებაც გეგმაშია.
გარდა ამისა, აუცილებლად ჩატარდება თემატური ღონისძიებები, როგორიცაა ბგერითი თერაპია და სხვები. შესაძლოა მორბენალთა კლუბიც ჩამოვაყალიბოთ.
გვინდა, კლასები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდეს. სურვილის შემთხვევაში, ადამიანმა მთელი დღეც გაატაროს ამ სივრცეში და შუალედებში იმუშაოს მოსასვენებელ სივრცეში. ჩემი ჩანაფიქრი მოიცავს ბუტიკური, პრემიუმკონცეფციის სტუდიის შექმნას, სადაც სტუმრობა თავად ჩემთვის, როგორც მომხმარებლისთვისაც ძალიან კომფორტულია.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი


















