ჩემი პირველი სამსახური 22 წლის ასაკში, მაშინ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული „რადიო უცნობი“ იყო. ვაკანსიის შესახებ დასაქმების პორტალიდან გავიგე. ერთკვირიანი სტაჟირება მალე იქცა პირველ ოფიციალურ სამსახურად, სადაც თითქმის ორი წელი ვიმუშავე. ორი წლის განმავლობაში, ვიყავი საინფორმაციო გამოშვება „ხუთი წუთით ადრეს“ საპარლამენტო კორესპონდენტი. ვაშუქებდი პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს, სესიებსა და ბიუროს სხდომებს, პოლიტიკურ დებატებს, მნიშვნელოვანი კანონპროექტების განხილვას. მათ შორის, მომიწია 7 ნოემბრის აქციის გაშუქებაც, რაც ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის. წარმოუდგენელი ადრენალინია, როცა იცი, რომ სწორედ შენ ხარ ის ადამიანი, ვინც მსმენელს უყვება, რეალურად რა ხდება ადგილზე და გაქვს დიდი პასუხისმგებლობა, სწორად გააშუქო მოვლენა, არ აყვე ემოციებს და დარჩე ობიექტური. ეს ყველაფერი სწორედ „რადიო უცნობში“ ვისწავლე.
პირველი გამოწვევა, ჩემს პირველს სამსახურში, იყო ჩემი პირველი ინტერვიუ მაშინდელ სახალხო დამცველ სოზარ სუბართან. მახსოვს, ღელვისგან ხმა მიკანკალებდა, თუმცა ინტერვიუ კარგი გამოვიდა და ნამდვილად ღირდა საბოლოო შედეგი გულის აჩქარებულ პულსაციად. ასევე, მახსენდება 2008 წლის ომი, მაშინ მე და ჩემი კოლეგები 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობდით და ვცდილობდით მსმენელისთვის ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია მიგვეწოდებინა. სწორედ მაშინ ვიგრძენი ყველაზე მწვავედ, რა უსუსურები ვართ ადამიანები ომის წინაშე. ეს განცდა მძაფრად ჩამრჩა გონებაში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან გამიმართლა პირველ სამსახურში. ეს იყო ადგილი, სადაც მეამაყებოდა მუშაობა, სადაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, ვიმუშავე ბევრ წარმატებულ და ცნობილ ჟურნალისტთან, შევიძინე ბევრი მეგობარი და დიდი გამოცდილება.
ნინი ფოფხაძე – საქართველოს ბანკის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი.