in

ნინია მაჭარაშვილი – #პირველისამსახური

ნინია მაჭარაშვილი

უცნაურია, მაგრამ ზუსტად მახსოვს: 12 წლის ვიყავი, როცა პირველი ქართულ-ინგლისური საბავშვო ჟურნალი “Kids Today” ჩამივარდა ხელში, რომელსაც მაშინ “Georgia Today” გამოსცემდა. სკოლის ბიბლიოთეკაში დრო გამყავდა და სწორედ მაშინ მომხვდა თვალში. სრულად წავიკითხე და საღამოს მივწერე რედაქტორს მეილი (მეილის მიწერას მაშინ გამბედაობა სჭირდებოდა), რომ ჟურნალში მუშაობა მინდოდა. 13 წლის ვიყავი, როცა “Kids Today”-ში ამიყვანეს და მას შემდეგ, არ მახსოვს არცერთი დღე, რომ სამსახური არ მქონოდა – ნახევარი ან სრული განაკვეთით. დღემდე ძალიან მადლიერი ვარ რედაქტორის, რომ უცხო ადამიანს შანსი და, შესაბამისად, თავდაჯერება მომცა. ჩემს მოვალეობებში ჟურნალისთვის ინგლისურად წერა შედიოდა. ვირჩევდი თემას, ვამუშავებდი და შემდეგ, გამზადებულ ტექსტს რედაქტორს ვუგზავნიდი. ვერაფერი დამავიწყებს იმ წამს, როცა ჟურნალის ფურცელზე, ტექსტის ქვეშ ჩემი სახელი და გვარი დავინახე. მინდოდა, რომ მთელ მსოფლიოს გაეგო. მაშინ, ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი და უნივერსიტეტშიც სწორედ ჟურნალისტიკა ავირჩიე. თუმცა შემდეგ, როგორც ცხოვრებაში ხდება ხოლმე, მივხვდი, რომ ეს მაინცდამაინც ჩემი გზა არ იყო.

სხვა სამსახურებიდან საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, გამომცემლობას “წიგნები ბათუმში” და გაეროს მოსახლეობის ფონდის კამპანიას “კაცები ზრუნავენ” გამოვარჩევ. ეს ის საქმეებია, რომლებმაც კონტაქტების ზღვა, დიდი გამოცდილება და მოტივაცია მომცეს. ცხადია, დაბრკოლებებიც, თუმცა, სამსახური დაბრკოლებების გარეშე წარმოუდგენელია. ამჟამად, თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი ვარ და საკუთარი თავისთვის ძალიან მკაფიო გეგმა მაქვს განსაზღვრული, თუ რა უნდა შევცვალო ბიბლიოთეკებში იმისთვის, რომ ადამიანებს აქ მოუხაროდეთ.

ნინია მაჭარაშვილი – თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი.

„ქვითარი მოგებიანია!“ – „კარფური“, 8 წლის იუბილეზე, ერთგულ მომხმარებელს უსასრულო ქულებით, საჩუქრებით და აქციებით ელოდება!

Geo Stalk – სტალკერი საქართველოდან, რომელიც მიტოვებულ ადგილებს გვაცნობს