7
Mar
2017

„ნინიმო“ – ხელნაკეთი ფეხსაცმელების სტარტაპი

7 Mar 2017

Startauperi
Startauperi


„მესამე-მეოთხე კლასში ბლოკნოტი მქონდა, რომელსაც ერქვა „ნინიმო“ და ეს იყო ბლოკნოტ-მაღაზია. მეხატა ფეხსაცმელები, ჩანთები, კაბები, მაისურები და ჩემი კლასელი გოგოები ყიდულობდნენ „ნინიმოს“ არარსებული ფულით“, – ნინო მოსულიშვილი ხელნაკეთი ფეხსაცმელების მწარმოებელი კომპანია ,,ნინიმოს“ დამაარსებელია და უკვე წელიწად-ნახევარია, ბლოკნოტში დახატული ტყავის თარგებიდან ნამდვილ, ხელნაკეთ ფეხსაცმელებს ქმნის. მარკეტერი ესაუბრა ნინო მოსულიშვილს გამოცდილებაზე ფეხსაცმლის მოდელირებაში, საქმიანობის სპეციფიკასა და განვითარების გეგმებზე. 
M: ნინო, გაგვეცანით, რა გამოცდილება გაქვთ ამ სფეროში?
პროფესიით იურისტი ვარ, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მოდელირება ყოველთვის მიყვარდა. სტუდენტობის პერიოდში, ჩემი დიზაინით, ძალიან ხშირად ვიკერავდი ფეხსაცმელსა და სხვადასხვა ტანისამოსს. მორიგი ფეხსაცმლის შეკერვის დროს თითქმის მთელი ორი დღე ვიყავი ერთ-ერთ სახელოსნოში და მითითებებს ვაძლევდი ჩემს მკერავს. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ვიყავი ძალიან  ბედნიერი და კმაყოფილი. სწორედ ამ დღიდან გადავწყვიტე, მეკეთებინა ის საქმე, რომელიც მთელი ცხოვრება ასე ძალიან მიყვარდა და მომწონდა.

M: ვინ მუშაობს „ნინიმოს“ პროდუქციაზე, რა მასალისგან იკერება ფეხსაცმელი და სად?
,,ნინიმოს” ფეხსაცმელზე მუშაობს ხუთი ადამიანი: დიზაინერი, მკერავი, კურიერი და ორი ხელოსანი. ფეხსაცმელი იკერება თბილისში, ჩემს სახლთან ახლოს ვქირაობთ ფართს, სადაც შეგვიძლია, დავდგათ საკერავი მანქანა, სახელოსნო ინვენტარი – შევქმნათ ყველა პირობა, რომ მასალა არ დაზიანდეს და მივიღოთ ის პროდუქცია, რაც შეესაბამება ,,ნინიმოს” ხარისხს. ფეხსაცმელი კეთდება მთლიანად ნატურალური მასალისგან და არის ხელნაკეთი, ხშირ შემთხვევაში, ფეხსაცმლის ძირიც ნატურალური ტყავია.

M: რა სეგმენტზე ხართ ორიენტირებული, სად და როგორ უნდა შევიძინოთ „ნინიმოს“ პროდუქცია?
კონკრეტული სეგმენტი ,,ნინიმოს’’ არ ჰყავს, ის ყველასთვის არის განკუთვნილი. ასაკსა და სქესს მნიშვნელობა არ აქვს. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ ჩემი ფეხსაცმლის ჩაცმა თითქმის ყველამ უნდა შეძლოს. „ნინიმო“ სოციალური გვერდების დახმარებით, ონლაინ შეგიძლიათ, შეუკვეთოთ. თუ ფიქრობთ, რომ სპეციფიკური ფეხის კალაპოტი გაქვთ, შეგვიძლია, გესტუმროთ და ადგილზე ავიღოთ ზომები. 

M: უახლოეს მომავალში აპირებთ განვითარებას პროდუქციისა თუ მომსახურების მხრივ?
ჩვენ აქტიურად ვეძებთ ფართს, სადაც შეგვეძლება, გავხსნათ სალონი-მაღაზია. ამ თვეში, ალბათ, უკვე ჩვენს მომხმარებელს ეცოდინება, სად შეიძლება მოვიდეს და შეუკვეთოს ,,ნინიმოს” ფეხსაცმელი. ასევე, ძალიან მინდა ტანსაცმლის ხაზზეც მუშაობა და მალე დავიწყებ ტანსაცმლის მოდელირებას.

 

განხილვა

1 Response

  1. 16/03/2019

    […] ტყავის ხელნაკეთი ფეხსაცმელების – „ნინიმოს“ ავტორმა, ნინო მოსულიშვილმა […]