20
May
2019

#თაობა: ნინკა გელიკოშვილის ნიღბებით გამოხატული შემოქმედება

20 May 2019

ბაკალავრიატი, მაგისტრატურა – ამ საფეხურების გავლის შემდეგ პროფესიით იურისტი ნინკა გელიკოშვილი მიხვდა, რომ ამ საქმით სრულებითაც არ იყო დაინტერესებული.. მუხლებიდან და კანონებიდან უცბათ შემოქმედებაში გადაიჭრა და ხატვა დაიწყო.. თანაც ისე, რომ არსად უსწავლია.. გატაცება მალე საქმიანობაში გადაიზარდა და უბრალო სკეტჩების ხატვის შემდეგ საკუთარი ბრენდი შექმნა. ყველაზე ხშირად მის შემოქმედებაში ნიღბები ფიგურირებს. თუ რას მალავს ამ ნიღბების მიღმა ნინკა და რა გეგმები აქვს სამომავლოდ, ყველაფერ ამის შესახებ იგი Marketer.ge-ს გაესაუბრა:

M: ვინ არის ნინკა გელიკოშვილი – მოგვიყევით თქვენ შესახებ..

განათლებით ვარ იურისტი , ბაკალავრიატი და მაგისტრატურა დავამთავრე სისხლის სამართლის განხრით (არ მიყვარს ჩემი პროფესია ალბათ იმიტომ, რომ 15 წლის ვიყავი პირველ კურსზე და გააზრების დროც არ მქონდა, რა მინდოდა მომავალში. 21 წლის ასაკში უკვე მაგისტრატურაც მქონდა დამთავრებული). დღესდღეობით ხშირად ვხატავ სკეტჩებს და ასევე, ვაკეთებ ტატუებსაც. სტრესის დაძლევაში ყველაზე მეტად ხატვა მეხმარება. ბოლო დროს გრაფიკული დიზაინით დავინტერესდი და დავიწყე პოსტერების კეთება. ამავდროულად, ხელსაქმეშიც ვიპოვნე თავი – ვაკეთებ მძივებიან ჩანთებს, რაც ძალიან მსიამოვნებს.

M: როდიდან დაიწყეთ სკეტჩების ხატვა?

სკეჩების ხატვა დავიწყე დაახლოებით სამი წლის წინ, იმ პერიოდში, როდესაც საბოლოოდ დავუსვი წერტილი ჩემს პროფესიას.

M: რამდენი ხანია, რაც Skilla არსებობს და რატომ შეურჩიეთ ბრენდს ეს სახელი?

ჩემი ბრენდი დაახლოებით ერთი წელია, რაც არსებობს. ძალიან მიყვარს მითოლოგია და სკილაც ერთ-ერთი მითოლოგიური არსებაა, რომელსაც ფემინისტური თვისებები ახასიათებს

M: თქვენს შემოქმედებაში დიდი ნაწილი უჭირავს ნიღბიან ობიექტებს, რატომ?

ნიღაბი ყოველთვის ასოცირდებოდა ჩემთვის მებრძოლ, იდუმალ, სექსუალურ და ძლიერ ტიპაჟთან. სწორედ ასეთი ასეთი ტიპის ქალებისთვის ვქმნი სკილას.

M: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

ძალიან მინდა, უფრო გავაქტიურდე შემოქმედებით სფეროში და გრაფიკულ დიზაინში წარმატებული ვიყო. ასევე, ვაპირებ, სკილა უფრო დიდ მასშტაბებს გავაცნო. გამიხარდება თუ ხალხი სწორ მესიჯს დაინახავს სკილას ბრენდში.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე



განხილვა